30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30–7(529)
ჯაბა რომ სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, ვიტალი და კახა კვლავ იქ დახვდნენ.
– ხომ მშვიდობაა, ჯაბა? – ჰკითხა ყმაწვილს კახამ და აათვალიერ-ჩაათვალიერა.
– კი, მშვიდობაა, – მიუგო ჯაბამ, რომელიც ჩართულ, ხმაჩაწეულ ტელევიზორისგან ზურგით იდგა და ეკრანს ვერ ხედავდა.
– არ მატყუებ?
– რა თქმა უნდა, არა.
– მაშ, ეს რა არის? – კახამ ტელევიზორს ხმა აუწია და ჯაბას უთხრა: – შეტრიალდი!
ტელევიზორში ტარიელს, მის „ბეემვესა“ და მოკლულ ქილერებს აჩვენებდნენ.
– ამ კაცთან ერთად გაემგზავრე თუ გვეშლება? – გაეცინა კახას.
– ჰო, ვიღაცეები დაგვესხნენ თავს და ტარიელმა ისინი დახოცა, – თქვა ჯაბამ.
– ესე იგი, შენც დაგესხნენ თავს? – გაფითრდა შორენა.
– არა, გასროლა ვერ მოასწრეს, ტარიელმა დაასწრო.
– ბოდიში, შვილო, მაგრამ, მინისტრის მოადგილეს შენთან რა საქმე ჰქონდა? თანაც, პირადად რომ მოგიკითხა და წაგიყვანა... – უთხრა ყმაწვილს კახამ.
– ჯამბულის ამბავი მითხრა.
– რაო, როგორ არისო?
– კარგად, კახა ბაბუა, მაქსიმუმ ერთ თვეში გამოჯანმრთელდებაო.
– სულ ეს იყო?
– კიდევ ის თქვა, რომ ჩემი ამბავი რამდენიმე დღეში მოგვარდება.
– ეგ კარგია, მაგრამ, არ გითხრა, ჯამბულს ვინ და რატომ ესროლა?
– ჯამბულს, აი, იმ ქილერებმა ესროლეს, – თქვა ჯაბამ და ჯერ შორენას შეხედა, შემდეგ კი დაამატა: – თურმე, შეშლიათ.
– შეშლიათ?
– დიახ. მათ თურმე ჩემი მოკვლა სდომებიათ და შეშლიათ.
– შენი მოკვლა? – წამოიკივლა შორენამ და ისევ გაფითრდა, – კი მაგრამ, ვის, რატომ?
– ვის და, იმ ბაქოელ ბიზნესმენს, – თქვა ჯაბამ, შემდეგ ბარძაყზე დაირტყა ხელი და დაამატა: – „სოდში“ რომ ვიყავი, თურმე, დავუძინებივარ და, აი, აქ ჩიპი ჩაუმონტაჟებიათ, რომ ჩემი ადგილსამყოფელი სცოდნოდათ.
– ესე იგი, – ჩაერთო კახა, – წეღანაც შენ დაგესხნენ თავს და, რომ არა ტარიელი, აუცილებლად გაგანადგურებდნენ.
– მართალია, – გაეცინა ჯაბას.
– კარგი, ბავშვებო, ჩვენ წავალთ, თორემ, დილიდან აქ ვართ, – თქვა კახამ, ვიტალის ანიშნა, ადექიო და ბაბუები წავიდნენ.
შორენამ ჯაბას ვახშამი გაუმზადა და მასთან ერთად ივახშმა. შემდეგ დესერტი და ყავა მოუტანა და უთხრა:
– აბა, შხაპი და – ლოგინში... ძალიან მენატრები და მიყვარხარ, ძვირფასო!
– მეც, მეც ძალიან მიყვარხარ, მაგრამ, ჯერ ტარიელმა ქირურგი უნდა მომიყვანოს და ეს წყეული ჩიპი ამომაძროს, მოგვიანებით კი – სიყვარული, მხოლოდ სიყვარული და არაფერი სიყვარულის გარდა... – მიუგო შორენას ჯაბამ და აკოცა. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა.
– ნეტავ, ვინაა? – იკითხა შემკრთალმა შორენამ.
– ალბათ, ტარიელი. წადი, ნახე!
შორენა კარისკენ გაემართა, ნახევარ წუთში კი ტარიელთან და ქირურგთან ერთად დაბრუნდა.
ქირურგმა ჯაბა საძინებელში შეიყვანა, გამაყუჩებელი გაუკეთა, ძალიან სწრაფად ამოუღო ჩიპი, ჭრილობა დაუმუშავა, გაუკერა და უთხრა:
– აი, ეს აბები მიიღეთ დღეს და ხვალ და ყველაფერი რიგზე იქნება.
შორენამ ტარიელი და ქირურგი ყავაზე მიიპატიჟა, მაგრამ მათ უარი თქვეს და, სანამ სახლიდან გავიდოდნენ, მინისტრის მოადგილემ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა, ახალგაზრდა წყვილს თვალი ჩაუკრა და წავიდა.
ახალგაზრდებმა ყავის სმა დაასრულეს, შემდეგ გაემზადნენ, რომ სიყვარულის მორევში გადაშვებულიყვნენ, მაგრამ კარზე კვლავ ზარის ხმა გაისმა და შორენამ უკმაყოფილოდ თქვა:
– რა დროს სტუმრობაა ამ შუაღამეს, ნეტავ ვინაა?
– წადი და ნახე, საყვარელო, – უთხრა გოგონას ჯაბამ და თვითონ სამზარეულოსკენ გაემართა.
ჯაბა სამზარეულოში ტრიალებდა და ვერ დაინახა, როგორ შემოვიდნენ სასტუმრო ოთახში შორენა და შუახნის, ძალიან სათნო სახის ქალი, რომელიც გოგონას ძალიან ჰგავდა. სტუმარი ძალიან სადად იყო ჩაცმული და ეტყობოდა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა ჯერჯერობით ხმას არ იღებდა და მხოლოდ სასტუმრო ოთახს ათვალიერებდა მორიდებით.
– ვინ იყო, საყვარელო? – ჰკითხა ჯაბამ შორენას, შემოტრიალდა და ქალის დანახვაზე სიტყვა გაუწყდა, შემდეგ ქალს მიესალმა, სახეზე შეხედა და გაქვავდა...
„ღმერთო, ნუთუ ისაა“, – გაიფიქრა ჯაბამ და ხან შორენას უყურებდა, ხან კი სადად ჩაცმულ ქალს.
– დაბრძანდით, ქალბატონო, ყავას მიირთმევთ? – ჰკითხა შორენამ ქალს და სავარძლისკენ მიუთითა.
– გმადლობთ, შვილო, – თქვა ქალმა, სავარძელში ჩაჯდა და შორენას გაუღიმა, – შორენა ხარ, ხომ?
– დიახ, – გაუღიმა შორენამ, – თქვენ რა გქვიათ?
– მე... – ოდნავ აღელდა ქალი, – ელენე.
– ქალბატონო ელენე, ყავას თუ მიირთმევთ? – გაუმეორა შორენამ.
– არა, შვილო.
– გისმენთ, ბრძანეთ, რა გნებავთ, რით შემიძლია, გემსახუროთ?
– შორენა, შვილო, ბავშვთა სახლში ხარ გაზრდილი?
– დიახ, – მიუგო მან ქალს.
– ოცი წლის ხარ?
– დიახ, – შორენას მკრთალმა ფერმა გადაჰკრა სახეზე, – რატომ მეკითხებით?
ელენე წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა, შემდეგ შორენას წინ შეჩერდა და უთხრა:
– შორენა, შვილო, მე დედაშენი ვარ...
– დედაჩემი? – შორენა შეტორტმანდა.
– ჰო, შვილო, დედაშენი. ამ ოცი წლის წინ მითხრეს, შენი ახალშობილი ვაჟი დაბადებისთანავე დაიღუპაო და მთელი ცხოვრება ვერ ვინელებდი ამას. დღეს კი მითხრეს, რომ შენ ცოცხალი ხარ.
– დედა, ჩემო საყვარელო დედა! – იკივლა შორენამ და ატირებულ ელენეს კისერზე ჩამოეკიდა.
ჯაბა გულაჩუყებული და უხმოდ უმზერდა დედა-შვილს, რომლებიც ერთმანეთის ალერსით ვერ ძღებოდნენ. ოდნავ რომ იჯერეს გული, ელენემ შორენას უთხრა:
– ორიოდე საათის წინ ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, რომელსაც ტარიელი ჰქვია და შენი არსებობის შესახებ მიამბო, თან, მირჩია, რომ მონაზვნის სამოსით არ მოვსულიყავი, რომ არ მიმხვდარიყავი ჩემს ვინაობას და სიხარულისგან გული არ წაგსვლოდა.
– დედა, დედიკო, რამდენი გეძებე და, მადლობა უფალს, რომ ყველაფერი ასე კარგად დასრულდა! დღეს დედა ქეთევანი იყო აქ და შემპირდა, რომ შენს თავს ორ კვირაში მაჩვენებდა, შენ კი დამასწარი და თავად მოხვედი.
– აბა, რა გამაჩერებდა, შვილო, – თქვა ელენემ, – ქეთევანს საიდან იცნობ?
– მამა სერაფიმემ მოიყვანა.
– მამა სერაფიმე, მამა სერაფიმე... რომელი მამა სერაფიმე?
– რუსეთში მოღვაწე ბერია, თუმცა, წარმოშობით ქართველია.
– ქართველი? არ ვიცნობ.
– იცნობ, დედიკო, როგორ არ იცნობ, სერაფიმე პეტრე გორსალიაა, – უთხრა ელენეს შორენამ.
პეტრე გორსალიას ხსენებაზე ელენეს სახე აელეწა და მისი გონება წარსულის უსიამოვნო მოგონებებმა დაამძიმა.
– გორსალიას ბრალია ეს ყველაფერი, – ზიზღი ვერ დამალა ელენემ.
– ნუ დარდობ, დედიკო, მთავარია, რომ ახლა ერთად ვართ და მადლობა უფალს!
– დიდება უფალს! – გაიმეორა ელენემ, ქალიშვილი მკერდში ჩაიხუტა, თავზე აკოცა და უთხრა:
– ახლა ჩვენ მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს, შვილო, აღარასოდეს მიგატოვებ.
– როგორ ჰგავხართ ერთმანეთს! – პაუზით ისარგებლა ჯაბამ.
– ბოდიში, შვილო, – მოუბოდიშა ელენემ ჯაბას და შორენას ჰკითხა: – ეს ყმაწვილი ვინაა?
– ჩემი საქმროა, დედიკო, – მიუგო შორენამ ელენეს და კარისკენ გაემართა, რადგან ზარის ხმა გაისმა.
შორენა ნახევარი წუთის შემდეგ დაბრუნდა და უკან მას წვეროსანი მამაკაცი შემოჰყვა, რომელშიც ჯაბამ მამა სერაფიმე შეიცნო...
– პეტრე, ეს შენ ხარ? – ჰკითხა ელენემ ყოფილ გენერალს და სათნო სახეზე ზიზღი აღებეჭდა.
– კი, მე ვარ, შეიძლება შემოვიდე? – მოკრძალებით იკითხა მამა სერაფიმემ.
– აქ მოსვლა როგორ გაბედე, შე ბილწო! – თვალები აენთო მონაზონს და ბერს მრისხანე მზერა ესროლა.
– რას ამბობ, დედა! – თქვა შორენამ, რომელსაც მამა სერაფიმე ლამის წმიდანად მიაჩნდა, – ეს ხომ პატიოსანი ბერია, გთხოვ, ნუ ლანძღავ.
– პატიოსანი ბერი? ჰმ! – თქვა მონაზონმა, სავარძლიდან წამოდგა, გაიარ-გამოიარა, შემდეგ შორენას წინ შეჩერდა და უთხრა: – ამ პატიოსანმა ბერმა ცხოვრება ამირია, საშინელ დღეში ჩამაგდო და, რაც მთავარია, შენი თავი წარმართვა. წართმევაც არის და წართმევაც! ისიც კი არ ვიცოდი, რა სქესის ბავშვი ვშობე, უფრო სწორად კი, მითხრეს, მკვდარი ვაჟი შობეო, რომ ბოლომდე კვალი ამრეოდა და შენს მოძებნაზე არც კი მეფიქრა. აი, ეს ყველაფერი ამ პატიოსანმა ბერმა დამმართა და, შენ გინდა, რომ ჩემი აღშფოთებაც არ გამოვხატო?
– კარგი, დედიკო, არ გვინდა, მთავარია, ერთმანეთი ვიპოვეთ. მოდი, წარსულზე ნუღარ ვიფიქრებთ და მამა სერაფიმეს მივუტევოთ, მით უმეტეს, რომ მასთან მრავალი ცოდვილი მიდის მისატევებლად.
– არა, შვილო, არ შემიძლია. ამ ბილწს სიტყვით რომ მივუტევო, გულით ვერ შევძლებ ამას, რადგან გული იმდენი სიბინძურით ამივსო, რომ მის მიმართ სუფთა ვერასოდეს მექნება, ამიტომ, მიტევებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
– დედიკო, ჩემი ხათრით, – მოეფერა შორენა დედამისს.
– ვერა, შვილო, ვერავის ხათრით...
– არც ღმერთის ხათრით, დედიკო?
– ღმერთი ასეთ რამეს არ მიბრძანებს, რადგან, კარგად უწყის, რა ბილწ ვინმესთან მაქვს საქმე. მარტო ის რად ღირს, რომ, არც კი ვიცი, ვინაა მამაშენი.
– ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, დედიკო, მთავარია, შენ მოგძებნე და ეს ჩემთვის საკმარისია. მოდი, ერთად მივუტევოთ.
– არავითარ შემთხვევაში! – კატეგორიულად თქვა ელენემ და მამა სერაფიმეს მრისხანე, მომაკვდინებელი მზერა ესროლა.
– სწორედ ამ საკითხის გასარკვევად მოვედი და ერთი წუთით მომისმინე, ელენე, – უთხრა ბერმა მონაზონს.
– რა საკითხის? – მრისხანებას ვერ იოკებდა ელენე.
– მამობის.
– რა მამობის?
– ხომ გაინტერესებთ, ვინაა შორენას მამა?
სერაფიმეს სიტყვებზე ელენეს ენა მუცელში ჩაუვარდა და კრინტი ვერ დაძრა, შორენას კი სახე წამოუჭარხლდა და სერაფიმეს უთხრა:
– და თქვენ მის სახელს გაგვიმხელთ?
– სწორედ ამიტომ ვარ აქ მოსული, მაგრამ, თუ ელენეს არ სურს, შემიძლია, არც კი გავამხილო, – თქვა სერაფიმემ და ელენეს შეხედა.
– რას მიყურებ, თქვი, თუ რამე გაქვს სათქმელი! – კბილებში გამოსცრა ელენემ და დაამატა: – თქვი, რაღას აყოვნებ!
სერაფიმემ ჯერ ელენეს შეხედა, შემდეგ შორენას და თქვა:
– მამა მე ვარ.
– რაო, რა თქვი? – წამოიყვირა ელენემ.
– რა და, შორენას მამა მე ვარ, – გაიმეორა უშიშროების ყოფილმა გენერალმა.
– თქვენ ჩემი მამა ხართ? – აღმოხდა შორენას.
– დიახ, მე ვარ, – მიუგო შორენას სერაფიმემ, შემდეგ სქელი ფურცელი დაუდო წინ, რომელზეც რაღაც ტექსტი იყო დაბეჭდილი და უთხრა: – აი, დეენემის ექსპერტიზის პასუხი, რომელიც ჩემი თხოვნით ჩემმა მეგობრებმა 24 საათში ჩაატარეს. ამით მტკიცდება, რომ ჩვენ მამა-შვილი ვართ.
სერაფიმეს სიტყვებზე შორენას თვალებში დაუბნელდა და სავარძელს დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო, მაგრამ მალევე მოერია თავს, ექსპერტიზის დასკვნა ორჯერ წაიკითხა, შემდეგ სერაფიმესთან მივიდა, გადაეხვია და ჩაილაპარაკა: „მამა, მამიკო”.
ბერს თვალები აუცრემლიანდა და ქვედა ყბა აუკანკალდა, შვილს თმებზე მოეფერა და უთხრა:
– მაპატიე, ჩემო გოგო, რომ ასეთ განსაცდელში ჩაგაგდე და თავის დროზე მამობა ვერ გაგიწიე, მაპატიე და კიდევ ერთხელ მაპატიე! ახლა კი, მომიტევეთ ამდენი კადნიერება, მაგრამ, უნდა დაგტოვოთ.
მამა სერაფიმე, რომელიც არც დამჯდარა შუა ოთახში იყო გაჩერებული, კარისკენ შებრუნდა და ნელი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან, შემდეგ ზღურბლთან შეჩერდა და სანამ იქაურობას დატოვებდა, შორენას უთხრა:
– ეს იყო ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა მამა-შვილის რანგში, მე შენ აღარასოდეს შეგაწუხებ, თუმცა, ერთ რამეს გთხოვ და ჩემი ეს სიტყვები შეისმინე, პავლე შენი ძმაა, მან ყველაფერი იცის და ერთმანეთს ნუ დაკარგავთ. დედაშენს კი ნუ დაძრახავ. ელენე მართლა, სუფთა ქალია, მე მას ბევრი სიბინძურე გავუკეთე და მისგან ასეთი მოპყრობის ღირსი ნამდვილად ვარ. ახლა კი, მშვიდობით, შვილო, უფალი გფარავდეს! – მამა სერაფიმემ ჯვარი გამოსახა, ზღურბლს გადააბიჯა და კიბეებზე დაეშვა. შორენა გულდამძიმებული დაბრუნდა ოთახში და ელენესა და ჯაბას უთხრა:
– ასე მგონია, ამ ერთ საათში მთელი ცხოვრება გავიარე. რა საოცარი საღამოა, დედაც ვიპოვე, მამაც და ძმაც. თითქოს, მეტი რა უნდა გინდოდეს კაცს ბედნიერებისთვის, მაგრამ, ძალიან მაქვს გული დამძიმებული.
– არა უშავს, შვილო, ეს გადამეტებული ემოციების ბრალია. შხაპი მიიღე, დაიძინე და დილას ყველაფერი გაგივლის, – უთხრა შორენას დედამისმა, გოგონას მოეფერა და ისევ ისე სათნოდ გაიღიმა, როგორც ეს დედა ელენეს სჩვეოდა.
***
შორენას უჩვეულოდ ადრე, დილის 6 საათზე გაეღვიძა და საწოლზე რომ წამოიწია, ოთახის კუთხეში დაჩოქილი ელენე დაინახა, რომელიც ჩუმად ლოცულობდა.
„დედა, დედიკო, ჩემი დედიკო, – თქვა გუნებაში შორენამ, რომელიც უზომო სიყვარულით გამსჭვალული უცქერდა მლოცველ მონაზონს, – რა ბედნიერი ვარ, რომ გიპოვე”.
ლოცვა რომ დაასრულა, ელენე წამოდგა და, გაღვიძებულ ქალიშვილს რომ მოჰკრა თვალი, გაუღიმა და უთხრა:
– გაგაღვიძე, შვილო, დაგიფრთხე ძილი?
– არა, დედიკო, რას ამბობ, რა ძილი დამიფრთხე, მე თვითონ გამეღვიძა, – მიუგო მოღიმარე და უზომოდ ბედნიერმა შორენამ ელენეს და, როდესას მონაზონი მის საწოლზე ჩამოჯდა, ჩაეხუტა, თმებზე მოეფერა, თან იმეორებდა:
– დედიკო, დედა, დედიკო, რა ბედნიერი ვარ, რომ გიპოვე. აღარსად არ გაგიშვებ და სიკვდილამდე ერთად ვიქნებით, ხომ, დედა? ხომ მართალს ვამბობ და არსად წახვალ ჩემგან?
– რა თქმა უნდა არ წავალ, ხომ შეგპირდი გუშინ, რომ შენთან ვიქნები – მიუგო შორენას დედამისმა, გაუღიმა და დაამატა: – უბრალოდ, ახლა მონასტერში წავალ და იქაურებს ვამცნობ, რომ ქალიშვილი ვიპოვე, მასთან ვბრუნდები და მიტევებას ვთხოვ მათ, შემდეგ კი კვლავ აქ დავბრუნდები, აღარასოდეს მიგატოვებ და ერთად ვიცხოვრებთ, თუ რა თქმა უნდა, ეს შენი სურვილიც იქნება.
– რა თქმა უნდა, ასეთია ჩემი სურვილი და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, – მტკიცედ თქვა შორენამ, – ძლივს გიპოვე და შენ შეგელევი?
– არაფრის დიდებით?
– რა თქმა უნდა, არა!
– არც ქმრის გამო?
– ეგ რა შუაშია?
– ნუ მიწყენ, შვილო, მაგრამ, შენთან რომ ბიჭია, ვინ არის?
– ჯაბა?
– ჰო, ჯაბა.
– ჩემი საქმროა, მაგრამ ჩვენ შორის არაფერი ყოფილა, ჩემთან კი იმიტომ არის, რომ პოლიციას ემალება.
– რატომ, რა დააშავა?
– ბაქოელ ბიზნესმენს 200 ათასი ევრო გამოსძალა და „სოდი“ ეძებს, მანამდე კი ჩემთან საგიჟეთში იწვა და გაიქცა.
– გარეგნობით არ დაიწუნება, მაგრამ, ცუდი ისაა, რომ ძებნილია. ასე როდემდე უნდა იყოს?
– ძალიან ცოტა ხანს. მაგის საქმე კეთდება და სულ მალე კვლავ ლეგალურად იცხოვრებს.
– გიყვარს?
– ძალიან.
– მას უყვარხარ?
– კი, ძალიან.
– ჰოდა, რომ გათხოვდები და მასთან საცხოვრებლად გადახვალ, მზითევში მეც თან ხომ არ წამიყვან? – ღიმილით უთხრა ელენემ ქალიშვილს, თმებზე ჩამოუსვა ხელი და შუბლზე აკოცა.
– უშენოდ არსად წავყვები და ჯაბაც აქ, ჩვენთან ერთად იცხოვრებს, – მიუგო დედას შორენამ.
– რომ არ დაგვეთანხმოს?
– დამეთანხმება. თუ ვუყვარვარ, უარს არ მეტყვის.
– და მაინც, უარი რომ თქვას? ხომ იცი, ახალგაზრდებს მარტო ცხოვრება ურჩევნიათ.
– რომ არ დამთანხმდეს, მაშინ, კარგად იყოს, არც ცოლად გავყვები და საერთოდ, აღარც გავთხოვდები. მთავარია, რომ ერთად ვიყოთ და ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება.
– რას ამბობ, ეგ აღარ გაიმეორო. ამქვეყნად ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ერთმანეთში არ უნდა აგერიოს.
– ჰოდა, არც ამერევა. შენ ჩემში ხარ მუდმივად, ისევე, როგორც მე – შენში და ამ ერთობას ამიერიდან ვერავინ დაარღვევს, მათ შორის, ვერც შეყვარებული და ვერც ქმარი.
– შვილი? – გამომცდელად ჰკითხა შორენას ელენემ, – შვილი რომ შეგეძინება, ვერც ის?
შორენა წამით შეყოვნდა, შემდეგ დედას გაუღიმა და უთხრა:
– ამქვეყნად ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ადამიანის გულში.
– გეთანხმები. ახლა კი უნდა წავიდე.
– როდის მოხვალ, დედიკო?
– რაც შეიძლება მალე.
– მაინც, როდის?
– შებინდებამდე დავბრუნდები, – თქვა ელენემ, საწოლიდან წამოდგა და საძინებლიდან გავიდა, შორენას კი უთხრა: – იწექი შვილო, იწექი. ჯერ ძალიან ადრეა და დაიძინე. მე რომ გავალ, კარებს გავიხურავ.
– საუზმეს მოგიმზადებ, დედიკო.
– ნუ შეწუხდები, შვილო, შუადღემდე მაინც არაფერს ვჭამ, ასე რომ, დაწექი და დაიძინე.
შორენამ დედამისი გააცილა და ოთახში რომ შებრუნდა, სავარძელში მოკალათებული ჯაბა დახვდა, რომელიც სიგარეტს აბოლებდა.
– რა ადრე გაგიღვიძია, ჯაბა, – გაუღიმა შორენამ ყმაწვილს, – არ დაგაძინეთ?
– არა, უბრალოდ, ადრე გამეღვიძა.
– ყავას დალევ?
– დავლევ.
შორენა სამზარეულოში გავიდა და მალე ლანგრით ხელში დაბრუნდა, რომელზეც ყავადანი და ორი ცარიელი ფინჯანი ელაგა. გოგონამ ლანგარი მაგიდაზე დადო, ყავა ფინჯნებში ჩაასხა, ერთი თვითონ აიღო და ჯაბას უთხრა:
– რად გინდა უზმოზე რომ აბოლებ, ჯობია, ყავა დალიო.
ჯაბამ ყავა მოსვა და შორენას შეხედა:
– რა საოცარი საღამო იყო გუშინ, არა?
– კი, ძალიან საოცარი და ჩემთვის ძალიან ბედნიერი, თავი ახლაც ზღაპარში მგონია.
– კარგი ქალია დედაშენი.
– ჰო, ძალიან კარგი ქალია.
– სად წავიდა?
– მონასტერში გაემგზავრა, რომ იქიდან სამუდამოდ წამოვიდეს და ჩემ გვერდით იყოს, ხომ კარგია, ჯაბა? ხომ დიდი ბედნიერებაა?
– უდიდესი, – მიუგო ჯაბამ, – როდის დაბრუნდება?
– ასე თქვა, შებინდებამდე მოვალო.
– ესე იგი, მთელი თორმეტი საათი გვქონია და დროს ნუ დავკარგავთ, – უთხრა შორენას ჯაბამ, გოგონასკენ გადაიწია და ჯერ ხელი გადახვია, შემდეგ კი თმებზე მოეფერა და კოცნა სცადა.
– არა, ჯაბა, ოღონდ ახლა არა, არაა ახლა ამის დრო, – თქვა შორენამ და ჯაბას ხელი ნაზად მოიშორა და ყმაწვილს გაუღიმა, – ცოტა ხანს მოვიცადოთ.
– რატომ არაა ამის დრო, გუშინ შენ თვითონ არ გინდოდა? შენი მშობლები რომ არ მოსულიყვნენ, ხომ დამთანხმდებოდი? – მიუგო შორენას განაწყენებულმა ყმაწვილმა და კოპები შეკრა.
– ნუ მიბრაზდები, საყვარელო, – გაუღიმა შორენამ ჯაბას, – ნუთუ არ გესმის, რომ ახლა არაა ამისი დრო? განა მე არ მინდა, მე შეიძლება, შენზე მეტადაც მინდა, მაგრამ ცოტა ხნით თავი შევიკავოთ.
– კი ბატონო, შევიკავოთ, – განაწყენებით თქვა ჯაბამ და სიგარეტი გააბოლა.
– მიყვარხარ, ძვირფასო, – უთხრა შორენამ ჯაბას და ლოყაზე აკოცა, შემდეგ სააბაზანოსკენ გაემართა და თქვა: – შხაპს მივიღებ და გამოვალ, შემდეგ კი ბინის დალაგებას შევუდგები, თორემ, დედა დაბრუნდება და სირცხვილია, არ იტყვის, ბინძური შვილი მყოლიაო?
შორენამ და ჯაბამ მთელი დღე სახლის დალაგება-დასუფთავებაში გაატარეს.
ელენე რომ დაბრუნდა, კედლის საათმა ექვსჯერ ჩამოკრა.
– დედა, დედიკო, დაბრუნდი? – აღტაცებით წამოიძახა შორენამ და ელენეს კისერზე ჩამოეკიდა.
– კი, შვილო, დავბრუნდი, სამუდამოდ წამოვედი მონასტრიდან – მიუგო შვილს ელენემ და სასტუმრო ოთახში შემოვიდა.
– ესე იგი, მონაზონი აღარ ხარ, დედი?
– ღმერთისთვის კვლავ მონაზონი ვარ და როგორც მონაზონს, ისე მომეთხოვება პასუხი, როდესაც უფლის სამსჯავროზე წარვდგები.
– დედა, დედიკო! – შორენა ელენეს ჩაეხუტა – რამდენი რამ დათმე ჩემ გამო და ღმერთის წინაშე გპირდები, რომ არასდროს მიგატოვებ, არსად გაგიშვებ და სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით. ძალიან, ძალიან მიყვარხარ.
– მეც ძალიან მიყვარხარ, შვილო, – მიუგო შორენას ელენემ, შემდეგ ნაზად მოიშორა ქალიშვილის ხელები, მოიბოდიშა და სალოცავად საძინებელში გაემართა, სადაც შორენას ხატები ჰქონდა დაბრძანებული.
ელენე სასტუმრო ოთახში რომ დაბრუნდა, მაგიდაზე ვახშამი იყო გაშლილი და ქალ-ვაჟი მას ელოდა. ელენე მაგიდას მიუჯდა და შორენას დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ძალიან მსუბუქად ივახშმა, ქალიშვილს კი უთხრა:
– მართალია, მონასტრიდან წამოვედი, მაგრამ, მონასტრულ ცხოვრებაზე უარის თქმა ძალიან რთულია. უკვე კარგა ხანია, დანაყრებას გადავეჩვიე და ყურადღებას ნუ მომაქცევთ, თქვენ კი მიირთვით, ახალგაზრდები ხართ და კვება გჭირდებათ.
ვახშამი რომ დაასრულეს, ჯაბამ მადლობა გადაიხადა და წამოდგა, რომ მოსაწევად გასულიყო, მაგრამ ელენემ უთხრა:
– აქ მოწიე შვილო, მე ნუ მომერიდები, არ მაწუხებ.
– რას ბრძანებთ, ქალბატონო ელენე, – იუხერხულა ყმაწვილმა და სიგარეტის მოსაწევად სამზარეულოში გავიდა, ათი წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა და, სანამ შორენა სუფრას ალაგებდა, ელენემ მას უთხრა:
– ბოდიშს გიხდი, შვილო, შენს პირად ცხოვრებაში რომ ვერევი და, თუ არ გინდა, ნუ მიპასუხებ.
– რას ამბობთ, ქალბატონო ელენე, – იუხერხულა ჯაბამ, – ბრძანეთ, რა გაინტერესებთ.
– შვილო, როგორც ვხედავ, შენ და ჩემი ქალიშვილი შეყვარებულები ხართ, ცოლქმრობას აპირებთ და, მინდა, უფრო ახლოს გაგიცნო. წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
– არა, რას ბრძანებთ, გისმენთ, ქალბატონო ელენე.
– შვილო, ჯაბა, რა გვარი ხარ?
– ონიანი, ქალბატონო ელენე, და ჩემს გვარში ერთადერთი მამაკაცი ვარ, რომელმაც ჩვენი გვარი უნდა გააგრძელოს.
– შორენამ მითხრა, ძებნილიაო. რატომ, რა ხდება, რა შეგემთხვა?
ჯაბამ ბაქოელი ბიზნესმენის ისტორია დაწვრილებით უამბო ელენეს და დაამატა:
– მართალია დამნაშავე კი ვიყავი, მაგრამ, პოლიციას ჩემ წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ ჰქონდა, დანაშაულს ვერ მიმტკიცებდნენ და იძულებულები გახდნენ, გავეშვი. თუმცა, პროვოკაცია მომიწყვეს, ბინაში დიდძალი ნარკოტიკები ჩამიდეს და ისეთი მუხლი წამიყენეს, რომელიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა. შემდეგ ბიძაჩემი ჯამბული ჩამოვიდა მოსკოვიდან ჩემი საქმის მოსაგვარებლად და საგიჟეთში გადააყვანინა ჩემი თავი, იქ კი შორენას შევხვდი, გაქცევა მოვახერხე და ახლა აქ ვარ.
– საგიჟეთში ყოფნა, ალბათ, გაგიჭირდა.
– მეუფე გაბრიელი რომ არა, შეიძლება მართლა გავგიჟებულიყავი, მაგრამ გასაჭირი მან გადამატანინა.
– მეუფე გაბრიელი?
– დიახ, ქალბატონო ელენე. ძალიან წამებული და წმიდა პიროვნება. კომუნისტებმა ის ჯერ ციხეში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი საგიჟეთში და ჯოჯოხეთი აქვს გამოვლილი. მასთან ერთად დედა მარინე მოღვაწეობდა და, როგორც მეუფე გაბრიელის მონათხრობიდან მივხვდი, ის უფრო ადრე, რუსეთის ერთ-ერთ ციხეში ან საგიჟეთში აღესრულა.
დედა მარინეს ხსენებაზე ელენე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ჯაბა იმ ხალხის სახელებს ახსენებდა, ვისზეც ის მაშინ აგენტ „ქერუბიმად” წოდებული, პირადად პეტრე გორსალიას მითითებით იყო მიჩენილი და მათ უბედურებაში მასაც მიუძღოდა მნიშვნელოვანი წვლილი.
– ღმერთო, ძლიერო, მომიტევე ცოდვები მე უღირსს და ჩემს ცოდვებს ჩემს შვილსა და შთამომავლობას ნუ მოჰკითხავ! – ჩაილაპარაკა თვალცრემლიანმა ელენემ და ჯაბას უთხრა, – როგორმე უნდა მოვახერხო, საგიჟეთში შევაღწიო და მეუფე გაბრიელი მოვინახულო, რომ ფეხებში ჩავუვარდე და პატიება ვთხოვო.
– ეს უკვე გამორიცხულია.
– რატომ, შვილო?
– მეუფე გაბრიელი გუშინ აღესრულა.
– აღესრულა?
– დიახ, ქალბატონო ელენე, გუშინ.
– დარწმუნებული ხარ?
– აბსოლუტურად.
– კი მაგრამ, შვილო, საიდან იცი?
– ვიცი, – მოკლედ მიუგო ელენეს ჯაბამ, მაგრამ, თავისივე ტონი არ მოეწონა და რბილად დაამატა: – ეს ზუსტად ვიცი, ქალბატონო ელენე, მაგრამ, მაპატიეთ და, ვერ გეტყვით, საიდან.
– ღმერთმა გაანათლოს მეუფე გაბრიელისა და დედა მარინეს სულები! – თქვა თვალცრემლიანმა ელენემ, შემდეგ სავარძელში მოკალათებულ შორენას ნაღვლიანი მზერა შეავლო და დაამატა: – ამ წმიდა ადამიანების მიმართ უდიდესი ცოდვები მქვს ჩადენილი და ჩემს სულს ჩამოურეცხავი ლაქა აცხია.
– კარგი, დედიკო, დამშვიდდი, წარსულს ნუღარ გავიხსენებთ, რაც იყო, იყო და ეს ყველაფერი ღმერთს მივანდოთ, – უთხრა ელენეს შორენამ, რომელიც სავარძლის კიდეზე ჩამოუჯდა მას, მხარზე ხელი მოხვია და ლოყა ლოყაზე მიადო.
– არა, შვილო, არც ასე მარტივადაა საქმე და, თუკი სულს არ დაგიმძიმებთ, აუცილებლად უნდა გაგიმხილოთ ჩემ მიერ ჩადენილი ცოდვები ამ წმიდა ხალხის მიმართ.
– დედიკო, ხომ არ აჯობებს, რომ ეს ყოველივე დაივიწყო და დღევანდელი დღით იცხოვრო?
– არა, შვილო, ვერ დავივიწყებ, მაგრამ თუ სულს დაგიმძიმებთ, მაშინ არ მოვყვები.
– ბრძანეთ, ქალბატონო ელენე, გისმენთ, – უთხრა ჯაბამ ელენეს და როდესაც შორენამაც იგივე გაიმეორა, ელენემ ცრემლები შეიმშრალა და თქვა:
– მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საკადრო თანამშრომელი ვიყავი და სადაზვერვო საქმიანობა მევალებოდა, გორსალიამ ისეთი საშინელი საქმე დამავალა და ისეთ უმძიმეს ცოდვაში ჩამადგმევინა ფეხი, რომ ვერც ის და ვერც მე ვერასდროს ჩამოვირეცხავთ ამ ცოდვებს. 20 წლის ვიყავი და უშიშროების ორწლიანი სკოლა მქონდა დამთავრებული, როდესაც პეტრე გორსალიას განყოფილებაში გამამწესეს სამუშაოდ. ერთ დღეს, გორსალიამ თავის კაბინეტში დამიბარა და მისთვის ჩვეული ცბიერებით მითხრა:
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ღმერთის მიმართ?
– ბოდიში, ამხანაგო მაიორო, – მივუგე მაშინ, ჯერ კიდევ მაიორს, – მაგრამ, თქვენი კითხვის არსს ვერ ჩავწვდი.
მას გაეღიმა და მითხრა:
– გწამთ თუ არა ღმერთი?
– მწამს თუ არა?
– დიახ, გწამთ თუ არა.
– როგორ უნდა მწამდეს ის, რაც არ არსებობს? – მტკიცედ და როგორც იმ დროინდელი წყობა მოითხოვდა, იდეოლოგიურად გამართულად მივუგე მას.
– დარწმუნებული ხართ?
– რაში, ამხანაგო მაიორო?
– იმაში, რომ ღმერთი არ არსებობს.
– აბსოლუტურად. თქვენ რა, ამ საკითხზე სხვა აზრის ხართ? – კითხვა შევუბრუნე მაიორს, რომლის ლაპარაკი ძალიან უცნაურად მომეჩვენა.
გორსალიამ ჩემს კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და სახეზე ისეთმა გამომეტყველებამ გაუელვა, შევატყვე, გუნებაში დამცინოდა, თუმცა ეს სიტყვით არ გამოუხატავს და მითხრა:
– ამიერიდან კი პირიქით უნდა იყოს და ღმერთი უნდა ირწმუნოთ.
– ვირწმუნო?
– დიახ, უნდა ირწმუნოთ.
– კი მაგრამ, არ მწამს და როგორ უნდა ვირწმუნო?
– ამაში ჩვენი ინსტრუქტორები დაგეხმარებიან. ხვალიდან სპეციალურ სკოლაში სამთვიან კურსს გაივლით, შემდეგ კი მუშაობას შეუდგებით. აბა, თქვენ იცით, წარმატებას გისურვებთ!
გორსალიამ კაბინეტიდან გამომისტუმრა, მეორე დღეს კი უშიშროების ინსტრუქტორებმა სამთვიანი, გაძლიერებული კურსი გამატარეს, ლიტერატურა, ისტორია, წესები შემასწავლეს და სამი თვის შემდეგ ისევ გორსალიას კაბინეტში ვიჯექი.
– სწავლებით კმაყოფილი ხართ? – მკითხა უკვე პოდპოლკოვნიკმა გორსალიამ.
– სავსებით.
– იწამეთ ღმერთი?
– საქმიდან გამომდინარე, ვიწამე.
– ჰოდა, ძალიან კარგი. სამი დღე დაისვენეთ, შემდეგ კი აი, ამ ეპარქიაში გაემგზავრებით, მეუფე გაბრიელს შეხვდებით და სთხოვთ, რომ სამონაზვნოდ მომზადების უფლება მოგცეთ. ის კი დედა მარინესთან გაგამწესებთ და თქვენი პირველი დავალებაც ამით დაიწყება.
გორსალია ძალიან გასაგებად ლაპარაკობდა, მაგრამ კითხვა მაინც გამიჩნდა და ვუთხარი:
– ბოდიში, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, მაგრამ, ჩემი დავალების მიზანს ვერ ვხვდები.
– პირველ საფეხურზე დედათა მონასტერში უნდა დამკვიდრდეთ – ჯერჯერობით ესაა თქვენი მიზანი, დანარჩენი კი თანდათან გამოჩნდება.
მე კითხვები აღარ მქონდა, ამიტომ, გორსალიასგან წამოვედი და სამი დღე დავისვენე, შემდეგ კი მეუფე გაბრიელთან გავემართე, რომელმაც ძალიან თბილად მიმიღო და მკითხა:
– რა გაგჭირვებია, შვილო, ჩვენთან რამ მოგიყვანა?
– სიყვარულმა, მეუფეო, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის სიყვარულმა და სხვა არაფერმა ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულის გარდა – მივუგე მეუფე გაბრიელს უშიშროებაში გაზეპირებული ფრაზა – სამონაზვნედ მინდა მომზადება და, გთხოვთ, ნება დამრთოთ.
– კარგი საქმისთვის მოსულხარ, შვილო, მაგრამ, ძალიან ახალგაზრდა ხარ, ოც წელზე მეტის არ იქნები და მონაზვნობა ჯერ ადრე არაა შენთვის?
– ზუსტად ოცი წლის ვარ, მეუფეო, მაგრამ, მე ეს გზა ავირჩიე და მონაზვნობა და ღმერთის სამსახური მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი. გთხოვთ, მეუფეო, უარს ნუ მეტყვით და რომელიმე მონასტერში გამამწესეთ გამოსაცდელი ვადით.
– მშობლები გყავს?
– არა, მეუფეო, არც მშობლები მყავს და არც ახლო ნათესავები. მხოლოდ ღმერთია ჩემი მშობელიცა და ნათესავიც და უმორჩილესად გთხოვთ, გამოსაცდელი პერიოდი დამიწესოთ.
– კეთილი, შვილო, რა გაეწყობა, რადგან ასე გულით გინდა და არ იშლი, იყოს ნება შენი. დედა მარინესთან გაგამწესებ მონასტერში და იქ გამოჩნდება შენი რწმენაც, ღვთის სიყვარულიც და მორჩილებაც.
– გმადლობთ, მეუფეო, – მივუგე გაბრიელს, – როგორ უნდა მივიდე დედა მარინესთან?
– მე წაგიყვან შვილო, ახლა სწორედ იქ მივდივარ და გამომყევი.
მე და მეუფე გაბრიელი ტყე-ტყე გავემართეთ დედათა მონასტრისკენ, რომელსაც დედა მარინე წინამძღოლობდა და თითქმის ორსაათიანი, საკმაოდ რთული გზის შემდეგ ხშირ ტყეში ჩაფლულ დედათა მონასტრის გალავანს მივადექით. მეუფემ დააკაკუნა და, კარი რომ გააღეს, ჩვენ მონასტრის ეზოში შევედით, სადაც მონაზვნები ფუსფუსებდნენ. დედა მარინე მეუფეს შემოეგება, მეუფე გაბრიელმა კი მას ჩემი თავი წარუდგინა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში