ღამის საჩუქარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-7(529)
...ადამიანი სინთეტიკური არსებაა. იმიტომ არა, რომ იყენებს და მიირთმევს უამრავ სინთეტიკურ ნივთიერებას, თანაც – ყოველდღიურად. მთელი არსი ისაა, რომ უამრავი ისეთი თვისება გვაქვს, რაც ჩვენს სინთეტიკურობას ადასტურებს. მაგალითად, სხეულს ისე შეუძლია თავისთვის იმოქმედოს, ტვინი სხვა საქმით იყოს დაკავებული. ახლა, არ მითხრათ, რომ ეს სინთეტიკურობა მხოლოდ სარგებლის მომტანია. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მაგრამ, საკმარისია, რაღაც ისე არ გამოვიდეს, რომ, სხეულს რა ენაღვლება, მაშინვე ყველაფერი გონებას, საწყალ რუხ უჯრედებს ბრალდება, აქაოდა, ყველაფერზე პასუხისმგებლები სწორედ ისინი არიანო. ამ დაბრალება-გადაბრალებაში კი... ერთი სიტყვით, ყველა პრობლემა ისევ ჩვენი სინთეტიკურობის გამო არ გვჭირს?!
***
რეზომ ლევანი დერეფანში გამოიხმო და ხელში მანქანის გასაღები ჩაუდო.
– ეს რა არის? – განცვიფრდა დაბალი.
– მანქანას გჩუქნი, – იხუმრა რეზომ და მოიღუშა, – რა ვერ გაიგე? იმ ტიპის მანქანაზე შენ დაჯდები, მეორეს გვერდით მოისვამ და უკან გამომყვები, თბილისში ვბრუნდებით.
– რისთვის?
– საქმეს ასე სჭირდება, – მოკლედ მიუგო მაღალმა, – ალბათ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ დაკავებულის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაზე შენ ხარ პასუხისმგებელი. ხვდები, ხომ, ეს რას ნიშნავს?
– პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ, უნდა ვიცოდე, რად შეიძლება დამიჯდეს ეს პასუხისმგებლობა. გამოდის, მხოლოდ შენს ბრძანებებს ვასრულებ. ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე მეუბნები, ეს უნდა გააკეთოო და თან მემუქრები, მთელი პასუხისმგებლობა შენზე იქნებაო. ხომ შეიძლება, შეგნებულად მოაწყო ისე, რომ, თუ საქმე აღარ გამოვა, ყველაფერი მე შემეტენოს.
რეზომ სიბრალულით შეხედა გაწითლებულსა და აფორიაქებულ დაბალს:
– დაფიქრდი, რას ლაპარაკობ. რას ნიშნავს, „შეგტენი”? რა უნდა „შეგტენო”, სრულ ჭკუაზე ხარ? ეს საქმე მე მიმყავს, სულ ეს არის. პასუხისმგებლობა კი მარტო იმაზე გეკისრება, ერთი კაცი თბილისამდე ჩაიყვანო. არ უნდა გაგექცეს და არ უნდა დაამტვრიო – სულ ეს არის.
– ხელბორკილი დავადო? – საქმიანად იკითხა ლევანმა.
– რა ვიცი, შენი გადასაწყვეტია. როგორც საჭიროდ მიიჩნევ, ისე მოიქეცი. ამ შემთხვევაში, მე არ ჩავერევი. კიდევ რა გაინტერესებს? ჰო, არც ჩამომრჩები და არც წინ არ წახვალ.
ლევანი შეყოყმანდა. აშკარად კიდევ რაღაცის კითხვა უნდოდა და ვერ გადაეწყვიტა, ეკითხა, თუ არა. რეზომ ღიმილით შეაგულიანა:
– მკითხე, რა გაინტერესებს.
– არაფერი, როდის გავდივართ-მეთქი, ამის კითხვა მინდოდა, მაგრამ ალბათ მეტყვი, ხომ?
– აუცილებლად. ათ წუთში გავალთ და ძალიან სწრაფად არ ვივლით.
– ჰო, რა თქმა უნდა, მე ხომ უკან უნდა გამოგყვე.
– და კიდევ: მე ხელბორკილებს არ დავადებ, ჩემსას, რა თქმა უნდა, – რეზომ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა.
„სიზმარი პატარა გარდაცვალებააო, მე ამას ვერ დავეთანხმები, მაგრამ, თუ ვცდები, მხოლოდ გამიხარდება, იმიტომ, რომ სიზმარმა მე ბედნიერება მომიტანა. გამომარჩია უამრავი ხელმოცარულისგან და ისეთი შესაძლებლობების არეალი გამიხსნა, სიზმარშიც რომ ვერ ვიოცნებებდი. ჰმ, რა მაგარია, სიზმარშიც რომ ვერ იოცნებებ და მერე ეს ოცნება აგიხდება! დიახ, ერთ დღეს დაიძინებ, მეორე დღეს გაიღვიძებ და სამყარო შეცვლილი დაგხვდება, ან, შენ შეიცვლები სამყაროს მიმართ. პრინციპში, ამაზე უკვე აღარ ფიქრობ, ისე კარგად გრძნობ თავს. კარგად იქნები, აბა რა, როცა ჯიბეში იმდენი ფული გაქვს, მისი დახარჯვა გიჩენს საფიქრალს და ეს ყველაფერი – სიზმრის დამსახურებით. მე არ ვიცი, სიზმრების ექსპერტი არ ვარ და, ალბათ, ვერც ვერასოდეს ვიქნები. არ ვიცი, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ან თავად სიზმრების სტრუქტურაში, მაგრამ, ფაქტია, სიზმარმა ჩემი ცხოვრება ჯადოსნურ ზღაპრად აქცია“.
... ლიკამ თვალები გაახილა. გამოფხიზლება არ უნდოდა, მაგრამ გაურკვეველი, შემაწუხებელი ხმაური მოსვენებას უკარგავდა და აღიზიანებდა. ერჩივნა, სიზმარი ისევ გაეგრძელებინა. მით უფრო, რომ ის, რაც ძილში მის თავს ხდებოდა, ძალიან არ ჰგავდა სიზმარს. უფრო რეალობა იყო, ვიდრე მიძინებული ტვინის წარმოსახვა. ერთხანს ის ისევ მოკუნტული იწვა, ყურებზე ხელისგულებაფარებული, თითქოს უნდოდა, გარედან შემოჭრილი ხმაური ჩაეხშო. საოცარ სიმსუბუქესა და სიმშვიდეს გრძნობდა. ყველა ეჭვი, რაც აქამდე აწუხებდა, გაქრა. სინანულსაც გრძნობდა, თუმცა, ბოლომდე არც ერთი ეს გრძნობა არ იყო სრულად გარკვეული და ჩამოყალიბებული. ხმაურმა მოიმატა და გამაყრუებელ ბრახუნში გადაიზარდა.
სოფომ ლამის მხრით შეანგრია კარი. გამეტებით ურტყამდა წიხლებს და მუშტებსაც უბრახუნებდა. დათო რეკავდა და რეკავდა ზარს. ანდრო მათგან ოდნავ მოშორებით იდგა და ლიკას მამის დამშვიდებას ცდილობდა – რაღაცას ელაპარაკებოდა, მაგრამ კაცი არ უსმენდა, გაფაციცებული შეჰყურებდა მჭიდროდ ჩარაზულ კარს. სოფომ რომ თქვა, მე ვიცი, ლიკა სად იქნებაო, გულში იმედის ნაპერწკალი გაუღვივდა და ანდროს დამამშვიდებელი სიტყვები აღიზიანებდა, თუმცა, არ უთქვამს, გაჩუმდიო. მარტო იმაზე ფიქრობდა, რომ კარის გაღებისთანავე შვილი უნდა დაენახა.
ლიკას გაოცებული, ნამძინარევი და დაბნეული სახე ჰქონდა.
– აი, ხომ სწორად მივხვდი! – გაბრწყინებული სოფო ლიკას მოეხვია. მერე ერთბაშად წარბი შეიკრა:
– გოგო, რატომ არ აღებდი კარს? ის არ გეყო, რომ გულები დაგვიხეთქე?
– როგორ შეგვაშინე, შვილო... – ნერვებმა უმტყუნა მამამისს და ცრემლი მუშტით მოიწმინდა.
– მე განერვიულეთ? – იკითხა ლიკამ მექანიკურად. სახეზე ღიმილი ჰქონდა აღბეჭდილი და ძნელად სწვდებოდა სოფოს სიტყვების არსს.
– შენ, აბა ვინ? მთელი ქალაქი შემოვიარეთ. საავადმყოფოები, მორგები, პოლიციაშიც ვაპირებდით წასვლას. რატომ არავის უთხარი, აქ თუ აპირებდი დარჩენას? ჩემთვის მაინც დაგერეკა. ლიკა, რა სულელივით იცინი! შემომხედე, არ გესმის, რას გელაპარაკები? – სოფო მაჯაში სწვდა ლიკას და მაგრად შეანჯღრია.
– გამიშვი, მეტკინა. მესმის, ყრუ კი არ ვარ. უცებ გადავწყვიტე აქ მოსვლა. დარჩენას საერთოდ არ ვაპირებდი.
– სახლში შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ, – ანდრომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კარში ჩამდგარ ლიკას მკლავზე მოჰკიდა ხელი. გოგო ადგილიდან არ დაძრულა.
– სალაპარაკო ნამდვილად გვაქვს. ანდრო მართალია, აქ ხომ არ ვიდგებით, შევიდეთ. დილის ხუთი საათია. ნუ გავაღვიძებთ მთელ კორპუსს, – დაეთანხმა დათოც.
– სალაპარაკო არაფერია, – ლიკამ ღიმილით შეხედა ანდროს და ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან, – უკვე ნახეთ, რომ კარგად ვარ. პრობლემა მოხსნილია. გმადლობთ, რომ შეწუხდით ჩემ გამო, მე და მამაჩემი სახლში წავალთ. ვწუხვარ, თუ ჩემი წინდაუხედავი საქციელით უნებლიეთ განერვიულეთ.
– რაა?! ერთი ამას უყურე! – გაცხარდა სოფო, – თურმე წუხს, უნებლიეთ რომ გვანერვიულა! შენ ჩვენი წუხილის ამბავი იკითხე?! ამიტომ, შედი და იმ შენს ქმარს უთხარი, ნუღარ იმალება, აზრი აღარ აქვს. არავინ არაფერს ერჩის და შენთვისაც უკეთესი იქნება, თუ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა ყველაფერი. თუ, უკვე მოახერხა და დაგარწმუნა თავის სიმართლეში?
– ლაშა აქ არის? დაგირეკა და მის სანახავად წამოხვედი, მამა? რატომ არ გვითხარი, შვილო, კინაღამ დავიხოცეთ მე და დედაშენი, სად წავსულიყავით, არ ვიცოდით.
– ქვეყანა კი შეგიყრიათ და... – ლიკამ სათითაოდ შეათვალიერა თავზე წამომდგარი, მისი პასუხის მომლოდინე ადამიანები, – ჰო, სად წავიდოდი? გათენდებოდა და მოვიდოდი. დაკარგვით ნამდვილად არ დავიკარგებოდი, – თქვა და ისევ გაიღიმა.
– არ დაიკარგებოდი, არა?! – სოფომ თავი გადააქნია, მერე გადაწყვეტილება ერთბაშად მიიღო, მთელი ძალით უბიძგა მკერდზე, გვერდზე გასწია და ბინაში შეაბიჯა იმის მოლოდინით, რომ იქ ლაშას ნახავდა. ანდრო, დათო და ლიკას მამა უსიტყვოდ მიჰყვნენ კვალში. ლიკა ბოლოს შევიდა, კარი ჩაკეტა, ზურგით მიეყრდნო და ამოიოხრა.
***
რეზომ ოდნავ მოუმატა სიჩქარეს და გვერდით მჯდომს შეხედა.
– ნუ გეშინია, გადახტომას არ ვაპირებ, – დაამშვიდა ლაშამ.
– ვიცი. არც ისე სულელი ხარ, როგორიც ჩანხარ, ხომ მართალია?
– მართალია. თუმცა, სისულელეების გაკეთება ჩემთვის უცხოა და მსგავსი არასოდეს არაფერი ჩამიდენია-მეთქი, ვერ გეტყვი.
– მჯერა. მე შენ შესახებ ყველაფერი ვიცი. უფრო სწორად, თითქმის ყველაფერი.
ლაშამ მოწონებით დაუქნია თავი:
– ეგ როგორ გავიგო? – ვერ მიუხვდა რეზო.
– არაფერი, კარგია.
– კონკრეტულად რა არის კარგი, ის, რომ შენ შესახებ ყველაფერი ვიცი თუ, თბილისში რომ ვბრუნდებით?
– ერთიც და მეორეც. რადგან ვბრუნდებით, ესე იგი, გჯერა ჩემი.
– არა, არ მჯერა. ამას ჩვენს ენაზე საგამომძიებლო ექსპერიმენტს ეძახიან. აი, ამ ექსპერიმენტისთვის მიმყავხარ. ზუსტად ვიცი, რომ ჩაფლავდება და როცა ჩაფლავდება, მერე უფრო ადვილი იქნება შენთან ლაპარაკი.
– რომ არ ჩავფლავდე? – ჰკითხა ლაშამ.
რეზომ გაიცინა:
– დაგავიწყდა, რა გითხარი? შენ შესახებ ყველაფერი ვიცი-მეთქი. ვიცი, რომ პატიოსანი კაცი ხარ. ცოლი გიყვარს, თუმცა, ბოლო დროს, მასთან პრობლემები გქონდა, იმიტომ რომ ძმაკაცი შეგეცოდა, ხელი გაუმართე, იმან კი, ვალებში გაგჭედა. ბინაც კი ჩადე ბანკში, – რეზო გაჩუმდა და ჩაფიქრებულ ლაშას ალმაცერად გახედა, – თუ რამეს არასწორად ვამბობ ან რაღაცას ვურევ, გამაჩერე. რას ვამბობდი? – ჰო, პატიოსანი კაცი ხარ-მეთქი, მაგრამ, როცა ფული არ გაქვს, ცოლი კი ყოველდღე საყვედურებს არ გაკლებს, გამორიცხული არ არის, დანაშაულიც ჩაიდინო.
– მე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია.
– გეთანხმები. თუმცა, ჯერჯერობით ნუ დავაკონკრეტებთ, რა ჩაიდინე, მანამდეც მივალ, ხომ ხედავ, ნელ-ნელა მივყვები. მე მესმის შენი, წარმომიდგენია, როგორი სასოწარკვეთილი იყავი. არაფრის გამო ყველაფრის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდი, თანაც, რეალური საფრთხის წინაშე.
– რომანს წერთ? – დასცინა ლაშამ. რეზომ არ შეიმჩნია.
– ცუდი სიუჟეტი არ იქნებოდა, მაგრამ, მე წერის ნიჭი არ მაქვს, შენ კი შეგიძლია, მერე ჩაუჯდე და ავტობიოგრაფიული რომანი „გამოაცხო”. ფულსაც იშოვი და პოპულარულიც გახდები. შეიძლება, პრემიაც მოგცენ. აი, მაგალითად, „ყანჩა“.
– „წერო”, – შეუსწორა ლაშამ.
– რა „წერო”?
– კონკურსს „წერო“ ჰქვია, ყანჩა არაფერ შუაშია.
რეზომ ჩაიცინა:
– კარგი ნერვები გაქვს. მომწონს, როგორ გიჭირავს თავი. ცდილობ, არაფერი შეიმჩნიო. სიმშვიდეს ინარჩუნებ, თითქოს საერთოდ არ განიცდიდე შენს მდგომარეობას.
– არც განვიცდი, მე არ ვთამაშობ. მშვიდად ვარ იმიტომ, რომ არ ვიტყუები.
– კარგი, გავაგრძელოთ ჩვენი „მოთხრობა”, საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს?
– არა, არაფერი. პირიქით, ძალიან ვერთობი.
– სულ ვამბობდი, ყველაზე საშიში დამნაშავეები პატიოსანი ადამიანები ხდებიან-მეთქი, იმიტომ, რომ ამ საქმესაც პატიოსნად ასრულებენ, – მხრები აიჩეჩა რეზომ, – ვიცი, ძალიან გამიჭირდება, სიმართლეში გამოგტეხო, მაგრამ, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოს, ამაშიც შენი პატიოსნების იმედი მაქვს.
– ვეცდები, არ გაგაწბილო, – ვალში არ დარჩა ლაშა და უცებ ჰკითხა: – კაზინოს მეპატრონემ მიჩივლა. ასე არ არის?
– არა, ის კაცი მართლა არაფერ შუაშია. მგონი, ხვდები, რომ მისი საჩივარი სასაცილო იქნებოდა. არც ისეა საქმე, როგორც გგონია. ჩვენს ქვეყანაში „სათამაშო ბიზნესი” დაშვებულია და არც მოგებაა კრიმინალი. ოღონდ, გააჩნია, როგორ მოიგებ.
– ჰო, ვიცი. მე ხომ თაღლითი ვარ, – თქვა ლაშამ, – ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სიზმარიც შეიძლებოდა, კრიმინალი ყოფილიყო.
– მოდი, ისევ ჩემს მოთხრობას გავაგრძელებ, თორემ, ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, ოღონდ, იქით არა, საითაც წასვლა მინდა. თბილისში ჩასვლამდე ერთმანეთის მიმართ ნდობა თუ გაგვიჩნდება, ამას წარმატებად ჩავთვლი.
– მეეჭვება, თუმცა, ვცდილობ.
– გეეჭვება შენ, რომელსაც ზღაპრების გჯერა?
– თქვენ იცინით, მაგრამ, გეტყვით, რომ არ მჯერა, არც ზღაპრების და არც სასწაულების. უფრო სწორად, მანამდე არ მჯეროდა, სანამ თავად ჩემი ცხოვრება არ დაემსგავსა სასწაულსა და ზღაპარს.
– შენი ცხოვრება ზღაპარს მანამდე ჰგავდა, სანამ იქ მე გამოვჩნდებოდი, – ახარხარდა რეზო საკუთარ ხუმრობაზე, – მთავარია – არ გეწყინოს. რა ვქნა, ასეთი ხასიათი მაქვს. არაოფიციალურ გარემოში ხუმრობა მიყვარს.
– არ მწყინს. სულელი ვიქნებოდი, რომ მეთქვა, მწყინს-მეთქი.
– მით უმეტეს, გეღიარებინა კიდეც, არა?!
ლაშამ თავი დაუქნია.
– მოკლედ, განვაგრძობ: პრობლემები, რომლებიც ოჯახს შეუქმენი, შენი ბრალი არ ყოფილა. ჰო, მეგობარს ენდე და ვერ გაითვალისწინე, ვისთან გქონდა საქმე. მე იმ შენი მეგობრის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი. თუ გინდა, პატარა ეპიზოდად მოგიყვები მაგასაც.
– არ მინდა, – მეგობრის ხსენებაზე ლაშა რატომღაც მოიღუშა და სახე დაუსევდიანდა.
– კარგი, შენი ნებაა. პრინციპში, ამ შემთხვევაშიც მესმის შენი. ნახე, უკვე რა კარგად ვუგებთ ერთმანეთს?
ლაშამ არ უპასუხა გამაღიზიანებელ გამოწვევას, საკუთარ თითებს ჩაშტერებული რაღაცას ფიქრობდა.
– სამაგიეროდ, შენმა ცოლმა ვერ გაგიგო. რას იზამ, ქალები ასეთები არიან. როცა საქმე ფულს ეხება, ბევრი რამე არ ესმით. ერთი სიტყვით, სრული საფუძველი გქონდა, გამოსავლის პოვნაზე გეფიქრა. შენი მეგობარი თუ თანამშრომელი პროგრამისტია, ხომ არ მეშლება? კომპიუტერი კარგად ესმის და როცა შენი იდეის შესახებ მოუყევი, ბევრი არც მას უფიქრია. ფული არავისთვის არის ზედმეტი, მით უფრო, ნიჭიერი კაცისთვის.
– ვახო და მისი ნიჭი ან კომპიუტერის ცოდნა არაფერ შუაშია.
– ჰო, რა თქმა უნდა, დანაშაულის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე იღებ – იდეა ხომ შენი იყო. პრინციპში, ყველაფერი კარგად და სწორედ გათვალეთ: ვალები გადაიხადე და დარჩენილი თანხით ქვეყნის დატოვება გადაწყვიტეთ. პრინციპში, აბსოლუტურად სწორი პოზიციაა, კარგად მოფიქრებული და გათვლილი. არჩიეთ, ცოტა შეგრგებოდათ, ვიდრე ორივე ფეხით გაბმულიყავით და ყველაფერი დაგეკარგათ. შენს ადგილას მეც სწორედ ასე მოვიქცეოდი, მაგრამ, ნახევარი მილიონიც არ არის ცუდი.
– გავიგე, კაზინოს მეპატრონისგან მოდის ეს ამბავი. პილიცია, სამძებრო განყოფილება, კრიმინალი და საგანგებო საქმეთა სამსახური – მხოლოდ სიტყვებია. მე შევძლებ, მთელი ფული დავაბრუნო და ხელწერილიც დაგიწეროთ, რომ აღარასოდეს გავაღებ იმ კაზინოს კარს.
– ამით საქმის არსი არ იცვლება.
– კარგი. არც ერთი კაზინო აღარ დაზარალდება ჩემ გამო.
– არ ვარგა. თავადაც ხვდები, ეს თამაში არ არის – დღეს ავიღე, ხვალ დავაბრუნე... ბილეთიც ხომ არ აგიღო და გაგამგზავრო რომელიმე ისეთ ქვეყანაში, სადაც შენი ფენომენალური შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება გექნება? ფრთებს გაშლი და გაილაღებ, მაგალითად, მონაკოში.
– ნუ დამცინით. მე მხოლოდ თბილისში შემიძლია, ვიყო წარმატებული.
– ჰო, ეგ ვეღარ გავითვალისწინე. სიზმარი, არა? უკვე დავინტერესდი, ვხვდები, რომ კარგად გავერთობით.
ლაშამ მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი, მე ნამდვილად არ მაქვს გასართობად საქმე.
– მაგაშიც გეთანხმები. საღად აფასებ სიტუაციას. კიდევ უფრო საღად თბილისში შეაფასებ, როცა შენი მითი დასაფლავდება. იმედგაცრუება გელოდება.
– ეგ ჯერ არ არის გარკვეული. იქნებ, თქვენ გელოდებათ იმედგაცრუება?!
– ვეჭვობ. თუმცა, შენ შეგიძლია, მაგაზე იოცნებო, თავი ინუგეშო.
***
სოფომ მთელი სახლი მოიარა. ყველა ოთახში შეიხედა და იმედგაცრუებული დივანზე ჩამოჯდა.
– არ არის აქ ლაშა.
– ჰო, აბა, რა გეგონათ? მე არ ვიტყუები. სოფო, მანდ ნუ ჯდები, ძალიან გთხოვ. ახლავე ადექი, ადექი, რა! – შეჰყვირა მოულოდნელად ლიკამ, რომელმაც დივანზე ჩამომჯდარი სოფო დაინახა.
– რატომ, რა მოხდა? – გაუკვირდა სოფოს, – ეს ის ძველი დივანი არ არის, შენ რომ ვერ იტანდი? მოიცა, ხომ გადააგდე, ისევ აქ როგორ გაჩნდა?
– საქმეც ეგაა, რომ ლაშამ მოიკლა თავი და ისევ დააბრუნა. ჯერ მომატყუა, ვითომ გაყიდა. მერე მითხრა, კლიენტმა უკან დამიბრუნაო. მაშინ ძალიან მაგრად ვეჩხუბე, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, ეს რატომ გააკეთა.
– რატომ გააკეთა? – უფრო საუბრის გასაგრძელებლად და არა ინტერესის გამო იკითხა სოფომ.
– მაგ კითხვაზე ახლა ვერ გიპასუხებ, არ შემიძლია, თვითონ მაქვს, პასუხგაუცემელი ბევრი კითხვა და სულ რომ არ დავიბნე, კარგად უნდა ვიფიქრო.
– რაზე უნდა იფიქრო? ლაშა სად არის? – ლიკას მამა, რომელიც ვერაფერს მიხვდა, შვილისა და მისი დაქალის საუბრის შინაარსიდან, ლიკას გვერდით მიუჯდა და მხარზე მოჰხვია ხელი – ლიკა, მე უნდა ვიცოდე, რა ხდება.
– არაფერი მამა, არაფერი, შენ არ ინერვიულო.
– გეყოფა, არ ინერვიულო, აღარ გამოვა, იმიტომ, რომ უკვე ძალიან ვნერვიულობ. იმაზე უფრო ვნერვიულობ, სულელად რომ მიგაჩნივარ და ფიქრობ, რადგან ჩუმად ვარ, ვერაფერს ვხვდები. აქამდე კიდევ ვცდილობდი, ზედმეტი შეკითხვებით არ გამეღიზიანებინე, ვფიქრობდი, შენ თვითონ დადგებოდი ერთ დღეს იმ განწყობაზე, რომ გულახდილად მომიყვებოდი ყველაფერს და რაღაც მოგვარდებოდა, მაგრამ ლოდინმა მხოლოდ გააუარესა სიტუაცია. სახლში საერთოდ არ მოხვედი და, ცოტა დამაკლდა, არ მოვკვდი ნერვიულობით. ამიტომ, აი, ახლა, ყველაფერს მომიყვები.
– აჯობებს, სახლში ვილაპარაკოთ. რატომ უნდა ისმინოს ჩვენი ოჯახის ამბები ამდენმა ადამიანმა?
დათო უხერხულად შეიშმუშნა, მაგრამ, სანამ რამეს იტყოდა, სოფომ დაასწრო:
– რა უნდა მოყვე ისეთი, რაც მე არ ვიცი ან ანდრომ არ იცის? მამაშენმა ჩვენ მოგვმართა დახმარებისთვის, ეს არაფერს ნიშნავს?
– როგორ არ ნიშნავს. ხომ გადაგიხადე მადლობა გულისხმიერებისა და ზრუნვისთვის, კიდევ რა უნდა ვქნა? – გაღიზიანდა ლიკა.
– რა ქნა და უნდა გვენდო. თუ გვენდობი, ჩვენც გვაინტერესებს, რა ხდება. ლაშა გამოჩნდა?
– არა, – ამოიოხრა ლიკამ, – არ გამოჩენილა, მაგრამ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არ მატყუებდა და, საერთოდაც, არც არავის ატყუებდა.
– ესე იგი, რაღაც მოხდა, – სოფომ ანდროს გადახედა, – თქვი, რატომ ფიქრობ, რომ არ გატყუებდა? აქ იმიტომ ხომ არ მოხვედი, რომ შენი ქმრისთვის ეს გეთქვა?
– არა, პირიქით, ლაშას ნახვა იმიტომ მინდოდა, რომ მეთქვა, როგორი თაღლითი და ნაძირალაა. როგორ მოგვატყუა ყველა და ფული მიითვისა.
– ლაშამ ფული მიითვისა? რა ფულზეა ლაპარაკი? – შეშფოთდა ლიკას მამა.
– ნახევარ მილიონზე, – მშვიდად დააკმაყოფილა ლიკას მამის ცნობისმოყვარეობა ანდრომ, – თქვენმა სიძემ ეს ფული ჩემს კაზინოში, ასე ვთქვათ, მოიგო.
– „ასე ვთქვათ” არა! მოიგო, მართლა მოიგო! – წამოიძახა ლიკამ, – ლაშა თაღლითი არ არის, არც საყვარელი ჰყავს და, საერთოდ, ამ ყველაფერში თუკი ვინმეა დამნაშავე, ეს მე ვარ. რატომ არ მივეცი საშუალება, ბოლომდე ეთქვა, რის თქმასაც აპირებდა, გასაქცევად ხომ არ გაუხდებოდა საქმე?
– ლაშა გაიქცა? რატომ? – უარესად დაბნეული ლიკას მამა ახლა ანდროს მიაჩერდა კითხვით სავსე მზერით, – ბოლოს და ბოლოს, ვინმე ამიხსნის, რა დაემართა ლაშას? – იყვირა მოთმინებადაკარგულმა და ოთახში წუთით დასადგურებული სიჩუმით გაღიზიანებულმა.
– დამშვიდდით, რა, – პირველმა დათომ ამოიღო ხმა, – რა დაგემართათ, ნუ გადარიეთ ეს კაცი! სოფო, აუხსენით გასაგებად. ბატონო ანდრო, ისე, მე მართლა არ ვიცოდი, ის ტიპი თქვენ რომ ბოლო დროს პრობლემები შეგიქმნათ, ლაშა თუ იყო.
– მჯერა, მაგრამ ეგ ახლა ყველაზე ნაკლები პრობლემაა. პრინციპში, აღარც არის პრობლემა.
ლიკას მამამ თავზე იტაცა ხელები:
– ჩემმა სიძემ კაზინო გაქურდა და მიიმალა? რას მოვესწარი! ჩემი შვილი კი ამის დამალვას ცდილობდა ჩემგან. რა საშინელებაა! ლიანა ვერ გადაიტანს ამ ამბავს, გული გაუსკდება, ჩვენი სიძე ქურდი და ყაჩაღია და, ალბათ, მალე დაიჭერენ, როდემდე დაიმალება!
– მამა, ნუ მოთქვამ, ძალიან გთხოვ. რა უბედურებაა, ვინ გითხრა, რომ ლაშამ კაზინო გაძარცვა? წარმოგიდგენია, რომ ლაშა ამის გაკეთებას შეძლებდა? არ იცნობ შენს სიძეს? თუმცა, მთავარი დამნაშავე მე ვარ, ჯერ მე დავიჯერე მისი ნაძირლობა. ისე ვნანობ... თუმცა, ალბათ უკვე გვიანია.
– ძალიანაც ნუ ინერვიულებ, შენი ქმარი მაინც დამნაშავეა. შეიძლება, შენთვის მართლა არ უღალატია, მაგრამ, ფული რომ პატიოსანი გზით და, მით უმეტეს, შემთხვევით არ მოუგია, ფაქტია. ალბათ, ახლა ითესება საქართველოდან, თუ უკვე არ დაითესა თავის თანამზრახველთან ერთად. მაგრამ, კვალში უდგანან და დაიჭერენ აუცილებლად, – წამოსცდა ანდროს და მაშინვე სოფოს შეხედა.
– კვალში უდგანან? – ჩაეკითხა ლიკა და გაფითრდა, – ეს როგორ გავიგო? ანდრო, მე უნდა ვიცოდე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
– ვხვდები. თუმცა, ცოტა მიჭირს, გავიგო, რა მოხდა ასეთი ამ ერთ ღამეში, რომ ლაშაზე აზრი რადიკალურად შეიცვალე. შენი ნებაა და არავითარი უფლება არ მაქვს, გიმტკიცო, დამნაშავეა შენთან-მეთქი. რაც შეეხება კვალში ჩადგომას, სხვანაირად არც შეიძლებოდა, მომხდარიყო. მე არ მიჩივლია და არ მიყვარს, როცა ჩემს საქმეში სხვები ერევიან, მით უმეტეს, ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები. შენს ქმარს მე თავადაც მივხედავდი და გავიგებდი მისი თაღლითური გეგმის მექანიზმს, უბრალოდ, არ დამელოდა.
– ლაშას სპეცსამსახურები ეძებენ? – შიშით ჩაილაპარაკა ლიკამ. ანდროს საუბრიდან, მხოლოდ ეს სიტყვები გაიგონა და დაიმახსოვრა.
– სავარაუდოდ, ასეა.
– „სავარაუდოდ ასეა,” „მე მარტოც გავუმკლავდებოდი, მაგრამ არ დამელოდა”... – გამოაჯავრა სოფომ ანდროს, – ბოლომდე გახსენი რა, ყველა კარტი, არაფრის დამალვას აღარ აქვს აზრი!
– აღარც ვმალავ. პირადად მე დასამალი ნამდვილად არაფერი მაქვს. დაზარალებული ვარ და, თუ შენს ქმარს დაიჭერენ, ის კი თაღლითობაში გამოტყდება, შანსი მექნება, ჩემი ფულის რაღაც ნაწილი მაინც დავუბრუნო, – თქვა ანდრომ და ურწმუნოდ ჩაიცინა.
– ნუ ამბობ იმას, რისიც თავად არ გჯერა, არავინ არაფერს არ დაგიბრუნებს. მით უფრო, სპეცსამსახურები. ის კი არა, ფრთხილად იყავი, ლაშას თანამზრახველობაში არ დაგდონ ბრალი. არ გამიკვირდება, ასე თუ მოხდება, – გაეღიმა სოფოს და ლიკას შიშისგან გაფართოებულ თვალებს რომ შეხედა, სწრაფად დაუმატა:
– ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, ლიკა, ყურადღებას ნუ მომაქცევ.
– ლაშას დაიჭერენ და თაღლითობაში დაადანაშაულებენ? რომ არ არის თაღლითი?
– ამას დამტკიცება სჭირდება, ჩემო კარგო, – ამოიოხრა სოფომ.
– იმას არ სჭირდება დამტკიცება, რომ ლაშა თაღლითია? – აღშფოთება ვერ დამალა ლიკამ, – მე ვიცი, რომ ლაშა თაღლითი არ არის!
ანდრომ მხრები აიჩეჩა და პასუხად მხოლოდ გაიღიმა, თითქოს იმის თქმა უნდოდა, შეყვარებული ცოლის არგუმენტს სარწმუნოდ ვერ მივიღებო.
– შენ რამეს მიაგენი? – ეჭვით მოწკურა თვალები სოფომ, რომელსაც ლიკას ხმაში გაჩენილი ტონი უცნაურად მოეჩვენა.
– დიახ, მივაგენი, წეღანაც ხომ გითხარი, მაგრამ, ჯერ მე უნდა დავრწმუნდე იმაში, რასაც მივაგენი. ძალიან არარეალურს ჰგავს, თუმცა, ეჭვი აღარ მეპარება, რომ ლაშა სწორედ ამ ერთი შეხედვით არარეალურმა მიგნებამ მიიყვანა კაზინოში.
***
ლევანმა დაუსტვინა და სიჩქარეს ოდნავ მოუმატა:
– ვაა, ზღაპარს მიყვები?
– არა, ყველაფერი მართლა ასე იყო.
– და, ნახევარი მილიონი მოიგო? არ მჯერა.
– მარტო ნახევარი მილიონი არა, მანამდეც რამდენჯერმე მოვიგეთ.
– ვა, მართლა? თუმცა, ეგ ვიცი. წარმოუდგენელია, არავინ დაიჯერებს.
– მეც არ ვიჯერებდი, სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდი. პრინციპში, ახლაც არ მჯერა, მაგრამ რეალობას სად გავექცევი.
– სიზმარში ნახო, როგორ მოიგო მილიონები?... არა, ზღაპარია.
ვახოს უნდოდა, სიზმრის ამბავი უფრო ფართოდ გაეშალა და უფრო დაწვრილებით მოეყოლა, მთელი „თაღლითური გეგმის” შესახებ, მაგრამ, უცებ გაახსენდა, რა სთხოვა ლაშამ და გაჩუმდა.
ლევანმა თავი გააქნია:
– სასამართლოს ზღაპრების არ სჯერა. არც ჩვენ გვჯერა. სავარაუდოდ, შენ და შენს „სიზმარა” ძმაკაცს დაგიჭერენ.
– და თუ მართლა არაფერი დაგვიშავებია?!
ლევანმა ხელები გაშალა და სწრაფად ისევ საჭეს მოჰკიდა, – მე ბევრი არაფერი შემიძლია, მით უმეტეს, რომ არც მჯერა.
– მაშინ, რატომ არ გვაპატიმრებენ?
– თქვენ დაპატიმრებულები ხართ. უბრალოდ, ეს სპეციალური საქმეა და სტანდარტულად არ ვიქცევით, – გაიბღინძა ლევანი, – ჩვენ საგანგებო განყოფილებიდან ვართ, საგანგებო დავალებათა სამსახურიდან. სხვანაირი, განსხვავებული მეთოდებით ვმუშაობთ დაკავებულებთან.
– შეგატყვეთ, – ამოიოხრა ვახომ, – თავიდან იმედიც კი მქონდა, რომ გაგვიშვებდით, მაგრამ...
– ოპერაციას მე არ ვხელმძღვანელობ, მაგრამ რეზო ყველაფრის საქმის კურსში მამყოფებს, – ისევ შეიფერა ლევანმა, – მე გირჩევ, ყველაფერი გულახდილად აღიაროთ. იქნებ, არც დაგაპატიმრონ. ჩვენთან მოლაპარაკება შეიძლება.
– მოიცა, ეგ როგორ... თანამშრომლობას მთავაზობთ?
– რატომაც არა! შენ შენი საქმის პროფესიონალი ხარ. თუ მე მეტყვი თქვენი „სუპერგეგმის” შესახებ, ისე თუ გავაკეთებ, რომ პასუხისმგებლობა არ დაგვეკისრება, კარგ სამსახურსაც შემოგთავაზებთ.
– საინტერესო წინადადებაა.
ლევანს სახე გაუბრწყინდა. თუ ვახო დათანხმდებოდა მისთვის გეგმის შესახებ სიმართლე მოეყოლა, რეზოზე გაცილებით ადრე მოიპოვებდა საჭირო ინფორმაციას და საქმეც მის სასარგებლოდ წარიმართებოდა. რეზო ვეღარ იტყოდა, შენ მარტო ის შეგიძლია, ჩემი მითითებები და ბრძანებები შეასრულოო. მარტო თეორიული ცოდნა გაქვს, ცხვირმოუხოცავი ღლაპი ხარ და, მე ჭკუას ვერ დამარიგებო. ოღონდ ახლა ვახოს დაეძლია ყოყმანი, წამოგებოდა მისკენ გადასროლილ ანკესს და... ლევანმა გადაწყვიტა, მოვლენები ცოტა დაეჩქარებინა:
– ბევრს ფიქრობ ძალიან. მე შენ ისეთ რაღაცას გთავაზობ, ფაქტობრივად, თავისუფლებას გჩუქნი. შენი მეგობრისთვისაც უკეთესი იქნება – აღარ იჯიუტებს და იქნებ მასთანაც მივაღწიოთ რაღაც გარიგებას.
– მერე, თქვენთან რა უნდა გავაკეთო? მე არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოვადგენ, გამომცემლობაში ვმუშაობდი და წიგნებს ვაკაბადონებდი.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ სერიოზული საქმის გახსნაში დაგვეხმარები.
– კარგი იქნებოდა, მაგრამ... – ვახომ ამოიოხრა.
– რა – მაგრამ? – გაფაციცებით ჩაეკითხა ლევანი და გული შეუხტა მოსალოდნელი ტრიუმფის წარმოდგენით.
– მაგრამ ის, რომ არაფერი გამოვა.
– რატომ არ გამოვა? ძმაკაცს არ ჩაუშვებ? მომისმინე, ეს არ იქნება ჩაშვება, პირიქით, დაეხმარები, დამიჯერე.
– მაინც არაფერი გამოვა, – ჯიუტად გაიმეორა ვახომ, – მართლა ძალიან მინდა თავისუფლება და, რომ წარმოვიდგენ, შეიძლება გისოსებს მიღმა აღმოვჩნდე, სუნთქვა მეკვრის.
– მერე? – იმედი მოეცა ლევანს, – მერე?
– მერე ის, რომ მე მარტო ერთი სიმართლე ვიცი: ლაშამ მომგებიანი კომბინაცია სიზმარში ნახა. მართლა ასეა, სიზმარში უკარნახეს, არავითარი თაღლითური გეგმა არ ყოფილა.
იმედგაცრუებულმა ლევანმა ორივე ხელი გამეტებით დაჰკრა საჭეს და გამოსცრა:
– ეგ სიჯიუტე ძალიან ძვირად დაგიჯდება, იცოდე!..
***
ჭეშმარიტება ნაძვის ხის სათამაშოსავით მყიფეა და მასავით მსხვრევადი. შორიდან უნდა უყურო, თორემ ხელებში ჩაგემსხვრევა და თითებს დაგისერავს. ჭეშმარიტება გხიბლავს და თვალს გჭრის... იქნებ, ის არც ისეთი მომხიბვლელია, მაგრამ როცა ელვარებს, ისეთ ეფექტს ახდენს, ბევრი ფიქრისთვის დროს აღარ გიტოვებს. „ფსევდოჭეშმარიტებაც” იგივეა, რაც ჭეშმარიტება. ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება და ჩვენც სულ გვერევა, რომელია ფსევდო, რომელი – ჭეშმარიტი...
სოფომ ფრთხილად შემოიტანა ოთახში პატარა ლანგარი და ლიკას წინ დაუდგა. მერე, სავარძლიდან პატარა პლედი აიღო და მხრებზე შემოახვია.
– ახლა გათბები. ჩაი დალიე, ლიმონით...
– გმადლობ. თავს სუსტად ვგრძნობ. რა დამემართა, არ ვიცი. თითქოს შემცივდა, არადა, საკმაოდ თბილად მაცვია.
– ნერვიულობ და ეგ არის მიზეზი, – ამოიოხრა სოფომ, – კარგი ქენი, ჩემთან რომ წამოხვედი.
– ჰო, ლიანა კი გაგიჟდება, მამაჩემსაც ძალიან ვაწყენინე, მაგრამ ახლა არაფრით შემეძლო, მათი დაუსრულებელი საყვედურების მოსმენა. დედაჩემს ხომ მაინც ვერაფერს გააგებინებ. სულ ერთ ტალღაზეა მომართული. თან, უნდა ვიფიქრო, ბევრი ვიფიქრო... რაღაცაში უნდა დავრწმუნდე.
სოფომ ჩაი მოსვა.
– მე მაინც ვერაფერი გავიგე, შენი ლაპარაკიდან. პირიქით, უფრო დავიბენი. ჯერ ერთი, რატომ მიხვედი ბინაში და სად არის ლაშა?
– ლაშა სად არის, წარმოდგენა არ მაქვს. ანდროს ვერსია უნდა დავიჯერო, მინდა ეს, თუ არა.
– რომელი ვერსია?
– რომელი და ის ერთადერთი, რომელიც მას აქვს. ლაშამ ფული აიღო და საქართველოდან სულ წავიდა. სწორედ ამას ნიშნავდა, „სიმ-ბარათის” გამოგზავნაც და ის წერილიც, ჩვენთვის განკუთვნილი. ფულიც ხომ დამიტოვა... ბინაში იმ იმედით მივედი, რომ იქ ლაშა დამხვდებოდა. ან გვიან მაინც მოვიდოდა, – ლიკა გაჩუმდა და ერთბაშად, თავი ჯიუტად გააქნია, – არა, ვტყუი. ვიცოდი, ლაშა იქ არ დამხვდებოდა და იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ არც მოვიდოდა.
– საოცარია. აბა, რატომ მიხვედი, – გაოცდა სოფო.
– არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ფეხებმა თავისით მიმიყვანეს. რაღაც ძალამ მაიძულა. გეფიცები, ისეთი უცნაური შეგრძნება მქონდა, ისეთი, მერე კი, დამეძინა...
– იმ დანჯღრეულ დივანზე?
– ჰო, იმ დანჯღრეულ დივანზე და... – ლიკამ უცნაურად გაიღიმა. ჩაით სავსე ფინჯანს ორივე ხელი მოხვია და ლოყაზე მიიხუტა. მერე სოფოს შეხედა და....
– სიზმრების გჯერა?
შეკითხვა მოულოდნელი აღმოჩნდა სოფოსთვის: ისეთი მოულოდნელი, რომ ერთბაშად ვერაფერი უპასუხა. ლიკამ ჩაი მოსვა.
– მე არ მჯეროდა. უფრო სწორად, დიდად არც ახლა მჯერა, მაგრამ რაღაც მაიძულებს, შინაგანი ხმა მკარნახობს, დავიჯერო.
– მოიცა, რისი უნდა დაიჯერო?
– სიზმრების. ერთი კონკრეტული სიზმრის.
– ლიკა... – სოფო შეყოყმანდა... – წავალ, თერმომეტრს მოვიტან, სადღაც უნდა მქონდეს.
– შენ ფიქრობ, რომ სიცხე მაქვს და ცუდად ვარ? იმიტომაც გკითხე, სიზმრების თუ გჯერა-მეთქი.
– რა ვიცი, არ დავფიქრებულვარ ამაზე.
– არც მე, სხვათა შორის. აი, მაგალითად, როდისმე ისეთი სიზმარი თუ გინახავს, შენს ცხოვრებაში რაღაც რომ შეუცვლია.
– არ ვიცი, არ მახსოვს. ალბათ, არა.
– მე ვიცი, რა მოხდა, რამ შეცვალა ლაშა და როგორ მოიგო ფული... ოღონდ, ამაში ვერავის დავაჯერებ.
სოფომ ეჭვით გადააქნია თავი.
– მგონი, ჯობია, თერმომეტრი მოვიტანო.
– ხომ ვამბობდი, არ დამიჯერებ-მეთქი.
– შენ არც მიყვები.
– მოგიყვები, აბა, რატომ წამოვედი შენთან. ჩემებისთვის ამის თქმას აზრი არ აქვს. დედაჩემი მაშინვე გიჟად გამომაცხადებს და სასწრაფოში დარეკავს.
– ანდროსაც უნდოდა შენთან ლაპარაკი, – თქვა სოფომ, – ძლივს დავარწმუნე, რომ წასულიყო, დავპირდი, რომ მაშინვე დავურეკავდი.
– ვიცი, ვიცი, დათოსაც ისეთი სახე ჰქონდა. ძალიან უჩვეულო ამბავი დამემართა. სულ ვფიქრობ, მაინცდამაინც, ჩვენ რატომ? ნეტავი, ახლა სად არის ლაშა.
– ეგ მართლაც საინტერესოა, მაგრამ შენ მაინც საკუთარ თავსა და შვილზე უნდა იფიქრო. შენს ქმარს ნახევარი მილიონი უდევს ჯიბეში. როცა მასზე ფიქრობ, ესეც ნუ დაგავიწყდება.
– ჰო, მაგრამ ლაშამ ეგ ფული პატიოსნად მოიგო. კიდევ უფრო მეტის მოგებაც შეეძლო, ისეთი არაჩვეულებრივი საშუალება ჩაუვარდა ხელში.
– რა საშუალებაზე ლაპარაკობ. ესე იგი, მაინც არსებობს რაღაც სქემა? აბა, რა. ასე ვის უმართლებს?!
– უმართლებს. ლაშას გაუმართლა, – ლიკა შეიჭმუხნა, – ჩვენი დივანი ხომ გახსოვს, თუმცა, წეღან არ მეუბნებოდი, იმ დანჯღრეულ დივანზე რამ დაგაძინაო?
– ჰო, მერე?
– მოკლედ, მთელი საიდუმლო სწორედ მანდ იმალება.
– სად, დივანში? – სოფომ ხელები ასე გაშალა, თითქოს ამბობდა, სულ ტყუილად არ მოვიტანე თერმომეტრიო.
– აი, ხომ ვთქვი, შენც არ დამიჯერებ. ისეთი სახე გაქვს, მზად ხარ, გიჟი მიწოდო, ვიდრე...
– მოიცა, მოიცა, მე არ მითქვამს, რომ გიჟი ხარ, მაგრამ ასეთი მოყოლით, ძალიან მაბნევ. ჩემს მდგომარეობაშიც შედი. ბოლოს და ბოლოს, თუ ვერ შესძლებ, შენი ახლობლებიდან, ერთი მაინც დაარწმუნო, საკუთარ სიმართლეში, ძალიან გაგიჭირდება. მე არ მეჩქარება, ჩაი დალიე, იფიქრე, დაალაგე შენი აზრები და მერე მოგისმენ...
– და, დაიჯერებ, რასაც გეტყვი?
– ყოველ შემთხვევაში, ძალიან შევეცდები, ძალიან...
გაგრძელება შემდეგ ნომერში