კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისში მოქმედმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ თბილისი-ქუთაისის საფოსტო ვაგონიდან 1 150 000 მანეთი გაიტაცა

მაქსიმე ლოგინოვის საქმე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო ყოფილ საბჭოეთში და, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ოფიციალურად არავინ საუბრობდა, ამ მოუხელთებელი ბოროტმოქმედის შესახებ ხალხი ლეგენდებს ყვებოდა. დღევანდელი პუბლიკაცია ექსკლუზიურია და პრესაში პირველად იბეჭდება.

ყოფილი მილიციელი

– ლოგინოვ ს ვეშჩამი! – დაუყვირა საშუალო სიმაღლის, მკვრივი აღნაგობის ახალგაზრდას ¹6 შრომა-გასწორების კოლონიის უფროსმა ზედამხედველმა, თითით მოიხმო წითური პატიმარი და ღიმილით უთხრა: – დაგავიწყდა, რომ გადიხარ? თუ, აქაურობა ისე მოგეწონა და შეეჩვიე, რომ ვერ გველევი?

– ბიჭებს ვემშვიდობებოდი, უფროსო, – მიუგო ზედამხედველს ლოგინოვმა და ადმინისტრაციის შენობისკენ გაჰყვა. სანამ პირველ პოსტს გაივლიდა, რომელიც „ზონას” ადმინისტრაციისგან ყოფდა, შეჩერდა, შებრუნდა, დიდ ჯგუფად მდგომ პატიმრებს ხელი დაუქნია და დაუყვირა:

– მშვიდობით, ძმებო! სვაბოდაზე შევხვდებით!

ზუსტად ერთი საათის შემდეგ, 27 წლის მაქსიმ ლოგინოვმა ქალაქ სვერდლოვსკის ¹6 შრომა-გასწორების კოლონია დატოვა, სადაც მან პატიმრობის ხუთი წელი მილიციის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად გაატარა.

თბილისელი მაქსიმ ლოგინოვიც ყოფილი მილიციელი იყო. მას ჯერ 22 წელიც არ შესრულებოდა, როდესაც დააპატიმრეს, გაასამართლეს და 5 წლით საპყრობილეში ამოაყოფინეს თავი. მაქსიმი, იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილების მეორე კურსზე სწავლობდა, თან თბილისის ერთ-ერთი რაიონის მილიციაში რიგით თანამშრომლად მუშაობდა. ერთხელ, ღამის მორიგეობისას, მაქსიმმა და მისმა უფროსმა კოლეგებმა, უფროსმა ლეიტენანტმა პავლე გეწაძემ და კაპიტანმა ნუკრი კიღურაძემ, რომელიც სამორიგეო-საპატრულო ჯგუფის უფროსი იყო, შუა ხნის მთვრალი მამაკაცი დააკავეს ალექსანდროვის ბაღში და განყოფილებაში მიიყვანეს. შემდეგ ისე მოხდა, რომ უფროსმა კოლეგებმა ლოგინოვი მაღაზიაში გაგზავნეს საჭმლის საყიდლად, თავად კი დაკავებული, 46 წლის კოტე გიორგაძე ჯერ გაძარცვეს – 350 მანეთი წაართვეს და შუაზე გაიყვეს, შემდეგ კი პროტესტის გამოთქმის გამო სცემეს. ამასობაში, მაღაზიაში წასულმა ლოგინოვმა, რომელსაც არც მართვის უფლება ჰქონდა და არც ავტომობილის მართვა იცოდა ხეირიანად, მილიციის განყოფილების კუთვნილი ახალი „ჟიგული” ბეტონის ბლოკს დააჯახა და დაამტვრია, სწორედ იმ წუთებში მილიციაში ნაცემი კოტე გიორგაძე ძალიან ცუდად შეიქნა და რადგან მას მძიმე ფორმის ტვინის შერყევა დაემართა და ნეკნები ჰქონდა ჩამტვრეული, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კოტე გიორგაძე პროფესორი და პატივცემული ადამიანი აღმოჩნდა. ამიტომ, საქმე ისე შემობრუნდა, რომ მოძალადე მილიციელებს პატიმრობა დაემუქრათ. მაგრამ, გაიძვერა გეწაძემ და კიღურაძემ გამოსავალი მოძებნეს და ლოგინოვს უთხრეს:

– მოდი, ასე ვქნათ, მაქსიმკა: გიორგაძის ცემა საკუთარ თავზე აიღე, სამაგიეროდ, „ჟიგულის” დამტვრევას ჩვენ დავიწერთ, ფინანსურადაც დაგეხმარებით. ღმერთმა არ ქნას და, თუ 6 თვით ციხეში მოხვდი, რისი შანსიც პრაქტიკულად არც არსებობს, პატიმრობის ყოველ დღეზე 100 მანეთს გადაგიხდით, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა გამოვა. მართალია, მილიციაში ვეღარ იმუშავებ, მაგრამ, სამაგიეროდ, როდესაც გათავისუფლდები, ცხოვრებას აიწყობ. ან, რა ჯანდაბად გინდა ეს მილიცია? შენი ტოლები რომ ვიყოთ, ჩვენც სხვა გზას ავირჩევდით.

21 წლის გამოუცდელმა ბიჭმა თავის ცბიერ კოლეგებს დაუჯერა, კოტე გიორგაძის ცემა საკუთარ თავზე აიღო და „არარეალური” 6 თვის მაგივრად 5 წლით მოხვდა ციხეში. როდესაც მოსამართლემ სასჯელის ვადა გამოაცხადა, სასამართლო დარბაზში არც გეწაძე იმყოფებოდა და არც კიღურაძე. მეტიც, მაქსიმის უფროსი კოლეგები არამცთუ ფინანსურად დაეხმარნენ მას, არამედ, ერთხელაც არ უკითხავთ მისი ამბავი.

ციხიდან გამოსულმა მაქსიმმა რკინიგზის სადგურს მიაშურა და მოლარეს ციხიდან გათავისუფლების ცნობა უჩვენა, მან კი მაქსიმს მოსკოვი-სოჭი-თბილისის მატარებელზე გამოუწერა ბილეთი და ლოგინოვი ხუთ დღეში მშობლიურ მხარეში, საქართველოს დედაქალაქში დაბრუნდა.

როდესაც მთელი თბილისი ზეიმობდა

1976 წლის 3 სექტემბერს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა მოსკოვში ერევნის „არარატი“ 3:0 დაამარცხეს საბჭოთა კავშირის თასის ფინალურ მატჩში. თამაშს მთელი საქართველო სულგანაბული ადევნებდა თვალს და, როგორც კი თამაში დასრულდა ხალხი საზეიმოდ ქუჩებში გამოეფინა. იმ დროს, როდესაც მთელი თბილისი დინამოელთა ბრწყინვალე გამარჯვებას ზეიმობდა, ოთხი ახალგაზრდა ყმაწვილი თბილისის ერთ-ერთ საწარმოში შეიპარა. მათ ჯერ ექვსი შეიარაღებული მცველი განაიარაღეს და გაკოჭეს, შემდეგ სიგნალიზაცია გამორთეს, სპეცსაცავში შევიდნენ, უზარმაზარი ცეცხლგამძლე სეიფი გახსნეს და 16 ცალი ხუთკილოგრამიანი და ექვსი ცალი ორკილოგრამიანი ოქროს და პლატინის ზოდები გაიტაცეს და მიიმალნენ. გატაცებული ძვირფასი ლითონების საერთო ღირებულება 2 მილიონ მანეთზე მეტი იყო, რაც იმ დროისთვის ასტრონომიული თანხა და მსოფლიო კრიმინალისტიკისთვის უპრეცედენტო შემთხვევა გახლდათ. მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ მძარცველთა ბანდის მეთაური 28 წლის მაქსიმ ლოგინოვი იყო, დანარჩენი სამი კი – მისი ბავშვობის მეგობრები, რომლებიც მაქსიმმა კრიმინალურ საქმიანობაში ჩააბა.

ლოგინოვი წელიწად-ნახევრის გამოსული იყო ციხიდან და უკვე საკავშირო ძებნაში იმყოფებოდა. მანამდე კი, ციხიდან ახალგამოსულმა მაქსიმმა თავის ყოფილ კოლეგებს – გეწაძესა და კიღურაძეს მიაკითხა და მის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი მოსთხოვა. სანამ ყოფილ კოლეგებს მოიხელთებდა, ლოგინოვმა მათ სამი კვირა უთვალთვალა და ბოლოს კიღურაძის ბინაში მოიხელთა, სადაც ისინი ორ მეძავთან ერთად ატარებდნენ დროს. მაქსიმე ფანჯრიდან შეძვრა ბინაში და ორი პისტოლეტი მოიმარჯვა.

მაქსიმის გამოჩენას არავინ ელოდა და ოთხივე ადგილზე გაქვავდა, მაქსიმმა კი ყოფილ კოლეგებს პისტოლეტები მიუშვირა და სიკვდილის მუქარით აიძულა, რომ კაცებს ერთმანეთთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინათ, ბოლოს კი ბინიდან დიდი „კუში” წაიღო და გაუჩინარდა. გეწაძე და კიღურაძე იძულებულები გახდნენ, ძარცვის შესახებ მილიციის უფროსისთვის განეცხადებინათ, რადგან კიღურაძის ბინაში სამინისტროში წასაღები 120 ათასი მანეთი ინახებოდა და ამ ფულის გაუჩინარებას ვერ დამალავდნენ. მილიციის უფროსმა თავდაპირველად არ დაიჯერა ხელქვეითების სიტყვები, მაგრამ ეს ფაქტი მეძავებმაც დაადასტურეს და არც ის დაუმალავთ, რისი გაკეთება აიძულა მათ ლოგინოვმა. შერცხვენილი მილიციელები სამსახურიდან დაითხოვეს, ბინები გააყიდინეს და დაკარგული თანხა აანაზღაურებინეს, მაქსიმ ლოგინოვზე კი საკავშირო ძებნა გამოაცხადეს და მასზე ნადირობა დაიწყო. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა, გონიერი და თავზეხელაღებული ლოგინოვი თავის საქმიანობას წარმატებით განაგრძობდა და სხვადასხვა დანაშაულს სჩადიოდა. მან მობილური და კარგად ორგანიზებული ბანდა ჩამოაყალიბა და მათი თითოეული დანაშაული საგულდაგულოდ მზადდებოდა და ზუსტად ხორციელდებოდა. ასევე „სუფთად” იყო ჩატარებული ძვირფასი ლითონების ძარცვაც. როდესაც თბილისი „დინამოს“ წარმატებას მთელი ღამე ზეიმობდა, მძარცველთა ოთხეულმა დაუბრკოლებლად გადალახა მთელი ქალაქი და ნაძარცვი ქონება ლოტკინის მთაზე, ერთ-ერთი კერძო ბინის სარდაფში დააბინავა, რომელიც მოხუც მესაათეს, ვინმე შალიკო კეკელიას ეკუთვნოდა და სადაც ძებნილობისას იმალებოდა მაქსიმი.

უკანასკნელი საქმე

ძვირფასი ლითონების ძარცვის საქმემ იმხელა რეზონანსი გამოიწვია და ისეთი სკანდალი ატყდა, რომ საქმეში მოსკოვი ჩაერთო და „კაგებეს” ცენტრალურმა აპარატმა პოლკოვნიკი პავლე ჯაიანი მოავლინა თბილისში. ჯაიანი გამოცდილი „ჩეკისტი” იყო და ჩახლართული საქმეების გახსნით გაითქვა სახელი. გარდა ამისა, ის ზედმიწევნით კარგად იცნობდა საბჭოთა კავშირის კრიმინალურ სამყაროს. ამიტომ, ჯაიანმა თბილისში დიდი „სხოდკა” მოაწყო, სადაც ყველა წონიანი ავტორიტეტი გამოცხადდა. პოლკოვნიკმა მათ დახმარება სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო და ავტორიტეტები წავიდ-წამოვიდნენ, რომ „კაგებეს” პოლკოვნიკს დახმარებოდნენ. ამასობაში ჯაიანმა განიარაღებული ექვსი მცველი დაკითხა და ოთხივე მძარცველის ფოტორობოტი შეადგინა და დარწმუნდა, რომ ეს დანაშაული მაქსიმ ლოგინოვმა და მისი ბანდის წევრებმა ჩაიდინეს. ამის შემდეგ ჯაიანმა არქივიდან ლოგინოვის ნამდვილი სურათი ამოიღო, გაამრავლა, კრიმინალურ ავტორიტეტებს დაურიგა და უთხრა:

– აი, ესაა თქვენი ძებნის ობიექტი – მაქსიმ ლოგინოვი, ყოფილი მილიციელი, რომელსაც ხუთი წელი ციხეში აქვს გატარებული. ის ახალგაზრდა, გონიერი და რისკიანია, მაგრამ, მიწიდან უნდა ამოიღოთ და ნაძარცვი მოატანინოთ. „ჩაშვებას“ არ გთხოვთ. მთავარია, ნაძარცვი დაბრუნდეს, მისი დაჭერით კი მილიციამ იმტვრიოს თავი.

ავტორიტეტები მაქსიმის საძებნელად გაეშურნენ, მათ შორის იყო ვინმე „ჭოტი”, იგივე გურამ კოხოძე, რომელმაც რამდენიმე „მალინა“ მოიარა და ბოლოს შალიკო კეკელიას მიადგა ლოტკინზე.

– აქეთ-იქით სირბილით დავიღალე, შალიკო- ჯან, – უთხრა ჭოტმა კეკელიას, – მთელი დღე ძაღლივით დავრბივარ.

– რატომ, რა მოხდა? – დაინტერესდა კეკელია.

– ერთი ბობოლა ჩეკისტია მოსკოვიდან ჩამოსული, ყველა ჩვენიანი შეკრიბა და, აი, ამის პოვნა გვთხოვა, – მიუგო ჭოტმა მოხუცს და მაქსიმ ლოგინოვის სურათი მიაწოდა.

– ეს ვინღაა?

– ვიღაც ნაძაღლარი ნაბიჭვარი. თურმე ოქროს ზოდები მოუპარავს და მთელი „კაგებე” მაგას ეძებს.

– მერე ქურდები ჩეკისტს ეხმარებით პრისტუპნიკის დაჭერაში, თუნდაც ნაძაღლარის? – ირონიულად უთხრა ჭოტს შალიკომ, რომელსაც ქურდებთანაც ეთქმოდა სიტყვა და ასეთი ტონით იმიტომ მიმართა ქურდს.

– რომელი ოპერი მე მნახე! ის არც მოითხოვს ამას ჩვენგან, უბრალოდ, ის ზოდები უნდა მოვატანინოთ, თორემ, ქურდებს პალაჟენიას გვიფუჭებს, – მიუგო ჭოტმა მოხუცს, კიდევ ოციოდე წუთი გაჩერდა მასთან და წავიდა.

ჭოტი რომ გაისტუმრა, შალიკო კეკელიამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო მაქსიმს, რომელსაც გაეცინა და თქვა:

– ესე იგი, ზოდები უნდათ?

– კარგი, ვიღებ გამოწვევას, – თქვა ლოგინოვმა, შემდეგ ბანდის დანარჩენი სამი წევრი შეკრიბა, კარგა ხანს ეთათბირა და შუაღამე გადასული იყო, როდესაც ისინი დასაძინებლად დაწვნენ.

ძვირფასი ლითონების გატაცებიდან ერთი თვე იყო გასული. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები, მილიცია და „კაგებე” ინტენსიურად ეძებდნენ ლოგინოვსა და მის ბანდას, შედეგი არ იყო. არავის მოსდიოდა აზრად, ნაქურდალი შალიკო კეკელიასთან მოეძებნა. 1976 წლის 7 ოქტომბერს მაქსიმმა და მისმა მეგობრებმა კეკელიას ბინა დატოვეს და ერთმანეთს მხურვალედ გამოემშვიდობნენ.

– ღმერთი თქვენკენ, ბიჭებო! – უთხრა მოხუცმა ბანდიტებს და სახლში შებრუნდა.

რკინიგზელების უნიფორმაში გამოწყობილი ბანდიტები „ვოლგით” დასავლეთ საქართველოსკენ გაუდგნენ გზას, დილის 9 საათზე კი მატარებელი თბილისი-ქუთაისი თბილისის ვაგზლიდან ქუთაისისკენ დაიძრა. შემადგენლობაში 12 სამგზავრო და ერთი საფოსტო ვაგონი იყო ჩაბმული. საფოსტო ვაგონს კი 6 შეიარაღებული მცველი აცილებდა, რომლებსაც ქუთაისში 3 და 5-მანეთიანი კუპიურები მიჰქონდათ, რომელთა საერთო ღირებულება 1 მილიონ 150 ათას მანეთს შეადგენდა.

გასაიდუმლოებული ტვირთი ცენტრალურ ბანკზე იყო მიწერილი და მის შესახებ სულ რამდენიმე კაცმა იცოდა, მათ შორის მაქსიმ ლოგინოვმაც და სწორედ ამიტომ მიემგზავრებოდნენ რკინიგზელის სამოსში გამოწყობილი ბანდიტები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ძვირფასი ტვირთით სავსე მატარებელი სოფელ რიკოთთან წითელ შუქნიშანზე შეჩერდა და გზის გახსნას დაელოდა, ამ დროს საფოსტო ვაგონში რკინიგზელის სამოსში გამოწყობილმა მაქსიმ ლოგინოვმა ფანჯარაში მხუთავი გაზის ბალონი შეაგდო, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა მძიმე კარი ძალიან სწრაფად გახსნეს და აირწინაღაფარებულები შიგნით შეცვივდნენ. ოთხმა ბანდიტმა ფულით სავსე ექვსი ტომარა სულ რაღაც 10 წამში გამოიტანა და ოთხივე უკვალოდ გაუჩინარდა 1 მილიონ 150 ათას მანეთთან ერთად. ერთი საათის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისულ პოლკოვნიკს კი გაბრუებული მცველები და პატარა ბარათი დახვდა, რომელშიც ეწერა: „ქურდებისა და ჩეკისტების გაერთიანებას ჩემი მხურვალე სალამი! მართალია, ჩემთვის ნაძარცვი ნივთები უნდა წაგერთმიათ, მაგრამ, ნურას უკაცრავად, პირიქით მოხდა. თქვენ კი, რამდენიც უნდა გვეძებოთ, ვერაფრით გვიპოვით. მარად თქვენი მაქსიმ ლოგინოვი”.

მართლაც, ლოგინოვსა და მის მეგობრებს ვერსად მიაგნეს.


скачать dle 11.3