ბერლინის ცენტრში მდებარე უშიშროების ციხიდან მზვერავებმა თავიანთ კოლეგას ფანტასტიკური გაქცევა მოუწყვეს
გთავაზობთ ნაწყვეტს საბჭოთა კავშირის გმირის, გენერალ-ლეიტენანტ ვასილ ანტონოვის წიგნიდან „ომის აჩრდილები“, რომელშიც ის მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს საბჭოთა „ჩეკისტების“ მიერ განსახორციელებელ ერთ-ერთ საიდუმლო სპეცოპერაციაზე მოგვითხრობს.
ფანტასტიკური გაქცევა
მართალია, „ენკავედეში“ 18 წლიდან ვმუშაობდი და 1942 წლისთვის უკვე ოთხი წლის სტაჟი მქონდა, მაგრამ მზვერავი მაინც შემთხვევით გავხდი და, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ჩემი სადაზვერვო მომავალი ახალგაზრდა ფაშისტ გენერალთან, ვალტერ შელენბერგთან მსგავსებამ განაპირობა. გრუპენფიურერი შელენბერგი „სდ-ს“ (საგარეო დაზვერვა) შეფი იყო რომელსაც თურმე გაჭრილი ვაშლივით ვგავდი, რაც ნამდვილად არ ვიცოდი და ამის შესახებ პირადად ლავრენტი ბერიამ მაცნობა...
1942 წლის 9 იანვარი იყო, როდესაც „ენკავედეს“ გერმანისტთა განყოფილების კარი გაიღო (სადაც მე იმ პერიოდში ვმუშაობდი) და ჩვენს უფროსთან, ვარლამ კოტოვთან ერთად, პოლკოვნიკის ფორმაში გამოწყობილი ულვაშებიანი მამაკაცი შემოვიდა. კოტოვმა მას ჩემზე მიუთითა. ულვაშამ ყურადღებით შემათვალიერა, შემდეგ თითით მიმიხმო და ღიმილით მკითხა:
– ვასილ პავლოვიჩ ანტონოვი ხარ, ხომ?
– დიახ, ამხანაგო პოლკოვნიკო! – გამოვეჯგიმე ულვაშიანს.
– ძალიან კარგი, ძალიან კარგი... გაგიმარჯოს... აბა, მე ბახჩო ქობულოვი ვარ და ლავრენტი პავლოვიჩთან უნდა წაგიყვანო, – მითხრა ულვაშამ, ხელი ჩამომართვა და ჩვენ წავედით...
ბახჩო ქობულოვი ლავრენტი ბერიას ადიუტანტი, მისი მარჯვენა ხელი იყო და ეს მე მშვენივრად ვიცოდი, თუმცა, სახეზე არ ვიცნობდი. როცა მითხრა, ლავრენტი პავლოვიჩთან მიმყავხარო, სიმართლე გითხრათ, სხეულში გამცრა... ბერიას უზარმაზარ კაბინეტში რომ შევედით, „ენკავედეს“ მრისხანე შეფმა შემომხედა თუ არა, მაიორ ბათუ კიკვაძეს (ეს მე მოგვიანებითი შევიტყვე თავად კიკვაძისგან), ქართულად გადაულაპარაკა:
– ტყუპისცალივით ჰგავს, მაგრამ, შეასრულებს კი როლს, ოპერაციას ხომ არ ჩაგვიშლის?
– არა მგონია, ლავრენტი პავლოვიჩ, – მიუგო კიკვაძემ ბერიას, – გერმანული ბრწყინვალედ იცის, როლს ზედმიწევნით შეასწავლიან ჩვენი ინსტრუქტორები და, იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის.
პირველი ბერია გამეცნო, შემდეგ გამაცნო ბათუ კიკვაძეც, რომელიც „ენკავედეს“ საიდუმლო ოპერაციების საგანგებო ოფიცერი იყო და მაშინვე საქმეზე გადავიდა:
– ამხანაგო ანტონოვ, სამი კვირის შემდეგ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო დავალების შესრულება მოგიწევთ, მანამდე კი გულდასმით უნდა მოემზადოთ საამისოდ და, იცოდეთ, რომ ყველაფერი თავიდან ბოლომდე თქვენზეა დამოკიდებული. წარმატებით შეასრულებთ? – წარმატება გელოდებათ, ხოლო, თუ ჩაფლავდებით...
მე შეგნებულად გამოვტოვებ რაღაც დეტალებს და გეტყვით, რომ ორი კვირის განმავლობაში ვალტერ შელენბერგის მანერებს მასწავლიდნენ, ფაშისტი გენერლის ფორმით სიარულს მაჩვევდნენ და „ესესელთა“ შენობის კაბინეტების განლაგებას მასწავლიდნენ ფოტოების მეშვეობით, რომ, როდესაც მე, ვალტერ შელენბერგი, იქ შევიდოდი, საკუთარი კაბინეტი არ შემშლოდა და სხვაგან არ შემეღო კარი...
1942 წლის 28 იანვარს ბათუ კიკვაძის ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მეც შევდიოდი, საიდუმლოდ გადასხეს ბერლინში. ორი დღე კონსპირაციულ ბინაში ვიმალებოდი, 30 იანვარს კი ფაშისტების ფორმებში გამოვეწყვეთ და დღის 1 საათზე ბერლინის ცენტრში მდებარე „ესესის“ შენობისკენ გავემართეთ. იქვე, სულ რაღაც ერთი კილომეტრის მოშოროებით, ბერლინის ცენტრალურ გამზირზე, გრანდიოზული აღლუმი იმართებოდა, რომელიც ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას ეძღვნებოდა და მთელი ფაშისტური მმართველობა, თავად ჰიტლერის მეთაურობით, იქ იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, იქ იმყოფებოდა ნამდვილი ვალტერ შელენბერგიც. ჩვენ სწორედ ამით ვისარგებლეთ, შელენბერგის კაბინეტში მივედით, შემდეგ მე შიდა ციხის უფროსს დავურეკე და ვუბრძანე, რომ ჩემთან ამოეყვანათ ¹9 საკნის პატიმარი იური მარკინი, რომელიც 15 დეკემბერს ბერლინში შელენბერგის უწყებამ შპიონაჟისთვის დააკავა. სწორედ მაიორ მარკინის დასახსნელად ვიყავით ჩვენ ბერლინში წასულები და ეს ოპერაცია ბრწყინვალედ განვახორციელეთ: ჩემმა „ადიუტანტებმა“ საბჭოთა მზვერავი დაუბრკოლებლად გაიყვანეს იმპერიის უშიშროების შენობიდან და ჯერ კონსპირაციულ ბინაში მიიყვანეს, ჩემი მისვლის შემდეგ მთელი ჯგუფი უკვალოდ გაქრა ბერლინიდან, მეორე დღეს კი მარკინი უკვე მოსკოვში იყო.
მე პირადად ლავრენტი ბერიამ დამაჯილდოვა წითელი დროშის ორდენით და ჩემს სადაზვერვო კარიერას დაუდო სათავე. მარკინისთვის კი ამხელა რისკი იმიტომ გასწია საბჭოთა დაზვერვამ, რომ ბერლინში მომუშავე საბჭოთა არალეგალმა მზვერავმა 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ძვირფასეულობის ადგილმდებარეობა იცოდა, რომელიც მან შემთხვევით შეიტყო დაპატიმრებამდე ერთი კვირით ადრე ერთი გერმანელი არისტოკრატის მეუღლისგან.
საგანძური ერთ-ერთმა გერმანელმა არისტოკრატმა გადამალა ალპებში, მისმა ცოლმა კი ეს საიდუმლო თავის საყვარელს (მარკინს) შეატყობინა და ჩვენმა მზვერავებმა ეს საგანძური ორი კვირის შემდეგ ალპური სამალავიდან მოსკოვში ჩამოიტანეს.