200 წლის წინათ ბალტიის ზღვაში ჩაძირული ხომალდიდან ლუდი მაღაზიებში დაბრუნდება
ფინეთში გადაწყვიტეს, აღადგინონ რეცეპტი ლუდისა, რომელიც 200 წლის წინათ, ჩაძირული ხომალდის ნარჩენებს შორის აღმოჩნდა. ფინელი მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ძირითადად სირთულე გამოყენებული სვიის ტიპის დადგენაა.
შვედი და ფინელი მყვინთავების ჯგუფმა 2010 წლის ივლისში ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოაჩინა ორანძიანი ხომალდის ნარჩენები. როგორც ჩანს, ის 1800 და 1830 წლებს შორის ჩაიძირა. ფიქრობენ, რომ ხომალდი კოპენჰაგენიდან სანკტ-პეტერბურგში მიემართებოდა და ალკოჰოლი გადაჰქონდა.
თავიდან ფიქრობდნენ, ბოთლებში შამპანური უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რომ ამოჰქონდათ, ერთი ბოთლი გატყდა. აღმოჩნდა, რომ ბოთლში ლუდი ესხა. შემდეგში რამდენიმე სხვა ბოთლშიც ლუდი აღმოჩნდა. როგორც ოთხმა ექსპერტმა დაადგინა, ლუდი გამოსაყენებლად ვარგისი იყო.
კანონმდებლობის თანახმად, ჩაძირული ხომალდის ნარჩენები, შამპანური და ლუდი, ალანდის არქიპელაგის ადგილობრივ თვითმმართველობას ეკუთვნის. კუნძულების მთავრობამ თხოვნით მიმართა ფინეთის ტექნიკური კვლევების ცენტრს, აღედგინათ ლუდის რეცეპტურა. კვლევების ცენტრის წარმომადგენელთა თქმით, ლუდი აღმოჩნდა მომჟავო სითხე, რომელსაც დამწვრის გემო დაჰკრავს.
ახლა სწავლულები ეცდებიან, აღმოაჩინონ მასში საფუარის სოკოს ან სხვა მიკროორგანიზმთა ცოცხალი უჯრედები. „ჩვენ ვნახეთ მიკროსკოპში უჯრედები, მაგრამ არ ვიცით, ცოცხალია ისინი თუ მკვდარი, – თქვა დოქტორმა ვილპელმსონმა, – თუ ვერ მოვახერხეთ ცოცხალი მიკროორგანიზმების პოვნა, შევამოწმებთ დნმ-ს და მას დღეისთვის ცნობილ ლუდის საფუარის უჯრედების დნმ-ს შევადარებთ“.
„არომატი შესანიშნავია. ხანდაზმულობის გამო მას არ დაუკარგავს თავისი ბუკეტი. კარგად არის შენახული, ისევე, როგორც ღვინის სარდაფში შენახული წითელი ღვინო”, მიიჩნევს ელგა გრომველ-მორგანი.