ნარკოტრაფიკი, საგანგებო ძეხვი და ქვიშაში „მოკაიფე“ სანაქებო წყვილი
ქალაქი მუკრი თურქმენეთში, საბჭოთა კავშირ-ავღანეთის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი იყო. მე კი, 1976 წელს ამ პუნქტის უფროსი ვიყავი. იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ავღანეთის ომი, თუმცა ნარკოტრაფიკი სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა და მე და ჩემს ხელქვეითებს თავზე საყრელი სამუშაო გვქონდა. დღე ისე არ ჩაივლიდა, რომ ოპიუმით დატვირთული კონტრაბანდისტი არ დაგვეკავებინა და ამაში ჩვენ სანიმუშოდ გაწვრთნილი ძაღლები გვეხმარებოდნენ.
მუკრის სასაზღვრო პუნქტში თორმეტი გერმანული ნაგაზი გვყავდა და თითოეული მათგანის ანგარიშზე მინიმუმ, ოცდაათი დაკავებული საზღვრის დამრღვევი კონტრაბანდისტი ირიცხებოდა. ამ კოჰორტის ნამდვილი მშვენება იყო დედალ-მამალი ნაგაზების წყვილი, რომლებსაც რუსტამი და რიტა ერქვათ. მამალ რუსტამს 67 კონტრაბანდისტი ჰყავდა დაკავებული, რომელთა შორის 39 სასიკვდილოდ დაგლიჯა; ხოლო დედალ რიტას – 83 კონტრაბანდისტი და მისგან დაგლეჯილთა რიცხვი 60-ს აღწევდა. ძაღლები უზარმაზარი ტანისანი იყვნენ, რომ იტყვიან, ერთ ჭამაზე ერთი ცხვარი არ ყოფნიდათ და თვით მგლებისაც კი არ ეშინოდათ, რომლებიც იმ მხარეში ბლომად იყვნენ. ძაღლები წყვილში მუშაობდნენ, საზღვარზე ჩვენი პერიმეტრის თითოეული გოჯი ზეპირად იცოდნენ და ჩვენი გაყოლაც არ სჭირდებოდათ, ისე აკავებდნენ კონტრაბანდისტებს. უმეტეს შემთხვევაში, ძაღლების კვალს ბოლომდე მივყვებოდით და აღმოვაჩენდით, რომ კონტრაბანდისტი ან კონტრაბანდისტები პირქვე იყვნენ დამხობილნი, რუსტამი და რიტა კი იქვე იდგნენ და დაპაკეტებულ ოპიუმსა და საზღვრის დამრღვევებს ერთგულად სდარაჯობდნენ.
ერთ დღეს, საზღვრის ჩვენს მონაკვეთზე მორიგი განგაში გამოცხადდა, ძაღლები ავუშვით და მათ კვალს მივყევით. დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ პატარა ხეობას მივადექით და რას ვხედავთ, რუსტამი და რიტა ქვიშაში გორაობენ, ერთმანეთს ლოკავენ, წკმუტუნებენ და ჩვენს ძახილზე არ რეაგირებენ. საზღვრის დამრღვევი კი არსად ჩანს. მივხვდით, რომ ჩვენს სანაქებო ძაღლებს, რომლებსაც საზღვრის მეორე მხარესაც კარგად იცნობდნენ, რაღაც „გაუჩალიჩეს“... ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ძაღლები „ვილისში“ ჩავაწვინეთ და სასაზღვრო პუნქტის სამედიცინო ნაწილში მივიყვანეთ. ვეტერინარმა ორივე ძაღლი გულდასმით გასინჯა და სიცილით თქვა:
– გაგიკვირდებათ, მაგრამ რუსტამი და რიტა მაგარ „კაიფში“ არიან.
– რაო, რა თქვი? – არ დავუჯერე საკუთარ ყურებს, ექიმმა კი მომიგო:
– ნარკოტიკულ თრობაში იმყოფებიან თქვენი ძაღლები, ოთარ გურამოვიჩ, მაგრამ ეგ არაფერი, დილამდე ჩვეულ ფორმაში ჩადგებიან.
ორიოდ საათში საზღვრის დამრღვევი კონტრაბანდისტი მოიყვანეს და სრული სიმართლე მაშინ გაირკვა. თურმე, ავღანელ ნარკომწარმოებლებს, რომელთა შორისაც ერთი ძალიან ჭკვიანი ექიმი-ვეტერინარიც ერია, სპეციალურად ჩვენი „მონსტრებისთვის“ ნარკოტიკში არეული ძეხვი მოუმზადებიათ. ძეხვს ცხენის ღვიძლის გემო ჰქონდა და ძაღლის თავიც სწორედ იქ იყო დამარხული. თურმე, გერმანული ნაგაზის ორგანიზმი ისე ყოფილა მოწყობილი, რომ ცხენის ღვიძლზე ჭკუას კარგავს, მისი გემო ყველაფერს ავიწყებს. ცდუნებას ვერც ჩვენმა სანაქებო წყვილმა გაუძლო, ნარკოტიკშერეული ძეხვი მიირთვეს და ისეთ „კაიფში“ აღმოჩნდნენ, რომ კონტრაბანდისტებისთვის არ სცხელოდათ.
პოლკოვნიკ ოთარ პერტაიას ნაამბობის მიხედვით მოამზადა