ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მაქვს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღმოჩნდა, რომ ჩემმა მოწინააღმდეგე მხარემ მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც გასცა სააღსრულებო ფურცელი. როგორც აღმოვაჩინე, სააღსრულებო ფურცელი ეწინააღმდეგება ხელშეკრულებას. და მაქვს თუ არა სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების უფლება, რა წესით საჩივრდება და სად?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი საჩივრდება სამოქალაქო წესით, საქალაქო სასამართლოში; პირველ ეტაპზე უნდა მოითხოვოთ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება, ხოლო შემდგომ იდავოთ მის კანონიერებაზე.
კითხვა: ბანკიდან მაქვს აღებული კრედიტი. სააღსრულებო ფურცელი წარდგენილია სააღსრულებო ბიუროში. მხარის მოთხოვნით დანიშნულია აუქციონი. მსურს, გადავიხადო თანხა, მაგრამ აღმასრულებელი აცხადებს, რომ ვერ შეწყდება საქმე. არის თუ არა კანონიერი მისი პასუხი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან, დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება.
კითხვა: მაინტერესებს, როდის აქვს მოვალეს უფლება, გადაიხადოს თანხა (ვალი) სააღსრულებო ბიუროში?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოვალე ან სხვა პირი უფლებამოსილია, გადაიხადოს საფასურის, აღსრულების ხარჯის, კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად საჭირო თანხა იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე.
კითხვა: მაინტერესებს, რა კატეგორიის საქმეებს ვერ აღასრულებს კერძო აღმასრულებელი?
პასუხი: კერძო აღმასრულებლის კომპეტენციაში არ შედის შემდეგი სახის გადაწყვეტილებების აღსრულება:
ა) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ.
გ) სხვა სახელმწიფო სასამართლოს, აგრეთვე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;
დ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად, სავალდებულოა საქართველოსთვის;
ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ;
ზ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ;
თ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოს წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ.
კითხვა: აუცილებელია თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი მუდმივი სამედიცინო საქმიანობის განსახორციელებლად ქართული ენის ცოდნა?
პასუხი: საქართველოში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისას სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უცხო ქვეყნის სპეციალისტი ეწევა დროებით დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ან ახორციელებს ერთჯერად სამედიცინო მომსახურებას.
კითხვა: კლინიკებში სამედიცინო მომსახურების დროს რომელი პროცედურების ჩატარებისას იღებენ წერილობით ნებართვას პაციენტებისგან ან მისი ნათესავებისგან?
პასუხი: სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის სამედიცინო მომსახურებას.
წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია შემდეგი სამედიცინო მომსახურების გაწევისას:
ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა;
ბ) აბორტი;
გ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;
დ) მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია;
ე) ჰემოდიალიზი და პერიტონული დიალიზი;
ვ) ექსტრაკორპორული განაყოფიერება;
ზ) გენეტიკური ტესტირება;
თ) გენური თერაპია;
ი) სხივური თერაპია;
კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია;
ლ) ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევს საჭიროდ მიაჩნია წერილობითი ინფორმირებული თანხმობა.
კითხვა: რა შემთხვევაში შეუძლია არასრულწლოვანს, დადოს ხელშეკრულება და ვის შეუძლია დადებული ხელშეკრულების გაბათილება?
პასუხი: თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს სარგებელს.
თუ არასრულწლოვანი ქმედუნარიანი გახდება, მაშინ იგი თვითონ წყვეტს საკითხს თავისი ნების გამოვლენის ნამდვილობის შესახებ.
არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულების მოწონებამდე, მეორე მხარეს აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.
თუ მეორე მხარემ იცოდა პირის არასრულწლოვნობის შესახებ, მაშინ მას უარის თქმა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანი მას ატყუებდა, თითქოს წარმომადგენლისგან მიღებული აქვს თანხმობა.
ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან – ამ წარმომადგენლების თანხმობით – მესამე პირებმა ამ მიზნით, ანდა, თავისუფალი განკარგვის მიზნით.
თუ კანონიერი წარმომადგენელი 16 წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს ანიჭებს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსთვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება. ეს წესი გამოიყენება როგორც საწარმოს დაფუძნების, ასევე ლიკვიდაციისა და შრომითი ურთიერთობების დაწყების ან დამთავრების მიმართაც.
საწარმოს გაძღოლის ნებართვა საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით.
ბათილია ცალმხრივი გარიგება, რომელსაც არასრულწლოვანი დებს კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე. ბათილია ასეთი გარიგება მაშინაც, როცა არსებობს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, მაგრამ არასრულწლოვანს არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, რის გამოც გარიგების მეორე მხარემ დაუყოვნებლივ თქვა მასზე უარი. ასეთი უარი დაუშვებელია, თუკი მეორე მხარე ინფორმირებული იყო კანონიერი წარმომადგენლის ამ თანხმობის შესახებ.