კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს საგვარეულო ფესვებს უკრაინიდან საქართველოში და რა ოცნება არ აუსრულდა უკრაინაში მცხოვრებ კაცს

44 წლის ირინა კონსტანტინეს ასული კვერნაძე ეძებს თავის ფესვებს (მოგვარეებს, მამის ნათესაობას – კვერნაძეებს).

ისტორია: ვეძებ მამაჩემის წინაპრებს, მის ნათესაობას. მათი გვარი კვერნაძეა, შესაძლებელია, გვარი არასწორად იყო ჩაწერილი რუსეთში. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ურალში გაიცნეს და დაქორწინდნენ. მამაჩემი წარმოშობით ქართველი იყო – კონსტანტინე გრიგორის ძე კვერნაძე, დაბადებული 1938 წლის 28 მაისს. საქმე ისაა, რომ მამა ბავშვთა სახლში იყო მიბარებული და ყველაფერი, რაც მან თავისი მშობლების შესახებ იცის, მის ბავშვურ მოგონებებს ეყრდნობა. მამა გარდაიცვალა ხუთი წლის წინ, ის მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ეძებდა თავის ფესვებს, მაგრამ, უშედეგოდ. ამჟამად მე მინდა, რამე გავიგო მისი ფესვების შესახებ.

– გვიამბეთ, რა იცით მამათქვენის ნათესაობის შესახებ, როგორ მოხვდა ქართველი კაცი ურალში, სადაც, თქვენი თქმით, თქვენმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს?

– მამაჩემის ისტორია საკმაოდ მძიმეა. დიდი სამამულო ომის დროს, 1944 წლის აგვისტოში, ის მოხვდა კრასნოდარის მხარის სტაროკურსკის ბავშვთა სახლში, საიდან მოხვდა იქ – უცნობია. 1945 წლის სექტემბერში კი გადაიყვანეს მედვედოვსკის ბავშვთა სახლში. მედვედოვსკის ბავშვთა სახლის არქივიდან გავარკვიეთ, რომ მამას ერქვა კონსტანტინე კვერნაძე, შესაძლებელია, გვარი არასწორად იყო ჩაწერილი, დაბადებული 1938 წლის 28 მაისს, ეროვნებით – ქართველი. მაგრამ, მამის მშობლების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდათ, არც მათი მისამართი ეწერა. მედვედოვსკის ბავშვთა სახლიდან მამა გაწერეს 1950 წლის 2 იანვარს და გადაიყვანეს ნოვომიხაილოვსკის ბავშვთა სახლში, სადაც იმყოფებოდა 1952 წლის 26 ივლისამდე, შემდეგ კი გადაყვანილ იქნა ქალაქ კოლომნაში, სპეციალურ სასწავლებელში, სადაც ხელობას ასწავლიდნენ. მე არაერთხელ მიმიმართავს ბავშვთა სახლის არქივებისთვის, საიდანაც მხოლოდ ის გავიგე, რომ მამა საქართველოდან იყო.. თავისი ბავშვობის დროინდელი მოგონებების წყალობით, მამამ აღიდგინა ზოგიერთი ეპიზოდი, მაგალითად გაიხსენა, რომ ბავშვთა სახლში ის ბაბუამ მიიყვანა ცხენით; მას, ასევე, ახსოვდა სლავური გარეგნობის ქალი, – როგორც ჩანს, ეს დედამისი იყო, როგორც მამა იხსენებდა, მათ ოჯახში კიდევ იყვნენ ბავშვები, ანუ მამას ჰყავდა დედმამიშვილები. მისი მოგონებებიდან ვიცი, რომ, ერთხელ, როცა ის თამაშობდა თავის და-ძმებთან ღუმლიდან გადავარდნილა და ხელი დაუწვავს; ერთხელ კი იმდენი მზესუმზირა უჭამია, რომ მუცელი ასტკიებია და დედამისს საავადმყოფოში წაუყვანია. ეს არის ყველაფერი, რაც მამაჩემს ახსოვდა თავისი ბავშვობიდან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მცირე ინფორმაციაა, მაგრამ, თუკი მამას ნათესაობა, მართლაც დღემდე საქართველოში ცხოვრობს და რომელიმე მათგანმა გადმოცემით მაინც იცის, თუ როგორ გაუშვეს სამამულო ომის დროს პატარა ბიჭი ბავშვთა სახლში, ან, როგორ მოხვდა ქართველი ბიჭი კრასნოდარის მხარეში, ხომ შეიძლება, ისინი გამოგვეხმაურონ. მამაჩემი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეძებდა თავის ფესვებს, მაგრამ, უშედეგოდ. ხუთი წლის წინ ის გარდაიცვალა, ახლა კი ამ მისიას მე ვაგრძელებ. ძალიან მინდა, მამის ფესვები ვიპოვო. შეიძლება, მამაჩემის გვარი, სინამდვილეში სხვაგვარადაც იწერება და ან ბავშვთა სახლში შეცდომით დაწერეს. ამიტომ, მხოლოდ სასწაულის იმედი მაქვს.

– მამათქვენმა რამე ხომ არ დაგიტოვათ, რაც მისი ნათესავების მოძებნაში დაგვეხმარება?

– ერთადერთი, რაც მაქვს, არის მამის ფოტო: ერთზე მამა პატარაა, მეორეზე კი მამაჩემი 28 წლისაა, მე კი – 9 თვის. სხვათა შორის, ქართული გარეგნობა მაქვს, რადგან ძალიან ვგავარ მამას. იმედია, სურათით მაინც გაიხსენებს ვინმე და მიხვდება, ვის ვეძებ. უკრაინაში ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო, აქ მხოლოდ იმის გაგება მოვახერხე, რომ მამაჩემი ბავშვთა სახლში საქართველოდან მოხვდა, მაგრამ, როგორ ან როდის – არ ვიცი. ამჟამად მე უკრაინაში, ქალაქ კიროვოგრადში ვცხოვრობ და თქვენ ჩემი ერთადერთი იმედი ხართ. წარმომიდგენია რა გადაიტანა მან, სულ პატარამ, გერმანელების მიერ ოკუპირებულ ყუბანში. ერთხელ, თურმე, ძალიან რომ მოშიებია, შემძვრალა ერთ-ერთ საწყობში, სადაც სიმინდი ინახებოდა. იმ დროს შეუმჩნევია გერმანელ დარაჯს, რომელმაც სროლა დაუწყო, მამა დაიჭრა ხელში, მას მთელი ცხოვრება „შრამიც“ კი ჰქონდა. შემდეგ ვიღაც ქალმა მიხედა და უმკურნალა. ძალიან მინდა, ვიპოვო მამაჩემის ნათესაობა და მოვუყვე მათ, თუ რა გადაიტანა მამამ სამამულო ომის დროს.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3