ჩინეთმა იაპონიას გადაუსწრო
ეკონომიკის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილი ისტორიაში პირველად დაიკავა ჩინეთმა. ტრადიციულად, მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია, მეორე კი დიდი ხნის განმავლობაში იყო იაპონია, რომელმაც ამჯერად ადგილი ჩინეთს დაუთმო. 2010 წლის ბოლოსთვის იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი 5,474 ტრილიონი დოლარი იყო, მაშინ, როდესაც ანალოგიური პერიოდისთვის ჩინეთის იმავე მაჩვენებელმა 5,8 ტრილიონს მიაღწია. 1990-იან წლებს იაპონიაში „დაკარგული ათწლეულის” სახელით მოიხსენიებენ. მანამდე, არაერთი ათწლეულის განმავლობაში, იაპონიის ეკონომიკა მკვეთრად იზრდებოდა. იაპონურ ელექტრონიკასა და ავტომობილებზე მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნა იყო. იაპონიის ეკონომიკა ექსპორტის მოცულობისა და სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირების შედეგად დაზარალდა, ჩინეთში კი სამრეწველო წარმოების ბუმი გრძელდება. ექსპერტები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის ეკონომიკა, ამჟამად არსებული ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში, დაახლოებით ათ წელიწადში ამერიკასაც გადაუსწრებს. მიუხედავად პროგრესისა, ჩინეთში ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური მაჩვენებელი 4 500 დოლარია, იაპონიაში კი დაახლოებით 40 ათასი.