რომელი ბრიტანელი მილიარდერი მუშაობდა საპირფარეშოების დამლაგებლად და რატომ ითვლება კლაივ კალდერი ყველაზე იდუმალ ბრიტანელ მილიარდერად
ისინი დიდ ბრიტანეთში ყველაზე მდიდარი ადამიანები არიან და მათი საერთო ქონება რამდენიმე მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. საუბარია არა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებზე, არამედ ბრიტანეთის მოქალაქეობის მქონე მილიარდერებზე. „თბილისელების” ამ ნომერში ბრიტანელი მილიარდერების პირველ ათეულს გთავაზობთ:
ჯერალდ ქავენდიშ გროსვენორი და ოჯახი – 12 მილიარდი ამერიკული დოლარი
იგი არის ვესტმინსტერის მე-6 ჰერცოგი და მიწათმფლობელი ლონდონის ფეშენებელურ უბნებში: ბელგრავიაში, მეიფეირში და ნაითსბრიჯში. ის ასევე ფლობს მიწებს ჩეშირის საგრაფოსა და შოტლანდიაში. გენერალ-მაიორ, ჯერალდის მეუღლე, ვესტმინსტერის მთავრინა, ნატალია ფილიპს-გროსვენორი, ერთდროულად არის რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველისა და ალექსანდრ პუშკინის შთამომავალი და ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის, პრინც უილიამის ნათლია. ჯერალდ ქავენდიშის ძირითადი აქტივები კომპანია „გროსვენორ გრუპშია” კონცენტრირებული, რომელიც უძრავ ქონებაზე მუშაობს. „ფორბსის“ 2010 წლის რეიტინგში მას 45-ე ადგილი უკავია.
დევიდ და სიმონ რუბენები – 7,5 მილიარდი ამერიკული დოლარი
ინდურ მუმბაიში დაბადებული ძმები რუბენები ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ძმები არიან. 12 წლის ასაკში ისინი ლონდონში გადავიდნენ საცხოვრებლად და თავდაპირველად, ოჯახთან ერთად, ლონდონის ებრაულ სათვისტომოში ცხოვრობდნენ. ძმებს არ უყვართ საუბარი თავისი გამდიდრების საიდუმლოზე, თუმცა, ცნობილია, რომ ისინი ერთ-ერთი პირველები დაინტერესდნენ რუსული მეტალურგიული მრეწველობით და 70-80-იან წლებში ნაშოვნი მილიონები რუსულ ალუმინში დააბანდეს, რომელმაც მათ მილიარდიანი მოგება მოუტანა. რუსეთში წარმოებული 10-წლიანი ბიზნესის შემდეგ, მათი ადგილი რომან აბრამოვიჩმა და სხვა ოლიგარქებმა დაიკავეს, ხოლო რუბენებმა საკუთარი აქტივების კონცენტრირება უძრავ-მოძრავ ქონებაში დაიწყეს.
ფილიპ და კრისტინა გრინები – 6,7 მილიარდი ამერიკული დოლარი
ფილიპ და კრისტინა გრინები ტანსაცმლის ყველაზე მსხვილი საცალო მევაჭრეები არიან დიდ ბრიტანეთში. ისინი ფლობენ 2 300 მაღაზიას და რამდენიმე ათეულ სუპერმარკეტს. მათი წილი ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის ბაზარზე 12 პროცენტს შეადგენს. ისინი ფლობენ ცნობილ ბრიტანულ ბრენდ „ტოპშოპს”. დღევანდელი მონაცემებით ეს ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია მსოფლიოში. ფეხბურთის დიდი მოყვარული გრინი „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ძველი თაობის ქომაგთა წარმომადგენელია. „ფორბსის” რეიტინგში ებრაელ სერ ფილიპ გრინს 107-ე ადგილი უკავია.
რიჩარდ ბრენსონი – 4 მილიარდი ამერიკული დოლარი
სერ რიჩარდ ბრენსონმა 16 წლის ასაკში მიატოვა სკოლა. იგი დისლექსიით იყო დაავადებული და სწავლა უჭირდა. ბრენსონს არანაირი უმაღლესი განათლება არ მიუღია, თუმცა ამ ფაქტს არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ გაეხსნა „ვირჯინ რეკორდსი”, „ვირჯინ ატლანტიკ ეირვეისი” და, ასევე, 300-მდე სხვადასხვა პროფილის კომპანია და გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი მილიარდერი. 2010 წლის რეიტინგში ბრენსონს 212-ე ადგილი უკავია მსოფლიოს მილიარდერებს შორის.
ბერნი ექლსთოუნი და ოჯახი – 4 მილიარდი ამერიკული დოლარი
იგი არის „ფორმულა 1-ის” პრეზიდენტი და მფლობელი. მისი საკუთრებაა „ალფა პრემი”, რომელიც ფლობს რბოლების ტელემაუწყებლობის უფლებას, ასევე, მას აქვს წილი ბრიტანულ საფეხბურთო კლუბ „ქუინზ პარკ რეინჯერსში”. ბერნი ექლსთოუნს „ფორმულა 1-ის დიქტატორს” უწოდებენ და მის სახელს უამრავი სკანდალი უკავშირდება.
ჯოზეფ ლუისი – 3 მილიარდი ამერიკული დოლარი
ბაჰამის კუნძულებზე მცხოვრები ინგლისელი მილიარდერი ფლობს ასამდე კომპანიას ბრიტანეთში. მას ეკუთვნის საფეხბურთო კლუბი „ტოტენჰემ ჰოთსპური” და იგი ითვლება კომპანია „ტავისტოკ გრუპის” ყველაზე მსხვილ ინვესტორად. ამბობენ, რომ 1992 წელს, „შავ ოთხშაბათად” წოდებულ დღეს, როდესაც ფუნტი სტერლინგის თვითღირებულება რეკორდულ ციფრამდე დაეცა, ლუისმა ჯორჯ სოროსზე მეტი ფული გააკეთა. ჯოზეფ ლუისს, ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივესთან, ჯო ლუისთან სეხნიობის გამო, მეტსახელად „მოკრივეს” უწოდებენ. სხვათა შორის, თავისუფალ დროს ლუისი გოლფის თამაშით ირთობს თავს და მის პარტნიორად, უმეტესად ამ შემთხვევაში, ლეგენდარული ტაიგერ ვუდსი გვევლინება.
ჩარლზ კადოგანი და ოჯახი – 2,9 მილიარდი ამერიკული დოლარი
ჩარლზ კადოგანი 1974 წელს ჩაუდგა სათავეში კომპანია „კადოგან ისთეითს”, რომელიც დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ უძველეს და პატივცემულ კომპანიად ითვლება. ის ლონდონის ფეშენებელურ უბან ჩელსიში, სლოუნის ქუჩაზე, უძრავ ქონებას ფლობს. სწორედ კადოგანის კომპანიისგან ქირაობენ ფართებს ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორიცაა „ჰუგო ბოსი”, „კარტიე”, „რიჩარდ უორდი” და სხვა. აღსანიშნავია, რომ ჩარლზ კადოგანი, რომან აბრამოვიჩამდე გაცილებით ადრე, 1981-1982 წლებში, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის” მფლობელი იყო.
ლოურენს გრაფი – 2,5 მილიარდი ამერიკული დოლარი
ლოურენსის გზა მილიარდერობამდე 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მან სკოლა მიატოვა და საპირფარეშოების დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. ბიზნესის აწყობაში მას მშობლები დაეხმარნენ. ებრაელი მამის შვილი გრაფი სხვადასხვა დროს თამბაქოსა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში იყო, თუმცა უკანასკნელი პერიოდი მისი სახელი ძვირფას თვლებს – ალმასებსა და ბრილიანტებს უკავშირდება. გრაფის საკუთრებაშია 24 მილიონ დოლარად შეფასებული ლურჯი ფერის ბრილიანტი „ვიტელსბაჰი”. იგი, ასევე, ფლობს სახლებს ლონდონში, მონაკოში, ნიუ-იორკში, შვეიცარიასა და საფრანგეთში. „ფორბსის” რეიტინგში ლოურენს გრაფს 374-ე ადგილი უკავია.
კლაივ კალდერი – 2,4 მილიარდი ამერიკული დოლარი
კლაივ კალდერი საზოგადოებისგან ყველაზე „დამალულ“ მილიარდერად ითვლება. მისმა ყოფილმა კომპანიამ, „ზომბა რეკორდსმა”, თავის დროზე სახელი ბრიტნი სპირსთან, „ენსინქთან” და „ბექსთრით ბოიზთან” თანამშრომლობით გაითქვა და მილიარდობით დოლარის მოგებაც ნახა. 2002 წელს კალდერმა ყველასთვის მოულოდნელად გაყიდა ხმის ჩამწერი სტუდიის აქციათა საკონტროლო პაკეტი და კაიმანის კუნძულებზე გადავიდა საცხოვრებლად.
ქსიუ ჰაუკენი – 2,4 მილიარდი ამერიკული დოლარი
ქსიუ ჰაუკენი ყველაზე მდიდარი ბიზნესლედია დიდ ბრიტანეთში. „ფორბსის” რეიტინგში მას მე-400 ადგილი უკავია. წარმოშობით ჩინელ ქსიუს განათლება ჩინეთში, ჰეილუნძიანში აქვს მიღებული. ამჟამად მის საკუთრებას წარმოადგენს კომპანია „რენე ქომერშალს ჰოლდინგი”, რომელიც უძრავი ქონებით ვაჭრობს.