რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მაინტერესებს, რომელი ავტომობილი ჯობია ოჯახისთვის ჩვენ პირობებში – „ჰონდა”-„ოდისეი” თუ „დოჯი”-„ქარავანი”? თუ შეიძლება, ამ მოდელების გადაკეთება ისე, რომ გაზზე იმუშაოს?
პასუხი: პასუხის გაცემას ბოლოდან დავიწყებთ. შესაძლებელია, ნებისმიერი ბენზინზე მომუშავე ავტომობილის გაზზე გადაკეთება. გაცილებით რთული იქნება, ამ ორი ავტომობილიდან რომელიმე გირჩიოთ. არა იმიტომ, რომ ერთმანეთზე უკეთესია, არამედ ორივე თავისებურად პრეტენზიული და არაპრაქტიკულია საქართველოს პირობებში, შეეცადეთ, ისეთი ავტომობილი შეიძინოთ, რომელიც, როგორც მინიმუმ, ევროპაშიც გვხვდება. ვინაიდან ასეთი ავტომობილები საკმაოდ მძიმეა და დატვირთვაც მეტი აქვს, როგორც ვხვდები თქვენ ავტომატური კოლოფი გაქვთ მიზანში ამოღებული. ამიტომ, შეძენისას, სწორედ კოლოფის გამართულობას მიაქციეთ ყურადღება.
კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი”, „ცე კლასი”, 1.8-იანი ძრავით, 1997 წლის, მართვის მექანიკური კოლოფით. როცა სიჩქარეს მოვუმატებ, მანქანა ძიგძიგს იწყებს. მანქანას გამოვუცვალე „სვეჩები”, ბაბინის ჩიბუხი, კომპიუტერის მიერ ნაჩვენები „რასპრედვალის” ამთვლელი „დატჩიკი”, ჩავხსენი ლამბდა-ზონდი, „ვოზდუხამერი”, მაგრამ არ უშველა. რა შეიძლება სჭირდეს მას, იქნებ მირჩიოთ?
პასუხი: ძიგძიგი შეიძლება, მექანიკური დეტალებისგანაც იყოს გამოწვეული – ისეთი პრიმიტიულისგანაც კი როგორიცაა, წვრილი მილების უმნიშვნელო დაზიანება, რომელიც ძრავის სხვადასხვა სექტორს აერთიანებს და ვაკუუმის მეშვეობით კონტროლდება. კარგი იქნებოდა, პრობლემის უფრო დეტალურად ჩამოყალიბება, ანუ რა დროს წყდება ძიგძიგი, ძნელად შესამჩნევია თუ მკვეთრი. ყველაზე ხშირად ასეთ შემთხვევებში საწვავის მიწოდების სისტემა აღმოჩნდება ხოლმე „დამნაშავე“. გადაამოწმებინეთ საწვავის წნევა და მისი მდგრადობა სისტემაში, აგრეთვე ეგრეთ წოდებული „ინჟექტორები”. თუ აქაც ყველაფერი კარგად არის, მაშინ უფრო ჩაღრმავება მოგიწევთ. შესაძლოა, ძალიან უმნიშვნელო დაზიანებიდანაც კი მოდიოდეს ეს პრობლემა. მაგალითისთვის, რადგან კომპიუტერი „რასპრედვალის” ამთვლელ „დატჩიკს“ აჩვენებს ან აჩვენებდა, შესაძლოა, სწორედ ის მექანიკური დეტალიც კი იყოს დაზიანებული, საიდანაც ზემოთ ხსენებული „დატჩიკი” იღებს ინფორმაციას.