რა დაავადებებს ამწვავებს მარხვის პერიოდში არასწორად შერჩეული კვების რაციონი და ებრძვის თუ არა ინფექციებსა და ვირუსებს სწორად დაგეგმილი ყოველდღიური მენიუ
სწორი კვება ნებისმიერი ჩვენგანისთვის აუცილებელია, რათა ორგანიზმი არ გამოიფიტოს. სხვათა შორის, არასწორად შერჩეული კვების რაციონი არაერთი საშიში დაავადების მიზეზი ხდება. როგორც ექიმი-დიეტოლოგი, ქალბატონი ასმათ კევლიშვილი ამბობს, დღეს არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას კვების რაციონს, ყოველდღიურად მივირთმევთ არასასურველ საკვებს და ამით იმუნიტეტს ვიქვეითებთ, რაც სამომავლოდ ინფექციებისადმი გამკლავების უნარსაც მკვეთრად ამცირებს.
თუ რომელი საკვებით შეგვიძლია, გავიძლიეროთ დაქვეითებული იმუნიტეტი, რატომ უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება კვებას, მით უფრო – ცივ სეზონზე და როგორ გამოვკვებოთ ორგანიზმი მარხვის პერიოდში, ამაზე ქალბატონი ასმათი გვესაუბრება.
– დღეს ბევრი უჩივის საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას და ასე შემდეგ. ამას ზოგი ზამთრის სიცივეს აბრალებს, ზოგი არასწორ კვებას, ზოგი რას და ზოგი – რას. რეალურად კი ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი იმუნიტეტი დაქვეითებულია და ის სასწრაფოდ აღდგენას საჭიროებს. იმუნიტეტის დონე კი იმაზეა დამოკიდებული, იღებთ თუ არა საჭირო ვიტამინებს, ნახშირწყლებს, ცილებსა და ამინომჟავებს ყოველდღიური საკვებიდან. თავი მხნედ, ჯანმრთელად და ძლიერად რომ ვიგრძნოთ, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება სწორ და სრულფასოვან კვებას. არასწორად შერჩეული კვების რაციონი ათასგვარი დაავადების გამწვავების მიზეზი ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ მიერ მოხმარებული საკვები ძირითადად ქიმიური, სინთეტიკური, რაფინირებული და გენმოდიფიცირებულია, ასევე, ის შეიცავს მასტიმულირებელ ნივთიერებებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათში საერთოდ არ არის ის საზრდო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამა თუ იმ ორგანოს მუშაობა, ზოგადად, მთელი ორგანიზმის ფუნქციონირება და, მათ შორის, იმუნიტეტის საჭირო დონეც. ადამიანის ორგანიზმი არის თვითმარეგულირებელი სისტემა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები და არა ხელოვნური დანამატები. ზოგი ცდილობს, რომ წლის გარკვეულ პერიოდში ორგანიზმი თავისივე მეთოდებით მოამარაგოს, კერძოდ, მიაჩნია, რომ დატვირთული კვება უნდა ჰქონდეს და ამიტომ იღებს ისეთ საკვებს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, სახამებელსა და ასე შემდეგ. ზოგი კი, პირიქით, ფიქრობს, რომ წლის გარკვეულ პერიოდში ორგანიზმი უნდა დაასვენოს, ფორმაში ჩადგეს და ნაკლები საკვების მიღებით ცდილობს ეს პრობლემა მოაგვაროს. ასეთი მიდგომა კი საკუთარი ორგანიზმის მიმართ, მერწმუნეთ, ნამდვილად არასწორია.
– ახლა ის სეზონია, როცა ადამიანის იმუნიტეტი მკვეთრად მცირდება. როგორ მოვიქცეთ, რომ ამან არ გამოიწვიოს ორგანიზმის დასუსტება?
– წელიწადის ნებისმიერ დროს უნდა იკვებოთ სწორად, შესაბამისი სპეციალისტის, კერძოდ კი, ექიმ-დიეტოლოგის რეკომენდაციების შესაბამისად, ანუ, იმ საკვებით, რომელიც სამკურნალო კვებაში მოიაზრება და გამოჯანმრთელება-გაკაჟების პროცესს უწყობს ხელს. როგორც აღნიშნეთ, ახლა სწორედ ის დროა, როცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებას, რათა ასე გახშირებულ გაციებებს, ვირუსებსა და ათასგვარ ინფექციურ დაავადებას ავარიდოთ თავი. ამისთვის კი უნდა მივირთვათ სხვადასხვა ბოსტნეული და სეზონური ხილი, მაგალითად, კივი, ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, ვაშლი, გოგრა და ასე შემდეგ. შეგიძლიათ, მიირთვათ ბოსტნეული, როგორც მოხარშული, ასევე ცოცხალი სახით. ასევე, აუცილებელია ორგანიზმის მომარაგება C ვიტამინით. მას კი დიდი რაოდენობით შეიცავს: კივი, ვაშლი, ციტრუსები და გოგრა. ეს პროდუქტები საგრძნობლად აძლიერებს და ამყარებს ადამიანის იმუნურ სისტემას. ეს სწორი კვებაა ამ სეზონზე და, როგორც გითხარით, ის ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია.
– ახლა მარხვის დაწყების წინა პერიოდია. არ შემიძლია, არ გკითხოთ: არასწორად შენახული მარხვა თუ იწვევს რაიმე გართულებას ჯანმრთელობის თვალსაზრისით?
– კარგია, ეს კითხვა რომ დასვით, რადგან ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი მეკითხება აზრს. არავისთვის უცხო არ არის, რომ, პრაქტიკულად, ჩვენი რელიგია გვკარნახობს ცხოვრების წესს. შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით მოგახსენოთ, რომ, არ შემხვედრია ჩემს პრაქტიკაში ადამიანი, რომელიც სწორად იცავს მარხვის წესს კვების თვალსაზრისით. მარხვის დროს საკვების შერჩევა-მიღებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როდესაც ვესაუბრები მათ და ვეკითხები, როგორ ჩაატარეთ მარხვის დღეები-მეთქი, არც ერთი მათგანის პასუხი ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, დამაკმაყოფილებელი არ არის. უფრო მეტსაც გეტყვით – ახლოსაც კი არ დგას იმ კვებასთან მათი საკვები რაციონი, რასაც მარხვა ჰქვია და რომელმაც ჩვენ უნდა გაგვაძლიეროს და გამოგვაჯანმრთელოს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. სამწუხაროდ, ამ დროს, გამოჯანმრთელების ნაცვლად, ბევრი დაავადების განვითარების საფუძველს უქმნის თავის ორგანიზმს.
– არასწორი მარხვის პერიოდში, კერძოდ, რომელი დაავადება მწვავდება?
– საერთოდ, დაავადების პროვოცირება ხდება არასწორი მარხვის პერიოდში. მარხვის დასრულებისთანავე კი თავს იჩენს ეგრეთ წოდებული „დროებით მიძინებული” დაავადებები. ამიტომ, ამაზე მანამდე უნდა დაფიქრდეთ, სანამ მარხვას დაიწყებთ და სწორად უნდა შეადგინოთ თქვენი კვების რაციონი მარხულობის პერიოდში. აქვე გეტყვით, რომ, როგორც მარხვის, ისე ხსნილის პერიოდში ნებისმიერი ადამიანის კვება უნდა იყოს აყვანილი კულტურის დონეზე. მარხვის არასწორად დაცვა კი მიუღებელია. ჯერ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ადამიანებმა, რისთვის ვიცავთ მარხვას და შემდეგ შევუდგეთ მის დაცვას. ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ დიდი მარხვა სპეციალურად არის დადგენილი ზამთრის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისში. რადგან, ზამთარში ორგანიზმი დათრგუნულია, შენელებულია ნივთიერებათა ცვლა, დეპრესიულია, შედეგად, სასიცოცხლო ძალები დაქვეითებული აქვს, მარხვის დროს სწორად კვებით ორგანიზმი მომარაგდება აუცილებელი სასიცოცხლო ძალებით, რაც მისი სწორი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: კი არ უნდა ვიშიმშილოთ, არამედ სწორად ვიკვებოთ.
– კერძოდ, რომელ საკვებ პროდუქტს მივანიჭოთ ამ პერიოდში მეტი უპირატესობა?
– საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ის საკვები პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმოვან, ტოქსიკურ მჟავებსა და სახამებელს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ამოვიღოთ კვებიდან ცხიმები, ცილები და სახამებელი. უბრალოდ, უპირატესობა იმ პროდუქტს უნდა მივანიჭოთ, რომელიც შეიცავს ბუნებრივ, ნატურალურ ორგანულ ცილებს, ცხიმებსა და სახამებელს. არც პური ამოიღოთ რაციონიდან იმის გამო, რომ გსურთ, გაზაფხულს კარგ ფორმაში შეხვდეთ, რადგან ხორბალი შეიცავს B ჯგუფის ყველა ვიტამინს, ანუ, მასში თავმოყრილია ყველა ის ორგანული სახამებელი, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვისაა აუცილებელი. გარდა ამისა, ის ენერგიით გვავსებს. მიირთვით არარაფინირებული ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პური, ის ძალიან სასარგებლოა ნორმალური განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. გენმოდიფიცირებული ფქვილისგან გამომცხვარი პურის ჭამა კი ძალიან საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისა და, საერთოდ, სიცოცხლისთვის.