იმუნოდეფიციტის და სტრესის დროს მიირთვით ყველი და მაწონი
სტრესების და ეკოლოგიური კატასტროფების საუკუნეში სრულფასოვანი და ჯანსაღი საკვების პრობლემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. როგორც გამოკვლევებმა გვიჩვენა, კვების ხასიათი ბევრად განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას. ამავე დროს, მთავარია საკვების არა რაოდენობა და გემო, არამედ მისი ბიოლოგიური ღირებულება. რაციონში ამ მაჩვენებლის გაზრდა, ეგრეთ წოდებული ფუნქციური კვების პროდუქტების ჩართვით შეიძლება. მთავარია, ორგანიზმში მოხდეს ენერგიის ბალანსი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენერგიის ხარჯვა მოხმარებული საკვების შეჯამებულ კალორიებს უნდა შეესაბამებოდეს. აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, რასაც ფუნქციური კვება უზრუნველყოფს.
ადამიანის ორგანიზმისთვის საკვები ითვლება არა მხოლოდ პლასტიკური და ენერგეტიკული მასალის წყაროდ, არამედ მას შეუძლია მისი ფიზიოლოგიური ფუნქციებისა და ბიოქიმიური რეაქციების რეგულირებაც. ფუნქციური კვების კონცეფციის თანახმად, საკვები ორგანიზმზე თავის მარეგულირებელ ზემოქმედებას ნაწლავების მიკრობული ეკოლოგიის ნორმალიზაციის გზით ახდენს.
დაავადებებისგან თავის არიდება და მათგან განკურნება შეიძლება განსაზღვრული სახის ბაქტერიების შემცველი პროდუქტების მეშვეობით, ან ბაქტერიების ზრდის ხელშეწყობით.
ადამიანის ნორმალური მიკროფლორის მრავალრიცხოვან წარმომადგენლებს შორის, დაახლოებით 80 პროცენტი ბიფიდობაქტერიებია. სწორედ ისინი ასრულებენ ძირითად როლს ნაწლავების მიკრობიოლოგიური სისტემების შენარჩუნებაში.
ნაწლავების აშლილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბიფიდობაქტერიების დეფიციტი ითვლება. ეს კი მინერალების, ცხიმებისა და ცილების ცვლის დარღვევას იწვევს. დადგენილია, რომ ბიფიდობაქტერიები მონაწილეობენ შეუცვლელი ამინომჟავების სინთეზში, დაბლა სწევენ სისხლში ქოლესტერინის დონეს და ავლენენ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ადამიანის ორგანიზმში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლექტობაცილები. ისინი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ათვისებას აუმჯობესებენ, ფერმენტულ აქტივობას ავლენენ, ნაწლავებში მჟავე-ტუტის თანაფარდობას არეგულირებენ და პათოგენურ მიკრობებს ანეიტრალებენ. ადამიანის ნაწლავებში დაახლოებით ხუთასამდე სახის სასარგებლო მიკროორგანიზმი ბინადრობს.
ბიფიდობაქტერიებს შეიცავს ყველი, ნაყინი, წვენები, რძე, საკონდიტრო ნაწარმი. მათი მოხვედრა ნაწლავებში სტიმულს აძლევს ბიფიდობაქტერიების ზრდას ორგანიზმში და მეტად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ასევე, კარგია მაწონი, კეფირი, იოგურტი და სხვა. ფუნქციური კვების პროდუქტები სასარგებლოა ყველასთვის. ის აუცილებელია იმუნოდეფიციტისა და სტრესის დროსაც.