ექიმის რჩევები
კითხვა: შეიძლება თუ არა „ნიმესილისა“ და „კოლდრექსის“ პარალელურად მიღება?
პასუხი: შეიძლება, თუმცა, უმჯობესია, რჩევისთვის მიმართოთ ოჯახის ექიმს.
კითხვა: როგორ მოქმედებს ლამბლიები ორსულობაზე?
პასუხი: ლამბლიოზი ორსულობაზე და მშობიარობაზე უარყოფითად არ მოქმედებს. იმკურნალეთ მშობიარობის შემდეგ.
კითხვა: შეიძლება თუ არა ორსულობის დროს რეტინოლის შემცველი კრემის გამოყენება?
პასუხი: რეტინოლის შემცველი კრემის მოხმარება ორსულობის დროს არ შეიძლება. ის შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, რომელიც სახიფათოა ნაყოფის განვითარებისთვის.
კითხვა: რა არის ადენოიდები და როგორია მათი მკურნალობა?
პასუხი: ადენოიდები – ცხვირის ნუშურას გადიდებაა. საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ცხვირის მაგივრად სუნთქავს პირით, რაც ხშირად ხდება სახის ძვლების დეფორმაციის, ხოლო ზამთრის პერიოდში – ანგინებისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების მიზეზი. მკურნალობა: მედიკამენტები, ლაზეროთერაპია ან ქირურგიული ჩარევა, რაც უფრო ეფექტურია და უკეთეს შედეგს იძლევა.
კითხვა: არსებობს თუ არა ჰეპატიტით დაავადების საშიშროება ფიზიკური კონტაქტის დროს (ხელის ჩამორთმევა და სხვა)?
პასუხი: ვირუსული A, B, C, D, E ჰეპატიტები ფიზიკური კონტაქტით არ გადადის.
კითხვა: მაქვს ბულემია. შემწევს ძალა, თვითონ შევებრძოლო ამ სენს, ოღონდ, მითხარით, როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: აუცილებელია, რაც შეიძლება მალე მიმართოთ სპეციალისტს. დამოუკიდებლად შებრძოლება ამ დაავადებასთან ძალიან რთულია. ბულემიას მკურნალობენ ფსიქიატრები.
კითხვა: კისერზე და მხრებზე გამიჩნდა თეთრი ლაქები, რომლებიც არ მაწუხებს. რა შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: ესაა ვიტილიგო – კანის პიგმენტაციის დარღვევა, კოსმეტიკური დეფექტი. გარანტირებული მკურნალობა არ არსებობს. მკურნალობასაც აზრი აქვს მხოლოდ კოსმეტიკური თვალსაზრისით, ექიმ-კოსმეტოლოგთან.
კითხვა: გულზე ოპერაციის შემდეგ შემიმცირდა სასქესო ორგანო ფუნქციის დარღვევის გარეშე. შეიძლება ეს ასაკის ბრალი იყოს? ვარ 58 წლის.
პასუხი: ზომის შემცირებაზე გულის ოპერაცია გავლენას არ ახდენს. ასაკის მატებასთან ერთად ხდება ჰორმონალური ფონის დაქვეითება, რაც ზოგ შემთხვევაში იწვევს ზომის უმნიშვნელო შემცირებას.
კითხვა: შეიძლება თუ არა მასტოპათიის მკურნალობა ჰირუდოთერაპიით (წურბელებით)?
პასუხი: მასტოპათიას ჰირუდოთერაპიით არ მკურნალობენ.
კითხვა: მირჩიეთ, როგორ მოვიშორო პაპილომა?
პასუხი: პაპილომის მოშორება შესაძლებელია კრიოდესტრუქციით, ელექტროკოაგულაციით ან ლაზერით. ოპტიმალურ მეთოდს კი ექიმი-დერმატოლოგი გირჩევთ.
კითხვა: სახიფათოა თუ არა დღეში 300 გრამი შოკოლადის ჭამა? შეიძლება, ეს გახდეს შაქრიანი დიაბეტის მიზეზი?
პასუხი: რა თქმა უნდა, ასეთი რაოდენობით ტკბილეულის მიღება მავნეა ორგანიზმისთვის, თუმცა, შეიძლება დიაბეტი არ გამოიწვიოს. ამისთვის მნიშვნელოვანია გენეტიკური დატვირთვა. ჯობია, ბედს ნუ გამოცდით.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი