კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ ეთვლება ადამიანს მარხულობა და რა შემთხვევაში მოისმენს ქრისტიანი უფლისგან საშინელ წყევლას

მართლმადიდებლური სამყარო უკვე აღდგომის მარხვისთვის ემზადება, რომელსაც წინ უძღვის მოსამზადებელი პერიოდი. რა უნდა გაითვალისწინონ ქრისტიანებმა, როგორ უნდა გაატარონ მათ დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდი, ამის შესახებ გვესასუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

– მამაო, აღდგომის მარხვას წინ მოსამზადებელი პერიოდი უძღვის. რა დანიშნულება აქვს მას?

– უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერ დიდ, მნიშვნელოვან მოვლენას, მარხვა იქნება ეს თუ დღესასწაული, ქრისტიანის გარკვეული შემზადება სჭირდება. ამიტომაც, ეკლესიამ განაჩინა ოთხი განსაკუთრებული კვირიაკე, რომლებიც დიდმარხვას წინ უძღვის. ეს მოვლენა იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკეთი: შესაბამისად, ვისაც აქვს სურვილი, შეინახოს დიდი მარხვა, მან აუცილებლად უნდა გაიაროს მოსამზადებელი პერიოდი. მოსამზადებელი პერიოდი კი იწყება მაშინ, როდესაც ეკლესიაში არის მეზვერისა და ფარისევლის კვირა. ამ დროს ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, არის თუ არა ის მზად, შეინახოს მარხვა, არის თუ არა მასში სიმდაბლე. აქ წარმოშობილია ორი პიროვნება: მოჩვენებითად მართალი და ცნობილი ცოდვილი. ერთი, თავისზე შედარებით მეტად ცოდვილ ადამიანს ზემოდან დასცქერის, ხოლო მეორეს საკუთარი ცოდვების გარდა არაფერი აინტერესებს, არავის განიკითხავს, გულში იცემს ხელს და აცხადებს: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე“. ანუ ვისაც აქვს სურვილი, დაიწყოს მარხვის შენახვა, მან საკუთარი ბუნება, საკუთარი ცოდვები უნდა აღიაროს, არ უნდა განიკითხოს სხვა და სხვისთვის ზემოდან ყურების სურვილი არ უნდა ჰქონდეს, საკუთარ თავში სიმდაბლე უნდა მოიპოვოს. ვისაც არ გააჩნია სიმდაბლე ან სურვილი სიმდაბლისა, ბუნებრივია, მას არანაირი მარხვა არ სჭირდება და არ სჭირდება მას მაცხოვარი. ერთადერთი ცოდვა, რითაც ადამიანი სამოთხეში დაეცა, ხოლო ანგელოზი – სასუფეველში, ეს იყო მედიდურობა, ეს იყო საკუთარ თავზე გადამეტებული შეხედულება, მოხიბვლა საკუთარი მდგომარეობით, ღმერთისგან განშორება, ღმერთის გარეშე ღმერთობა. ვისაც გაგვაჩნია სურვილი, ნოსტალგია სამოთხეში დაბრუნებისა, დიდმარხვის წინ უნდა გულისხმავყოთ, რომ ჩვენ გვჭირდება საღვთო წიაღში დაბრუნება, მაგრამ, ყოველივე ამას წინ უნდა უძღოდეს სიმდაბლე. ადამიანი უნდა ევედრებოდეს ღმერთს და აღიარებდეს საკუთარ დანაშაულს. შემდეგ უკვე მოდის მეორე კვირა – უძღები შვილის კვირიაკე. „უძღები“ – დაკარგულს, გაძევებულს ნიშნავს, ეს არის ადამიანი, რომელიც დაღუპული, წარწყმედილი იყო, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და დაბრუნდა მამასთან. თუ ადამიანი საკუთარ თავში ჯერ სიმდაბლეს მოიძიებს, მერე მოიპოვებს, ჩავარდება სინანულში, ექნება სურვილი, დაბრუნდეს მამასთან, ის დაბრუნდება ეკლესიაში, ღმერთთან.

– შემდეგ უკვე მოდის საშინელი სამსჯავროს ხსენების კვირა.

– თავად მაცხოვარი გვასწავლის საშინელი სამსჯავროს შესახებ: როდესაც ძე კაცისა მოვა, ის მარჯვნივ დააყენებს ცხვრებს, ხოლო მარცხნივ – თხებს. ანუ, ვინც იყო მორჩილი, მოინანია საკუთარი ცოდვები, მშიერს აპურებდა, საპატიმროში პატიმრებს ნახულობდა და ქველმოქმედი იყო, მისთვის სამსჯავრო იქნება მსუბუქი, მიუტევებს უფალი ცოდვებს, ეტყვის კურთხეულ სიტყვებს: – „წარვედით საუკუნო ნეტარებაში“! ის ადამიანები, რომლებიც მშიერს არ აპურებდნენ, საპატიმროში არ ნახულობდნენ პატიმრებს, სნეულებს არ ანუგეშებდნენ, არ იყვნენ ქველმოქმედები, თხებს ჰგვანან და ასეთი ადამიანები სამსჯავროზე მოისმენენ საშინელი წყევლის სიტყვებს: „წარვედით ჩემგან საუკუნო სატანჯველში“! მეოთხე კვირა კი უკვე არის ადამის სამოთხიდან გამოძევების კვირიაკე. ეკლესია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რატომ გამოაძევა უფალმა ადამი სამოთხიდან და რომ ის უნუგეშოდ არ დაუტოვებია – მას სამოთხეშივე მისცა აღთქმა, რომ მოვიდოდა მესია და ის, ანუ დედაკაცის თესლი, გველს, ანუ ეშმაკს თავს გაუჭყლეტდა.

ბევრი ადამიანი მარხვის შუაში ან ბოლოს მოდის და გვეკითხება, რომ პურზე და წყალზე შეინახავს მარხვას და თუ ჩაეთვლება ეს მარხვად, თუ იქნება ის უფლისთვის სათნო. რა თქმა უნდა – არა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მაგიური ქრისტიანები. დღესდღეობით არსებობს ხალხური მითოლოგიური მართლმადიდებლობა. ეს არის მართლმადიდებლობის საფარში შენიღბული ხალხური, ლეგენდარული შეხედულებები, რომლებიც ადამიანების გონებაში ძალიან ფესვგადგმულია. მათზე შეიძლება, ითქვას – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. დღეს ადამიანები ყოველგვარი აღსარების, ზიარების გარეშე, პურსა და წყალზე იტანჯავენ თავს, ბოლოს კი არც ეკლესიაში მოდიან, და თუ მოდიან – მხოლოდ აღდგომას ლიტურღიაზე, მხოლოდ ხატის გამობრძანებას თუ დაესწრებიან და შემდეგ ისევ უბრუნდებიან საკუთარი ცხოვრების წარმართულ წესს. მე მინდა, ყველას შევახსენო იოანე ოქროპირის სიტყვები: ის ხალხი, ვინც საერთოდ არ დადის ეკლესიაში, თუ მართებულად, სწორად იმარხულებენ დიდმარხვაში, ღმერთი მათ მთელი წლის ცოდვებსაც შეუნდობსო. შეიძლება, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს დიდი მნათობის სიტყვებია და ბევრმა ადამიანმა სწორად უნდა გამოიყენოს. ჩვენ არ უნდა ველოდებოდეთ დიდმარხვას, იმიტომ რომ, შეიძლება, ვერ მოვესწროთ მის დაწყებას ან დასასრულს. არ უნდა ველოდებოდეთ, მომავალ წელს როდის იქნება აღდგომის მარხვა, შევინახავთ და მერე მთელი წლის ცოდვები მოგვეტევებაო. ნუ ვიქნებით თვითრჯულები, თვითმართლმადიდებლები, ხალხურ მართლმადიდებლობაში ნუ ვიქნებით, ნუ მოვიგონებთ ახალ ეკლესიას, ახალ სწავლებას, მოდერნისტულს, გაუბრალოებულს.

ძალიან ბევრი ადამიანი ბრკოლდება და აცხადებს: რისთვის არის საჭირო ამხელა მზადება მარხვისთვის, ასეთი მკაცრი მარხვა, ამდენი მეტანია, აღსარება, ზიარება? მათ კონტრშეკითხვას დავუსვამ: რამდენჯერ შეიძლება, ადამიანმა წყალი დალიოს, საჭმელი ჭამოს? მიპასუხებენ – სანამ ცოცხალიაო. ასე რომ, სანამ ადამიანის სული ცოცხალია, ცისქვეშეთში მყოფს, მანამდე უნდა ევედროს ღმერთს, უნდა თქვას აღსარება, მიიღოს წმიდა ზიარება, რომ მისი სული არ გარდაიცვალოს, არ განეშოროს უფალს. სამოთხეში ადამიანი ჯერ სულიერად კვდება, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, განეშორება ღმერთს, დაეცემა და მერე, შედარებით მოგვიანებით, უფლისგან განშორების შემდეგ კვდება უკვე ხორციელად, ანუ ყოველივეს წინ მაინც სულიერი გარდაცვალება უძღვის. ამიტომ, რომ არ ვიყოთ ცოცხალი, მოსიარულე გვამები – სულის გარეშე, კარგად უნდა მოვემზადოთ და დავიცვათ დიდი მარხვა. მარხვაში აუცილებელია საეკლესიო ლიტერატურის კითხვა, სადაც გადმოცემულია სწავლება სინანულის შესახებ. იოანე კრონშტადტელის სიტყვებს შევახსენებ ყველას: „საბრალოა ის ადამიანი, რომელსაც ჰქვია ქრისტიანი და არ იცის, რა არის ქრისტიანობა“. მოძღვართან შეთანხმებით უნდა წაიკითხოთ საეკლესიო ლიტერატურა, ეფრემ ასურის ცხოვრება, რომლის ლოცვის წაკითხვის გარეშე დიდმარხვა წარმოუდგენელია. ასევე, უნდა წაიკითხოთ ანდრია კრიტელის კანონი, რომელიც იკითხება მარხვის პირველ კვირაში ხუთშაბათამდე. ამ ყველაფრის კითხვის გარეშე ადამიანებისთვის ძნელია ეკლესიური ცხოვრება. ვისაც დღეს ამ ყველაფრის აღქმა უჭირს, მინდა შევახსენო საინტერესო შემთხვევა, რომელიც ალექსანდრიაში მოხდა. ერთ-ერთ წარმართ ჟონგლიორს ჰყავდა მაიმუნი, რომელსაც ადამიანის შესამოსელს აცმევდა, გამოჰყავდა მაყურებლის წინაშე, აცეკვებდა და ყველას ადამიანი ეგონა. ერთმა გონიერმა ადამიანმა დაინახა, რომ მაიმუნს ეს ხალხი ჰყავდა შეპყრობილი და ერთ ხერხს მიმართა. სცენაზე მაიმუნს ის ნუგბარი დაუყარა, რაც უყვარდა. მაიმუნს დაავიწყდა, რომ მოცეკვავის როლში იყო, გაიძრო შესამოსელი, ხელებში დაიქუჩა ხილი და ჭამა დაიწყო, ნიღაბიც გადაიძრო. მინდა ყველას, სახელად მართლმადიდებელს, შევახსენო: ჩვენ ხანდახან მართლმადიდებლობის ნიღბით დავდივართ, ვიწერთ პირჯვარს, დავდივართ ეკლესიაში, მაგრამ, როგორც კი ეშმაკი ჩვენს ნაყროვანებაზე, გემოთმოყვარეობაზე იმოქმედებს, მაშინვე ვიძრობთ ნიღაბს და ნამდვილ სახეს ვაჩენთ. როგორც გრიგოლ ნოსელი ამბობს, ქრისტიანობა არის მიბაძვა საღვთო ბუნების. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მიეცა საღვთო ბუნება, მასში თავისუფალი ნება – ბუნების ნაყოფია, ხოლო არჩევანი – მისი პიროვნების. თუ შენ ხარ ადამიანი, უფალმა მოგცა თავისუფალი ნება, ამ თავისუფალი ნებით უნდა შეინახო მარხვა და გამოამჟღავნო პიროვნული არჩევანი – გინდა თუ არა, რომ იყო ქრისტიანი. თუ გინდა, რომ იყო ქრისტიანი, უნდა შეინახო მარხვა. რადგან, იყო ქრისტიანი, მართლმადიდებელი და არ შეინახო მარხვა, ეს ნიშნავს იმას, რომ მაიმუნივით გაქვს ნიღაბი ჩამოცმული. ჩვენი ნიღაბი და თავის მოტყუება არავის სჭირდება. ვიყოთ ქრისტიანები, დავიწყოთ მზადება დიდი მარხვისთვის, რის გარეშეც ჩვენი ცხოვრება, ცხონება, უფალთან ურთიერთობა წარმოუდგენელია.


скачать dle 11.3