მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: შეიძლება თუ არა, ქრისტიანული დღესასწაულები მივულოცოთ სხვა აღმსარებლობის ადამიანებს?
პასუხი: ზოგადად, მილოცვა და კეთილი სურვილები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანისთვის შეგიძლიათ, მაგრამ, როდესაც ადამიანი არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და მას ვულოცავთ ქრისტიანულ დღესასწაულს, ამას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს, რადგან მორწმუნე ადამიანისთვის საეკლესიო დღესასწაულს სხვა, უფრო ღრმა დატვირთვა უნდა ჰქონდეს – მან უნდა იცოდეს, თუ რას უკავშირდება ესა თუ ის დღესასწაული და რა ევალება მას (წირვა-ლოცვაზე დასწრება, აღსარება, ზიარება). სამწუხაროდ, ხშირად ქრისტიანებიც მხოლოდ სიტყვიერი მილოცვითა და ქეიფით აღნიშნავენ საეკლესიო დღესასწაულებს.
კითხვა: როგორ უნდა ვილოცოთ სხვა სარწმუნოებაში მყოფი ადამიანის სულისთვის?
პასუხი: თუ თქვენ იმ ადამიანს გულისხმობთ, ვინც გარდაცვლილია და არამართლმადიდებელი იყო, მისი სულისთვის, სამწუხაროდ, ვერ ილოცებთ, ვერც პანაშვიდს გადაუხდით; შეგიძლიათ, მხოლოდ მოწყალება გასცეთ მის სახელზე. ხოლო, თუ ადამიანი ცოცხალია და სხვა აღმსარებლობას ატარებს, ილოცეთ მისთვის და შეევედრეთ ღმერთს, რომ გაუნათოს მას გონება და ჭეშმარიტ სარწმუნოებას აზიაროს.
კითხვა: მოძღვართან აღსარებაში მოვინანიე ცოდვები, თუმცა, არ დამიკონკრეტებია. ზიარების უფლება კი მომცა მოძღვარმა, მაგრამ ერთი ცოდვა მაინც გულს მიღრღნის, მგონია, რომ არ მომეტევა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: აუცილებლად მოინანიეთ ეგ ცოდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ზიარებას აქვს აზრი და თქვენც ვერ პოვებთ სიმშვიდეს. ესაუბრეთ მოძღვარს კონკრეტულად მაგ ცოდვაზე და მიიღეთ მისგან რჩევა-დარიგება.
კითხვა: ხშირად ისე ჩავამთავრებ ხოლმე ლოცვას, გონებიდან ვერ ვიშორებ ცხოვრებისეულ პრობლემებს. შეისმენს თუ არა უფალი ასეთ ლოცვას?
პასუხი: მორწმუნე ადამიანმა აუცილებლად გონებითა და გულით უნდა წაიკითხოს ლოცვა – მხოლოდ ასეთ ლოცვას იწირავს უფალი. ლოცვად დადგომისას სათანადო განწყობა გმართებთ, რათა განეშოროთ ამქვეყნიურ ვნებებს. თეოფანე დაყუდებული ასე გვმოძღვრავს: გაიხსენეთ ყველა ის უკეთური საქციელი, რაც ჩაიდინეთ, ის კეთილი საქმეები, რომლებიც ვერ შეასრულეთ და გაიაზრეთ ყოველივე, რათა მიიღოთ შენდობა უფლისგან. თუ ასე მოემზადებით, ლოცვას უფრო გულმოდგინეთ წაიკითხავთ.