მამათა შეგონებანი
მარკოზ განშორებული: მოწეული განსაცდელის ჟამს სიფხიზლეს, ლოცვას და მოთმინებას გულისთვის მოაქვს უვნებელი და სასარგებლო შემუსვრილობა, მხოლოდ სიჭარბით თუ არ ვარღვევთ მათ თანაზომიერებას. ვინც მათში მოთმინებას გამოიჩენს, დანარჩენშიც შეწევნას მიიღებს, ხოლო დაუდევარსა და საკუთარი თავის შემწყნარებელს აღსასრულის დროს აუტანელი ტკივილი ექნება.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: ჩვენ ისე უნდა მივიღოთ განსაცდელები, როგორც ვითმენთ ტკივილს ქირურგიული ოპერაციის დროს, რაკი ჩვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ. ტანჯვა ადამიანს თავმდაბალს ხდის. რამდენადაც დაიმდაბლებს იგი თავს, იმდენად ახლოს იქნება მასთან ღმერთი.
ტიხონ ზადონელი: გსურს დიდების მიღება? გაექეცი დიდებას და გექნება დიდება, თუმცა კი არ გსურს იგი.
გაბრიელ ეპისკოპოსი: ქალს განსაკუთრებით სჭირდება გონიერება და მხნეობა, შეიძლება, უფრო მეტადაც კი, ვიდრე მამაკაცს. როგორც ვიცით, ქალი აგებულებით მამაკაცზე ბევრად უფრო სუსტია. ამიტომ, ეს სისუსტე, რათა მამაკაცს ძალიან არ ჩამორჩეს, მან გონიერებითა და ხასიათის სიმტკიცით უნდა შეავსოს. მხოლოდ ამგვარ შემთხვევაში არ გახდება ის მამაკაცის ხელში სათამაშო.
იოსებ ათონელი: ხიდი, რომელზეც ყველანი გადავდივართ, დამნაშავეთა პატიებაა და, თუ დამნაშავეს არ პატიობ, ესე იგი ანგრევ ხიდს, რომელზეც უნდა გადასულიყავი. მაშ ასე, კარგი ნიმუში და მაგალითი გახდი სხვათათვის შენი კეთილი და ღმრთის სათნო საქმეებით და ნუ ეცდები, რომ შენი ენით მოერიო ყველას.
ნიკოლოზ სერბი: თქვენ ძმები ხართ, იმიტომ, რომ ერთი ზეციური მამა გყავთ, თქვენ ძმებად დარჩებით მხოლოდ და მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე ერთ მამას აღიარებთ, რამეთუ ძმობა მამობაზეა დამოკიდებული. თუკი არ არსებობს მამა, არც ძმობაზე შეიძლება საუბარი და, მაშინვე, როგორც კი უარს ვამბობთ მამაზე, ამასთანავე, ძმობასაც უარვყოფთ.
თეოფანე დაყუდებული: მართალია ის, ვინც ამბობს, რომ დღეს აღარ არიან ნამდვილი მოძღვრები, მაგრამ, მაინც არ ეგების ოდენ სახარებისა და მამათა სწავლათა კითხვის ამარად დარჩენა, აუცილებელია შეკითხვა! ბერმა პაისმა ეს პრობლემა ასე გადაწყვიტა: ორი-სამი თანამზრახველი მოილაპარაკებს, შეკრავს კავშირს, ეკითხებიან ერთიმეორეს და ასე ატარებენ ცხოვრებას ურთიერთმორჩილებასა და ღვთის შიშით ლოცვაში.
იოანე ოქროპირი: ჩვენი სულიერი მოძღვრის წინაშე გაცილებით მეტად ვართ ვალდებულნი, ვიდრე ხორციელი მამის წინაშე, რადგან ეს უკანასკნელნი ამ სოფლისა და საერო ცხოვრებისთვის გვშობენ, პირველნი კი – ზეცისა და მარადიული ცხოვრებისათვის.
***
შენს შვილებს დაუტოვე არა სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი, არამედ ქრისტიანული სიბრძნე; არა მდიდრული სახლი, არამედ მოთმინების ნიჭი; არა წარჩინებული, არამედ კეთილი და მორწმუნე მეგობრები.
ეფრემ ასური: თუკი ადამიანში არ იქნება სრული სიმდაბლე და უფლის მორჩილება, სიმდაბლე სრული გულით, სრული გონებით, სრული სულით, სრული სამშვინველით და სრული სხეულით, მაშინ ასეთი ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.