როდის არ არის ჭკუაზე ანა კოვაჩი და როდის ამაყობს ის საკუთარი თავით
მშვენიერი მოდელი ანა კოვაჩი უკვე რამდენიმე ხანია, უცხოეთში წარმატებულად აგრძელებს სამოდელო საქმიანობას. ახალ წლამდე ის რამდენიმე დღით საქართველოში ჩამოვიდა, იანვარში კი კვლავ გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ბერლინის „ფეშენ-ვიქში“ იღებდა მონაწილეობას. ახლა ანა პარიზში იმყოფება და ისევ აქტიურად განაგრძობს სამოდელო საქმიანობას.
ანა კოვაჩი: ბერლინში ორი კვირა ვიყავი. ოთხი გოგონა ვცხოვრობდით ჩვენს აპარტამენტში. კარგი გოგონები იყვნენ, ვმეგობრობდით, თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით. ქასთინგებზეც თითქმის სულ ერთად დავდიოდით და ძალიან დაკავებულები ვიყავით. სახლიდან ერთად გავდიოდით და ერთად შემოვდიოდით. ბერლინში მოდელები ძირითადად მოდის კვირეულზე ჩადიან. ამიტომ, სააგენტომ მოაწყო „გუდ ბაი ფართი” ჩამოსული მოდელებისთვის. ყველას ისეთი მოწყენილი სახე ჰქონდა, მარტო ჩვენი ოთხეული ხალისობდა – ვიცინოდით. მერე ჩვენთან გადმოსხდნენ, ისინიც კარგად გახალისდნენ. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. კვირეულზე საკმაოდ დაკავებული ვიყავი. ბევრი ქასთინგი მქონდა. გერმანელი დიზაინერები ძალიან კარგები არიან, კარგად ექცევიან მოდელებს. ქასთინგზეც ასევეა, ძალიან კარგად გექცევიან, თან პარიზისგან განსხვავებით, ბერლინში უფრო ცოტაა მოდელები. სულ ცდილობენ, რაღაც შემოგთავაზონ, ყურადღება მოგაქციონ, თბილად მოგექცნენ. პარიზში ამის დროც არ აქვთ. ერთ-ერთ პრეზენტაციაზე მანეკენებივით ვიდექით, პოზებს ვიცვლიდით და ხალხი მოდიოდა. გვიყურებდნენ. ბერლინში რომ ვიყავი, პარიზის სააგენტოდან სულ მეილებს მწერდნენ, როდის ჩამოდიხარ, ამა და ამ სახლში იცხოვრებ, შენი გასაღები უკვე მივეცით გოგონებსო. ახლა პარიზში ჩემთან ერთად ცხოვრობს თეონა თევდორაშვილიც. ჩემს ბუქერს ვთხოვე და თეონა მაშინვე ჩემთან გადმოიყვანა. როგორც კი ჩამოვედი პარიზში, სააგენტოში წავედი. 10 საათზე ვიყავი დაბარებული, მაგრამ, საერთოდ, ყველგან ადრე მივდივარ და იქაც 10 წუთით ადრე მივედი. სააგენტოში მარტო ერთი ადამიანი დამხვდა, მერე მოდიოდნენ ნელ-ნელა სამსახურში და ყველა გაკვირვებული მიყურებდა. ისე გაუხარდათ, რა კარგია რომ დაბრუნდიო, გადამეხვივნენ, თბილად მიმიღეს.
– მაშინვე დაიწყე მუშაობა?
– პარიზში რომ ჩამოვედი, მაშინვე მქონდა „ლანვინის“ „შოუ-რუმი“, რომელსაც უკვე 1 წლის განმავლობაში ვაკეთებ. ახლაც ვიმუშავე იმ გოგონებთან, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ ხოლმე. ჩემი ახალი ფოტოებიც ვნახე, რომელიც გერმანელმა ფოტოგრაფმა გადამიღო. „ელი ეიბის” კაბები მაცვია, ბუქში ჩამიდეს, ერთ-ერთ ჟურნალში უნდა დაიბეჭდოს. „ლანვინთან” მუშაობა ძალიან საინტერესოა. ალბერი ძალიან კარგი, თბილი ადამიანია. თან, უკვე თითქმის ყველას ვიცნობ, „ბაიერებს“, „სელერებს“. ერთ-ერთ „სელერს“ ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა, უყვარს მისი კლიენტებისთვის, რომ ვიცვამ სამოსს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, მაშინვე ყიდის ყველაფერს.
– როდესაც სამოდელო კარიერას იწყებდი, მაშინ თუ წარმოიდგენდი, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდი და ევროპის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან ითანამშრომლებდი?
– ასეთ წარმატებას ვერ წარმოვიდგენდი – სხვადასხვა ქვეყნის სააგენტოები თუ მიმიწვევდნენ სამუშაოდ. ახლა საფრანგეთში ვესაუბრე ჩემს დირექტორს და მან მითხრა, რა უნდა გავაკეთო, როდესაც პარიზში სამთვიანი ვიზა დამიმთავრდება. ანუ, იმდენი რამ მითხრა, იმდენგან ვარ წასასვლელი, რომ გაოცებული დავრჩი. ყველას უნდა, რომ მათთან ჩავიდე, თან ვფიქრობდი, ღმერთო ჩემო, ეს ყველაფერი როგორ უნდა მოვასწრო-მეთქი. პარიზის მერე მივფრინავ ლონდონში, შემდეგ ისევ პარიზში ვბრუნდები, მერე – ბერლინში, ასე ვაგრძელებ ზაფხულამდე. აგვისტოში კი აქ არდადეგებია. მომდევნო პერიოდიც, ანუ თითქმის მთელი წელი უკვე გაწერილი მაქვს. ლონდონში წასვლაზე ცოტა ვნერვიულობ. მეშინია, რადგან ბოლო პერიოდში ახალ სააგენტოში არ მიმუშავია, არავის ვიცნობ. ისევ ისე ვგრძნობ თავს, როგორც თავიდან, როდესაც უცხოეთის სააგენტოში ვიწყებდი მუშაობას.
– როდესაც მოდელობა დაიწყე, ალბათ, იყო სირთულეები?
– პირველად გავემგზავრე კონკურსზე კუნძულ სანიაზე, რომელიც ძალიან შორს იყო, 4 ტრანზიტი მქონდა. თან პირველად ვიფრინე და თვითმფრინავის მეშინოდა. არაფერი ვიცოდი, ინგლისურის გარდა. ქალბატონმა იამ ყველა აეროპორტის სქემა დამიხატა და იმით დავდიოდი. დღემდე მაქვს შენახული. შემდეგ ვიყავი პარიზში „ელიტში,” თავიდან „ფეშენისგან” ძალიან შორს ვიყავი, არ ვიცოდი არც „ლანვინი” და არც „ლუის ვიტონი” ვინ იყო. არადა, მეუბნებოდნენ, შენ იცი, ვისი ქასთინგი გაქვს? – „ლუის ვიტონის,” უნდა მოემზადოო, მე კი გაოცებული სახით ვუყურებდი ჩემს ბუქერს. არ დამცინეს, პირიქით, ყველაფერი ამიხსნეს. მეუბნებოდნენ, თუ რამე არ იცი, გვითხარი და აუცილებლად აგიხსნითო. პირველად, როდესაც „შანელთან” მქონდა სამუშაო, არ ვიცოდი, ვინ იყო შანელი. ამიხსნეს, ინტერნეტში მაჩვენეს ყველაფერი, გამარკვიეს, ძალიან კარგი ხალხია. პარიზში პირველ დღეს სახლში მარტო გამიშვეს, 20 წუთი რომ მჭირდებოდა, საათ-ნახევრის შემდეგ ძლივს მივაგენი. თავიდან საკუთარ თავზე პარიზში ძალიან ბევრს ვმუშაობდი. 2 თვის განმავლობაში ყოველდღე დილის 6 საათზე მიწევდა ადგომა. ეს თავისებური სტრესი იყო, მაგრამ ისეთი ხასიათი მაქვს, როცა რამის გაკეთება მინდა, სულ ვცდილობ, კარგად გავაკეთო და მერე უკვე ვამაყობ საკუთარი თავით. ხელს არასდროს ჩავიქნევ, პირიქით, ვცდილობ, ყველაფერი უკეთესად გამოვიდეს. არასდროს ვამბობ, შემეძლო მეტი გამეკეთებინა-მეთქი, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია. მერე, როცა ჩემს ფოტოებს ვათვალიერებ, ისე მიხარია, ჭკუაზე არ ვარ ხოლმე.
– პარიზში მოდელებს შორის ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ შენ მაინც ახერხებ იყო წარმატებული. ცნობილი ბრენდები ხშირად შენზე აკეთებენ არჩევანს.
– ალბათ, ამაში ისიც მეხმარება, რომ სააგენტოში სულ ვაცინებ, ვახალისებ ადამიანებს. კლიენტებთანაც ასეთი უშუალო ურთიერთობა მაქვს. თან, ფრანგს მამსგავსებენ და ეს ძალიან მოსწონთ.
– პარიზს სიყვარულის ქალაქს ეძახიან, შენ ვერ იპოვე სიყვარული?
– ჯერჯერობით ვერ ვიპოვე. მგონი, საქმე ცუდად მაქვს. ფრანგი მამაკაცები ძალიან ჰგვანან ქართველებს, ხასიათითაც და გარეგნობითაც. ალბათ, მეც გამიღიმებს ბედი და ვიპოვი ვინმეს. ბუქერები სულ მეხუმრებიან, ფრანგი შეყვარებული ნახე, გათხოვდი და ვიზის გაგრძელებაზე, ნურც ჩვენ გვაწვალებ და აღარც შენ გაწვალდები, ისედაც სულ აქ ხარო.
– უცხოელ მამაკაცს გაჰყვები ცოლად?
– თუ შემიყვარდება, არ არის პრობლემა, ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, ჯერჯერობით ასეთი არავინ შემხვედრია.
– როგორი უნდა იყოს შენი მოწონებული მამაკაცი?
– მაღალი ბიჭები არ მიყვარს. მეტრი და 85 სანტიმეტრი მისაღებია. ქუსლიან ფეხსაცმელს თუ ჩავიცვამ, ასე, 10-სანტიმეტრიანს, ცოტათი მაღალი ვიქნები. თავის მაღლა აწევა და ვინმესთვის ქვევიდან ყურება არ მიყვარს. მირჩევნია, ზემოდან ვუყურო. ცხვირი უნდა ჰქონდეს ცოტა კეხიანი და ცისფერი თვალები. რაც შეეხება ხასიათს, იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს, გამამხიარულოს, მამაკაცი ჩემზე ჭკვიანიც რომ იყოს და ჩემზე განათლებულიც, არ უნდა მითხრას, შენზე ჭკვიანი ვარ და ამიტომ, ეს ასე უნდა გააკეთოო. მას ჩემი საქმეც უნდა მოსწონდეს. არ უნდა წამიყენოს ულტიმატუმი – მეგობრებთან ვერ ივლი, შენს სამუშაოს ვერ გააკეთებო, ასეთ ადამიანთან ვერ ვიქნები.
– შეყვარებული ყოფილხარ?
– როგორ არა. ამ დროს საშინლად დაბნეული ვარ. ყოველთვის ვიცი, რა მჭირდება, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ როდესაც შეყვარებული ვარ, ჩემს აზრებს თავს ვერ ვუყრი. აღარ ვიცი – რა რა დროს ვაკეთო და როგორ. თუმცა, სიყვარული ხელს არ მიშლის მუშაობაში, არც დიდად ვიცვლები.
– არ მოგწონს მოდელი ბიჭები?
– მინდა, ჩემი შეყვარებული სამოდელო სფეროსგან ძალიან შორს იყოს და რაც მთავარია, ჩემზე უფროსი იყოს.