კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად დაპატიჟა თენგიზ არჩვაძემ შონ კონერი და როგორ იღებდნენ ისინი ფილმს ჩრდილოეთ პოლუსზე

ყველაზე დიდი ქართველი ვარსკვლავის გახსნა მარჯანიშვილის თეატრის წინ გასულ კვირას მოხდა. თუმცა, გრძელი, რთული, წინააღმდეგობებითა და სიხარულით სავსე კინოგზაზე თენგიზ არჩვაძეს სხვა, უფრო პირადი და ინტიმური გატაცება აქვს – მსახიობი არაჩვეულებრივად ხატავს და ეს ნიჭი მის შვილიშვილს, დიზაინერ ანუკა ქებურიასაც აღმოაჩნდა, რომლისთვისაც ხატვა უკვე დიდი ხანია, პროფესიად იქცა.

ანუკა ქებურია: ბაბუ ბევრი წელია, რაც ხატავს, თან – არაჩვეულებრივად. ახალგაზრდობაში, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად, უფრო მეტს აკეთებდა, თუმცა, დღესაც აკეთებს ჩანახატებს. მაგრამ, უცნაური ის არის, რომ თავის ნახატებს ყოველთვის მალავს. ძალიან მორიდებული და თავმდაბალი ბაბუ მყავს, რომელსაც ყველაზე მეტად ზედმეტი ყურადღება და ქება აწუხებს. ის კი არა, თავისი ფილმებიც არ აქვს ნანახი.

თენგიზ არჩვაძე: ჩემი ნახატები არასდროს არ ყოფილა ისეთი, რომ გამომეჩინა. გამოსაფენი და საზოგადოებისთვის საჩვენებელი ნამდვილად არ არის. ძირითადად, ჩემი მეგობრების შარჟებს ვაკეთებ, კარიკატურებს ვხატავ ხოლმე ხუმრობით. ვაკეთებ და მათ ვაჩვენებ.

ანუკა: ჩვენც არ გვანახვებს. ერთხელ მე და დედაჩემი სახლის რომელიღაც კუთხეში შემთხვევით წავაწყდით მის ნახატებს. როგორც კი დაინახა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვიპოვეთ და ვნახეთ, მაშინვე დახია. ხატავს და ხევს, რომ არავინ ნახოს. სხვათა შორის, რამდენი წელია, ვეხვეწები, დამხატე-მეთქი და არ მხატავს. პალიტრით და ზეთების საღებავით არ ხატავს, მაგრამ ჩემი პატარა ჩანახატი მაინც გააკეთე-მეთქი, ვთხოვ.

რომ არ აჩენს, ამაში ვუგებ – ბაბუსთვის ეს ძალიან პირადული და ინტიმურია. მოკლედ, მორიდებულია.

– ანუკამ რომ ხატვა დაიწყო, რა რეაქცია გქონდათ?

ბატონი თენგიზი: როდესაც ანუკაში ხატვის ნიჭი აღმოვაჩინე, ძალიან გამიხარდა. სკოლის დამთავრების პერიოდში ის ორი მიმართულებით იყურებოდა: ან თეატრალურ ინსტიტუტში უნდა ჩაებარებინა ან – სამხატვრო აკადემიაში. არ მინდოდა, რომ არჩევანი თეატრალურზე შეეჩერებინა და კარგია, რომ აკადემიაში განაგრძო სწავლა.

ანუკა: როცა ვხატავდი, ყოველთვის მაძლევდა შენიშვნებს და რაღაცეებს მისწორებდა. ძირითადად, გოგოებს ვხატავდი და მათ ტანსაცმელს ვაცმევდი. თენგიზი კი მოვიდოდა და მეტყოდა: „ერთი ხელი მეორეზე მოკლეა, ყელი შესაცვლელია, არაბუნებრივად გრძელი ფეხები აქვს“... ბაბუს ძალიან ბევრი მხატვარი მეგობარი ჰყავდა და ჰყავს... ულამაზესი ნახატები აქვს თენგიზს სახლში. ამ გარემოში გაზრდილს, ალბათ, გასაკვირი არც არის, რომ არჩევანი აკადემიაზე შევაჩერე.

ბატონი თენგიზი: სულ ვეუბნებოდი ანუკას, რომ მსახიობობა მაინც ტკივილიანი პროფესიაა. თან, ეს არის საქმე, რომელშიც ნაკლებად ხარ საკუთარ თავზე დამოკიდებული.

ანუკა: მხატვრობა ინდივიდუალური პროფესიაა, აქ თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობ, აკეთებ იმას, რაც მოგწონს. მსახიობობა კი გაცილებით რთულია. მიუხედავად იმისა, რომ თენგიზმა ხალხის ასეთი სიყვარული დაიმსახურა, სადაც არ შევდივარ დედაჩემი, მე, ჩემი შვილიც, ყველგან სითბოთი და სიყვარულით მხვდებიან, მაინც მგონია, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. მოკლედ, თეატრალურზე უარი ვთქვი, მაგრამ, სამაგიეროდ, თენგიზთან ერთად მაინც მოვხვდი სცენაზე და მისი ვარსკვლავის გახსნაზე ცხოვრებაში პირველად ვიმღერე. სხვათა შორის, როდესაც ფეხსაცმლის სახელოსნო გავხსენი, ძალიან გაუკვირდა – ეს რა არის, ამისთვის შრომობდი და სწავლობდი ამდენ ხანსო? მაგრამ, ავუხსენი, რომ ჩემთვის ეს ისეთივე შემოქმედებითი პროცესია, როგორც მისთვის – თამაში. მსიამოვნებს ეს და მიხარია, რომ სხვასაც მოსწონს, რასაც ვაკეთებ...

– ბაბუას თუ აცვია შენი ფეხსაცმელი?

– აცვია და, სხვათა შორის, ვარსკვლავის გახსნისთვისაც მე შევუკერე. მოსწონს ჩემი ფეხსაცმელი და მიხარია.

– შენს პირად ცხოვრებაში თუ ერეოდა ბატონი თენგიზი?

– აუცილებლად ერეოდა და უნდა ჩარეულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ 16 წლის გავთხოვდი და ამით მართლა ვატკინე გული. ძალიან ადრე მომივიდა ეს ამბავი და უკმაყოფილო იყო. ჩემი შვილი რომ ამ ასაკში გათხოვდეს, შეიძლება, გავგიჟდე. მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც ნატუკა შემეძინა და ამან ჩემი ადრეული გათხოვების სიბრაზე შეახორცა. პირველი შვილთაშვილით ძალიან ამაყობს.

ბატონი თენგიზი: როგორ არ უნდა ვიამაყო, როცა ასეთი გოგოები მყავს?

– შენზე თუ იქონია გავლენა ბაბუამ?

ანუკა: რა თქმა უნდა, იქონია, რადგან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს აღზრდაში, ჩამოყალიბებაში. სულ ერთად დავდიოდით, ვსეირნობდით, დავყავდი იპოდრომზე, ცხენებით დავდიოდით და თან ვაჟას, გალაკტიონს მიკითხავდა. თვითონ მთელი საქართველო ფეხით აქვს შემოვლილი და ცდილობდა, ჩემთვისაც, რაც შეიძლება მეტი ეჩვენებინა. მასწავლა ურთიერთობები, როგორ უნდა მიყვარდეს სამშობლო, ოჯახი, მეგობრები. ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო ბაბუსთან ურთიერთობა; ყოველთვის ყველაზე მეტად მის თავმდაბლობას ვაფასებდი, ის ყველასგან განსხვავებულია...

– ადამიანი, რომელიც შონ კონერთან და კლაუდია კარდინალესთან ერთად არის ფილმში გადაღებული, ყველაზე უხმაუროდ ცხოვრობს...

– ყოველთვის ცდილობს, საკუთარ თავზე ნაკლებად ილაპარაკოს. ხომ გითხარით, თავის ფილმებსაც კი არ უყურებს. რაც შეეხება შონ კონერთან და კლაუდია კარდინალესთან ერთად გადაღებულ ფილმს, ამაზე ყოველთვის გვიყვებოდა, თუ რა რთულ პირობებში უწევდა მუშაობა...

ბატონი თენგიზი: ყველაფერს ყვები, ხომ?!

ანუკა: (იცინის) ჩრდილოეთ პოლუსზე იყო გადაღებები და მიამბო, როგორი ჩაცმულები დადიოდნენ იქ, რომ არ გაყინულიყვნენ. ფეხსაცმელში და ტანსაცმელში პატარა ელექტრო ბატარეები გვქონდა, რომელიც გვათბობდაო. ვიცი, რომ ბაბუმ კონერი თბილისშიც დაპატიჟა, მაგრამ, იმ დროინდელმა ხელისუფლებამ ამაზე ისეთი უარი უთხრა, რომ, მგონი, თენგიზსაც აუკრძალეს საქართველოდან გასვლა.

ბატონი თენგიზი: გასაკვირი არ იყო ეს ამბავი. უცხოელის აქ ჩამოსვლა წარმოუდგენელი იყო. მაგრამ, სამაგიეროდ, მოსკოვში ჩამოვიდა და ერთმანეთს იქ შევხვდით.

ანუკა: ვიცი, რომ მათ ერთად ისადილეს რესტორანში. სადილის ბოლოს ბაბუა ჩუმად მისულა და სუფრის ანგარიში გადაუხდია. შონ კონერს ძალიან გაჰკვირვებია ეს ამბავი და უთქვამს, მილიონერი მე ვარ და შენ რატომ მპატიჟებო... თენგიზს უპასუხია – შენ მილიონერი ხარ, მე კი – ქართველიო. როდესაც ასეთ ისტორიებს ვისმენ, ორმაგად ვამაყობ ამ ადამიანით. ახლაც მიკვირს, ამდენი რამის მოყოლის უფლებას რომ მაძლევს, თან, დაძაბული ვარ, რამე ზედმეტი არ ვთქვა და არ გაბრაზდეს (იცინიან).


скачать dle 11.3