როგორ ამაგრებს ფეხზე მხოლოდ ქუსლსა და ძირს დიზაინერი ნინი მანია
ნინი მანია და სალონი „ბაგატელი” – ახალი ტანდემი ქართულ რეალობაში. პირველად საქართველოში, სალონი და დიზაინერი გაერთიანდა. ამიტომ, დაკავებულ, საქმიან ადამიანებს, საშუალება ეძლევათ ერთ სივრცეში მოახერხონ ყველაფერი – შეიმოსონ ულამაზესი ქალური, ჰაეროვანი სამოსით, იქვე მოიწესრიგონ სახე, თმა, გაიკეთონ მაკიაჟი და სრულიად ტრანსფორმირებულები გამოვიდნენ „ბაგატელიდან”.
ნინი მანია: სამხატვრო აკადემიის მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც საკუთარი სალონი გავხსენი, მაგრამ მაშინ მხოლოდ ფეხსაცმელზე ვმუშაობდი. შემდეგ გავთხოვდი და სალონიც დავხურე...
– მერე გაშორდი და ისევ გახსენი?
– კი, ასეა. დავშორდით ერთმანეთს ზუსტად ორწელიწად-ნახევრის წინ და თითქმის მაშინვე გავხსენი სალონი ფალიაშვილზე. არც მანამდე ვყოფილვარ უქმად – ბავშვებს ვამზადებდი ხატვაში, რაღაცეებს ვკერავდი ჩემთვის, ვხატავდი.
– როგორი ქალისთვისაა შენი ტანსაცმელი?
– ასე, კონკრეტულად, არ არის ხაზი განსაზღვრული, ვმუშაობთ როგორც კლასიკურ, ისე თავისუფალ სტილში. ეს მაინც იქიდან მომდინარეობს, რომ ძირითადად შეკვეთებზე ვმუშაობ და ნებისმიერი სტილის მიმდევარ ქალბატონთან მიწევს ურთიერთობა.
– როგორ გაერთიანდი სილამაზის სალონთან?
– „ბაგატელში” მუშაობენ ლუკა და ვატო, რომლებიც ჩემი დიდი ხნის კლიენტები და მეგობრები არიან. იმ პერიოდში სალონის შეცვლას და აბაშიძეზე გადასვლას ვაპირებდი. მათ კი შემომთავაზეს, რომ ნინოს, „ბაგატელის” მფლობელს დავლაპარაკებოდი და ერთად გვემუშავა. შევხვდით ერთმანეთს და გადაწყდა, კომპლექსურად გვემუშავა. სულ რაღაც ორი კვირაა, რაც აქ ვმუშაობ და უკვე დაიწყო ის, რისთვისაც გავერთიანდით. მოდის ადამიანი, არჩევს სამოსს, ლამაზდება და მიდის. როცა ვეკითხებით მოსწონთ თუ არა ეს ყველაფერი, გრძნობენ თუ არა თავს კომფორტულად, ყველა კმაყოფილია – ამბობენ, რომ ეს მათ ყოველდღიურობას უადვილებთ. ორი ჩვენება მქონდა, რომლებზეც ლუკამ იმუშავა. ვარჩევდით ვარცხნილობას, მაკიაჟს. ბოლოს კი ყველანი სალონში წამოვედით, რომ მეც ყველაფრისთვის მედევნებინა თვალყური – რა როგორ გამოვიდოდა. აქედან წამოვიდა ეს იდეა.
– ვიცი, რომ მოდის კვირეულზეც მონაწილეობდი.
– კი. თბილისის მოდის კვირეულის „ნიუ ქამერებში”, ახალი თაობის დიზაინერებს შორის ვიღებდი მონაწილეობას. სხვათა შორის, ჩვენება 9 მაისს იყო და 13 მაისს უკვე კოლექციიდან ერთი კაბაც აღარ დარჩენილა. ეს დიზაინერისთვის ძალიან დიდი სიხარულია. მთავარია, შენი შემოქმედება ხალხს მოსწონდეს, იხდენდნენ, თორემ როგორი კრეატიული და საინტერესოც არ უნდა იყოს, თუ ვერ ჩაიცვეს და ვერ მოირგეს, აზრი არ აქვს მის შექმნას.
არსებული მოდელებიდან, შეიძლება ითქვას, რომ ნინის სტილი უფრო ქალურია – ლამაზი მაქმანებით, მინაკეცებით, ხელით შესრულებული საინტერესო აქსესუარებით. განსაკუთრებით საინტერესოა, დიზაინერის ფეხსაცმელები, რომელთაც ზედა მხარე, ანუ ადგილი, რომელიც, წესით, ფეხსაცმელს ფეხზე ამაგრებს, საერთოდ არ აქვს. მაგრამ, ის ისეთი ტექნოლოგიითაა შესრულებული და ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე, რომ თასმების გარეშეც, არაჩვეულებრივად ჩერდება ფეხზე. ნინის ნიჭიერებაზე სალონში გამოფენილი მისი არაჩვეულებრივი ნახატებიც მეტყველებს, რომელსაც ნინი შემკვეთების თუ უბრალოდ, ნაცნობების აზრის გათვალისწინების გარეშე ქმნის.