ინტიმური საუბრები
ინტელიგენტი ქმარი მინდა
სიყვარულით გავთხოვდი. ჩემს ოჯახს თავიდანვე არ მოსწონდა ჩემი არჩევანი, მაგრამ მაინც გავყევი, თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ გულში ვეთანხმებოდი დედაჩემისა და ჩემი დის სიტყვებს: ზუკა ინტელექტით შენზე გაცილებით დაბლა დგას, რასაც შენ ჯერჯერობით ვერ გრძნობ, მაგრამ როცა ამას მიხვდები, უკვე გვიან იქნებაო. სიმართლე გითხრათ, ამას თავიდანვე ვგრძნობდი, მაგრამ ზუკამ თავისი ადამიანობით, თავდაჭერითა და გულითადობით მომხიბლა. მართალია, დიდი განათლებითა და წიგნიერებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ არც ჰქონდა პრეტენზია „დონეზე“. ამიტომ, ის, რომ მაღალ მატერიებზე საუბარი არ შეეძლო, აბსოლუტურად არ მაღიზიანებდა. ის არ თამაშობდა, იყო ის, რაც იყო.
რომ გავყევი, ჩემი ოჯახი თავიდან გამებუტა, თუმცა მერე მაინც შემირიგდნენ. ზუკა გულზე არავის ეხატებოდა, მაგრამ ცუდად არ ხვდებოდნენ. ჩემი ქმარი გრძნობდა ჩემიანების ასეთ დამოკიდებულებას, მაგრამ ერთხელაც არ დასცდენია საყვედური. ის კი არა, თვითონვე ხშირად უთქვამს ჩემთვის – მე რომ შენნაირი შვილი მყოლოდა, ჩემნაირ ღარიბსა და უსწავლელს ცოლად არ გავატანდიო.
ასე იყო თუ ისე, თავიდან ბედნიერები ვიყავით. მე სამედიცინოზე ვსწავლობდი, ზუკა მუშაობდა. მართალია, თავზე არ გადაგვდიოდა, მაგრამ ერთად ყოფნა გვიხაროდა. შვილი არ გვყავდა, მაგრამ, არ ვჩქარობდით – გვინდოდა, ჯერ ცოტა ფეხზე დავმდგარიყავით, რომ ბავშვის გასაზრდელად ელემენტარული პირობები გვქონოდა.
ერთხელ ზუკამ მითხრა, მინდა, დაბადების დღე გადაგიხადო. რესტორნის თავი არ მაქვს და შენი მეგობრები სახლში მოიწვიეო. რა თქმა უნდა, გამიხარდა. დავპატიჟე ჩემი უახლოესი მეგობრები კურსიდან – ბიჭებიც და გოგონებიც ძალიან კარგი დრო ვატარეთ, ყველა კმაყოფილი იყო. მეორე დღეს ერთმა თანაკურსელმა ბიჭმა მითხრა: შენი ქმარი კარგი კაცი კი ჩანს, მაგრამ მაგ გოიმს რამ გაგაყოლაო. ისე მატკინა გული ამ სიტყვებმა, ტირილი დავიწყე. მერე ის ბიჭი დიდხანს მიხდიდა ბოდიშს, მაგრამ მისი სიტყვები ცუდად ჩამრჩა გულში და ჩემდაუნებურად, კრიტიკული თვალით დავუწყე ზუკას ყურება. მალე „აღმოვაჩინე“, რომ არც ჩაცმის გემოვნება ჰქონდა, არც სიტყვა-პასუხი ეხერხებოდა, არც საზოგადოებაში ქცევის წესები იცოდა... ერთი სიტყვით, მასში ლამის ყოველდღე ვპოულობდი რაღაც ნაკლს და ვგრძნობდი, როგორ მიცივდებოდა გული. ამას ისიც დაემატა, რომ ინსტიტუტში რამდენიმე ძალიან სიმპათიური თაყვანისმცემელი გამომიჩნდა და ნელ-ნელა სულ მთლად გამიცივდა გული ჩემს ქმარზე. რა თქმა უნდა, ზუკაც გრძნობდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მიზეზი გაეგო და ერთად მოგვეგვარებინა პრობლემა, გამინაპირდა და თანდათან აგრესიული გახდა. ბოლოს კი იქამდე მივედით, რომ ყოველ სიტყვაზე ვეკიდებოდით ერთმანეთს და ჩვენი ჩხუბები სკანდალამდე მიდიოდა. ამ ყველაფერს რომ ვეღარ გავუძელი, ჩავალაგე ჩემი ნივთები და მშობლებთან დავბრუნდი. უნდა ვაღიარო, რომ დედაჩემს და ჩემს დას ნამდვილად არ სწყენიათ.
ზუკას გარეშე ყოფნა თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მივხვდი, რომ აღარ მენატრებოდა. მენატრებოდა კი არა, აშკარად უკეთესად ვგრძნობდი თავს და დღესაც ასე ვარ. ოფიციალურად ჯერ არ გავყრილვართ, თუმცა განცხადება უკვე შეტანილი მაქვს. მართალია, ზუკა მეხვეწება, შევრიგდეთო, მაგრამ, აღარ მინდა მასთან ცხოვრება. მე უფრო თანამედროვე, განათლებული, ინტელიგენტი ქმარი მინდა. ზუსტად ვიცი, რომ ზუკასთან საერთოს ვეღარ გამოვნახავ და ან სულ უნდა ვიჩხუბოთ, ან ბედნიერებაზე სამუდამოდ ვთქვა უარი.
ელზა, 22 წლის.
მალე დედა გავხდები
შემიყვარდა კაცი, რომელსაც ჰყავს ცოლ-შვილი. არ მინდოდა, ჩემი გრძნობა გამჟღავნებულიყო, მაგრამ, მაინც მიხვდა და თვითონ დამიწყო არშიყობა. თავიდან ძალიან ვიკავებდი თავს, მაგრამ მერე გრძნობებს ვეღარ მოვერიე და დავთანხმდი მასთან ურთიერთობას. თუმცა, ერთი წუთითაც არ მიფიქრია, მისთვის ოჯახი დამენგრია. სხვათა შორის, ეს ვუთხარი კიდეც. თვითონაც მითხრა, მომწონხარ და მიყვარხარ, მაგრამ ცოლ-შვილს ვერავის გამო ვერ მივატოვებო. მიტოვება კი არა, იმაზეც სინდისი მქენჯნიდა, რომ სხვისი ქმარი მიყვარდა.
უკვე იმ ასაკში ვარ, ჩემი გათხოვება მხოლოდ შემთხვევის წყალობით თუ მოხდება, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი. არადა, ყოველთვის ძალიან მინდოდა, შვილი მყოლოდა. ბევრი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ კი, მაინც მივიღე გადაწყვეტილება, ნიკოსგან ბავშვი გამეჩინა. თავიდან, მინდოდა, რომ ამის შესახებ მისთვისაც მეთქვა, რათა მის წინაშე მართალი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემმა უახლოესმა დაქალმა მირჩია, არ უთხრა, თორემ საერთოდ დაკარგავ – გაგექცევა. შვილი თუ გინდა, ისე უნდა დაფეხმძიმდე, ნიკომ ეჭვიც კი ვერ აიღოსო. რომ დავფიქრდი, მივხვდი, მართალს მეუბნებოდა. რამდენიმე დღე კიდევ ვიორჭოფე, მერე კი მტკიცედ გადავწყვიტე, დედა უნდა გავხდე-მეთქი და ექიმთან წავედი. ჩავიტარე ყველანაირი ანალიზი, ყველანაირი გამოკვლევა და, ჩემდა სასიხარულოდ, აბსოლუტურად ჯანმრთელი აღმოვჩნდი. ამ გამოკვლევებიდან სამი თვის შემდეგ კი მართლაც დავორსულდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მალე დედა გავხდები და ჩემს ცხოვრებას სულ სხვა აზრი მიეცემა, მაგრამ ამ ბედნიერებას ერთი რამ ჩრდილავს: ალბათ, მომიწევს ნიკოსთან განშორება, რადგან ასეთ ტყუილს არ მაპატიებს. თუმცა, მომავალი დედობის ბედნიერება ამ ყველაფერს მაინც გადაწონის.
ანანო, 37 წლის.
მე და ჩემი ქმარი ბედნიერი მშობლები ვართ
ათი წელია, გათხოვილი ვარ. მე და ჩემს ქმარს დღესაც ისევე გვიყვარს ერთმანეთი, როგორც ქორწინებამდე გვიყვარდა. ამდენი ხანია, ერთად ვართ და უბრალო წალაპარაკებაც კი არ მოგვსვლია. რა თქმა უნდა, წელიწადის თორმეტი თვე უცვლელად კარგ ხასიათზე არ ვართ, მაგრამ, ორივემ ვიცით დათმობა, საჭირო დროს გაჩუმება და პატარ-პატარა შეცდომების პატიება. ორივე ვცდილობთ, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ხასიათები შევუწყოთ და ამიტომ, ჩვენი ურთიერთობაც მშვიდი, წყნარი, ბედნიერი და სიყვარულით სავსეა. მაგრამ, ამ ყველაფერს ჩრდილავს ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა – შვილი არ გვიჩნდება. სამი წელი დავდიოდი ექიმებთან და ვმკურნალობდი, მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა მითხრა, უშვილო არ ხარო. სამწლიანმა მკურნალობამ შედეგი რომ ვერ გამოიღო, ექიმმა კატეგორიულად მომთხოვა, ქმარი მოიყვანე, ისიც უნდა გავსინჯოთო. სხვათა შორის, გაგას დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია, ისე წამომყვა. აღმოჩნდა, რომ პრობლემა მას ჰქონია, რაც, სავარაუდოდ, ბავშვობაში გადატანილი ორმხრივი ყბაყურის მძიმე ფორმამ გამოიწვია. სამწუხაროდ, ექიმებმა გვითხრეს, რომ გაგას შვილი არასდროს ეყოლება. ისე განვიცადეთ ეს ამბავი, კინაღამ შევეწირეთ, მაგრამ ყველამ შემოგვიძახა აქეთ-იქიდან, ახალშობილი იშვილეთ და გაზარდეთ, წლებს ნუ კარგავთ, მარტო თქვენ ხომ არ ხართ ამ დღეშიო. ჩვენც თანდათან შევეგუეთ ამ აზრს და გადავწყვიტეთ, ქალ-ვაჟი აგვეყვანა. ნაცნობ-მეგობრებს დავავალეთ კიდეც საჭირო ადგილებში გაკითხვ-გამოკითხვა, მაგრამ, ეს რომ ჩემმა დედამთილმა გაიგო, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – ვიღაცის ნაბიჭვარი შვილიშვილად როგორ მივიღოო. მერე კი ყველაფერი მე დამაბრალა – უშვილო თვითონ არის, ჩემი ლენჩი შვილი დაითანხმა ბრალი საკუთარ თავზე აეღო, ეგონა, ამით მომატყუებდა და გამაჩუმებდა, მაგრამ, ვერ მივართვი, არ მოვტყუვდები. რატომ უნდა გადაეგოს ჩემი ბიჭი უშვილძიროდ მაგ ბერწი ქალის გამო. სისულელე ვქენი, ამდენი წელი ჩუმად რომ ვიყავი და არ მივაბრძანე ჩემი სახლიდანო.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოსასმენი იქნებოდა ეს სიტყვები ჩემთვის ამდენი ხნის ლოლიავისა და თვალებში შეციცინების შემდეგ (მე ველოლიავებოდი და შევციცინებდი ყველას). ეს სიტყვები რომ მაკადრა, გაგა სახლში არ იყო. მე სასწრაფოდ ჩავალაგე ჩემოდნებში ჩემი ნივთები და ის იყო, წასვლა დავაპირე, რომ ჩემი ქმარიც დაბრუნდა. რომ გაიგო, რაშიც იყო საქმე, საშინლად გაუბრაზდა დედამისს, თვითონაც ჩაალაგა თავისი ნივთები და იმავე საღამოს წავედით სახლიდან. პირველი ორი კვირა გაგას მეგობრის დაკეტილ სახლში ვცხოვრობდით, მერე კი ბინა ვიქირავეთ და ვიყავით ჩვენთვის. რამდენიმე თვის შემდეგ ერთმა ახლობელმა შეგვატყობინა, ერთ-ერთ ბავშვთა სახლში 3 და 4 წლის და-ძმა მიუყვანიათ ნათესავებს, მშობლები ავარიაში დაღუპვიათ, ორი ბავშვის გაზრდა კი არც ერთ ნათესავს არ მოუნდომებიაო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახალშობილების აყვანა გვინდოდა, მაშინვე გადავწყვიტეთ, ობლად დარჩენილი პატარები გვეშვილა და მეორე დღესვე წავედით ბავშვთა სახლში. საბუთებსა და სხვა ოფიციალურ მხარეებს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდა და ბოლოს, როგორც იქნა, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
დღეს მე და გაგა ორ ულამაზეს და უჭკვიანეს შვილს ვზრდით: ზუკა მეორე კლასშია, კარგად სწავლობს და სიმღერის ნიჭი აღმოაჩნდა. თათა კი პირველ კლასშია და საოცრად ხატავს.
გავიგე, ჩემს დედამთილს შერიგება უნდა, მაგრამ, ჯერჯერობით ვერ ბედავს. თუმცა, მე წინააღმდეგი არ ვარ, თუ ჩემს შვილებს ნამდვილი შვილიშვილებივით შეიყვარებს.
რუსუდანი, 35 წლის.
ყველაფერი ბუმერანგივით
დამიბრუნდა
ვხვდებოდი გოგოს, რომელიც მომწონდა, მაგრამ არ მიყვარდა. თვითონ მართლა ძალიან ვუყვარდი, სულ თვალებში შემომყურებდა და მზად იყო, ჩემი ყოველი სურვილი მაშინვე შეესრულებინა. მე ეს ძალიან მახალისებდა. უნდა ვაღიარო, რომ ბოროტად ვსარგებლობდი მისი ასეთი დამოკიდებულებით ჩემდამი და კარგადაც ვერთობოდი. ის ხვდებოდა ამას, მაგრამ ისე ვუყვარდი, ყველაფერზე თვალს ხუჭავდა, ოღონდ ჩემ გვერდით ყოფილიყო. მაგრამ, ყველაფერს აქვს დასასრული და მისი მოთმინებაც გამოილია. ერთ დღეს მითხრა, აღარ შეგხვდებიო. ეს ისე გამიკვირდა, რომ გავბრაზდი კიდეც, გულში ვიფიქრე, ალბათ, რამე ფანდი მოიფიქრა-მეთქი, მაგრამ პაემანზე მართლა არ მოვიდა. დიდი ყურადღება აღარ მიმიქცევია – არ მოვიდა და, ნუ მოვიდა-მეთქი. მაგრამ, გავიდა რაღაც ხანი და მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა და ეს რაღაც მისი სიყვარულითა და ერთგულებით სავსე თვალები იყო. მერე ეს გრძნობა გაუსაძლის მონატრებაში გადაიზარდა და, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ვებრძოდი თავს (თითქმის ნახევარი წელი), ბოლოს მაინც გადავწყვიტე, დამერეკა, მაგრამ მობილური გამორთული ჰქონდა (ალბათ, ნომერი შეიცვალა), სახლის ტელეფონზე კი უცხო ხმამ მიპასუხა, აქ აღარ ცხოვრობენო. ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერსად მივაგენი. კარგა ხნის შემდეგ, ქუჩაში შემთხვევით შემხვდა მისი მეგობარი, რომლისგანაც გავიგე, რომ თაკო გათხოვილა და ქმართან ერთად რომელიღაც ქვეყანაში წასულა სამუშაოდ. ძალიან განვიცადე ეს ამბავი, მაგრამ წარსულს ვეღარ დავაბრუნებდი და იძულებული გავხდი, ბედს შევგუებოდი.
რამდენიმე წლის შემდეგ მეგობართან გავიცანი გოგონა, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავდა თაკოს და ერთ კვირაში შევირთე ცოლად. მაგრამ ჩემი ცოლი თაკოსგან აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათის აღმოჩნდა – იქით ვუსრულებ ყველა სურვილს, იქით ვცდილობ მისი გულის მოგებას, მაგრამ ირონიული ღიმილის მეტს ვერაფერს ვიმსახურებ. ეტყობა, ასე ხდება – ყველაფერი ბუმერანგივით უბრუნდება ადამიანს.
ანდრო, 31 წლის.
ბისექსუალი ვარ
ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, მოგწეროთ ჩემი სატკივარი: ვარ 27 წლის, მაქვს სამსახური, მყავს მეგობრები. ჯერჯერობით ვცხოვრობ მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზეა, ანუ ნორმალური ანკეტური მონაცემები მაქვს. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ვარ გეი, უფრო სწორად, ბისექსუალი. ამას საკმაოდ დიდი ხნის წინ მივხვდი, მაგრამ, წლებია, ვმალავ, რადგან, ზუსტად ვიცი, პირველ ყოვლისა, ჩემი ოჯახი მკრავს ხელს. მამაჩემი და ჩემი ძმა ისეთი კაცები არიან, მთებს აბრუნებენ. მე კი ასეთი ნაკლული აღმოვჩნდი. გარეგნობით არაფერი მეტყობა, რადგან ძალიან ვცდილობ, ჩემი ეს ავადმყოფობა დავმალო. დიახ, ავადმყოფი ვარ. აბა, ნორმალური რომ ვიყო, ქალიც და მამაკაციც ერთნაირად რატომ უნდა მაინტერესებდეს? ჩემები გადამკიდებიან, ცოლი შეირთეო. მე კი ვერ ვრისკავ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქალს მოვწონვარ. ვერ ვრისკავ, რადგან არ ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული – ვაითუ, ცოლს რომ შევირთავ, მერე კაცებისკენ გამიწიოს გულმა. ან ის ქალი რატომ უნდა გავაუბედურო, ვინც ცოლად გამომყვება და ან ჩემს მომავალ შვილებს რას ვერჩი. ასეთი ამბავი, საბოლოო ჯამში, მაინც არ იმალება და რატომ უნდა იტანჯონ მთელი ცხოვრება. არადა, გამოგიტყდებით, ძალიან მინდა, ოჯახი მქონდეს. ვიცი, რომ კარგი მშობელი ვიქნები და შვილებს არაფეს მოვაკლებ. მაგრამ, ხანდახან რომ დავფიქრდები, ვიბნევი, ვეღარ გამირკვევია, დედის როლში უკეთესი ვიქნები, თუ – მამის. ჰოდა, ვარ ასეთ ტანჯვაში. ჩემი ამ გადახრის გადამკიდე, ალბათ, უშვილძიროდ მიწერია გადაშენება. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.
ლევანი, 27 წლის.
ჩემს შვილს ვეტყვი, რომ აყვანილია
ძალიან კარგი გარეგნობის გოგო ვიყავი, მთხოვნელები ბუზებივით მეხვეოდნენ, მაგრამ, ისე მოხდა, რომ, ამ რჩევა-რჩევაში ყველა შემომეფანტა და გაუთხოვარი დავრჩი. 35 წლის ასაკში გადავწყვიტე, ბავშვი ამეყვანა. ჯერ ერთი, ძალიან მინდოდა შვილი, თანაც, ვფიქრობდი, მადლია, თუნდაც ერთ უპატრონო ბავშვს თუ გავზრდი და თბილ ოჯახურ კერას შევუქმნი-მეთქი. მე თვითონ მშობლები უკვე აღარ მყავდა და ხანდაზმულ დეიდასთან ერთად ვცხოვრობდი. ისიც შემპირდა, მოგეხმარები ბავშვის გაზრდაშიო და დიდი წვალებისა და ძებნის შემდეგ, მართლაც ვიშვილე ახალშობილი გოგონა, რომელიც დედამ სამშობიაროში დატოვა და ჩუმად გაიპარა.
მოგეხსენებათ, ასეთი რამ სამეზობლოში არ იმალება და ცოტა ხანში, მთელმა უბანმა იცოდა, რომ ჩემი შვილი აყვანილი იყო. სულ მეშინოდა, რომ წამოიზრდება, ვინმემ არ წამოაძახოს და ბავშვი არ გადამირიოს-მეთქი (ბოროტ ადამიანებს რა გამოლევს). ამიტომ, გადაწყვეტილი მქონდა, სიმართლე მეთქვა მისთვის, ოღონდ, ისეთი ფორმით, რომ ეს ნაკლებ მტკივნეული ყოფილიყო. მაგრამ, ყველაფერი ისე წარიმართა, აქამდე არც მისულა საქმე (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით): ჩემი ანუკი დაახლოებით 7 წლის იყო, რომ ვიღაც უცხო მამაკაცი გვესტუმრა და გვითხრა, მე ბავშვის დედამ გამომგზავნა თქვენთან და, თუ არ გინდათ, თვითონ მოინახულოს და ყველაფერი უთხრას, 500 დოლარი უნდა გამატანოთ მასთანო. არც ისეთი გულუბრყვილო ვარ, ვიღაც უცნობისთვის, ასე ერთი თქმით, ამხელა თანხა მიმეცა და სახლიდან გავაგდე. მაგრამ, საკმაოდ შევშინდი, რადგან იმ კაცს იმ დღის მერე ხშირად ვხედავდი, როგორ დაყიალებდა ჩვენს კორპუსთან. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ამ ამბის ძალიან გახმაურებაც არ მინდოდა, მაგრამ ის კაცი ხან სად მხვდებოდა, ხან – სად და ერთსა და იმავეს ითხოვდა. თან, მაშინებდა, შეიძლება, იმ ქალმა თავისი შვილი მოიტაცოს და მერე უფრო დაიტანჯებიო.
ბევრი ფიქრის შემდეგ, ჩემს დაქალს დავურეკე, რომლის ქმარიც პოლიციაში მუშაობდა და ვთხოვე – იქნებ, შენმა ქმარმა მირჩიოს, როგორ მოვიქცე-მეთქი. ის კი, რჩევის ნაცვლად, პირდაპირ საქმეს შეუდგა და ორ დღეში ის ტიპი პირდაპირ ჩემს სახლთან დააკავა. როგორც გაირკვა, არანაირ ქალს არ ჰყავდა გამოგზავნილი, მარტო მოქმედებდა. თურმე, გაიკითხავდა, ვის ჰყავდა ნაშვილები ბავშვი და მერე მშობლებს შანტაჟს უწყობდა – ფულს სძალავდა. სხვათა შორის, ხშირ შემთხვევაში, გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ, ამჯერად, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. იმის შიშით, კიდევ ვინმე არ მომადგეს კარზე-მეთქი, ბინა გავყიდე და სხვა უბანში გადავედით. ასე, უფრო მშვიდად ვიქნები. მერე კი ჩემს შვილს აუცილებლად ვეტყვი სიმართლეს. ოღონდ, ცოტა რომ მოიზრდება.
ნანა, 44 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.