რატომ არის ზვიად კორძაძის აზრით ადვოკატობა რთული და რა პრინციპების ერთგული დარჩა ის 16 წლის განმავლობაში
„კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ სათავეში უდგას გამოცდილი ადვოკატი ზვიად კორძაძე. როგორც თავად ამბობს, საქართველო კარგი ადვოკატების დეფიციტს არ უჩივის. ბატონი ზვიადი ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმარია და საინტერესოდ გვიამბობს თავისი საქმიანობის შესახებ.
– ბატონო ზვიად, რამდენი წელია, რაც ამ სფეროში მოღვაწეობთ და რომელ სეგმენტში?
– დაახლოებით 16 წელია, რაც ადვოკატის პროფესიას ვემსახურები. მიმუშავია სისხლის სამართალში, სამოქალაქოშიც... პრაქტიკულად, ყველა სფეროში და, აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ კარგ ადვოკატს ყველა სახის სამართალში მუშაობა უნდა შეეძლოს. შესაძლოა, რომელიმე კონკრეტული სფერო მისთვის უფრო საინტერესო და პრიორიტეტული იყოს, მაგრამ ადვოკატს ნამდვილად უნდა შეეძლოს ყველა მიმართულებით მუშაობა.
– რა არის საჭირო იმისთვის, რომ იყო კარგი ადვოკატი?
– კარგი ადვოკატობისთვის, დამერწმუნეთ, მარტო კარგი იურისტობა საკმარისი ნამდვილად არ არის. ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, მაგრამ, არა საკმარისი. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გიყვარდეს შენი საქმე. ადვოკატობა ისეთი რთული პროფესიაა, ის ნამდვილად არ შეიძლება, ჰობი იყოს. მხოლოდ შემოსავლის წყაროდ ეს საქმე არ უნდა აქციო. მე არ ვამბობ, რომ ამ საქმიდან მიღებული შემოსავალი არ არის მნიშვნელოვანი, ცხადია, ძირითადი ფინანსური წყარო შენი პროფესიაა, რითაც მუშაობ, მაგრამ, მაინც მთავარია, გიყვარდეს შენი საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გაჩნდა უკეთესი შემოსავლის ალტერნატივა, აუცილებლად წახვალ სხვა სფეროში. მეც ბევრჯერ მქონია შემოთავაზება პოლიტიკიდან, მაგრამ, არ წავედი, აქ დავრჩი, რადგან, ჯერჯერობით, ჩემს სურვილებსა და მისწრაფებებს ეს პროფესია შეესაბამება. ადვოკატი, ცხადია, უნდა იყოს გულისხმიერი ადამიანი და კლიენტის გასაჭირი თუ პრობლემა გულთან ახლოს უნდა მიიტანოს. იმის თქმა კლიენტისთვის, რომ „ხვალ არ მცალია“, ან „გვიან ნუ დამირეკავ“, ჩემი აზრით, პროფესიული თვალსაზრისით არასწორია. რაღაც მომენტში, შენ იმ ადამიანისთვის მხოლოდ დაქირავებული პროფესიონალი კი არა, პრობლემის ერთადერთი გადამჭრელი ხდები. მიმაჩნია, რომ კლიენტთან ურთიერთობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ რაიმე სამართლებრივი პრობლემის განმეორებით აღმოცენების შემთხვევაში, ადამიანმა შენ მოგმართოს და არა სხვას.
– სფერო, თავისთავად, ალბათ, ძალიან რთულია.
– ნამდვილად ძალიან ძნელი საქმეა. პროცესზე უამრავ უარყოფითსა და დადებით ემოციას იღებ. ადვოკატი ხომ არა ერთსა და ორ, არამედ უამრავ პროცესში მონაწილეობს. რთული და დაძაბული პროცესის კომპენსაცია ადვოკატისთვის მოგებული საქმეა. ჩვენი სფეროს წარმომადგენლისთვის ამაზე უფრო დიდი პროფესიული ბედნიერება არ არსებობს. ასევე, არ არსებობს იმაზე უფრო დიდი დაფასება, ვიდრე ის, რომ კლიენტის თვალებში მადლიერებას კითხულობ.
– სასამართლო პროცესებზე ნერვიულობთ ხოლმე?
– მიუხედავად იმისა, რომ 16 წელია, ადვოკატად ვმუშაობ, სასამართლო პროცესზე გამოსვლისას ყოველთვის ვნერვიულობ, რაც, ჩემი აზრით, დიდი პასუხისმგებლობის ნიშანია. მე ვერ წარმომიდგენია მსახიობი, რომელიც არ ღელავს სცენაზე გასვლის წინ; ჟურნალისტი, რომელიც ინტერვიუს ჩაწერამდე ან პირდაპირ ეთერში გასვლამდე ცოტათი მაინც არ ნერვიულობს. ზოგადად, ეს უარყოფით მოვლენად არ მიმაჩნია, რადგან, ნერვიულობა და სტრესი უკავშირდება მთელი შენი გონებრივი რესურსების მობილიზებას, ადრენალინის გამოყოფას ორგანიზმში. თუ შენ მოდუნებული, არამობილიზებული შეხვედი დარბაზში საქმის განხილვაზე, ეს აუცილებლად აისახება მუშაობის ხარისხსა და პროცესის შედეგზე.
– მითხარით, რატომ და როგორ აირჩიეთ იურისტის პროფესია?
– ეს აბსოლუტურად ჩემი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო. ჩემი მშობლების, ისევე, როგორც მაშინდელი მშობლების უმრავლესობის უდიდესი სურვილი იყო, ექიმი გამოვსულიყავი და მამზადებდნენ კიდეც შესაბამის საგნებში. მაგრამ, სკოლა რომ დავამთავრე, გამოვუცხადე, რომ ექიმობა კი არა, იურისტობა მინდოდა. მშობლები ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ. მოვემზადე იმ დისციპლინებში, რომლებიც იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად იყო საჭირო და გავხდი კიდეც ამ ფაკულტეტის სტუდენტი. უშუალოდ ადვოკატობით ჩემი დაინტერესება უფრო გვიან მოხდა. ყველა იურისტს აქვს ცხოვრებაში პერიოდი, როცა კონკრეტული დისციპლინის შესწავლის კვალდაკვალ, სხვადასხვა მიმართულებით უნდა მუშაობა. როცა სისხლის სამართალსა და კრიმინოლოგიას სწავლობ, გიჩნდება სურვილი, გამომძიებელი გახდე და ასე შემდეგ. როცა ყველაფერ ამას ამთავრებ, დგები არჩევნის წინაშე. ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს, რა უნდა. ჩვენ სრულიად უსასყიდლოდ ვცდილობთ, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ავიყვანოთ პრაქტიკაზე და უშუალოდ ვაჩვენოთ, შევასწავლოთ ეს საქმე და მას მერე, რაც ნახავენ, თუ რამდენად რთულია ეს სფერო, თავად გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა, იყვნენ ადვოკატები.
– რომელია ყველაზე გახმაურებული პროცესები, რომლებიც მოგიგიათ?
– მე ვიყავი „რუსთავი 2-ის“ ადვოკატი შევარნაძის დროს. მეორედ ამ არხს კიდევ შეუჩერეს მაუწყებლობის ლიცენზია, ოღონდ, სხვა მიზეზით. მე პირველ შემთხვევას ვგულისხმობ. მაშინ „რუსთავი 2” ჯერ კიდევ პატარა ტელეკომპანია იყო და რუსთავში მაუწყებლობდა. ეს იყო იმ დროისათვის ერთადერთი ტელეკომპანია, რომელიც განსხვავებულ სიტყვას ამბობდა. მას შემდეგ, ასე ვთქვათ, მედიის ქომაგი ვარ (იცინის). „რეზონანსს” წარმოვადგენდი კახა თარგამაძის წინააღმდეგ, ახლა „კვირის პალიტრის” ადვოკატი ვარ ირაკლი ლომაიას წინააღმდეგ. იყო პერიოდი, როცა პრესა არ იყო ისეთი ძლიერი და გავლენიანი და მას სჭირდებოდა სერიოზული მხარდაჭერა, ახლა ვითარება ნაწილობრივ შეიცვალა. მიმაჩნია, რომ მედიის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს. წარმოვადგენდი „კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას” „კოკა-კოლას“ ქართული ლოგოს შესახებ წამოჭრილ დავაში. ცნობილი სიმღერის – „ყვავილების ქვეყანას” საავტორო უფლებების ირგვლივ არსებულ დავაში; ასევე, წარმოვადგენდი ლილოს ინციდენტის დროს რადიაციით დასხივებული ჯარისკაცების ინტერესებს. მნიშვნელოვანი საქმეები არ არსებობს, ყველა საქმე ერთნაირად მნიშვნელოვანია.
– რამდენი ადვოკატია დასაქმებული დღეს თქვენს ფირმაში და რა კრიტერიუმებით არჩევთ მათ?
– დღეის მდგომარეობით ჩვენთან 10 ადვოკატი მუშაობს. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, მაღალი პროფესიონალიზმია და ყველა ის თვისება, რაც ზევით უკვე ჩამოვთვალე. რა თქმა უნდა, უცხოური განათლება, ენების ცოდნა კიდევ დამატებითი პრივილეგიაა, თუმცა, არა სავალდებულო. ენების ცოდნას ვითხოვთ იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც უცხოელებთან მუშაობენ. ჩვენ ვცდილობთ, შტატი გავზარდოთ არა ჩანაცვლების, არამედ ზრდის ხარჯზე და იმ სტუდენტთაგან, რომლებიც ჩვენთან სტაჟირებასა თუ პრაქტიკაზე მოდიან, შევარჩიოთ საუკეთესი კონტინგენტი.
– მე ვიცი, რომ თქვენ ახალი ოფისი გაქვთ, რატომ გადაწყვიტეთ შენობის შეცვლა?
– პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერიერს, გარემოს. როცა მივდივარ დანტისტთან ან, ექიმთან, ამას ყურადღებას ვაქცევ. ზოგი კლიენტისთვის ეს სულ ერთია, ზოგი კი პრეტენზიულია და ამიტომ, შევეცადეთ, ინტერიერი მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო ყოფილიყო.
– რეგიონებიდან თუ მოგმართავენ ხშირად?
– დიახ, ძალიან ხშირად მოგვმართავენ და, ამიტომ, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გაფართოებას ვფიქრობთ, კერძოდ, ქუთაისში ვაპირებთ ფილიალის გახსნას, რომელიც დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოემსახურება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ თბილისის ოფისი ჯერჯერობით საკმარისია რუსთავის, მცხეთის, სხვა ქალაქის მოსახლეობის მომართვიანობის დასაკმაყოფილებლად.
– ქალბატონები თუ მუშაობენ თქვენს ფირმაში?
– რა თქმა უნდა, და, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არაერთი კარგი ქალი ადვოკატი მეგულება. ქართველი ქალი ძალიან ნიჭიერია და ბევრ ასპარეზზე აღწევს წარმატებას, მათ შორის ჩვენს სფეროშიც. მინდა ხაზი გავუსვა, რომ იმ პრაქტიკანტების უმრავლესობას, რომლებიც ჩვენთან მოდიან, იურისტი გოგონები შეადგენენ.
– გარდა უშუალოდ ადვოკატობისა, კიდევ რას საქმიანობთ? სალექციო კურსს ხომ არ კითხულობთ რომელიმე უნივერსიტეტში?
– ჯერ არა, მაგრამ ახლო მომავალში ვგეგმავ სალექციო კურსის წაკითხვას, ეს ჩემთვის გართობა ვერ იქნება, რადგან სტუდენტებთან ურთიერთობა სერიოზული საქმეა. ვარ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, იურიდიულ პატრონაჟს ვუწევ მარჯანიშვილის თეატრს, სრულიად მოულოდნელად ამირჩიეს სპორტული თევზაობის ფედერაციის პრეზიდენტად. თევზაობა ჩემი ჰობია, ნადირობაც მიყვარს, მაგრამ თევზაობა – უფრო მეტად. სამწუხაროდ, ჩვენში ზამთრის თევზაობა არ არის, ამიტომ ზაფხულში დავდივარ ხოლმე სათევზაოდ. ჩვენ პატიოსანი, კანონიერი გზებით ვთევზაობთ, დინამიტის, ელექტრონისა და ბადეების გარეშე.
– ბადით თევზაობა, რა, აკრძალულია?
– აკრძალული არ არის, მაგრამ, თუ მთელი კვირა გექნება ბადე გაბმული, ბუნებრივია, ეს კანონგარეშე ქმედებაა. საყურადღებოა ბრაკონიერობის პრობლემა თევზჭერის კუთხით. თუ ასე გაგრძელდა, თევზი, უბრალოდ, აღარ იქნება. ამით ძალიან დავინტერესდი, სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი ამ კუთხით.
– ოჯახზე რას გვეტყვით, რამდენი შვილი გყავთ?
– მყავს ერთი ვაჟი, ნიკა კორძაძე, რომელიც მესამე კლასის მოსწავლეა. კარგად სწავლობს, მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, მაგრამ, პროფესია ჯერ არ აურჩევია ნამდვილად (იცინის), თუმცა მე მის პროფესიულ არჩევანში არ ჩავერევი.