კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ნათია გამცემლიძის ქორწინება წლის პოლიტიკურ ამბებში და რა გადაიტანა მან თაფლობის თვეში მადეირაზე

ერთი თვეც არაა, რაც ჟურნალისტმა ნათია გამცემლიძემ პირადი ცხოვრება „ჯითი ჯგუფის” ხელმძღვანელს, ბიზნესმენ ლევან გოქსაძეს დაუკავშირა. მათი სიყვარულის ისტორია მოულოდნელად დაიწყო და მალევე ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. თუმცა, იქამდე ლევან გოქსაძეს ცნობილი ჟურნალისტის გულის მოსაგებად დიდი ძალისხმევა დასჭირდა – რომანტიკული ვახშამი ბარსელონაში, აგენტურული ქსელის დახმარება და საჩუქრები, რომლებზეც რადიო „უცნობის“ პოპულარული გადაცემის წამყვანი დიდხანს ამბობდა უარს, – უკვე წარსულში დარჩა. ახალდაქორწინებულები სულ ახლახან დაბრუნდნენ პორტუგალიიდან, სადაც მათ დაუვიწყარი თაფლობის თვე გაატარეს.

ნათია გამცემლიძე: ეს სიყვარული ჩემს ცხოვრებაში ძალიან მოულოდნელად მოვიდა. თავიდან ბოლომდე შრომით რეჟიმში ვიყავი ჩართული – არც სიყვარულზე ვფიქრობდი და არც გათხოვებაზე, თუმცა ლევანს კარგად ვიცნობდი. ის ჩემი სიძის და ახლო მეგობრების მეგობარია. ამას გარდა, ვმეგობრობდი ლევანის ძმასთან. ვიცოდი, რომ ლევანს მოვწონდი, მაგრამ მე მის მიმართ გრძნობა არ მქონდა. რამდენიმე თვის წინ ლევანი ძალიან გააქტიურდა. მაშინ მეჩვენებოდა, რომ ის ზომაზე მეტად აქტიური იყო, ინფორმატორებისა და „აგენტების” წყალობით, რომლებიც, როგორც ჩანს, ლევანს მრავლად ჰყავდა, ის მხვდებოდა ყველგან, სადაც კი მივდიოდი, მიგზავნიდა უამრავ საჩუქარს, რომლებსაც მე ხანდახან არ ვიღებდი და ამაზე ძალიან ვჩხუბობდი. ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ, მაინც ვერ ვახერხებდი ხოლმე საჩუქრის უკან დაბრუნებას.

– როგორც ვიცი, შეყვარებულობის პერიოდში ლევანმა დაუვიწყარი სიურპრიზი მოგიწყო ბარსელონაში.

– ნოემბრის ბოლო დღეებში მე და ჩემი მეგობარი რამდენიმე დღით წავედით ბარსელონაში, სადაც ჩვენი ახლო მეგობარი ცხოვრობს. პირველ დეკემბერს ჩემი დაბადების დღე იყო. მე და ჩემი მეგობარი წავედით რესტორანში დაბადების დღის აღსანიშნავად. რა უნდა გაგვეკეთებინა ორ მეგობარს ბარსელონას რესტორანში? მე სასმელთან ვერ ვმეგობრობ, დიდი-დიდი, ერთი ჭიქა ღვინო დაელია ჩემს მეგობარს. ვივახშმებდით და სახლში დავბრუნდებოდით. მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, რესტორანში დაგვხვდა ლევანი თავის მეგობრებთან და ესპანელ მომღერლებთან ერთად. ჩვენ ძალიან ვიმხიარულეთ და ფანტასტიკური დრო გავატარეთ. ბარსელონაში მივხვდი, რომ ამ ადამიანთან ცხოვრება მინდოდა.

– როგორც ჩანს, ესპანეთში მოწყობილმა სიურპრიზმა გაჭრა.

– ლევანი ხუმრობს, სიყვარულს ძალიან უხდება ესპანეთის ჰაერიო... ადამიანი ამდენს რომ გააკეთებს შენთვის, ეს ძალიან სასიამოვნოა. მე რასაკვირველია, არ ვიცოდი, ლევანი რომ ბარსელონაში იყო. თურმე ჩემს მეგობარს „შეეკრა”, ორი დღით ადრე ჩასულა ბარსელონაში, მაგრამ ისე იმალებოდა, მე ეს არ ვიცოდი. ჩემგან მალულად ურეკავდა ჩემს მეგობარს და იყვნენ ერთ ამბავში. ჩემს მეგობარს მაჭანკლობა კარგად გამოუვიდა (იცინის). ის დაბადების დღე ისეთი ლამაზი და კარგი იყო, ალბათ, არასდროს დამავიწყდება. ბარსელონადან მე და ლევანი ცალკ-ცალკე წამოვედით, თუმცა თბილისში ერთად ჩამოვედით. აქ ჩვეულებრივ გავაგრძელეთ ურთიერთობა, ლევანთან ერთად კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ის კომფორტის შექმნის დიდოსტატია. ერთ დღესაც ლევანმა მკითხა: ჰა, ახლა გადაწყვიტე და თქვი რამეო. როგორც კი ჩემგან თანხმობა მიიღო, მეორე დღესვე, ისე რომ მე არც კი ვიცოდი, ხელის სათხოვნელად მამაჩემთან მოვიდა.

– ქორწილი გქონდათ?

– კი, ქორწილი გადავიხადეთ რესტორან „ბაგრატიონში”. ძალიან მინდოდა, რომ ქორწილში ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი დამეპატიჟა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. თუმცა, ამას გამოვასწორებთ და როცა მე და ლევანი საცხოვრებლად წავკისში გადავალთ, იქ ჩვენს ეზოში აუცილებლად გადავიხდი დიდ წვეულებას და საქორწინო კაბას კიდევ ერთხელ მოვირგებ. საქორწინო სამზადისში მე არ ვყოფილვარ ჩართული, მე მხოლოდ კაბაზე ზრუნვა მევალებოდა, რომელიც ავთანდილ ცქვიტინიძემ შემიკერა. ლევანს ძალიან ვთხოვე, რომ ქორწილში სმოკინგი ჩაეცვა, ამაზე ძალიან დამცინა: სად ვიშოვო სმოკინგიო. თუმცა, საბოლოოდ, ეს სურვილიც შემისრულა. ჩვენ ქორწილის ღამესვე გავემგზავრეთ პორტუგალიაში, მადეირაზე. ძალიან მინდოდა, რომ თაფლობის თვე ისეთ ადგილას გაგვეტარებინა, სადაც სითბო იქნებოდა. ლევანმა შემომთავაზა მადეირა და მისი არჩევანი სწორი აღმოჩნდა – ეს არის ულამაზესი თეთრი კუნძული ოკეანის პირას, ფანტასტიკური ბუნებით და კარგი სასტუმროებით. მადეირაში დაგვხვდა კარგი ამინდი, მზე, აუზი და ოკეანე, ყველაფერი, რაც თაფლობის თვეს სჭირდება. რამდენიმე დღეში ჩამოვიდნენ ჩვენი ახლობლებიც, რითაც ძალიან გაგვახარეს. მადეირაზე ისეთი ზღაპრული გარემო იყო, მაღაზიებში წასვლის სურვილიც კი არ გამჩენია – მინი-შოპინგი გავაკეთე. ერთადერთი პრობლემა, რაც იქ მქონდა, ის იყო, რომ ყველა მიირთმევდა ზღვის პროდუქტებს, რომლებსაც მე ვერ ვჭამ და ამიტომ ვიყავი შემწვარ კარტოფილზე. ყველა დამცინოდა: ამხელა გზა იმიტომ გამოიარე, რომ შემწვარი კარტოფილი გეჭამაო? ამის მიუხედავად, მადეირაზე ფანტასტიკური დრო გავატარეთ. ბიჭიკო და ჭიჭიკომაც კი დამინდეს, რისიც იქ საკმაოდ მეშინოდა.

– რას გერჩოდნენ ბიჭიკო და ჭიჭიკო?

– როგორც კი ჩემი ამბები გაიგეს, ერთი გადაცემა არ ჩაუგდიათ, ისე „მიტევდნენ.” ყოველდღე საოცრებებს ლაპარაკობდნენ ეთერში. სადმე რომ მივდიოდი, მირეკავდნენ და ისეთ შეკითხვებს მისვავდნენ, ძალიან მრცხვენოდა. მერე ჩემი გათხოვების თემა აიტაცეს, ამიტომ მეშინოდა, მადეირადან პირდაპირი ჩართვის მცდელობა არ მოეწყოთ.

– შენ და ლევანი ცალკე ცხოვრობთ?

– ცალკე საცხოვრებლად გადავალთ მას შემდეგ, რაც წავკისში ჩვენი ბინის რემონტი დასრულდება. ჯერჯერობით ვცხოვრობთ ლევანის მშობლებთან ერთად, რომლებიც არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ასე მგონია, მთელი ცხოვრება მათთან ერთად გავატარე. ლევანის დედა ყველანაირ კომფორტს მიქმნის – არ მევალება საოჯახო საქმეებზე ზრუნვა, ან მას როგორ შევედრები? დილით, როცა ლევანი სამსახურში მიდის, მე ვაკონტროლებ, როგორი ჩაცმულ-დახურულია. თუ რამე არ მომეწონა, ვეუბნები, რაზეც ხუმრობს: ჩემი დიზაინერი კი გახდი, მაგრამ ჩემს უფლებებს ნუ არღვევო.

– შენი ცხოვრება, ალბათ, ძალიან შეიცვალა.

– რასაკვირველია, შეიცვალა, ადრე სამსახურიდან რომ მივდიოდი, ჯერ ვრეკავდი სახლში და მამაჩემს ვაბარებდი „აჩოტს” – სად ვაპირებდი წასვლას, თუ გოგონებთან ერთად მივდიოდი სადმე. ახლა ეს ყველაფერი თან მინდა, მაგრამ მირჩევნია, რომ ლევანთან ერთად ვიყო. როგორც კი საქმეებს მოვრჩები, უკვე ლევანს ვურეკავ და მასთან ერთად მივდივართ მეგობრებთან, ან სადმე ვჯდებით სავახშმოდ. ჯერჯერობით ლევანი ისეთი ქმარია, როგორიც წარმომედგინა. ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც მე მსურს. თუ სადმე ვართ წასასვლელი და მე მაინცდამაინც არ მინდა წასვლა, მეუბნება: კარგი, არ გინდა, არ წავიდეთო. ჯერჯერობით მითმობს ყველაფერს, მერე ვნახოთ, როგორ იქნება. შემპირდა სიურპრიზებს არ დავივიწყებო (იცინის). არა მგონია, რომ ქართველი ქმრის ხასიათი გამოაჩინოს, პირიქით, მე მეუბნება: ჯაჯღანა ხარო. ჩემგან განსხვავებით, თვითონ ძალიან მშვიდი ხასიათი აქვს. მე მინდა, რომ ლევანი ჩემს ტალღაზე გადმოვიყვანო და უფრო ემოციური გავხადო, მაგრამ – არ მგონია, ეს გამომივიდეს. ლევანი ყველაფერს მშვიდად, უემოციოდ უყურებს, თუმცა უკვე დავრწმუნდი, რომ ის ჩემზე მეტად ხალისიანია. შეუძლია, იცეკვოს, გაერთოს, იმხიარულოს, მე უფრო ზარმაცი ვარ, რის გამოც მეუბნება ხოლმე: 50 წლის ხარო (იცინის).

– შენი ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა შენი ქმრის საქმიანობაზეც ვრცელდება?

– თავიდან ვცადე, რომ რაღაც-რაღაცეები გამერკვია. ახლა უკვე ვიცი, რომ ლევანის საქმიანობა ავტომანქანებს უკავშირდება და მის კომპანიაში ცუდი არაფერი ხდება. მეტი ინფორმაციით არ დავინტერესებულვარ. ეს არის ლევანის საქმე, რომელშიც მე არასდროს ჩავერევი.

– შენთან შეხვედრამდე ლევანის პირადი ცხოვრება მაინც გახდებოდა შენი „კვლევის” თემა.

– კი, ძალიან საინტერესოდ გამოვიკვლიე, თუმცა მაინცდამაინც დიდი ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება არ დამჭირვებია. ლევანის ყოფილი თაყვანისმცემლები თვითონ მატყობინებდნენ თავიანთ არსებობას. რა გამოლევს ბოროტ ენებს? იყო ჩემს ტელეფონზე ზარები, მესიჯები, მაგრამ ამით საკმაოდ ვხალისობდი. ლევანს სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია. მე ასე ვიცი, ლევანმა ასე მითხრა და მეც მჯერა მისი. სიმართლე გითხრათ, თუ ჩემამდე დიდი რომანი ჰქონდა, არც ესაა ჩემთვის პრობლემა, მარტო ცხოვრობდა და სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ასე რომ, ჯობია, ყველა მშვიდად იყოს.

– ავტომობილების ბიზნესში ჩართულმა ქმარმა ბაფთიანი ავტომანქანა არ მოგიძღვნა?

– არა, მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ არ მაქვს მართვის მოწმობა. ლევანი მაძალებს, რომ უნდა ვიმეცადინო ტესტებზე და მართვის მოწმობა ავიღო. მაგრამ, რამდენჯერაც გავხსენი კომპიუტერში ის ტესტები, ვერაფერი გავუგე. გამორიცხულია ის ვისწავლო. ვატყუებ ლევანს, ვმეცადინეობ-მეთქი, მაგრამ ახლა გაიგებს, რომ ერთი ბილეთიც არ მისწავლია. ჯერჯერობით უმანქანობა არ მაწუხებს. თუ სადმე ვარ წასასვლელი და ლევანს არ სცალია, თავის მძღოლს მიგზავნის.

– სამსახურს თაფლობის თვის შემდეგ მაშინვე დაუბრუნდი?

– კი, მეორე დღესვე. ლევანიც თავის სამსახურში გაიქცა. ამაზე შეთანხმებულები და გარიგებულები ვიყავით. ლევანს მოსწონს, აქტიურად რომ ვარ ჩართული ჩემს საქმეებში. ბოლო დროს, ცოტა დროში ავირიე და სამსახურში ვიგვიანებ ხოლმე. მაგრამ, ეს მალე გამოსწორდება. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სწრაფი ტემპით იცვლება. უცვლელი რჩება რადიო „უცნობი”. აქაურობა ისე მიყვარს, ამის გარეშე ნამდვილად ვერ გავძლებ. ვერაფრის გამო ვერ შეველევი. მადეირაზე ყოფნის დროსაც კი ხშირად ვფიქრობდი ჩემს სამსახურზე. ძალიან ვღელავდი, თბილისურ ამბებს ჩამოშორებული, გადაცემას როგორ წავიყვანდი. ჩემმა ერთგულმა მსმენელმა ჩემი გათხოვების ამბავი ჭიჭიკო და ბიჭიკოსგან შეიტყო. მერე საახალწლო ეთერში, რომელიც მე, ეკა ხოფერიას და ნინო ჟიჟილაშვილს მიგვყავდა და წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებს ვაჯამებდით, რეკავდნენ აქტიური რადიომსმენელები და პირდაპირ ეთერში მილოცავდნენ გათხოვებას. ამასთან დაკავშირებით შეკითხვებსაც მისვამდნენ. ასე რომ, წლის პოლიტიკურ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ჩემი გათხოვებაც მოხვდა (იცინის).




скачать dle 11.3