რატომ ეგონა ნანა მჭედლიძეს დოდო აბაშიძე გიჟი და რისი გაკეთება გადააფიქრებინა მან მსახიობს
საქართველოში, ალბათ, იშვიათად გინახავთ ქალი, რომელიც სპექტაკლებსაც დგამს და ფილმებსაც იღებს. ნანა მჭედლიძე ის რეჟისორი ქალბატონია, რომელმაც სიყვარულითა და არაჩვეულებრივი იუმორით გადმოსცა ჩვენი ერთ-ერთი გასაოცარი კუთხის – იმერეთისა და იმერლების ცხოვრების ეპიზოდები. მაგრამ, ალბათ, ყველამ არ იცის, რომ ფილმს საფუძვლად სწორედ მისი ბავშვობის პერიოდი უდევს. არც მისმა ცხოვრებამ ჩაიარა მსუბუქად: რეპრესირებული ოჯახი, უდედმამოდ დარჩენილი და-ძმა... ბედის საძიებლად თბილისში ჩამოსული გოგონა მალე თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „მოდის მატარებელი“ ოტია იოსელიანის ნაწარმოების მიხედვით გადაიღო, რომელიც მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო. მალე მას სხვა ფილმებიც მოჰყვა: „აეროპორტი“, „გზაში“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები, „დიდედები და შვილიშვილები“, „გელა“, და „პირველი მერცხალი“ გახლავთ. პირად ცხოვრებაში კი, ყველაფერმა უბრალოდ ჩაიარა. არჩევანი ქორწინების ნაცვლად ისევ კინოზე შეაჩერა. მაშ, მოდი, ყველამ ერთად გადავშალოთ ქალბატონი ნანას ცხოვრების დღიური და დავათვალიეროთ მისი საოჯახო ალბომი.
ნანა მჭედლიძე: ხონიდან თბილისში რომ გადმოვედი, მეშვიდე კლასში ვიყავი. დედაჩემი, ბარბარა ფარცხალაძე, ის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო, 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლია – როცა ის გადაასახლეს, მე და ჩემი ძმა მარტო დავრჩით და ბედის საძებნელად თბილისში წამოვედით. მამიდებთან და დეიდასთან ვცხოვრობდით. ყველაფერი კი ასე დაიწყო: როცა სკოლებში და ბაღებში პირველად შემოვიდა საახალწლო ხის ზეიმები, მანამდე, რატომღაც, აკრძალული იყო, მასწავლებელმა გვითხრა, სანთლები უნდა ავანთოთო. დედამ თავისი აზრი გამოთქვა: სანთლები რად გვინდა, როცა ელექტროენერგია არსებობსო. მაინც აანთეს და გაჩნდა ხანძარი. დედამ თქვა: კიდევ კარგი, ბავშვებს არაფერი მოუვიდათო. მისი ნათქვამი სხვანაირად გაიგეს, კუდი მოაბეს, ვითომ ეს მარტო თავის შვილებზე თქვა. მაშინ ყველანაირი საბაბით იჭერდნენ და დედაც დაიჭირეს. თორმეტი წელი გადასახლებაში იყო. თორმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ თბილისში დაბრუნება აკრძალული ჰქონდა. რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. „იმერულ ესკიზებში“ ერთი ეპიზოდია, სადაც ბავშვები სპექტაკლს დგამენ, რომ იქიდან შემოსული თანხით თავიანთ გაჭირვებულ მეგობარს დაეხმარონ. ყველაფერი, რაც ფილმშია, ჩემს ბავშვობაში ხდებოდა. ჩვენც ვმართავდით წარმოდგენებს: ჩვენი სახლის წინ ორი ნაძვი იდგა. გავაბამდით ბაწარს, გადავკიდებდით ტილოს, საღამოს ლამპას ავანთებდით და ვთამაშობდით. ფარდაზე ჩვენი ლანდები ჩნდებოდა, ვითომ კინო იყო და ეს ყველას მოსწონდა, თუმცა, სოფელში კლუბიც არსებობდა. უჩვენებდნენ როგორც უცხოურ, ისე ქართულ ფილმებს. ხშირად გადიოდა „დაკარგული სამოთხე“, „ვერცხლის შარფი“, რომლის მთავარ გმირს ნანსი ერქვა. ისე მომწონდა ის ქალი და მისი სახელიც, რომ გამოვაცხადე დღეიდან ნანსი დამიძახეთ-მეთქი. თანატოლები დამცინოდნენ და ისევ ნანას მეძახდნენ, მე კი საშინლად ვბრაზობდი. რაც შეეხება მამას, ის მათემატიკის მასწავლებელი გახლდათ, 20 წლის იყო, როცა გასაბჭოება მოხდა და დაიჭირეს. სერგო ორჯონიკიძეს ებრძოდა. დახვრეტა მიუსაჯეს. ბებიამ ვიღაც გავლენიანი ნათესავი ნახა, გვარად ელიავა და ციხიდან დაიხსნა. მამამ ციხეში სულ ერთი წელიწადი დაყო, შემდეგ ხონში გაგზავნეს. ამბობდნენ, ერთ ძალიან ლამაზ ახალგაზრდა ქალს უყვარდაო. როცა დაჭერილი იყო, ის ქალი ციხის უფროსთან მისულა და გამოშვება უთხოვია. ციხის უფროსს უთქვამს, თუ ცოლად გამომყვები, გამოვუშვებო. მართლაც, გამოუშვეს. მერე დედა და მამა ერთმანეთს შეხვდნენ და შეუღლდნენ. დედამ მამას ძალიან შეუწყო ხელი, რომ ლენინგრადში წასულიყო სასწავლებლად და ინჟინრის სპეციალობას დაუფლებოდა. ბიძინა მჭედლიძის აშენებული გახლავთ ცნობილი ხიდი გუმისთაზე, რომელიც აფხაზეთის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ნაგებობად ითვლებოდა. ჩემმა ძმამაც, ბიძინა მჭედლიძემ, მამის საქმე გააგრძელა და მთელი თავისი სიცოცხლე საქართველოში გზების მშენებლობას მიუძღვნა. ბაბუა, მამაჩემის მამა, მღვდელი სიმონი, 1924 წელს კომუნისტებმა დახვრიტეს. იმ ხუთ სასულიერო პირს შორის იყო, რომლებიც შემდგომ წმიდანებად იქნენ შერაცხილი: ეპისკოპოსი ნაზარე ლეჟავა; მღვდლები: სიმონ მჭედლიძე, გერმანე ჯაჯანიძე, იეროთეოზ ნიკოლაძე და დიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე.
თუკი რაიმე საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს ბავშვობის წლებია. უფლისადმი რწმენა ბავშვობიდან მომდევს. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ძილის წინ პატარა აკაკის ლოცვას ვიმეორებდი „ჩემი თავგადასავლიდან“: „დავწვები, დამეძინება, სიზმარი დამესიზმრება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი, სასთუმალს დამესვენება, ღმერთი მწყალობს ჯვარცმული, ვერას მავნებს ავსული“.
– ქალისთვის კინორეჟისორობა ძალიან რთულ და პრესტიჟულ პროფესიად ითვლება. როგორ დაიწყო ყველაფერი?
– როგორც უკვე ვთქვი, კინო და თეატრი ბავშვობიდან მიტაცებდა. სკოლის დამთავრებამდე, ერთი წუთითაც არ მტოვებდა იმის სურვილი, რომ თეატრალურ ინსტიტუტში შევსულიყავი. ძალიან მიყვარს საქართველოს ისტორია. კინორეჟისორი რომ არ გამოვსულიყავი, ისტორიკოსი ვიქნებოდი, მაგრამ, მოხდა ისე, რომ გამოცხადდა მიღება კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებულ სამწლიან კინომსახიობთა სკოლაში. ჩუმად დავდიოდი, სახლში არაფერს ვამბობდი. ვიცოდი, რომ არჩევანს არ მომიწონებდნენ. 1948 წელს ეს სკოლა თეატრალურ ინსტიტუტს შეუერთდა, სადაც კინოგანყოფილებაც იყო, რომელიც 1950 წელს დავამთავრე. რამდენიმე წელი რუსთაველის თეატრში ვიმუშავე. მესამე კურსზე ვიყავი, სპექტაკლში რომ მათამაშეს. ჩემებმა არაფერი იცოდნენ, სანამ მამიდას მეზობელმა არ უთხრა – მას ვუნახავვარ ამ სპექტაკლში. სახლში ერთი ამბავი ატყდა, რადგან, ეგონათ, უნივერსიტეტში დავდიოდი. მაგრამ, რაღას იზამდნენ, უკვე მესამე კურსზე ვიყავი. უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი ფილოლოგიურზე. შემდეგ უნივერსიტეტიდან გამოვედი – აკადემიური ავიღე, რადგან, ავად გავხდი.
– როგორც ვიცი, „იმერული ესკიზებისთვის“ კარგა ხანს ეძებდით მთავარი როლის შემსრულებელს და ბოლოს საკუთარი თავი „იპოვეთ“.
– ეს ფილმი 1979 წელს გადავიღე. როცა ადამიანი, მარტო რჩები საკუთარ თავთან, სურვილი გიჩნდება, თვალი გადაავლო შენს განვლილ ცხოვრებას. მეც გამიჩნდა სურვილი და ნოსტალგია, განსაკუთრებით – ჩემი ბავშვობის მიმართ და გადავწყვიტე, ფილმში ყველაფერი ერთად მომექცია. ერთ მშვენიერ დღეს, დავჯექი და ყველაფერი დავწერე. სანამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, პატარა ნოველები მქონდა დაწერილი, რომელსაც ასევე ერქვა – „იმერული ესკიზები“. ძალიან მინდოდა, ეთამაშათ არა ცნობილ მსახიობებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ხონში ცხოვრობდა. მართალია, ხონელი ვარ, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი მთავარი როლის შესრულებას, აზრადაც არ მომსვლია თავში. ვფიქრობდი, რომ ამ როლს ძალიან მოუხდებოდა სესილია თაყაიშვილი. თვითონაც თანახმა იყო, მაგრამ, გადაღებები რომ უნდა დაგვეწყო, ავად გახდა და ვეღარ გადავიღეთ. საგონებელში ჩავვარდი. მერე ვიფიქრე, ქეთევან ბოჭორიშვილს ვათამაშებ-მეთქი – „ჯარისკაცის მამაში“ სერგო ზაქარიაძის „ცოლს“ ვინც თამაშობს. მართალია, ქართლელი იყო, მაგრამ, შეიძლებოდა, ეთამაშა. გავიარეთ გორში. დავინახე, ეს ქალი ყავარჯნებით მოდის – დაცემულა და ფეხი მოუტეხავს. მაშინ კინოსტუდიის დირექტორი რეზო ჩხეიძე იყო. პირობა მივეცი, რომ აუცილებლად ვიპოვიდი მთავარი როლის შემსრულებელს. სწორედ მან მომაწოდა იდეა, თვითონ მეთამაშა. ჯგუფის დირექტორმაც მითხრა: შენი თავი მოსინჯე. თუ არ მოგეწონება, ნუ ითამაშებო. მომეწონა, მაგრამ, სხვებს უფრო მოეწონათ და ასე დავრჩი ეკრანზე.
– ფილმში კიდევ ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, პატარა გოგონა, ნანა ქვათაძეა. სად იპოვეთ ასე ზუსტად ეს ბავშვი?
– იმ დროს, როცა ბებიის როლის შემსრულებელს ვეძებდი, პარალელურად ვეძებდი პატარა გოგოს როლის შემსრულებელსაც. მთელი საქართველო მოვიარე მის ძებნაში. მინდოდა, ხასიათი დამეჭირა. ფილმს ძირითადად ხონსა და თერჯოლაში ვიღებდი. ხონში რომ ჩავედით, სკოლებში გავედით ასარჩევად. ეს ბავშვი თვითონ მოვიდა ჩვენთან. მითხრეს, ზუსტად ისეთი ბავშვი მოვიდა, როგორიც შენ გინდაო. მაშინ ნანა 7 წლის იყო. ძალიან საცოდავად გამოიყურებოდა: მოკლესახელოებიანი პალტო ეცვა, დახეული „ბათინკები“, საიდანაც თითები უჩანდა და მხარზე გადაკიდებული ჰქონდა ჩანთა. გაკვეთილები დამთავრებოდა. ვიღაცას უთქვამს, კინოს იღებენო და მოვიდა. აპარატთან რომ დავაყენეთ და რაღაცეებს ვეუბნებოდით, ყველაფერი ისე ბუნებრივად გააკეთა, რომ გავვოცდით, ძალიან შთამბეჭდავი იყო. მაშინვე დავამტკიცეთ როლზე. როცა ფილმს ვახმოვანებდით, ისიც მშვენივრად ახმოვანებდა ჩემთან ერთად. იმ პერიოდში ჩემთან სახლში რჩებოდა. სხვათა შორის, მონათლული არ იყო და მე მოვნათლე. ვინმე რომ დარეკავდა კარზე ზარს, აქედან გაჰყვიროდა, მობრძანდითო. ჩემი გამზრდელი, ვერა ეუბნებოდა – გოგო, ჯერ გაიხედე, ვინ არის და მერე უთხარი, მობრძანდით, ასე არ შეიძლებაო. დაეთანხმებოდა აღარ ვიზამო, მეორე წუთს კი ავიწყდებოდა და იმავეს აკეთებდა. ცხოვრებაშიც ძალიან სასაცილო გოგონა იყო. მერე საბავშვო ზღაპარში გადავიღე „უკვდავების თეთრ ვარდში“. რაც შეეხება უკვე გაზრდილ ანას, ფილმში ჩემი ქალიშვილი, მაგდა მჭედლიძე ასრულებს. სკოლა რომ დაამთავრა, ძალიან უნდოდა თეატრალურში ჩაბარება, მაგრამ, მე არ ვურჩიე. იმ დროს ქვეყანაში არეულობა იყო. როცა გასინჯეს, აღმოჩნდა, რომ ის სითამამე, რაც მსახიობს სჭირდება, აღარ ჰქონდა. არადა, ცხოვრებაში საკმაოდ თამამი იყო. როგორც ჩანს, დაკომპლექსდა. თან, მაშინ მსახიობობისთვის არავის ეცალა, სრულიად უპერსპექტივო პროფესია გახდა.
იცით, რა? იმერეთი თვითონ არის არტისტული მხარე, იქ ყველა არტისტია. რასაც ვეუბნებოდი, ყველაფერს ზუსტად აკეთებდნენ. მინდოდა, ნატურალური სახეები დამეფიქსირებინა და ამიტომაც გამოვიდა ასეთი კარგი. ფილმის ფინალი სხვანაირად მქონდა მოფიქრებული: ანა ჩამოდის სოფელში და დაინახავს, რომ ირგვლივ ყველაფერი შეცვლილია – დანგრეულია იმერული სახლები და მათ ნაცვლად, თანამედროვე სახლები დგას. კიდევ, იყო ერთი ასეთი სიუჟეტი: რეალურად, ჩვენთან, ხონში, გასვენების დროს აუცილებლად მოჰქონდათ წითელი დროშა. ეს დროშა ფილმშიც გამოვიყენე, რამაც დიდი ეფექტი მოახდინა, მაგრამ, მოსკოვმა არ მოიწონა და ამომაღებინეს.
– თქვენ გადაიღეთ „პირველი მერცხალი“. რატომ დაინტერესდით ფეხბურთით?
– როცა ამ ფილმს მოვკიდე ხელი, ყველა დამცინოდა – კაცი რეჟისორები დაილიაო? თუმცა, რეზო ჩხეიძეს ჩემი დიდი იმედი ჰქონდა. მასზე მუშაობა 1974 წელს დავიწყე. დირექცია ძალიან მონდომებული იყო და ყველაფერში ხელს მიწყობდა. რაც არ უნდა მიმეტანა, ჩემგან ყველაფერს იღებდნენ. ფილმი ირანში, საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს. მე და დოდო აბაშიძე ვისხედით და ვუცდიდით, როდის გამოგვიძახებდნენ. პრიზი რომ გადმოეცათ. დოდომ მითხრა, შაჰის ცოლს უნდა ვაკოცოო. ეს წარმოუდგენელი იყო. ვიფიქრე, გაგიჟდა, მართლა არ აკოცოს-მეთქი, შიშისგან სულ მაცახცახებდა. გამოგვაცხადეს. დოდო გავიდა. კოცნით არ უკოცნია, მაგრამ, ხელი რომ მოჰკიდა ხელზე, აღარ უშვებდა. იმ ქალს კი უხერხულობისგან ეცინებოდა.