როგორ და რატომ დაამუნჯა დავით უგულავამ გერმანელი მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე იოზეფ ფუნკი
რამდენიმე ხნის წინ, ამავე რუბრიკის მკითხველს დავით უგულავას მუსიკალური საკრავების კოლექცია გავაცანით. მაშინაც აღვნიშნე, რომ უჩვეულო ინსტრუმენტებთან ერთად, მისი სახლის კედლებს ფერწერული ტილოებიც ამშვენებდა. ამჯერად რესპონდენტის კიდევ ერთ გატაცებაზე მოგითხრობთ.
დავით უგულავა: ფერწერა, ისევე როგორც მუსიკა, ჩემი ცხოვრების განუყრელი მეგზურია. სიყვარული და ინტერესი ხელოვნების ამ ორი დარგის მიმართ ერთნაირი მაქვს, დამოკიდებულება კი – პროფესიონალური უმაღლესი განათლება სწორედ მხატვრობაში მაქვს მიღებული და ფერწერული ტილოები, რომლებსაც აქ ხედავთ, ჩემი შესრულებულია.
– ესე იგი, მხატვარიც ბრძანდებით?
– ყოველ შემთხვევაში, სათანადო ცოდნა-განათლება და პროფესიული მომზადება გამაჩნია. თავის დროზე, მხატვართა კავშირის წევრი და მრავალი გამოფენის მონაწილეც გახლდით.
– არ გიჭირთ ორ სიყვარულს შორის „გახლეჩა”?
– საქმე ისაა, რომ მათ ერთმანეთისგან არ გამოვარჩევ, როგორც, ვთქვათ, „ცოლს” და „საყვარელს”. სიყვარულს მათ შორის თანაბრად ვანაწილებ, ანუ ორივეს „საყვარელი ცოლის” სტატუსი მივანიჭე (იცინის). უბრალოდ, ისე აეწყო, რომ ისინი მონაცვლეობით იკავებენ პრიორიტეტულ ადგილს ჩემს ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ „მრავალცოლიანი” ვარ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული მენტალიტეტისთვის აღმოსავლური წეს-ჩვეულებები სულაც არ არის უცხო, ჩემს „პოლიგამიურ ურთიერთობას” ხელოვნებასთან დაუშვებლად არ მივიჩნევ. ისე, უპრიანი იქნებოდა, ქართულ პარლამენტს „მრავალცოლიანობის ნებადამრთველი” კანონის მიღებაზე ეზრუნა. ამით უამრავი ქართველი მამაკაცის მადლს მოისხამდა (იცინის)!
– თქვენ გატაცებებთან დაკავშირებით რამე უჩვეულო შემთხვევას ხომ არ გაიხსენებდით?
– ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩემთან სტუმრად გახლდათ გერმანელი მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე იოზეფ ფუნკი. მან ჩემი მეორე გატაცების შესახებ არაფერი იცოდა და როდესაც კედლებზე „გამოფენილი” მუსიკალური საკრავები ნახა, გაიკვირვა: „რა კავშირი აქვს ამ ყოველივეს შენთან?” სექსუალური-მეთქი, ვუპასუხე და როდესაც ჩემი კოლექციის ექსპონატებს სათითაოდ „დავუარე”, გაოგნებისგან ბატონი ფუნკი დამუნჯდა. მეტყველების უნარი რომ დაუბრუნდა, მითხრა: „შენ აღორძინების მასშტაბის ადამიანი ხარ!” ამის შემდეგ კი სულ „მესერეს” მიძახა (იცინის).
– მოგვიყევით, როგორ მოხდა თქვენი „შეუღლება” ფერწერასთან?
– ჩემი მიდრეკილება ხელოვნებისადმი ადრე გამოვლინდა. ერთი წლისაც კი არ ვიყავი, მოსმენილ მელოდიას უშეცდომოთ რომ ვიმეორებდი. ალბათ, სხვანაირად ვერც იქნებოდა. მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. დიდი ბებია, ბებია და მამა მღეროდნენ და უკრავდნენ რამდენიმე მუსიკალურ საკრავზე. ხატვა ოდნავ მოგვიანებით, აქაც დამძიმებული გენეტიკა მქონდა – ბებია ხატავდა, სამი წლიდან დავიწყე. ჩემი მონაცემები იმდენად თვალშისაცემი ყოფილა, რომ ბაღის პედაგოგები დაბეჯითებით ურჩევდნენ ჩემს მშობლებს ხატვაზე მივეყვანე. ასე მოვხვდი პიონერთა სასახლეში ჯერ ქანდაკების, მერე კი ფერწერის წრეზე. იმ პერიოდში იქ გამოჩენილი პედაგოგები მოღვაწეობდნენ. წილად მხვდა ბედნიერება, მესწავლა ბრწყინვალე მხატვრებთან – კრაწაშვილთან, კანდელაკთან, ტაბიძესთან. შემდეგ გავაგრძელე ჩემი მხატვრული განათლება ჯერ სამხატვრო-პედაგოგიურ ფაკულტეტზე, მერე კი ასპირანტურაში, რომელიც წარჩინებით დავასრულე სახვითი ხელოვნების სწავლების მეთოდიკის განხრით. დავიცავი სამეცნიერო ხარისხი პედაგოგიკის დარგში. გამოვაქვეყნე რამდენიმე წიგნი ფერწერის სწავლებაზე.
– საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევები გქონიათ.
– ასე რომ, ამჯერად „ხარისხიანი” რესპონდენტის ამპლუაში წარმოგიდექით (იცინის).
– თქვენი ნამუშევრების სტილისტიკა და თემატიკა ერთობ განსხვავებულია. ამის შესახებაც ხომ არ ისაუბრებდით?
– ძალიან ძნელია, საკუთარი შემოქმედების შეფასება, ამიტომ მხოლოდ ზოგადად მოგახსენებთ. მიმდინარეობას, რომელსაც უპირატესობას ვანიჭებ, ექსპრესიონიზმია. ჟანრობრივად კი თავს არ ვიზღუდავ. ძალიან მიყვარს პეიზაჟების, პორტრეტებისა და ნატურმორტების ხატვა, მიტაცებს ჟანრული კომპოზიციები და რელიგიურ-მითოლოგიური შინაარსის სურათი, არ ვთაკილობ ანიმალისტურ სიუჟეტებსაც.
ტრაბახში არ ჩამითვალოთ და, იმ იშვიათ ბედნიერ ხელოვანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც სიცოცხლეშივე მოესწრნენ საკუთარი შემოქმედების აღიარებას. უფრო მეტსაც გეტყვით, სხვებისგან განსხვავებით, მე არა მხოლოდ მოვესწარი, არამედ უშუალოდ დავესწარი კიდეც ამ პროცესს (იცინის). ეს მოხდა ერთ-ერთი საკავშირო გამოფენის დროს. ექსპოზიცია მოსკოვში, მანეჟის შენობაში მოეწყო. ჩემი ნამუშევარიც იქ იყო გამოფენილი. იმ პერიოდში „საკავშირო დედაქალაქში” გახლდით და, ბუნებრივია, საგამოფენო დარბაზშიც შევიარე. იმ დროს ერთ-ერთი სკოლის ხატვის მასწავლებელს ბავშვები მოეყვანა გამოფენის დასათვალიერებლად. ისე დაემთხვა, რომ ახალგაზრდა მასწავლებელმა აღსაზრდელები ჩემს ნახატთან შეაჩერა და მის განხილვა-ანალიზს შეუდგა. მეც „ყურები ვცქვიტე”. ასე შევიტყვე, თუ რა „საპასუხისმგებლო შემოქმედებითი ამოცანები” მქონია დასახული და რა „ბრწყინვალედ” დავძლიე ისინი ჩემს „შედევრში”. ამ შემთხვევის შემდეგ, სამი დღე სარკეს გულგრილად გვერდს ვერ ვუვლიდი. სამწუხაროა, მაშინ დიქტოფონიანი მობილურები არ არსებობდა (იცინის).
– როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენს ახლობლებს თქვენი შემოქმედების მიმართ?
– ჩემი ხელოვნების ყველაზე ერთგული და „მგზნებარე” თაყვანისმცემელი, მეუღლე – ლია შავგულიძეა. იგი უყოყმანოდ შეეგუა „მესამე საყვარელი ცოლის” როლს და ყველანაირად მიწყობს ხელს შემოქმედებაში. შვილები შემოქმედებითი პროცესის ხშირი „თანამონაწილეები” და ჩემი ნამუშევრების უცვლელი პერსონაჟები არიან. ძალიან მიყვარს მათი პორტრეტების ხატვა. ისინიც გაგებითა და დიდი მოთმინებით ეკიდებიან ჩემს შემოქმედებით „აღმაფრენებს“. ჩვენს ოჯახში ხშირად ისმის კლასიკად ქცეული: „მე და მამა ვმუშაობთ” (იცინის).
– და ჩვენი რუბრიკის ტრადიციული კითხვა: რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ერთი ბრძენი ამბობდა: ვაზროვნებ, ესე იგი, ვცოცხლობ. შეიძლება, ბანალურად და პათეტიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მეც ანალოგიური განცდა მაქვს – ვცოცხლობ, როდესაც ვხატავ ან ვუკრავ. ხელოვნება საკუთარი „მეობის” უკეთ გარკვევაში მეხმარება.
– ისღა დამრჩენია, წარმატებები გისურვოთ ხელოვნებასთან „თანაცხოვრებაში”.
– დიდი მადლობა იმის გამო, რომ ინტერესი გამოიჩინეთ ჩემი მოკრძალებული სამყაროს მიმართ.