“მისტერ ვალენტინი„ არჩეულია
იმ ერში, რომელშიც ოცდახუთ წელს გადაცილებულ მამაკაცებს უკვე ეწყებათ ჭარბი წონის პრობლემა და ქეიფების, ხინკლისა და ქაბაბის, ლუდისა და ღვინის შედეგი გამხდარ ტანზე წამოზრდილ ღიპზეც კარგად ჩანს, განსაკუთრებით საინტერესოა, წლის ყველაზე სიმპათიური ქართველი მამაკაცის არჩევა. ჟურნალ „თბილისელების” აზრით ყველაზე სიმპათიური, დახვეწილი ქართველი მამაკაცი – მაქსიმე ჩარკვიანი მოსკოვში ცხოვრობს, რომლის ინტერვიუც ამ ნომერში შეგიძლიათ წაიკითხოთ. ამიტომ, მოგითხრობთ იმაზე, თუ რა მოხდა თბილისში, კლუბ „გურუში” და ვინ გახდა წლის საუკეთესო მამაკაცი, რომელსაც „მისტერ ვალენტინის“ ტიტული მიენიჭა. უამრავ ნავარჯიშებ, დაკუნთულ ბიჭს შორის, რომლებსაც საუცხოო მუცლის პრესი ჰქონდათ, თავის კუბიკებიანად და მკერდის ზომითაც იქ შეკრებილ უამრავ ქალბატონს მხოლოდ შური თუ აღუძრეს, ჟიურიმ არჩევანი ლერი ბერუაშვილზე შეაჩერა. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: თიკო სადუნიშვილი, ლალი მოროშკინა, გია ჯაჯანიძე და სხვები. ლერი ბერუაშვილი უკვე დიდი ხანია, რაც მოდელია. მოდის კვირეულებზეც ხშირად ვხედავდით მას პოდიუმზე. თუმცა, ხშირად ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცის კოლექციები ბევრ დიზაინერს არ წარმოუდგენია. ერთი სიტყვით, ლერი 2011 წლის „მისტერ ვალენტინია“, რომელიც, ალბათ, უამრავი ქართველი გოგონასთვის ამ და მომავალ წლებში სასურველი ვალენტინი იქნება.