როგორია ქეთა ლორთქიფანიძის თბილისურ-ბომონდური ცხოვრება და რა შანსს არ უშვებს ის ხელიდან
მსახიობი ქეთა ლორთქიფანიძე მაყურებელს ჯერ კიდევ სერიალ „შუა ქალაქიდან” ახსოვს. მან თავისი მხიარული ხასიათით ყველას ძალიან შეაყვარა თავი. ქეთა ასევე თამაშობს სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. სერიალის ახალი სეზონი სულ ახლახან დაიწყო და როგორც შევიტყვეთ, წინ ძალიან საინტერესო სერიები გველის.
ქეთა ლორთქიფანიძე: ამ ეტაპზე ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. სულ გადარბენაზე ვარ. გარდა იმისა, რომ ვთამაშობ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”, აქტიურად ვარ დაკავებული თეატრში. ცოტა ხნის წინ თავისუფალ თეატრში გვქონდა პრემიერა. ავთო ვარსიმაშვილმა დადგა სპექტაკლი „მშვენიერი ქართველი ქალი” და მთელი ეს პერიოდი სპექტაკლზე ვმუშაობდით. რაც შეეხება სერიალს, უამრავი საინტერესო სიახლე მოხდება ახალ სეზონში. დაემატა რამდენიმე ახალი გმირი.
– პროფესიით მსახიობი ხარ?
– დიახ, მსახიობი ვარ. ზოგადად ყველა პროფესია მომწონს, მით უმეტეს, თუ ადამიანი პროფესიონალია. მახსოვს, ბავშვობაში მინდოდა ზოოპარკის დირექტორი გავმხდარიყავი. ყოველთვის ძალიან მიყვარდა ცხოველები, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, გადავიფიქრე და გადავწყვიტე, მსახიობის პროფესია ამერჩია.
– ეს პროფესია უამრავ შრომას ითხოვს, დასვენებისთვის თუ გრჩება დრო?
– მინდა, გითხრათ, რომ დასვენების დღე არ მაქვს. მთელი კვირა გვაქვს სერიალის გადაღებები. შუა კვირაში კი, მაქვს გაკვეთილები. მე და ჩემი მეგობრები – მარიამ ჯოლოგუა და მაია დობორჯგინიძე არტაკადემიაში ვასწავლით სამსახიობო ოსტატობასა და მეტყველებას. კვირის ბოლოს კი აუცილებლად სპექტაკლი მაქვს. ასე რომ, მთელი კვირის განმავლობაში სასტიკად დაკავებული ვარ. შესაბამისად, დასვენებისთვის ვერ ვიცლი. თუმცა, თუ გამომიჩნდა ერთი თავისუფალი დღე, სახლში ვრჩები და ჩემს პატარებთან ერთად ვატარებ მთელ დღეს.
– ესე იგი, თბილისურ-ბომონდურ ცხოვრებაში ჩართული არ ხარ?
– არა, თბილისურ-ბომონდურ ცხოვრებაში ჩართული ნამდვილად არ ვარ. თუმცა, თუ მეგობრებმა სადღაც წასვლა გადაწყვიტეს, რა თქმა უნდა, უარს არ ვეტყვი და მეც მათთან ერთად წავალ, ან თუ ვინმე სადმე მეპატიჟება, ამ შანსს ხელიდან არ ვუშვებ. მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა. ამ დროს უფრო ხალისიანი ვხდები.
– მხიარული ხარ თუ უფრო სერიოზული?
– მხიარულიც ვარ და სერიოზულიც. ეს ორი თვისება ჩემში ზუსტად ერთნაირი დოზით არის. ხან ძალიან ავი ვარ. ერთნაირი არასდროს ვარ. ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს.
– ავი როდის ხდები?
– ავი ვხდები გადაღლილობის პერიოდში. როცა ვიღლები, ჩემი წყობიდან გამოყვანა ძალიან ადვილია. ერთმა სიტყვამ შეიძლება, ისე გამაღიზიანოს, საშინლად ავფეთქდე, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება.
– საერთოდ, გეგმებს თუ აწყობ, როდის რა უნდა გააკეთო?
– მგონი, ამას ყველა ადამიანი აკეთებს. მართალია, ზოგი ამბობს, არაფერს ვგეგმავო, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სიცრუეა. მე ყოველთვის რაღაცას ვგეგმავ. ხან გამომდის, ხან – არა. თუმცა, ჩემი პროფესიის ადამიანი, ბევრ რამეს ვერ დაგეგმავს. ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები.
– მიზნის მისაღწევად ყოველთვის ბოლომდე იბრძვი?
– გააჩნია, რა არის ჩემი მიზანი. მაგალითად, თუ დაგეგმილი მაქვს, რომ უნდა ვიყიდო შამპუნი და ვიცი, რომ იმ დღეს ვერ გავალ სახლიდან და ვერ ვიყიდი, ამისთვის ბრძოლას არ დავიწყებ. საყიდლად წავალ ხვალ, მაგრამ თუ ეს პირად საქმეს ეხება და რაღაც არ გამომდის, ყველანაირად ვეცდები, მიზანს მივაღწიო. საერთოდ, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა მაქვს. მიყვარს, როცა საქმე ბოლომდე მიმყავს. თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ ამის გამო ხშირად დავზარალებულვარ. ახლა ფაქტები არ მახსენდება, მაგრამ ხშირად მქონია ასეთი შემთხვევები.
– რეალურ ცხოვრებაში თუ ჰგავხარ შენს პერსონაჟს, რომელსაც სერიალში თამაშობ?
– ალბათ, მხოლოდ იმით ვგავარ, რომ ჩემი გარეგნობა და მიმიკა აქვს. აბსოლუტურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს მარი, ძალიან ვგულშემატკივრობ და მაწუხებს მისი ბედი. ერთი-ორჯერ ჩემი მეუღლე დაფიქრდა და მითხრა, ხანდახან ეჭვი მეპარება, რომ მარის პირადი ცხოვრება უფრო გაწუხებს, ვიდრე შენიო. მართალი რომ გითხრათ, ერთი პერიოდი გაორებაც კი მჭირდა. მე ხომ ორი ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობ (იცინის).
– სასიამოვნოა, როცა ორი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობ?
– რაღაც მომენტში, ალბათ, სასიამოვნოა. მარის ხომ ძალიან მხიარული და საინტერესო ცხოვრება აქვს. ამ მხიარულებას განაპირობებს არაჩვეულებრივი კოლექტივი, რომელიც ამ სერიალზე მუშაობისას შეიკრა. ჩემი აზრით, მსახიობის წარმატება მარტო მასზე არ არის დამოკიდებული. როგორი იღბლიანიც არ უნდა იყო, ვერაფერს გააკეთებ, თუ შენ გარშემო არ არიან: კარგი რეჟისორი, კარგი ოპერატორი, პარტნიორი და ასე შემდეგ. მე ამ მხრივ ძალიან გამიმართლა.
– საერთოდ, ხშირად გიმართლებს?
– ალბათ, კი, ხშირად მიმართლებს. ძალიან იღბლიანი ვარ. თუმცა, შენარჩუნებასაც ხომ დიდი შრომა სჭირდება. ადვილად არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში. ვცდილობ, ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯო, რომ სასურველ შედეგს მივაღწიო. შედეგი კი უკვე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– კიდევ რა განიჭებს სიამოვნებას?
– ძალიან ბევრი რამ. საერთოდ, მე ვარ ადამიანი, რომელიც ცდილობს, ყველაფრისგან სიამოვნება მიიღოს. თუნდაც მაშინ, როცა სადილს ვაკეთებ, ძალიან ბედნიერი ვარ, როცა კარგად გამომდის. თუმცა, ისეთი დაკავებული ვარ, საოჯახო საქმეებისთვის ხშირად ვერ ვიცლი.
– როგორც ჩანს, მეუღლე შენს ასეთ დატვირთულ რეჟიმს უკვე შეგუებულია.
– მე და ჩემი მეუღლე ზრდასრულ ასაკში შევხვდით ერთმანეთს. ორივეს გაცნობიერებული გვქონდა, რა ნაბიჯს ვდგამდით. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ უყვარდა ადამიანი, რომელიც ძალიან დაკავებულია და იშვიათად იქნებოდა სახლში. ჩვენ იმხელა სიყვარული, სითბო და ურთიერთგაგება გვაკავშირებს ერთმანეთთან, რომ მსგავსი პრობლემები დღის წესრიგში არასდროს დაგვიყენებია.
– ისიც ისეთივე დაკავებულია, როგორც შენ?
– საკმაოდ. არის შემთხვევები, როცა დიდხანს, საერთოდ ვერ ვხვდებით ერთმანეთს – ხან მე არ ვარ სახლში, ხან – ის. ჩემს მეუღლეს არასოდეს უცდია, ხელი შეეშალა ჩემი კარიერისთვის. პირიქით, ყოველთვის გვერდში მიდგას და მეხმარება.
– ადამიანების ამოცნობა ადვილად გამოგდის, თუ ხშირად ცდები?
– საერთოდ, ადამიანი იმდენად მრავალფეროვანია, ძნელია, ერთი შეხედვით ამოიცნო. ხშირად პირველი შეხვედრისის შთაბეჭდილება – დარჩენილი ემოცია და განწყობა, იცვლება. ხშირად მითქვამს, რა კარგი ადამიანი მეგონა და თურმე ვცდებოდი-მეთქი, ან – პირიქით. როცა ადამიანი მხოლოდ ერთხელ გყავს ნანახი, ვერ იტყვი, რომ ის მაინცდამაინც ცუდია, ან კარგია. აუცილებელია ის რამდენჯერმე მაინც ნახო.
– საერთოდ, იოლად იღებ გადაწყვეტილებებს, თუ ბევრს ფიქრობ ხოლმე?
– მე ყველაფერს ძალიან იოლად ვუყურებ და ასევე ვწყვეტ. საერთოდ, თუკი რამე გამიკეთებია, სწრაფი გადაწყვეტილების შედეგი ყოფილა. რაზეც ბევრი მიფიქრია, ის აღარც გამიკეთებია. არ ვიცი, ეს თვისება კარგია თუ არა, მაგრამ მე ასეთი ვარ.