კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოსთხოვა მანანა თოდაძეს ქმარმა კატეგორიულად და ვისთვის ტიროდა ის ამდენი წელი

საქართველოდან თორმეტი წლის წინ წასული მშვენიერი ქალბატონი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ამშვენებდა „ივერიის” მიუზიკლებს, ახლა რუსეთის საზოგადოებას ანიჭებს სიამოვნებას თავისი ლამაზი ხმით, მაგრამ, იქ სულ სხვაგვარად მოუხდა თავის დამკვიდრება – ესტრადის ნაცვლად პირდაპირ რესტორნის სცენაზე აღმოჩნდა. მანანა თოდაძემ ცხოვრების პირველი სიმწარე ჯერ კიდევ ბავშვობაში იწვნია, როცა პირდაპირ უთხრეს აყვანილი ხარო. თუმცა, ეს კიდევ არაფერი, ყველაზე მეტად გული ოჯახმა ატკინა: ერთ დღეს საყვარელმა მეუღლემ ულტიმატუმი წაუყენა – ან სიმღერა, ან ოჯახიო. ბილეთი მოსკოვის მიმართულებით იმ დღესვე აიღო და...

– როდის წააწყდით პირველად პრობლემებს ცხოვრებაში?

– გავიზარდე ხუთშვილიან ოჯახში. ვიყავი ძალიან ლაღი, მხიარული და ენერგიული ბავშვი. პირველ პრობლემას წავაწყდი, როდესაც ვიყავი 7 წლის – მეზობლის ბავშვმა მომატყუა, რომ აყვანილი ვიყავი და ვითომ მატარებელში მიპოვეს ჩემმა მშობლებმა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა დარტყმა იყო ეს ჩემთვის. ამ ამბის შემდეგ ჩავიკეტე საკუთარ თავში. ასე მეგონა, არავის აღარ ვუყვარდი. დედა შენიშვნას რომ მაძლევდა, გულში გამკრავდა ხოლმე – ალბათ, იმიტომ მექცევა ასე, რომ მატარებელში ნაპოვნი ვარ-მეთქი. ღამეებს იმაზე ოცნებაში ვატარებდი, რომ ჩემი ნამდვილი დედა მეპოვა. დედა დაკავებული იყო უამრავი საქმით – ეხუმრებით ხუთი შვილის მოვლას?! ვერ ამჩნევდა ჩემს ცვლილებას. ძალიან მიყვარდა ჩემი კლასის დამრიგებელი, მაყვალა მასწავლებელი. პირველად მან შეამჩნია, რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს და გაკვეთილების შემდეგ დარჩენა მთხოვა. არ დამავიწყდება ის დღე. ძალიან ფრთხილად დამიწყო გამოკითხვა, თუ რატომ ვიყავი ასეთი მოწყენილი და ნამტირალევი. ამიჩუყდა გული და სასოწარკვეთილი ხმით დავიწყე ღრიალი, ჩავეხუტე მაგრად და ხვეწნა დავუწყე, ჩემი დედა მაპოვნინე-მეთქი, კინაღამ გადაირია ქალი, ასეთ დღეში რომ დამინახა. ამას რომ გიყვებით, ახლაც კი ვერ ვიკავებ ტირილს. მაყვალა მასწავლებელმა იმ დღესვე ნახა დედაჩემი და ყველაფერი უამბო. დედაჩემის სახე ახლაც თვალწინ მიდგას: გადარეული და შეშლილი დამეტაკა, ჩამიხუტა გულში და განწირული ხმით ყვიროდა, რომ ნამდვილი დედა იყო ჩემი. ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ დამეჯერებინა ჩემი მშობლებისთვის. მეზობლის ბავშვის ამ საბედისწერო, დაუფიქრებელმა საქციელმა უცებ წამართვა ბავშვობა და ზრდასრულ ქალად მაქცია.

– როგორ დაიწყო თქვენი სასიმღერო კარიერა? ქართულ შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება ძნელია, ქართველებს ხომ შური და ბოღმა გვახასიათებს, როცა არ გვინდა ვიღაც ჩვენზე მეტად ჩანდეს და წინ არ ვუშვებთ?

– შური და ბოღმა მარტო ქართველებს არ ახასიათებთ. ყველა ეროვნებას ახასიათებს მეტ-ნაკლებად. ეს ბუნების კანონია. ცუდს თუ არ ნახავ, კარგს ვერ დააფასებ, საკუთარ თავს და ღმერთს კი ვერსად გაექცევი. ისე, ნამდვილად ძნელია შოუ-ბიზნესში დამკვიდრება. სიმართლე რომ გითხრათ, ანსამბლ „ივერიაში” ნაკლებად ვგრძნობდი ამას, რადგან ჩემი ბიჭები ყოველთვის მიცავდნენ ყველაფრისგან. ცალკე რომ დავიწყე სოლო კონცერტები, აი, მაშინ კი ვიგრძენი ბევრი წინააღმდეგობა, მაგრამ, რას იზამ, ასეც ხდება.

– თუ გაინტერესებდათ მაშინ, ვინ რას ლაპარაკობდა მანანა თოდაძეზე კულისებში, ვინ რას ფიქრობდა თქვენზე?

– ანსამბლ „ივერიაში” მოსვლა ჩემთვის ღმერთის საჩუქარი იყო. წარმოიდგინეთ, მაშინ რა პოპულარული ვიყავი, თუმცა, ბევრი ჭორი მესმოდა ჩემ შესახებ და ძალიან განვიცდიდი. ბიჭები კი სულ მაწყნარებდნენ. ერთხელ, მახსოვს, ბუთხუზ ბასილაია შემოვიდა რეპეტიციაზე. მე გამწარებული, ტირილით ბიჭებს ვუყვებოდი ერთ-ერთ ჭორს. ბუთხუზი მომიბრუნდა და მითხრა: რა გატირებს? უნდა გიხაროდეს, შენზე ამდენს რომ ჭორაობენ და ლაპარაკობენ. ესე იგი, მაგარი ხარ. იცი, როდის უნდა იტირო? როცა აღარავის გაახსენდები და შენზე ჭორაობას თავს დაანებებენო.

– როგორი ადამიანი ხართ ბუნებით? როცა რამე ნეგატიური ხდება, ფორიაქდებით თუ, ცდილობთ, მშვიდად მოაგვაროთ საქმე?

– საკუთარ თავზე ცოტა ძნელია ლაპარაკი, ყოველ შემთხვევაში, იმის სურვილი ყოველთვის მაქვს, არავის ჩემი სიტყვით ან საქციელით ზიანი არ მივაყენო; ვიყო კარგი და ღირსეული პიროვნება; დავეხმარო, თუ ვინმეს უჭირს. ადრე რამე საწყენს რომ მეტყოდნენ, თავს ვერ ვიცავდი. პასუხს ვერ ვცემდი, მერიდებოდა, მაგრამ, სახლში რომ ვბრუნდებოდი, აბაზანაში ჩავიკეტებოდი და ჩუმად ვტიროდი, ვინმეს რომ არ დავენახე. ამდენმა ტკივილმა გამაძლიერა, რომ იტყვიან გამომწვრთნა. ახლა უკვე ვისწავლე თავშეკავება. უფრო ნაკლები ემოციით ვიღებ კარგსაც და ცუდსაც. იცით, რა მშველის? – მიტევება! ეს მასწავლა ცხოვრებამ, ღმერთის დახმარებით. არასდროს თავში არ მომსვლია, ვინმესთვის რამე დამეშავებინა, ან ვინმესი შემშურებოდა.

– როგორ იქცევით დეპრესიულ სიტუაციებში?

– დეპრესიულ სიტუაციაში აუცილებლად მარტო მიყვარს ყოფნა. ყოველთვის ვცდილობ, არავინ გავანერვიულო ჩემი მდგომარეობით, განსაკუთრებით – ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი უსაყვარლესი მეგობრები. ჯერ გემრიელად ვიტირებ, მერე ვიწყებ წერას და ამ ხუმრობა-ხუმრობაში საკმაოდ ბევრი ლექსი და იგავ-არაკი დავწერე.

– წეღან შოუ-ბიზნესი ვახსენე. როდის და რატომ წახვედით მოსკოვში, როგორ დაიმკვიდრეთ თავი და რა სირთულეებს წააწყდით იქ?

– საქართველოდან წასვლა განაპირობა დიდმა შურმა, ღალატმა და აშკარა დაბლოკვამ. თავს შევიკავებ და არ დავასახელებ იმ „დიდ ადამიანებსა“ და „დიდ მომღერლებს”, რომლებმაც, როგორც ხელოვანს, ღირსება შემილახეს. ამ ამბავს დაემატა ჩემი ოჯახის დანგრევაც და ამის ატანა უკვე აღარ შეიძლებოდა – ჩავალაგე ბარგი და გადმოვიხვეწე რუსეთში. სამი თვე ღამღამობით ბალიშში თავჩარგული ვტიროდი, რადგან დიდი სცენიდან უცებ რესტორანში აღმოვჩნდი. ძლივს გადავლახე ეს ბარიერი. სიმწარემ და გაჭირვებამ მასწავლა შრომის ფასი. თავი ხომ უნდა მერჩინა! ამიტომ, სულ სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას. მივხვდი, რომ შრომით ლუკმა-პურს რომ შოულობ, ეს სირცხვილი არ არის, პირიქით, შენი თავის ბატონ-პატრონი თვითონ ხარ და არავისზე არ ხარ დამოკიდებული. ისე, ალბათ, ბევრი მომღერლის გული გავახარე საქართველოდან რომ წავედი.

– ოჯახის დანგრევა ახსენეთ. მე ვიცი, რომ პირადულზე არასოდეს არ საუბრობთ, მაგრამ იქნებ, ორიოდე სიტყვით მაინც გვიამბოთ, რა მოხდა, რატომ დაანგრიეთ ოჯახი?

– საქმე ისაა, რომ ჩემმა მეუღლემ, იმის მაგივრად, რომ თანადგომა გამოეჩინა, როდესაც მე საშინლად განვიცდიდი ჩემს შევიწროებას ზემოთ ხსენებული „პიროვნებებისგან”, პირიქით, მითხრა, გეყოფა სიმღერა, სახლში დაჯექი და ოჯახს მიხედეო. ამას მეუბნება 12 წლის წინ. მისგან არასდროს მქონია ხელშეწყობა, რომ წინსვლა მქონოდა, როგორც მომღერალს. ბევრ რამეს არ მოვყვები, არ არის საჭირო, გამგები ისედაც გაიგებს. ოჯახში, უსიამოვნებების დროს ბევრი რამ ხდება. ფაქტი კი ის არის, რომ გაუსაძლისი იყო ამ ყველაფრის ატანა. ისეთი შოკი მქონდა ამ სიტყვების შემდეგ, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს და უცებ გამოვფხიზლდი. მივხვდი, რომ სულ მარტო ვიყავი. ხმა არ ამომიღია. იმ დღესვე ავიღე ბილეთი და სახლიდან გასვლის წინ ჩემს მეუღლეს ვუთხარი: „მე მივდივარ შენგან და მივემგზავრები მოსკოვში. თუ იმას ფიქრობ, რომ მე უკვე ვეღარ ვმღერი, შენც და შენნაირებსაც მალე დაგანახვებთ, კიდევ რისი გაკეთება შემიძლია. ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს, მაგრამ, მე, სანამ ცოცხალი ვარ, არასოდეს დაგიბრუნდები!” სხვათა შორის ჩემი სიტყვა შევასრულე. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა. საშინლად დაიბნა, არ ელოდა ჩემგან ასეთ საქციელს, რადგან ყოველთვის ვემორჩილებოდი და სულ მის ჭკუაზე დავდიოდი. ეტყობა, წლების განმავლობაში გროვდებოდა წყენა და როდესაც სიმღერაზე თავის დანებებაც მიბრძანეს, აქ უკვე არანორმალურმა ძალამ და გამბედაობამ იფეთქა ჩემში, რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა. მე იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ იგი ცუდი ადამიანია – ის კეთილი, პატიოსანი და არაჩვეულებრივი მამაა. მაგრამ, ვფიქრობ ეგოისტურად, გადამეტებულად ვუყვარდი და უნდოდა, მხოლოდ მისი „ნივთი” ვყოფილიყავი, ის კი ვერ გათვალა, რომ ამით სამუდამოდ დამკარგავდა. მას უნდა სცოდნოდა, მე სიმღერის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. მისმა ნათქვამმა სიტყვებმა და საქციელმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ასე დავანგრიე ამდენი წლის ოჯახი. ისე, ქალის ბუნება ისეთია, რომ კარგ ოჯახს არასდროს დაანგრევს. მე დღესაც არ ვნანობ ჩემს საქციელს. პირიქით, ნეტა უფრო ადრე წამოვსულიყავი მისგან, ალბათ, უფრო მეტს გავაკეთებდი ჩემთვისაც და ჩემი შვილებისთვისაც.

– როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, აქ რომ დარჩენილიყავით?

– მე რომ დავრჩენილიყავი საქართველოში?! არ ვიცი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ალბათ, ცუდად ვიქნებოდი. ალბათ, საკუთარ მეობას დავკარგავდი. არა, არა! ახლა რომ ვაანალიზებ, რაც თავს გადამხდა, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმ ადამიანების მიმართ, ვინც მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა. ცხოვრება სულ სხვა თვალით დავინახე. ყოველ შემთხვევაში, ამ 12 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე. იცით, რა არის მნიშვნელოვანი? ის, რომ ამდენმა გაჭირვებამ კი არ გამაბოროტა, პირიქით, სულ მინდა, ვიღაცას დავეხმარო – ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ყველაზე მეტად მიჭირს ის, რომ მენატრება ჩემი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები და ჩემი საყვარელი თბილისი. ნეტავ, ისე აეწყოს ცხოვრება, რომ ყველა ადამიანმა იპოვოს ადგილი თავის სამშობლოში, საკუთარ ქვეყანაში უცხოდ და გარიყულად არ იგრძნოს თავი და, რაც მთავარია, პროფესიონალი და ნიჭიერი ადამიანები არ დაიჩაგრონ!


скачать dle 11.3