რა აკავშირებს კამბოჯის პრემიერ-მინისტრს ძროხებთან და ტოტალიზატორთან და რატომ გადაწყვიტა მან მესამე თაობის მობილური ტელეფონების აკრძალვა
საბჭოთა კავშირის ზეობის წლებში კამბოჯა ერთ-ერთი უპირველესი მოკავშირე და სოციალიზმის მშენებარე სახელმწიფო გახლდათ. ამიტომ იქ ათიათასობით სხვადასხვა სფეროს საბჭოთა სპეციალისტი იყო მივლინებული. საბჭოთა კომუნისტური მმართველობის დაცემის შემდეგ, კამბოჯაში მონარქია აღადგინეს და სოციალიზმის ნაცვლად დემოკრატიის მშენებლობა დაიწყეს. თუმცა, დღემდე ეს ყველაფერი უფრო ზედაპირული სვლაა მსოფლიო საზოგადოებისთვის და მას სერიოზულ მოვლენად არ მიიჩნევენ. მონარქიის მიუხედავად, კამბოჯაში დღემდე დიქტატორული რეჟიმია და პოლ პოტის გარდაცვალების შემდეგაც კი, ქვეყანას დიქტატორი მართავს. საუბარია კამბოჯის უცვლელ და უკვდავ პრემიერ-მინისტრზე ჰუნ სენზე, რომელიც უკანასკნელი 30 წელია სათავეში უდგას ამ აზიურ სახელმწიფოს.
* ჰუნ სენის სამშობლო პროვინცია კამპონგტიამია – კამბოჯის მიწათმოქმედების რაიონი. 50-იან წლებში კამპონგტიამი კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ამბოხებულების საბაზო რაიონი იყო. იმ პერიოდში აქტიური ბრძოლა მიმდინარეობდა ფრანგი კოლონიზატორების წინააღმდეგ და ასეთ რთულ პერიოდში 1951 წელს მოევლინა ქვეყანას ჰუნ სენი. 1954 წელს კამბოჯის სათავეში დაბრუნდა პრინცი ნოროდომ სიანუკი, რომელიც 1970 წელს პროამერიკულმა ძალამ, გენერალ ლონ ნილის ხელმძღვანელობით, მმართველობას ჩამოაშორა. პრინცმა დაიწყო აქტიური ბრძოლა იმპერიალისტური რეჟიმის წინააღმდეგ. იმ დროს ჰუნ სენს დასრულებული ჰქონდა სწავლა პნომპენის უნივერსიტეტში და ის მოხალისედ ჩაეწერა კამპუჩიას სახალხო-რევოლუციურ პარტიზანულ რაზმში. არსებობს ვერსია, რომ ჰუნ სენი ახალგაზრდობაში „წითელი კჰმერების” მოძრაობის წევრი იყო, თუმცა ამ ვერსიას მისი ბიოგრაფები უარყოფენ. 1975 წელს პნომპენის გათავისუფლებისკენ მიმართულ ბრძოლებში ჰუნ სენმა მარცხენა თვალი დაკარგა და დიდი ხნით ჩამოშორდა რევოლუციურ მოძრაობას.
* 1985 წელს ჰუნ სენი კამბოჯის მთავრობის მეთაურად დაინიშნა და დღემდე ამ პოსტზეა. იმ პერიოდში იგი ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაურად ითვლებოდა მსოფლიოში. მანამდე კი მას ეკავა კამბოჯის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პოსტები. 80-იანი წლებიდან დღემდე არ შეცვლილა მისი სამუშაო და დასასვენებელი გრაფიკი. ჰუნ სენი ყოველდღიურად ხვდება კამბოჯის მუშათა კოლექტივებს და ეცნობა მათ პრობლემებს. გარდა ამისა, იგი კვირაში ერთხელ ქვეყნის პროვინციებში მოგზაურობს, სადაც იქაურ მცხოვრებთ ხვდება. თავისუფალ დროს კი უკანასკნელი 25 წელია, სათამაშო მოედნებზე ატარებს, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ფრენბურთს, ბადმინტონს ან ფეხბურთს თამაშობს.
* კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა ჰუნ სენმა გასცა განკარგულება, რომლის თანახმად პნომპენსა და სხვა ქალაქებში „კარაოკე-კლუბები” სასწრაფო წესით უნდა დაიხუროს. სინამდვილეში, „კარაოკე-კლუბების” სახით კამბოჯაში პროსტიტუცია ყვავის და ეგრეთ წოდებული „კლუბები” სინამდვილეში „ბორდელებია”. აღსანიშნავია, რომ ტურისტების უმეტესობა კამბოჯაში სწორედ „კარაოკე-კლუბების” გამო ჩადის, რადგან იქ მსოფლიოში საუკეთესო სექსუალური მომსახურებაა, ყველაზე უცნაური სექსუალური თავგადასავლების მოყვარულები ათასობით დოლარს ხარჯავენ ამ სიამოვნებაში. საინტერესოა, რომ „კარაოკე-კლუბების” ადგილას, ჰუნ სენის განკარგულებით, სისხლიანი დიქტატორის, პოლ პოტის მუზეუმების გახსნაა დაგეგმილი. პოლ პოტის მმართველობის დროს კამბოჯის შვიდმილიონიანი მოსახლეობის ერთი მესამედი, დიქტატორის პირადმა საჯარისო ნაწილებმა „წითელმა კჰმერებმა” ამოწყვიტეს. ჰუნ სენის განკარგულებას უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.
* კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა ჰუნ სენმა ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალა მესამე თაობის მობილური ტელეფონებით სარგებლობა. ამ ბრძანების მიღებისკენ კი პრემიერს მისმა მეუღლემ უბიძგა. აღმოჩნდა, რომ ჰუნ სენის მეუღლის ტელეფონზე უცნობი ნომრიდან იგზავნებოდა პორნოგრაფიული ვიდეოფაილები. გარდა ამისა, კამბოჯის პირველი ლედის აზრით, ახალგაზრდების უმეტესობა სწორედ მობილური ტელეფონების მეშვეობით ათვალიერებს პორნოსაიტებს და იქიდან ქაჩავს ვიდეოებს, ეს ფაქტი კი, მისი აზრით, ვნებს ახალგაზრდების ფსიქიკას. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ჰუნ სენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის საფუძველზეც, კამბოჯაში 10 წლით აიკრძალა მესამე თაობის მობილური ტელეფონების მოხმარება.
* ჰუნ სენმა ომი გამოუცხადა მძღოლებს, რომლებიც არ იცავენ საგზაო მოძრაობის წესებს და ძვირად ღირებულ სპორტულ ავტომობილებს მაღალი სიჩქარით დააქროლებენ პნომპენის ქუჩებში. ასეთი მძღოლები კი კამბოჯაში, „ოქროს ახალგაზრდობად” წოდებული და ჰუნ სენის მინისტრთა კაბინეტის წევრების შვილები არიან. ჰუნ სენმა უკვე გასცა ბრძანება, რომლის საფუძველზე საგზაო პოლიციას უფლება აქვს გააჩეროს და დააკავოს ურჩი მძღოლები, თუნდაც მათ ავტომობილებს სახელმწიფო სტრუქტურების სანომრე ნიშნები ამშვენებდეს. მინისტრთა შვილების საყვარელი ადგილი პნომპენის მარჯვენა სანაპიროა. სწორედ იქ იმართება ქუჩური რბოლები, სადაც ერთმანეთს ბოლო მოდელის „ჰამერებით”, „ფერარებით”, „მერსედესებითა” და „ტოიოტებით” ეჯიბრებიან.
* ჰუნ სენმა მოუწოდა კამბოჯელებს, აღარ ითამაშონ საფეხბურთო ტოტალიზატორი და არ გაანიავონ თავიანთი ქონება. ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს, ზოგიერთმა კამბოჯელმა ფულის ნაცვლად ფსონის სახით დადო შინაური ცხოველები – ძროხები, კამეჩები და ქათმები. ამ ფაქტმა პრემიერის ყურამდეც მიაღწია და მან მკაცრად მოითხოვა, ტოტალიზატორის მომწყობების დასჯა. საინტერესოა, რომ ჰუნ სენი ფეხბურთის დიდი მოყვარულია და მსოფლიოს ჩემპიონატის დროს იგი იაპონიის ნაკრებს ქომაგობდა. იაპონია კამბოჯის უმთავრეს მოკავშირედ და პარტნიორად ითვლება რეგიონში.
* კამბოჯის პრემიერ-მინისტრი ჰუნ სენი, სავარაუდოდ, ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელიც „ღორის გრიპით” იყო დაავადებული. 60 წლის პრემიერ-მინისტრმა ჯანმრთელობის გაუარესება მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ იგრძნო და მას მალევე დაუდგინდა H1N1 ვირუსი. დაავადება მას, ექიმების ვარაუდით, მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთმა წევრმა გადასდო. ამჟამად ჰუნ სენი ჯანმრთელია.
* ჰუნ სენს ორი უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. იგი მრავალი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრია. ჰუნ სენი დაქორწინებულია და ჰყავს სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი, რომელთაგან ერთი ნაშვილებია. 2007 წელს ცნობილი გახდა, რომ ნაშვილებ ქალიშვილთან ჰუნ სენს კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა უარი განაცხადა მამობაზე. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნაშვილები ქალიშვილი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, ლესბოსელია და სწორედ ამ ფაქტის გამო, ჰუნ სენმა იგი ოჯახიდან განდევნა.