რით უსვამდა რუსეთის საიმპერატორო კარი ხაზს იმას, რომ ის უფრო აღმატებულია, ვიდრე ბაგრატიონთა გვარი
ისტორიული მოვლენებიდან გამომდინარე, იქმნება ამა თუ იმ პიროვნების გმირული თუ ნაკლებად სახარბიელო სახე. თვით პიროვნება, მით უმეტეს მეფე, შეეფერება თავის ეპოქას. ანუ, მეფე არის წინამძღოლი თავის ერისა. ამიტომ, ყოველთვის მან, როგორც წინამძღოლმა, უნდა გადაწყვიტოს როგორ უნდა განვითარდეს ერი. მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ასეთი პატივი ერგო ქართველთა მეფე ვახტანგ მეექვსეს. მას ენდობოდა არა მარტო ერი, არამედ ბერიც. სწორედ ამ მონარქის შესახებ გვესაუბრება დღევანდელ ინტერვიუში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მირიან მახარაძე.
– მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგის თანამედროვე საქართველო სამეფო სამთავროებად იყო დაშლილი, მის გზას ენდობოდა და მიჰყვებოდა არა მარტო ქართლი, არამედ მთლიანად საქართველო. ვახტანგის სახელი იმდენად იყო ცნობილი, რომ თვით საქართველოს დაქუცმაცების მომხრე სეფიანთა ირანიც კი, მას ქართველთა მეფედ აღიქვამდა. ამიტომ, სეფიანებმა უპირველესად, ქართლისა და მთლიანად საქართველოს პატრონად ვახტანგი აღიარეს.
– როგორი პოლიტიკური ამინდია ამ პერიოდის საქართველოში?
– ეს ის პერიოდია, როდესაც ქართლისა და კახეთის ტახტზე მხოლოდ მუსლიმი ბაგრატიონები ადიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგი ღვთის მოშიში ქრისტიანი გახლდათ, აქცენტი სეფიანთა ირანმა მაინც მასზე გააკეთა.
– რატომ მოიქცნენ ასე. რა მოსაზრება იდო მტრის ამ ნაბიჯში?
– უპირველესად, იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებაში იგი დიდი ნდობით სარგებლობდა. ამიტომ, თუ მას სეფიანთა ხელისუფლება დაამტკიცებდა, ირანს იმედი ჰქონდა, რომ ქართველი ხალხიც სეფიანთა მხარეს გადავიდოდა.
– გამართლდა თუ არა სეფიანთა იმედები?
– თქვენ წარმოიდგინეთ, არა, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე. ვახტანგის ჩასვლა შაჰის კარზე ყოვლად გაუგებარი იყო იმდროინდელი აღმოსავლეთისთვის. მან იცოდა, თუ რას მოსთხოვდა შაჰი სამეფო გვირგვინის სანაცვლოდ და მაინც ჩავიდა. პირველი და უმთავრესი, რასაც შაჰი მას მოსთხოვდა, იყო რჯულის შეცვლა. რჯულის შეცვლა იყო ერთადერთი მიზანი და გამოსავალი მისი ხელისუფლების სათავეში მოსვლისა, უარი კი – ნიშნავდა ციხეში გამომწყვდევას. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეფის გვირგვინის მოსაპოვებლად წასულმა ვახტანგმა, რჯულის შეცვლაზე უარი თქვა და პირდაპირ განუცხადა ირანის შაჰს: მე მეფობა რჯულის შეცვლად არ მიღირსო. თუ რჯულის შეცვლა გინდა, საქართველოს მეფისთვის და მაინცდამაინც რჯულშეცვლილი უნდა მართავდეს შენს ქვეშევრდომ ქვეყანას, ასეთი ჩემი ძმა, იასეაო. მართლაც, შაჰმა ვახტანგი დაატყვევა და ქართლის მეფედ იასე დანიშნა.
ვახტანგ მეექვსეს, თავდაპირველად, უნდოდა ევროპასთან დაკავშირება. ამისთვის ყველა ღონეს ხმარობდა. მის დროს ევროპაში მრავალი ელჩობა გაიგზავნა, მათ შორის სულხან-საბა ორბელიანიც. ელჩები არაფერს თაკილობდნენ, რომ რამენაირად საქართველო გათავისუფლებულიყო ოსმალეთისა და სეფიანთა ირანის ტყვეობისგან. საქართველოსთვის უდიდესმა პიროვნებამ, სულხან-საბა ორბელიანმა მოჩვენებით კათოლიციზმიც კი მიიღო მიზნის მისაღწევად. ამის მიუხედავად, ყველაფერმა ფუჭად ჩაიარა. ვახტანგის „მითითებით” გამეფებულმა იასემ ქართველთა უნდობლობა დაიმსახურა. ისინი მაინც ტყვეობაში მყოფ ვახტანგს მოითხოვდნენ, ქართლის ტახტზე ეხილათ. თუმცა, ვახტანგის გათვლები არც ისე მიზანშეწონილი აღმოჩნდა.
– რა გათვლებს გულისხმობთ?
– ამ პერიოდისთვის ძალას იკრებს რუსეთის სამეფო, რომელიც მართლმადიდებლობის დამცველად გამოდის იმდროინდელ მსოფლიოში. იმპერატორი პეტრე პირველი მიზნად ისახავს, რომ განდევნოს საქართველოდან და მთლიანად საქრისტიანოდან მუსლიმური ძალები. ვახტანგი იღებს გადაწყვეტილებას: მან იცის, რომ მისი ძმა იასე არ არის პოპულარული ქართველებს შორის და სურს თვითონ გამეფდეს. ამიტომ, იგი ეზიარება მაჰმადის რჯულს და სეფიანთა შაჰი მას ნიშნავს ქართლის მეფედ. თუმცა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ვახტანგი უარყოფს ისლამს, ინანიებს და კვლავ ქრისტიანად ინათლება.
– როგორ რეაგირებენ ირანში ვახტანგის ამ საქციელზე?
– ირანში ამ დროს რთული პოლიტიკური ვითარებაა და ვახტანგისთვის არავის სცალია. სამსაუკუნოვანი სეფიანთა ირანის სახელმწიფო ავღანელთა შემოსევებს განიცდის. შაჰი აქეთ სთხოვს ვახტანგს დახმარებას. თუმცა ვახტანგი მას უარს ეუბნება. თავის უარს ის ლეკებთან ბრძოლის მიზეზით ხსნის. ჯერ კიდევ ირანში ტყვეობის პერიოდში, იგი დაუკავშირდა რუსეთის წარმომადგენელს. რუსეთის ძალით მას უნდოდა, საქართველოს გაერთიანება და სეფიანთა ირანისგან გათავისუფლება. ამის პირობაც ჰქონდა მას პეტრე პირველისგან მიღებული. იმპერატორმა აღუთქვა, რომ ყველანაირ დახმარებას გაუწევდა სეფიანთა ირანის ტყვეობისგან თავის დასაღწევად. ერთი წლის განმავლობაში ვახტანგი ამაოდ ელოდა რუსეთის ჯარს. პეტრემ მას არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა. სეფიანთა ირანზე გადაკიდებულმა ვახტანგმა დაივიწყა ის, რომ არსებობდა მეორე საშიში ძალა ოსმალეთის სახით. როდესაც ქართული ჯარი რუსეთს ელოდა, ქართლში ოსმალები შემოიჭრნენ, მთლიანად დაიპყრეს მთელი აღმოსავლეთ საქართველო და მათ შორის თბილისიც. სეფიანთა ირანზე გადატანილი აქცენტის გამო, ვახტანგმა ვერ გააცნობიერა ის ძალა და საშიშროება, რასაც ოსმალობა წარმოადგენდა. მეთექვსმეტე საუკუნის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველომ ოსმალობა პირველად განიცადა. მთელი 15 წლის განმავლობაში ოსმალებმა შექმნეს თავიანთი სისტემა. აღწერეს და გადასახადი დააკისრეს სრულიად საქართველოს. ვახტანგ მეექვსე იძულებული გახდა რუსეთში გაქცეულიყო.
– ამის შემდეგ როგორ განვითარდა ვახტანგ მეექვსის ცხოვრება?
– ვახტანგ მეექვსე, ისევე როგორც რამდენიმე ქართველი მონარქი, ძალზე ენდობოდა რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მეჩვიდმეტე საუკუნის განმავლობაში არათუ სამხედრო, მორალური მხარდაჭერაც კი არ გამოუჩენია რუსეთს საქართველოს მიმართ. ერთადერთი რაც რუსეთმა ვახტანგ მეექვსეში დააფასა, იყო ის, რომ მას უბოძეს ორდენი – ერთადერთი ორდენი მეჩვიდმეტე საუკუნეში, რომელიც პეტრე პირველის დროს იქნა შემოღებული. ამ ორდენს ერქვა ანდრია პირველწოდებულის ორდენი. ეს ორდენი გადაეცემოდა მას, ვინც რუსეთის სამეფოს წინაშე ღვაწლს გაიღებდა. ორდენით დაჯილდოებულია ათასამდე პიროვნება, მათ შორის 6 ქართველი მონარქი – პირველი მათ შორის, ვახტანგ მეექვსემ მიიღო.
– რუსეთისთვის გაღებული რა ღვაწლისთვის დაჯილდოვდა ვახტანგ მეექვსე?
– ერთადერთი ფაქტი, რისთვისაც ვახტანგ მეექვსე დაჯილდოვდა, გახლდათ ის, რომ იგი ბაგრატოვანთა შთამომავალი და ქართლის მეფე იყო. ამით რუსეთის საიმპერატორო კარი ხაზს უსვამდა, რომ ის უფრო აღმატებულია, ვიდრე ბაგრატიონთა გვარი. თუმცა, პირდაპირ ეს რუსეთის ხელისუფლებამ ვერ გამოაცხადა და ვახტანგ მეექვსეს ორდენი დიპლომატიური მოღვაწეობისთვის მიანიჭეს, რომელიც მან ჩრდილოეთ კავკასიაში და ირანის ხელისუფლებასთან გაატარა.
– ამით რისი თქმა შეიძლება?
– მეფე, რომელიც უძღვება ერს, არ შეიძლება, სხვის იმედზე იყოს. მთელი მეჩვიდმეტე საუკუნის განმავლობაში ქართველი მონარქები რუსეთზე იყვნენ დამოკიდებულნი. რუსეთის იმედი ჰქონდათ. მაგრამ, 1783 წელს დამამცირებელმა გეორგიევსკის ტრაქტატმა გამოიწვია ის, რომ 1801 წელს რუსეთის იმპერიამ უბრძოლველად საქართველოს, ამ შემთხვევაში ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია მოახდინა. ამან კი მთელი ქართველი ერი ორი საუკუნის განმავლობაში მეფისა და ბოლშევიკური რუსეთის ტყვეობაში ამყოფა.