კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქორწინა მარიამ დედოფალმა შვილობილზე და როგორ გადაურჩა იგი შაჰის ჰარამხანაში მოხვედრას

ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიიდან საამაყო ფაქტიც ბევრი მოგვეპოვება და, სამწუხაროდ, საძრახისიც. დღეს ერთ სავალალო ამბავზე შევჩერდებით, რომლის გაანალიზებასაც ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე შეეცდება. მოგეხსენებათ, ნაწერშიც ჩანს ინტონაცია, მაგრამ, მაინც ხაზგასმით ვიტყვით: ჩვენი დიალოგი ჭირისუფლური იყო, სიამოვნებისგან ხელების ფშვნეტის გარეშე...

გელა გარაყანიძე: მეჩვიდმეტე საუკუნის ცნობილი ისტორიული პიროვნება და მემატიანე, ფარსადან გორგიჯანიძე, მოგვითხრობს: „გურგინ ხანს ცოლი ავად ჰყვანდაო და დაღ-დასმულმან კუდიანმან, რომ ქართველნი მისანს ეძახიანო, იმათ ასრე მოახსენესო – შენი ჯალაბი მარიამ დედოფლისაგან ავად არისო. კაცი გაგზავნესო და ბარით საფლავში თავი მოსჭრესო და გვერდით ამოსდვესო, მაგრა მაინც მოუკვდა ცოლიო. ყაენს ებძანებინა: მე მუსურმანი მეგონაო, ის ისრევ ქაფარი ყოფილაო, მკვდარს თუ შეძლება ჰქონდესო, თავის თავს უშველის. ჩემი და მამის ჩემის ერთგულიო და ქვეყნის დამწყნარებელი ბატონი მანდილოსანი იყო, რისთვის აგრე ავი კაცი არისო, რომ თავის დედას აგრე ავკაცად შეკადრაო”.

– ბატონო გელა, რა შემაზრზენი ამბავია გადმოცემული. დაახლოებით კი ვხვდები, ვისზეც არის საუბარი, მაგრამ ჩვენს მკითხველს განვუმარტოთ ამ შემზარავი ისტორიის დეტალები.

– მარიამ ქართლის დედოფალი, დადიანის ასული, რამდენიმე თვის გარდაცვლილია. დგას 1682 ან 83 წელი. ქართლში მეფობს მისი შვილობილი, გიორგი მეთერთმეტე. მისი მეუღლე – თამარ დედოფალი – მძიმე ავადმყოფია... მისანმა თუ მკითხავმა, „თეთრი მაგი” მაშინ დამკვიდრებული არ იყო, დიაგნოზი დასვა: მიზეზი მარიამ დედოფალია... თამარ დედოფალი ცოტა ხნის მერე, 1683 წელს გარდაიცვალა... „ქაფარი” სპარსულად „ურწმუნოს“ ნიშნავს, შეიძლება, ჟარგონზეც.

– რაღა ურწმუნო, ჩვენი სახელოვანი მეფე რწმენით აღსავსე ყოფილა – მკითხავების სწამებია!

– დავუშვათ, მეფეს ცოლის ავადმყოფობამ რეალობის გრძნობა დააკარგვინა; დავუშვათ, მკითხავი გათახსირებული და გარეწარი გახლდათ; სად იყო სასულიერო წოდება, როგორ უნდა დაეშვათ მსგავსი მოვლენა?! თანაც, სად – მარიამ დედოფალი სვეტიცხოველში განისვენებდა, სადაც მაშინ საპატრიარქო მდებარეობდა!

– ვინ იყო მაშინ პატრიარქი?

– ნიკოლოზ ამილახვარი, გიორგი მეფის ნათესავი, იოთამ ამილახვრის ვაჟი – გივი ამილახვრის ძმა... გივი გიორგი მეთერთმეტის დის ქმარია.

– ეს ამბები „საქართველოს ისტორიის ნარკვევებში” წერია?

– არა, არც ლევან სანიკიძის „უქარქაშო ხმლებში”.

– ნეტავ რატომ, ვითომ, გამორჩათ, თუ ცენზურამ ამოუშალათ?

– რთული შეკითხვაა, უფრო იოლი რამეები მკითხეთ...

– რატომ არავინ გამოექომაგა ღვაწლმოსილი დედოფლის ცხედარს? არადა, როგორც ვიცი, დედოფალს დიდი ამაგი მიუძღოდა ქართველთა სულიერი ღირებულებების დაცვის საქმეში...

– ცნობილი მემატიანე ბერი ეგნატაშვილი გვიამბობს: „და დედოფალმან მარიამ შეამკო ეკლესიანი შესამოსლითა ხატითა, ჯვარითა და წირვის იარაღითა, ნაკერითა მარგალიტითა და თვალითა. და ედვა ამა დედოფალსა პატივი დიდი ყაენისაგან და ყოველთა საქართველოსა კაცთაგან და ქალთაგან, მთავართა და დიდებულთაგან. იყო ყოვლითურთ შემკული კეთილითა, რომლისა მსგავსი თამარ მეფისა შემდგომად არღარავინ”...

– თანაც, როგორც ცნობილია, სიცოცხლეშიც ძალზედ ტრაგიკული ბედი ჰქონია. ცხოვრებამ ბევრი ტკივილი მიაყენა, ბევრი ახლობელი ადამიანი გარდაეცვალა უდროოდ...

– მისი ბიოგრაფიის რამდენიმე შტრიხი გავიხსენოთ: მარიამი მანუჩარ დადიანისა და თამარ ჯაყელის, ათაბაგის ქალის შვილია. ოღონდ დედამისი ჯერ ვახტანგ გურიელზე იყო გათხოვილი და დაქვრივების შემდეგ ითხოვა სამეგრელოს მთავარმა, რომელიც თვითონაც ქვრივია. მისი პირველი ცოლი, ნესტან-დარეჯანი, ალექსანდრე კახთა მეფის ასული გახლდათ. ასე რომ, მარიამს დედისგანაც ჰყავდა, პირველი ქორწინებიდან, დედმამიშვილები და მამისგანაც. კერძოდ, მისი ნახევარძმები არიან შემდგომში იმერეთის კათალიკოსი მალაქია მეორე გურიელი და, შემდგომში სამეგრელოს ყველაზე გამორჩეული მთავარი – ლევან მეორე დადიანი.

მარიამის დაბადების წელი ზუსტად არაა დადგენილი. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მისი პირველი ქმარი, სიმონ გურიელი, 1606 წელს იყო დაბადებული. მარიამმა მასზე 1621 წელს იქორწინა, 1625 წელს კი სიმონს ეშმაკი შეუჩნდა და საკუთარი მამა მძინარე მოკლა... ლევან დადიანმა სიძეს თვალები დასთხარა და მარიამი ორი მცირეწლოვანი შვილით ოდიშში დააბრუნა... სიმონი იერუსალიმში წავიდა, ბერად აღიკვეცა და ... 1672 წლით თარიღდება მისი ბოლოს გამოგზავნილი წერილი ცოლყოფილისადმი.

მარიამს ერთი შვილი მალევე, ოციან წლებში, გარდაეცვალა და განგებამ მეორე შვილის – ოტიას სიკვდილსაც მოასწრო 1645 წელს...

1634 წელს, ძმის დაჟინებული მოთხოვნით, მარიამ დედოფალი ცოლად გაჰყვა კაცს, რომელიც მასზე ოთხი ათეული წლით უფროსი იყო და, არათუ მამად, პაპად უფრო შეეფერებოდა. თანაც, როსტომი სამოცდაათს მიტანებული, ასე ვთქვათ სპარსოფილობითაც გამოირჩეოდა. მარიამის ძმამ იმერეთში და ქმარმაც ქართლ-კახეთში სისხლის ზღვა დააყენეს...

– თქვენ, როგორც ფსიქოლოგს, არ გაქვთ არავითარი ვერსია? რით შეიძლება, მოეძებნოს ახსნა გიორგი მეფის საქციელს?

– 1658 წელია, გარდაიცვალა როსტომ მეფე. მისი გვამი სპარსეთში წაასვენეს და ყუმში შაჰ-აბასის გვერდით დამარხეს.

ვახტანგ მუხრან-ბატონი „ჩოხას იზომავს” – დღე-დღეზე ელოდება რაყამს, რათა როსტომის ადგილი – ქართლის მეფობა დაუმტკიცონ.

დედოფალი მარიამი სპარსეთში იხმეს, ჰარამხანაში... შაჰი როსტომს „ძმად” მოიხსენიებდა. მუსლიმანებში „მოსულა“ – ძმას შეუძლია დაქვრივებული რძალი ცოლად შეირთოს... შაჰი 27 წლისაა, მარიამი – 50-ს გადაცილებული... თანაც, მერამდენე ცოლად?! დადიანის ასული შეძრწუნებულია... იგი გამოსავალს პოულობს: სპარსეთში გზავნის წერილს და ფეშქაშს „უამრავი ოქრო-ვერცხლი და ოთხი უტურფესი ყმაწვილი ქალი”, ოღონდ, ჩაფარს, შათირს, შიკრიკს, ფაიქს, მალემსრბოლს კი არ ანდობს ამ მისიას, სარდალ პაპუნა ციციშვილს გზავნის და თავის თეთრ თმასაც ატანს... ეტყობა, სიტყვიერადაც რაღაცას აბარებს...

შაჰის ბრძანებით, როსტომ მეფის ქვრივი ვახტანგმა უნდა შეირთოს ცოლად...

– ვახტანგს კი, ამ დროს დიდებული მეუღლე ჰყავს – როდამ ორბელიანი, თანაც, 8 შვილი – 6 ვაჟი და 2 ქალი.

– ვახტანგს არ შეუძლია, შაჰის ბრძანება არ შეასრულოს, მას სხვა გზა არ აქვს.. მუსლიმანობაც ძალიან დიდი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მიიღო. აქ, საქართველოში, შინაურებთან მაინც უნდა, რომ ქრისტიანად წარმოჩინდეს. ქრისტიანი კი ერთდროულად ორ ცოლს ვერ იყოლიებს... როდამი მონაზვნად აღიკვეცება – იგი „დედა ეკატერინე” ხდება. ვახტანგის ყველაზე უფროსი შვილი არჩილი ამ დროს მხოლოდ 11 წლისაა, ყველაზე უმცროსისა – რა მოგახსენოთ...

საკუთარ შვილებზე დედა ეკატერინე ვეღარ იზრუნებს – მან ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს.

რამდენი წლის არის ამ დროს გიორგი, ზუსტად არ არის ცნობილი... პირობითად, ათიოდე წლის. ბავშვებს დედის სითბო მოაკლდებათ, მამაც სახელმწიფო საქმეებით იქნება დაკავებული... და, ვისი ბრალია ყოველივე ეს? გიორგის ბავშვური ლოგიკით – მარიამ დედოფლის! თუ კარგი იყო, თვითონ აღკვეცილიყო მონაზვნად!

– მართლაც, ხომ შეიძლებოდა დადიანის ქალს ასეთი არჩევანი ჰქონოდა?

– შეეძლო, რა თქმა უნდა! მაგრამ, მოდით, ჩავიხედოთ მის სულში... რასაკვირველია, ქორწინება შვილობილთან, რომელიც მასზე ათი წლით მაინც იყო უმცროსი, დიდი ვერაფერი სახარბიელოა... სახარბიელო კი არა, საჩოთიროცაა და ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ყველანაირად მიუღებელიც... მაგრამ, ეს ხომ მედლის ერთი მხარეა?! მეორე მხრივ – არის შესაძლებლობა, ის მუხლჩაუხრელი, ყოველდღიური ბრძოლა ქრისტიანობისა და ქრისტიანების დასაცავად კვლავ განაგრძოს, საკუთარი მიზნების, უნარების რეალიზება მოახდინოს... მარიამს მიაჩნია, რომ იგი ქართლს აუცილებლად სჭირდება, ის „დიდ პოლიტიკაში” უნდა იყოს... იგი დროის გამოწვევას იღებს... თუ არა მან, მასზე უკეთ ვინ შეიძლება ააცილოს ქართლს მოსალოდნელი აოხრება, რაც, თუ გავიხსენებთ მაშინდელ ვითარებას – ზაალ ერისთავის ავლაბარში ჩამოდგომასა და მის დამოკიდებულებას ვახტანგ მუხრან-ბატონისადმი, სავსებით რეალურად იკვეთებოდა.

– ზაალ ერისთავი და ვახტანგ მუხრან-ბატონი, ხომ ნათესავები იყვნენ? ზაალის ძმას, გიორგის, ვახტანგის და არ ჰყავდა ცოლად? თანაც, როგორც ვიცი, ეს ორი ძლიერი ფეოდალი კიდევ აპირებდა უფრო ახლო დამოყვრებას. ნუთუ, არ შეიძლებოდა მათი შერიგება? თუ სწორად მიგიხვდით, თქვენ ფიქრობთ, რომ გიორგი მეფე გაგებით არ მოეკიდა მარიამის არჩევანს, რომელიც მან 1658 წელს გააკეთა და ეს უნდა იყო მისი 1680-იან წლებში ჩადენილი საქციელის მიზეზი?

– დიახ, ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ეს ფაქტი მიმაჩნია, რამდენადაც, სხვა რაიმე ხელშესახები მათ ურთიერთობაში არ იკვეთება, ყოველ შემთხვევაში, – პირადად მე ვერ აღმოვაჩინე.

– იქნებ, თვითონ გიორგი მეთერთმეტის მეუღლეს – დედოფალ თამარს მოუვიდა რაიმე სახის კონფლიქტი მარიამთან?

– არავითარი ამდაგვარი ცნობა არსად არ ფიგურირებს... ყველა შემთხვევაში, მკითხავის ეპიზოდით გიორგი მეფის რეპუტაცია ძალზე შებღალულია.


скачать dle 11.3