უკიდურესობას – არა!
ხშირად ვარდებით უკიდურესობაში? იქნებ, ვერც ამჩნევთ, ეს როდის გემართებათ?! თუ ემოციური ადამიანი ბრძანდებით (ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სქესის წარმომადგენელი ხართ), უკიდურესობაში ყოფნა თქვენთვის ჩვეულებრივი მდგომარეობა იქნება. როცა რამე გაწუხებთ ან რაღაც არ გამოგდით, ემოციები უკონტროლო ხდება. გეთანხმებით, რომ საკუთარ თავში ძალის პოვნას, წონასწორობის დაცვას, ნიჭიც უნდა, მოხერხებაც და ცოდნაც, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია იმაზე უარესი სიტუაციის წარმოდგენა, ვიდრე კონკრეტულ მომენტში ხართ. საერთოდაც, უნდა ისწავლოთ, როგორ იგრძნოთ თავი ბედნიერად პატარ-პატარა წარმატებებით. ყოველთვის იფიქრეთ თქვენი ქმედებების შედეგებზე. ყველაზე საშიში ვარიანტებიც კი წარმოიდგინეთ, მაგრამ, მხოლოდ ხანმოკლე დროით. დიდხანს არც წარუმატებლობაზე შეიძლება ფიქრი. თქვენ აუცილებლად გექნებათ „რეზერვში“ საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. ზოგისთვის ეს ქსოვა და ქარგვაა, ზოგისთვის – მეგობრებთან ტელეფონით საუბარი, ზოგისთვის – ახალი ნივთის ყიდვა. თუმცა, არც ამ შემთხვევაში შეიძლება უკიდურესობაში გადავარდნა: ტელეფონზე ლაპარაკი მანიად არ უნდა გექცეთ, ნივთების შეძენამ კი ისე არ უნდა გაგიტაცოთ, რომ სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენოთ საკუთარ თავს. ყველაფერი თქვენს ხელშია. არასდროს უთხრათ საკუთარ თავს, რომ უბედური ხართ. თქვენ აჯობებთ უსარგებლო ემოციებს, მთავარია, მოინდომოთ.