პასუხი თქვენი გასაცემია
არასდროს არ უნდა იფიქროთ და ინერვიულოთ იმაზე, რის რეალურობაში თავადაც არ ხართ დარწმუნებული. ვგულისხმობთ სიყვარულს. მართლაცდა, რას მოითხოვთ მისგან, როცა პასუხი კითხვაზე: „მიყვარს“? – ჯერ ისევ გასაცემი გაქვთ? აუცილებლად უნდა გაერკვიოთ საკუთარ გრძნობებში, ამას თქვენ მაგივრად ვერავინ შეძლებს. ნუ იქნებით უსამართლო და ყველაფერს იმას ნუ დააბრალებთ. თავისიც ეყოფა. ყველა საკუთარ გრძნობაზე აგებს პასუხს. „მომწონს-არ მომწონს, მაწყობს-არ მაწყობს, მიყვარს-არ მიყვარს“... – ასე არ შეიძლება. კარგად დააკვირდით თქვენს რჩეულს, ეს აუცილებელია. აღმოაჩინეთ მასში ის, რაც აქამდე არ შეგიმჩნევიათ. იყავით რეალისტი. შეხედეთ იმას, რაც რეალურად თქვენ თვალწინაა. „მერე”, „ხვალ” და „ზეგ” – ეს საჩოთირო და საეჭვოა. მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რაც კონკრეტულ მომენტშია ხელშესახები.
ძალიან ბევრს მცდარად მიაჩნია, რომ, თუ ქალი ფლირტით ერთობა, ნებისმიერი მამაკაცი გაებმევა მის ბადეში. სინამდვილეში, სულაც არ არის ასე. თუ ქალი საკუთარ მომხიბვლელობაში დარწმუნებული არ არის, ვერც ერთი მამაკაცი ვერ აღმოჩნდება მის მახეში – ეს კანონია! ამიტომ, ნურასოდეს მოერიდებით საკუთარი ღირსებების გამოვლენას, ნუ შეიზღუდებით და ნუ დაკომპლექსდებით. რა აზრი აქვს ფლირტს, თუ პარალელურად იმაზე იფიქრებ, მე ამას არ მოვეწონებიო. მამაკაცები ძალიან აფასებენ უშუალობასა და ბუნებრიობას, ასევე, კონკრეტულად მათთვის გამიზნულ კეკლუცობას. ამიტომ, პასუხიც კითხვაზე – „მოვეწონები, თუ არა მას“ – მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გასაცემია.