რამდენიმე რჩევა ჟღალთმიან და შავთმიან ქალბატონებს
ჟღალი (წითური) თმა ძალიან მოსწონთ მამაკაცებს, მით უფრო, თუ ის ბუნებრივია. ამიტომ, ნუ შეეცდებით, შეიღებოთ. მოიხდინეთ ის, რითაც ბუნებამ დაგაჯილდოვათ.
წითური თმის ეფექტურობა სწორედ მისი ფერიდან მომდინარეობს. ამიტომ, არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ვარცხნილობის გაკეთება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასეთ თმას დახვევა უხდება – წვრილი ან მსხვილი კულულები უფრო სექსუალურსა და სასურველს გაგხდით. თუ სწორი თმა გაქვთ და არ გიყვართ „ხუჭუჭები“, საზეიმო ელფერის მისანიჭებლად მხოლოდ თმის ბოლოები დაიხვიეთ.
წითურმა ქალბატონებმა მაკიაჟისთვის უნდა გამოიყენონ ატმისფერი რუჟი და ამავე ტონალობის ტუჩის საცხი ან „ბლესკი“. და კიდევ: ნუ შეეცდებით ჭორფლის დაფარვას ტონალური კრემით, დაგვიჯერეთ, ეს მხიარული წერტილები ძალიან გიხდებათ და თქვენს თვალებს განუმეორებელ სხივს ჰმატებს.
თუ საღამოს რესტორანში ან რაიმე ღონისძიებაზე აპირებთ წასვლას, გირჩევთ, ცივი ტონალობის მწვანე „ჩრდილი“ წაისვათ ქუთუთოებზე, პომადა კი, მარჯნისფერი ჯობია. ოღონდ, ერთიც და მეორეც თხელ ფენად უნდა წაისვათ.
შავთმიანი ქალბატონების საყურადღებოდ კი ვიტყვით, რომ მათთვის კლასიკური ვარიანტია სწორი თმა – ეს სტილი არასდროს გადადის მოდიდან. თუმცა, თავად შავ თმას ყველანაირი ვარცხნილობა უხდება, მთავარია, ეს ვარცხნილობა თქვენს სახეს მოუხდეს.
თუ სახის კანიც მუქი გაქვთ – ხორბლისფერი ან გარუჯული, თანაც, გსურთ, რომ ხაზი გაუსვათ თქვენს ინდივიდუალურობას (ანუ, „მასოვკა“ არ იყოთ), გირჩევთ, თვალებზე წაისვათ იასამნისფერი „ჩრდილი“; წამწამებზე ტუშის ერთი ფენა და „ლაინერით“ გაკეთებული ფაქიზი ხაზი კი თქვენს მზერას განსაკუთრებულს გახდის. ტუჩებზე „ჩამქრალი“, მაგრამ მუქი ტონალობის ვარდისფერი საცხი წაისვით. წითელი პომადა, შესაძლოა, მოგწონთ და მოგიხდეთ კიდეც, მაგრამ ძალიან კონტრასტული ფერები ოდნავ გააუბრალოებს დახვეწილი ქალის იმიჯს.
შავ თმას განსაკუთრებით უხდება ეგრეთ წოდებული „ბლესკი“ – ის ოპტიკურ ეფექტს ახდენს და თმა გაცილებით უფრო ხშირი და სქელი ჩანს.
მაკიაჟის გაკეთებისას გაითვალისწინეთ „ოქროს წესი“: თუ გიყვარს მკვეთრი ფერის პომადა, მაშინ, მკრთალი ფერის თვალის „ჩრდილი“ უნდა წაისვათ და პირიქით – ბაცი ფერის ტუჩის საცხს მკვეთრი „ჩრდილი“ მოუხდება.