შესაძლებელია თუ არა გიგანტური იუკას გადაჭრა და რა შემთხვევაში დაუზიანდება ნიპას ფესვები
ორივე მათგანი იოლად გასაზრდელი და გასახარებელია. გიგანტური იუკაც და ნიპაც ძალიან დიდხანს ცოცხლობს და თქვენს ბინებს სასიამოვნო ელფერს შეჰმატებს. „ფლორა ინტერნაციონალის”, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკისგან, ბატონ ამირან ბიწაძისგან კი უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მივიღებთ მათი მოვლის შესახებ.
– ბატონო ამირან, რა ზომის იზრდება გიგანტური იუკა და რას გვეტყვით მის შესახებ?
– გიგანტური იუკა მარადმწვანე მცენარეა, რომელიც ცოცხლობს ათეული წლის განმავლობაში. მან შეიძლება, 6 მეტრ სიმაღლესაც მიაღწიოს, თუმცა ნელა მზარდია. ის ყინვის მიმართ მგრძნობიარე და სინათლის მოყვარული ჯიშია. იუკა იოლად გასახარებელია, მისი ნაყოფი მხოლოდ თესლია, რომელსაც ივითარებს ზაფხულის შუა რიცხვებიდან და იოლად ხარობს თითქმის ნებისმიერ ნიადაგზე.
– შესაძლებელია ამ მცენარის აყვავილება?
– დიახ, შესაძლებელია, მას ორნამენტული და მასიური ფორმის ყვავილები აქვს, მათ საამო სურნელი დაჰკრავთ. თუ სათანადო პირობებში გაზრდით მცენარეს, მისგან ლამაზ ყვავილებს მიიღებთ.
– სიცხის მიმართ ხომ არ არის პრეტენზიული გიგანტური იუკა?
– მცენარის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, ამიტომ ტროპიკული სიცხეები მას არ აშინებს, პირიქით, უფრო უკეთესად გრძნობს თავს ასეთ გარემოში. ამიტომ, ეცადეთ, ზაფხულში იუკა გარეთ დადგათ.
– რაც შეეხება ზამთარს?
– ამ სეზონზე აუცილებლად სახლში ამყოფეთ. განსაკუთრებით ახლა, რადგან ტემპერატურამ იკლო და სასურველია, ბინაში 20-22 გრადუსი სითბო მაინც იყოს.
– რა სიხშირით მოვრწყათ ახლა გიგანტური იუკა და როგორ მოვუაროთ ამ მხრივ მას ზაფხულში?
– ახლა სასურველია, მცენარე მორწყათ ხუთ დღეში ერთხელ, რადგან ტემპერატურის ვარდნა, მისი მორწყვის სიხშირეზეც აისახება. ზაფხულში კი უფრო ინტენსიურად მორწყეთ.
– რით გავახაროთ გიგანტური იუკა და შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გადარგვა?
– მისი ნიადაგის შეცვლა სასურველია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. შეგიძლიათ, ის გაახაროთ გადაჭრით, თესლით ან ტოტის ნაჭრითაც. თუ დიდი ზომის იუკას გადაჭრით, 4-6 ტოტს ამოიყრის და დიდი ხის ფორმას მიიღებს. მისი გახარება იოლია და ნებისმიერი გზით შეგიძლიათ, გაამრავლოთ.
– რისთვის იყენებენ გიგანტურ იუკას და ემუქრება თუ არა მას მავნებლების დასევის საშიშროება?
– მცენარეს მავნებლები არ ეხვევა, მხოლოდ ყვავილობის დროს შეიძლება დაესიოს მწერი. თუმცა ამის ნუ შეგეშინდებათ, როგორც კი გიგანტური იუკა ყვავილობას დაასრულებს, მწერიც აღარ გამოჩნდება.
გიგანტური იუკას ფოთლებით წნავენ კალათებს, თოკებსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს.
– როგორი მცენარეა ნიპა და რა პირობებში ხარობს ის უკეთ?
– ამ მცენარეს შეუძლია, მთელი ცხოვრება გაატაროს წყალში, როგორც მის სამუდამო საცხოვრებელში. ამიტომ, მასზე ხშირად ამბობენ, რომ ტანი წყალში აქვს და თავი ცეცხლში. ის თავს კარგად გრძნობს ჩვეულებრივ ნიადაგშიც. თუ ქოთანში ჩარგავთ, პრეტენზიული არ იქნება.
– რა სიმაღლეს შეიძლება მიაღწიოს ნიპამ?
– თავის სამშობლოში, შრი-ლანკაში, ის შვიდი მეტრი სიმაღლის იზრდება, საქართველოს პირობებში კი – სამ მეტრს აღწევს. ამ მცენარეს ულამაზესი ფოთლები და ყვავილები აქვს, რომლებიც ერთმანეთზეა სამკაულებივით აწყობილი. ის მრავალწლიანი მცენარეა და თითქმის 100 წლამდე ცოცხლობს.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ნიპა წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
– ზაფხულში ეს მცენარე ამტანია ცხელი მზისა და სითბოსი, ასევე ეგუება დაჩრდილულ ადგილსაც. მისი ზაფხულის ტემპერატურა 35-40 გრადუსია, ხოლო ზამთარში უყვარს 25-28 გრადუსი.
– რა სიხშირით მოვრწყათ ნიპა?
– ახლა გირჩევთ, მცენარე ხშირად არ მორწყათ. აუცილებლად დაიცავით ტემპერატურული რეჟიმი. მას არ უყვარს მკვეთრი ცვალებადობა, რადგან შეიძლება, ზრდა შეწყვიტოს. მორწყვით კი მორწყეთ ორ კვირაში ერთხელ. რაც შეეხება ზაფხულს, ცხელ სეზონზე ნიპას წყალი სამ დღეში ერთხელ დაასხით.
– სად გვირჩევთ ნიპას დადგმას?
– ნიპა უპრეტენზიო მცენარეა. ის კარგად ხარობს თითქმის ყველანაირ გარემოში. თავისი ფორმით ძალიან ლამაზია. ამიტომ, სასურველია, ზამთარში შესასვლელებსა და დიდ ჰოლებში დადგათ, ზაფხულში კი – ბაღებსა და აივნებზე.
– რით მრავლდება ეს მცენარე?
– ნიპა მრავლდება თესლით და ზოგჯერ ამონაყარითაც. შეგიძლიათ ამონაყარი ამოიღოთ ამოსვლიდან ორ წელიწადში, ამ დროს მას უკვე ჩამოყალიბებული ფესვი ექნება. თესლით გამრავლებისას კი, მცენარე 4 თვეში ამოვა. თუმცა, ნელა მზარდი იქნება. თესლი ითესება მოკრეფისთანავე, რადგან მალევე კარგავს აღმოცენების უნარს.
– როგორ ნიადაგში ჩავრგათ ამ დროს მცენარე?
– მის ნიადაგს განსაკუთრებული არაფერი სჭირდება. მხოლოდ გახსოვდეთ, რომ ექვს თვეში ერთხელ შეიტანოთ მასში სასუქი წყალთან ერთად. ეს სავალდებულოა იმისთვის, რომ ფესვები არ დააზიანოთ.
– რომელი მავნებელი ემტერება ამ მცენარეს ყველაზე ხშირად?
– ნიპას მავნებლებიდან ჰყავს ტკიპა და ფარიანა. ასევე, შესაძლებელია, ფოთლის ყელში ბუდეს იდებდეს თესლისჭამია ხოჭო. ეცადეთ, ყვავილობის დროს, კარგად ჩამორეცხოთ მცენარე კარატეთი კვირაში ორჯერ, მანამ, სანამ არ მოსპობთ ამ მწერებს. ეს წამალი მცენარეზე ცუდად არ იმოქმედებს. ამიტომ, თამამად შეასხურეთ და მავნებლებს იოლად გაანადგურებთ.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ მცენარეების გახარებისას?
– ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით გაზარდეთ ორივე მცენარე. ახლა შეუქმენით მათ ბინაში ნორმალური ტემპერატურა და ძალიან ხშირად არ მორწყათ. ორივე საკმაოდ უპრეტენზიოა და თუ თქვენ ბევრი დრო არ გაქვთ მცენარეების მოსავლელეად, გირჩევთ, ნიპა და გიგანტური იუკა გაახაროთ. მათ დიდი ყურადღება არ სჭირდება.