რატომ უნდა გამოვკვებოთ ძაღლი დღეში ორჯერ და რის გამო არ შეიძლება შუალედში დამატებითი საკვების მიცემა
ყველა ძაღლის პატრონს განსხვავებული შეხედულება აქვს საკუთარი ოთხფეხას კვებასთან დაკავშირებით – ერთნი უპირატესობას ანიჭებენ სპეციალისტების მიერ შერჩეულ საკვებს და რაციონს, მეორენი კი, ცხოველებს თავიანთი შეხედულებისამებრ კვებავენ მაგიდის ნარჩენებითა და სხვა არასრულფასოვანი საკვებით. როგორც წესი, რამდენიმე ხნის შემდეგ ექმნებათ პრობლემები სწორედ მეორე კატეგორიის მფლობელებს, მათ, ვინც საკუთარი შეხედულებისა თუ გამოცდილების მიხედვით კვებავენ ცხოველებს. ამ თემასთან დაკავშირებით, კი, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მთელი რიგი გართულებები საკვებთან დაკავშირებით, არა მარტო სწორად უნდა შეარჩიოთ ძაღლისთვის შესაფერისი საკვები, არამედ კვების რეჟიმიც უნდა დაიცვათ. კვების რეჟიმის რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ყოველი მათგანი მკაცრად ინდივიდუალურია. იმისთვის, რომ სწორად აარჩიოთ საკუთარი ოთხფეხა მეგობრისთვის კვების რეჟიმი, აუცილებელია, მიმართოთ ვეტერინარს.
კვების დროს გასათვალისწინებელია განსაზღვრული საკვების მიცემის დრო და საკვების რაოდენობა. ძაღლისთვის საკვების მუდმივად დადება შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძაღლის სპეციალურ მშრალ საკვებს იყენებთ. ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ საკვები მუდმივად ახალი იყოს და ძაღლმა დღის განმავლობაში მისთვის განკუთვნილი რაოდენობა მიიღოს. ეს რეჟიმი გამოიყენება, ძირითადად, ზრდასრულ ძაღლებში. არ არის რეკომენდებული აღნიშნული მეთოდის გამოყენება მაშინ, თუ ცხოველს აქვს უმადობა, გაცხიმოვნებისკენ მიდრეკილება და კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები.
– რაც შეეხება კვების რაციონის დოზას...
– ცხოველის კვებას დროის გარკვეულ მონაკვეთებში აქვს თავისი უპირატესობაც და ნაკლოვანებებიც. დოზებით საკვების ხშირი მიცემა სჭირდებათ პატარა ლეკვებს, რომლებსაც არ აქვთ კუჭ-ნაწლავის სისტემა სრულყოფილად ჩამოყალიბებული. ზრდასრულ ცხოველებში კი აღნიშნული რეჟიმი გამოიყენება კუჭ-ნაწლვის სისტემის, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისას, ასევე შაქრიანი დიაბეტის დროს, რათა მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირება. მცირე დოზა და ხშირ-ხშირად კვება უზრუნველყოფს არსებული დისფუნქციის კომპენსირებას. მრავალჯერადი, მცირე პორციებით კვება კი უზრუნველყოფს ენერგიის დანახარჯების აღდგენას ფიზიკური დატვირთვის დროს. გარემოს დაბალი ტემპერატურის დროს კი სასურველია, ცხოველი სამჯერ მაინც გამოვკვებოთ.
ძაღლის კვება განსაზღვრული რაოდენობის საკვებით რეკომენდებულია ისეთ ცხოველებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ მადა. საკვების განსაზღვრული დოზა უნდა მიეცეს არანაკლებ ორჯერ დღეში საშუალო და დიდი ჯიშის მოზარდ ძაღლებს. ასევე ძუებს, მაკეობის მეორე ნახევარში.
– ძაღლისთვის განკუთვნილი საკვების ერთ ჯერზე მიცემა თუ არის რეკომენდებული?
– უმჯობესია, ცხოველს მისთვის განკუთვნილი საკვების დოზა გაუყოთ და მისცეთ ორჯერადად – დილას და საღამოს. ჯანმრთელი ძაღლების უმეტესობა, გარდა მაწოვარა ძუების, მუშა და სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ძაღლებისა, რომლებსაც აქვთ კარგი მადა და დამაკმაყოფილებელი ფიზიკური მდგომარეობა, როგორც წესი, მათთვის განკუთვნილი საკვების დღიურ ნორმას 10 წუთის განმავლობაში მიირთმევენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთჯერადი კვება უმეტეს ცხოველებში არასასურველ შედეგებს იწვევს, ის მაინც დასაშვებია მთელ რიგ შემთხვევებში.
– ამ გამონაკლისის გარდა, იქნებ გვითხრათ, რას იწვევს ცხოველის ერთჯერადად გამოკვება?
– არსებობს იმის საშიშროება, რომ ერთჯერადი კვების დროს განვითარდეს კუჭის გაგანიერება და ნაწლავების შებერილობა. ხშირად აღნიშნულს მოსდევს თირკმელების ჰიპერფუზია, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს თირკმელების დაავადება. აღნიშნულის მინიმალიზაციისთვის ჩემი რჩევაა, ცხოველი ორჯერად კვებაზე გადაიყვანოთ.
– კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ცხოველის კვებასთან დაკავშირებით? ანუ, რა არის რეკომენდებული?
– არ არის სასურველი კვების შუალედებში საკვების დამატებით რაიმე საკვების მიცემა – მაგიდის ნარჩენები ან სხვა რამ. ამან შეიძლება, მადის დაქვეითება ან გასუქება გამოიწვიოს. არ შეიძლება, ტკბილის და არც პატარა ზომის ძვლების მიცემა. პატარა ძვალმა შეიძლება, მექანიკურად დააზიანოს პირის ღრუ ან კუჭ-ნაწლავი სისტემა.
ასე რომ, თუ გსურთ, თქვენი ოთხფეხა მეგობარი სწორად იკვებებოდეს, გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები. ჯანსაღი და სწორი კვების რეჟიმით ცხოველი პრობლემებს არ შეგიქმნით.