მწვანე კუთხე
კითხვა: ბინაში მაქვს იაპონური ციკასი, რომელსაც ფესვები მოულპა, რის ბრალია და როგორ გადავარჩინო მცენარე?
პასუხი: თქვენ, ალბათ, ეს მცენარე გადარგეთ და ამ დროს დაუზიანდა ფესვები. მათი მოჭრა არ შეიძლება. ჭურჭელში ჭარბი ტენი მათ ლპობას იწვევს. მცირე ზომის ქოთანი მოითხოვს კარგ დრენაჟს. ახლა ეცადეთ, წყალი ხშირად არ დაუსხათ, იქნებ, ამით გადაარჩინოთ. ოთახში დადგით განათებულ ადგილას. დასავლეთ საქართველოში, ღია გრუნტში ის კარგად ზამთრობს და ვითარდება. ზაფხულში შეიძლება, შუშაბანდში დაიდგას. ჭარბი ტენის პირობებშიც წყლის შესხურება აუცილებელია. უყვარს ნოყიერი ნიადაგი. ეს პირობები გაითვალისწინეთ და იაპონური ციკასი მშვენივრად განვითარდება.
კითხვა: რას გვეტყვით ფუქსიას შესახებ და რით მრავლდება მცენარე?
პასუხი: ფუქსია საკმაოდ ცნობილი ოთახის მცენარეა, რომელიც საუცხოო დეკორატიულ ეფექტს აძლევს აივნებსა და ფანჯრებს. მოითხოვს ნოყიერ ნიადაგს და ზომიერ ტენიანობას.
ფუქსია, უმთავრესად, მწვანე კალმებით მრავლდება თებერვალ-მარტში. სადედე მცენარე, იანვარში მოკლედ უნდა გადაიჭრას, რომ ბევრი საკალმე ყლორტი გამოიტანოს. ფესვიანდება 15-20 დღეში. ცნობილია ფუქსიას მრავალი ჯიში – დიდყვავილა, წვრილყვავილა და ჭრელფოთოლა. გვხვდება სხვადასხვა ფერისაც. ამ მცენარეს ახასიათებს უხვი და ხანგრძლივი ყვავილობა. მისი სიმაღლე 80 სანტიმეტრია. ზამთარში კარგად ეგუება გრილ ოთახს და წელიწადის ყველა სეზონზე უპრეტენზიო მცენარეა.
კითხვა: როგორ გავახარო და რა პირობებში მოვუარო ჰელქსინიას?
პასუხი: ჰელქსინია მონოტიპური მცენარეა. მოიცავს მხოლოდ ერთ სახეობას. ყვავილობს აპრილ-ოქტომბერში. მისი სიმაღლე 15-20 სანტიმეტრია. ჰელქსინიას ამრავლებენ ნახევრად მოჩრდილულ ადგილზე ჰაერის სინოტივეში. ზაფხულის პერიოდში მას გადგამენ გარეთ, ტერასაზე ან აივანზე. ამ მცენარეს უყვარს მსუბუქი ნიადაგი. წყალს ამატებენ არამოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილ სასუქს და ყოველ ორ კვირაში ერთხელ ასე რწყავენ. ეს სჭირდება მცენარეს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს მიმზიდველი და ჯანმრთელი იერი. როდესაც მცენარე ქოთანში გადმოიზრდება, შეიძლება, შეიკრიჭოს გადმოზრდილი ნაწილები. შეგიძლიათ, თქვენი გემოვნების მიხედვით, მცენარეს შეურჩიოთ სასურველი ფორმა. ჰელქსინია კარგად იზრდება ნახევრად მოჩრდილულ ადგილას. ის თავს კარგად გრძნობს მზეზეც. მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 13-21 გრადუსია. ზამთარში ჰელქსინია ვერ იტანს 5-7 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურას. ასეთ შემთხვევაში ის გაფუჭდება. იმისთვის, რომ მცენარეს ფესვები არ დაულპეს, რეგულარულად მორწყეთ. მისი გამრავლება შესაძლებელია, დაყოფით. თუ დაიცავთ იდეალურ სინესტეს, ჰელქსინია მშვენივრად გაიხარებს და განვითარდება. მცენარის ჯანსაღი გარეგნობის შესანარჩუნებლად, გირჩევთ, შეაჭრათ გამხმარი ტოტები და ფოთლები. ამით მცენარეს არაფერი დაუზიანდება და მალევე ამოიყრის ახალ ყლორტებს.