რით უპირისპირდება ჩელე კედლის მკვნეტავებს და როგორ გააბედნიერა ის ძროხების მოშენებამ
ერთ დროს დათო გელაძე, იგივე ჩელე, საქართველოში ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო და თინეიჯერი თაყვანისმცემლების არმია ყოველთვის თან სდევდა მის ყოველ ნაბიჯს. მაგრამ, გაიზარდა ჩელე, გაიზარდნენ თაყვანისმცემლებიც... ახლა ის ცხოვრების სხვა საფეხურზე დგას, სხვა ინტერესებითა და მომავლის იმედით. სად იყო ჩელე დაკარგული და რას საქმიანობს ამჟამად, ამაზე თავად გვესაუბრა. ერთს კი, თუ როგორ ცხოვრობს იგი ამჟამად, მისი ფოტოდანვე მიხვდებით – რობინზონ კრუზოსავით გამოიყურება.
ჩელე: ყოველდღე ვაკეთებ ერთსა და იმავეს: მძინავს 5 საათამდე. ეს ერთი თვეა, ჩვენს თეატრსაც სპექტაკლები მოაკლდა და ასე დამემართა ძილქუში. 5-6 საათამდე მძინავს და მერე მთელი ღამე დავბოდიალობ.
– მაგრამ, ახლა, 11 საათზე, ჩემთან ხარ ინტერვიუზე.
– მხოლოდ და მხოლოდ შენი ხათრით. მოკლედ, ახალი ის ხდება, რომ შევცვალე დღე-ღამის სისტემა – დღისით მძინავს და ღამით მღვიძავს და „ფეისბუქზე“ ვაშენებ ქალაქ „სითივილს”. ყველას გთხოვთ, დამიმატეთ და გამომიგზავნეთ ენერგია. გარეკილი მაქვს უკვე. „ფეისბუქით” ვიკმაყოფილებ აღმშენებლობისა და დაკავებულობის სურვილს. გადასარევი ქალაქი მაქვს. „სითივილში” არ მჭირდება, მაგრამ, ძალიან ბევრი ძროხა მყავს, ჩემი მეგობრები სულ დამცინიან. ვყიდულობ და ვყიდულობ ამ ძროხებს და ვარ ბედნიერად. მუზეუმებს ვაშენებ და ვარ ერთ ამბავში. ვერ ვარ მთლად ჯანზე ამ ბოლო ხანს, მიხვდით ალბათ თქვენც (იცინის).
– რამ გამოიწვია შენი ასეთი მოდუნება? მახსოვს, ყოველთვის ძალიან აქტიური იყავი.
– არ ვიცი. მართლა საშინლად მოდუნებული ვარ. თავიდან, როდესაც უსამსახუროდ დავრჩი, ეს ყველაფერი დასვენება მეგონა, მერე მივხვდი, რომ დასვენება აღარ არის და შემაწუხა ამ მდგომარეობამ. იმასაც მივხვდი, რომ ფხიანი არ ვარ. ხომ ამბობენ ადამიანებზე როგორი ფხიანია, თევზივითააო. ვერასდროს ვერავის ჩემი პრობლემებით ვერ ვაწუხებ, ამ ნიჭით არ ვარ დაჯილდოებული. თუ ვინმე რამეს აკეთებს ჩვენს სფეროში, ყველასთან ახლოს ვარ, ყველასთან ვმეგობრობ და მაინც არ შემიძლია, შევიდე, შევაწუხო და ვუთხრა: იცით, რაღაც მჭირდება... აქედან გამომდინარე, ვარ არააქტიური და ეს ყველაფერი სიზარმაცეში გადამივიდა. შეიძლება, ვიღაცას ჰგონია, რომ ასე ყოფნა მომწონს და იმიტომაც არ ვამბობ არაფერს.
– ხომ იციან, რასაც წარმოადგენ, იქნებ, მაინც ვერ დაგაფასეს სათანადოდ?
– არა, ვის უნდა დავაბრალო?! თუ რამე ხდება, ყოველთვის შენი ბრალია. სულ არის შანსი, მით უმეტეს ჩემს შემთხვევაში – ძალიან ბევრი შანსი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ გამოვიყენე სათანადოდ, ვერ დავინახე, ხელის მოკიდება ვერ მოვასწარი. რამე კონკრეტული მომენტი კი არ გავუშვი ხელიდან, პირიქით, ძალიან ბევრი მომენტი არ გავუშვი. გადავყევი რაღაცეებს. არ მინდა, ვინმემ ცუდად გამიგოს, მაგრამ, ვიღაცეებსაც გადავყევი. ღმერთმა შეარგოს თუ გადავყევი კიდეც. თუ მთელ სამეგობროში ვიღაცას რამე საქმე ჰქონდა, სადმე წასვლა ან გაყოლა უნდოდა, უარს არ ვამბობდი. მანქანებით სიარულები, შემოვლილი მაქვს მთელი საქართველო. აი, ესენი არ გავუშვი ხელიდან და, წარმოიდგინე, რამდენი რამე გაიპარა. ამიტომ, ვერავის დავაბრალებ, ყველაფერი ასე რომ აეწყო, ჩემი ბრალია ყველაფერი. არ ვიცი, ვნახოთ, რა იქნება. ტელევიზიასაც აქვს ის ნოსტალგია, რაც თეატრს. მაწუხებს ხოლმე ამაზე ფიქრი. შეიძლება, ქასთინგი გამოცხადდეს რაღაც და იქ მივიდე...
– კი მაგრამ, ქასთინგებზეც არ დადიხარ?
– არ ვიგებ და არც მივდივარ. მართალი ხარ. ამოცანა „ბე“ – რატომ არ დავდივარ ქასთინგებზე?! არ ვიცი. საერთოდ არ ვარ დეპრესიული ადამიანი, არ ვზივარ უხასიათოდ სახლში და არ ვფიქრობ, როდის დავესიზმრები ვინმეს და რაღაცაზე დამიძახებს. გადასარევ ხასიათზე ვარ და, აი, დღეს შენთან ვდებ პირობას, რომ ყველა ქასთინგზე ვივლი. რაღაც, ცოტა ისეთი ინტერვიუ გამოვიდა, ვიღაცა წაიკითხავს და იფიქრებს, რა დღეშია ბიჭი, სულ გაგიჟებულაო. პირიქით, არავითარი დეპრესია და მოწყენილობა, სიცოცხლე ჩქეფს და მიხარია ყველაფერი. არ ვარ ნევროზული ტიპი, თქვენც ხომ კარგად იცით. ერთი რაღაცის დაწყება ჭირს, თორემ, მერე მიდის ლიწინ-ლიწინით – გათხოვებასავით არის. (იცინის). პირველი გათხოვება ჭირს, მერე „ოჩერედივით” არისო, ხომ ამბობენ. მეც, ავდექი და გამოვედი ქალაქში. თურმე, დილით ჩიტები ჭიკჭიკებენ, ყველას სადღაც ეჩქარება, მოკლედ, დუღს ცხოვრება. მე კიდევ, რეპეტიცია თუ არ მაქვს შეიძლება, სახლიდან არ გამოვიდე. ეს კვირა კარგად დაიწყო: შენ დამირეკე ინტერვიუზე, კიდევ, დამირეკა ხათუნა მილორავამ – რეჟისორია, ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც ჩემთვის ძალიან რთულ პერიოდში გვერდში დამიდგა და თავისი რეპეტიციებით დამეხმარა. დღეს დამირეკა ნიკა ხაჩიძემაც, რომელმაც მითხრა, რადიო „აფხაზეთის ხმისთვის” წამყვანებს ვეძებთ და მოდიო. მოკლედ, ასეა. დღევანდელი დღე, ალბათ, კიდევ ერთხელ შეცვლის ჩემს ცხოვრებას.
– რატომ გაქვს იმის განცდა, რომ აუცილებლად უნდა გიპოვონ, გაახსენდე, იმის ნაცვლად, რომ თვითონ შესთავაზო საკუთარი თავი?
– არა, რა სისულელეა, საერთოდ არ მაქვს ეს განცდა, რომელი „გეროი ნაშევო ვრემენი” მე ვარ. საერთოდ არ მაქვს ეს განცდა. რომელი დამალული პოტენციალი მე მაქვს, რომ აღმოაჩინონ! ხალხი კედელს კვნეტს, ისეთი მაგრები არიან. ჩემი მხრიდან ეს დამოკიდებულება ძალიან არაჯანსაღი ამბიცია იქნება – გამოვთხრი ახლა სოროს, შევძვრები და მიპოვოს ვიღაცამ. ხომ ხედავ, თავისით ხდება ყველაფერი, დინებას მივყვები, რომელიც ცოტა ნელა მიდის, მაგრამ, მაინც მიდის და მერე უცებ თავისით ხდება ყველაფერი. ახლაც რაღაც გარდატეხა მოხდება. ყველაზე მთავარი რა არის, იცი?! ყოველთვის მიწევს იმ საქმის კეთება, რომელიც არ ვიცი. დავამთავრე სამსახიობო და დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა. დებილივით დავდექი, გავიხედე-გამოვიხედე, რაღაცეები ვიბოდიალე და გამოვიდა. ახლა – რადიო. მივალ და, იქნებ გამოვიდეს. ისე, ქასთინგს ვერ ვიტან, არ მომწონს გამოცდის მომენტი.
– დალიე ორი ჭიქა და ისე მიდი...
– დალევაც აღარ მიყვარს, თუ სიმართლე გაინტერესებს. მოკლედ, ასეთი ამბებია.
– ფიზიკურადაც რომ იცვლები ამაზე არ ფიქრობ?
– კი, დეფორმაციას განვიცდი. მგონი, დასხივება მაქვს მიღებული – ვსუქდები და ვსუქდები. მუშაობა არ იყო, ახალი წლები იყო, მილიონი დღესასწაული, იყო ერთი ღორების დაკვლები, სოფლებში სიარული. ღორები, გოჭები – დავწყვიტეთ ყველაფერი. გურიაში ღრუტუნი აღარ ისმის, ჩავიდგით ქოლესტერინის ზღვა. ნახევარლიტრიანით ქონს ვსვამდი ყოველ დილით „პახმელიაზე”, ისეთ დღეში ვიყავი (იცინის).
– თმას და წვერს რაღას ერჩი?
– სად არის თმის შეჭრის და წვერის გაპარსვის დრო?! ამდენი ქეიფები და ამბები იყო, „მაიკები” მუცელთან უკვე მეცრიცება და ვერ ვხვდები რატომ (იცინის). ზემოთ „სვეჟია”, ქვემოთ – გადაცრეცილი. ამ თმაზე კიდევ, ყველა მეკითხება, რა გჭირსო. ყველაზე მაგარს გეტყვი ახლა: ეგვიპტეში, ხომ ხედავ, რა ამბებია, დაწყვიტეს ერთმანეთი და ვერ გადააყენეს პრეზიდენტი. შაქარი გახდა ოთხი ლარი, ბენზინი – ორი ლარი, მსოფლიო ამობრუნდა და ყველა იმას მეკითხება, თმა რატომ გაქვს გრძელიო. სხვაზე რატომ არ ამბობთ არაფერზე, რა შუაშია ჩემი თმა ამ დროს? აი, ასეთ ამბავში ვარ. ერთადერთი, რაზეც ბევრს ვფიქრობ, ეს წლების მომატებაა და მერე შიშები მაქვს. ეს ოცდახუთი წელი ისე მალე გავიდა, რომ ოცდახუთიც ასევე გავა და, გამოდის, ნახევარი საუკუნის ხარ. სადამდე მიაღწევ, ესეც საკითხავია. სხვათა შორის, საოცარი ინტუიცია მაქვს. ქალებმა რომ იციან ხოლმე, ისეთი ენა მაქვს: თუ ვთქვი – ახდება. ვგრძნობდი, რომ რაღაც კარგი მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და მოხდა, მერე იმასაც მიგრძნობდა გული, რომ რაღაც უნდა დამთავრებულიყო, რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. ვერ ვიშორებდი ამ ფიქრებს და მოხდა კიდეც. ახლა კი ნელ-ნელა რაღაცეები მოდის. ოღონდ, ჩემთან ყველაფერი ზვავივით ხდება, არა ეტაპობრივად. ეგრევე დაეცემა და დაანგრევს ყველაფერს. შეიძლება ტყუილად, მაგრამ მაქვს ეს შეგრძნებები და, ვნახოთ, რა იქნება.
– პატარა როგორ გყავს?
– ახლა, 18-ში გახდა 2 წლის. თავის სიმაღლე სათამაშო ვუყიდეთ და ძლივს მოათრევდა (იცინის). „ჩელეს“ მეძახის, ნელ-ნელა სწავლობს ეშმაკობებს, დიდი გოგოა. ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს და დავდივართ. მთავარი ისაა, რომ ფულის ცნობა ისწავლა – ორი მომეცი, ორიო. მეც, ოცთეთრიანს ოთხად ვუშლი და ისიც ბედნიერია. ორმოცდაათთეთრიანი არ უნდა, პატარაა და ერთი. ამ ეტაპზე ასე ჯობია, ცოტა მოვატყუოთ ბავშვი.
– ფინანსურად რას შვრები, ვინ გეხმარება?
– შიგადაშიგ რაღაცეებს ვაკეთებ, ხან სადღაც რაღაცას წავიყვან, – ერთჯერადი ამბებია მოკლედ. ძირითადად, მაინც ჩემი და მეხმარება, იმას ვენაცვალე. ის რომ არ მყავდეს, აქამდე თავს ჩამოვიხრჩობდი. სულ სხვანაირი ტიპია, იცის გვერდში დგომა. ხან რაღაცას მომაძახებს და ისე მომიგდებს ხოლმე ფულს, მაგრამ, მოძახებულიც ტკბილია. მაძახოს, კაცო, რაც მეტს მაძახებს, მით უკეთესია.