კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹26-6(528)

რა უბიძგებს ადამიანებს დანაშაულის ჩადენისკენ? როცა თავის მართლება და ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა არ გვსურს, ვამბობთ, რომ გაჭირვება, არადა, აშკარად არ არის ასე. ადამიანი ნადირი არ არის, რომ შიმშილმა თანამოძმე დააგლეჯინოს. მაშინ, რა ხდება? გეტყვით, პასუხი ძალიან მარტივია: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სერიოზული „წუნი“ აქვთ. „წუნი“, ანუ „ბრაკი“. რა მოხდა, არ გაგიგიათ, რომ „ბრაკი“ ადამიანიც შეიძლება იყოს? სამწუხაროდ, „ბრაკი“ ადამიანი ყველა წუნდებულ საქონელზე გაცილებით საშიშია. წუნდებული საქონლით მხოლოდ თქვენს ჯიბეს დააზარალებთ. ბოლოს და ბოლოს, ნივთს შეაკეთებთ, ან, სულაც, გადააგდებთ. მაგრამ „წუნდებულ“ ადამიანს რას მოუხერხებთ?! – ის მუდამ თქვენ ცხვირწინ იქნება და ვერსადაც ვერ გადააგდებთ. „შეკეთებაზე“ ანუ, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, მის გამოსწორებაზე, ლაპარაკიც კი ზედმეტია. დიდი შანსი გაქვთ, სიცოცხლის ბოლომდე გაგიმწაროთ ცხოვრება...

მოკლედ, თუ ადამიანი დანაშაულს სჩადის, ზუსტად იცოდეთ: მას „წუნი“ აქვს და ეს ნაკლი სამუდამოა...

ანდრო მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა სოფომ სახლის გასაღები გაუწოდა.

– გამომართვი და შენ როგორც გინდა, ისე გადაწყვიტე. გინდა დარჩი და გამოიძინე, გინდა – წადი. გასაღები შენთან იყოს. მე მეორეც მაქვს. მერე დამიბრუნებ.

– მოიცადე, შენ რა, მართლა მიდიხარ?

– რა თქმა უნდა, აბა, რისთვის ჩავიცვი? ლიკას მიმართ პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ. რამე რომ მოუვიდეს, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ.

ანდრომ ამოიოხრა:

– ესე იგი, ამაღამ დასვენება არ გვიწერია. როგორი იმედი მქონდა...

– რატომ? შენ ხომ არ მიდიხარ, დაისვენე.

– მარტოს ვერ გაგიშვებ, – მიიღო გადაწყვეტილება ანდრომ და სავარძლის სახელურზე გადაკიდებული პულოვერი აიღო, – ახლავე გადავიცვამ.

– მარტო რატომ ვარ? მე და დათო ვიქნებით. ლიკას მამაც გამოგვყვება, ალბათ. ასე რომ, მარტო არ ვიქნები, შენ ნუ ინერვიულებ ამაზე, – თქვა სოფომ.

ანდრო შეიჭმუხნა:

– არ გინდა ეგ ირონია, არაფერში გჭირდება.

– ირონია რა შუაშია? უბრალოდ, არ მინდა, თავი დაივალდებულო. ეს შენ არ გეხება.

– ჰოო?! ამას ისე მეუბნები, შენს სახეზე კი აბსოლუტურად სხვა რაღაცას ვკითხულობ.

– მართლა? საინტერესოა, რას კითხულობ?

ანდრომ პულოვერი ჩაიცვა, პერანგის საყელო შეისწორა და ამოიოხრა:

– შენი ვერაფერი გავიგე. არ გინდა, რომ წამოვიდე?

– როგორ არ მინდა. თუმცა, არ ვიცი, ლიკას მამას შენს თავს როგორ წარვუდგენ. უფრო ზუსტად, დარწმუნებული არ ვარ, რა იცის ამ ყველაფრის შესახებ.

– მოიცადე, რა უნდა იცოდეს?

– ჰო, თუ ლიკამ მამამისს მოუყვა, რაც მე ვუთხარი?

ანდრომ მხრები აიჩეჩა:

– მე რა შუაში ვარ? საერთოდ არ ვფიქრობ მაგაზე.

– ცუდია, რომ არ ფიქრობ, თორემ, თუნდაც სავარაუდო ვერსიად დაუშვებდი იმას, რომ სიძისა და შვილის გაუჩინარებაში, შესაძლოა, შენ დაგადანაშაულოს.

უკვე გარეთ გასული დათო ამ სიტყვების გაგონებაზე უკან შემობრუნდა, გაოცებულმა და დაბნეულმა ჯერ ანდროს შეხედა, მერე დისკენ შებრუნდა:

– რაც ახლა თქვი, სიმართლეა?

ანდრომ მაშინვე გააპროტესტა:

– არა, ასე არ გამოვა. სოფო, ჭკუიდან ხომ არ შეიშალე? რა ბრალდებებს მიყენებ? დაზარალებული მეც ვარ და შენ ეს კარგად იცი. ახლა რა დაგემართა? მითხარი, ჩემგან რა გინდა? ლიკასთვის არაფერი მითქვამს ისეთი, რომ გადარეულიყო და სადღაც გადაკარგულიყო. არ გამოვა ასე. შენი ძმა ისე მიყურებს, მგონი, კაციჭამია ვგონივარ. არადა ჩემთან მუშაობდა და, ალბათ, მეტ-ნაკლებად მიცნობს.

– იქნებ, ამიხსნათ, რა ხდება? – იკითხა დათომ და ხელი ბრაზით მომუშტა, – სოფო, რა ხდება-მეთქი?

– ახლა აუხსენი, თორემ შეიძლება, მცემოს.

– ამის დრო არ არის. დათო, წავიდეთ და გზაში მოგიყვები ყველაფერს. ანდრო, იძულებული ვარ, მართლა ყველაფერი ვუთხრა.

ანდრომ მხრები აიჩეჩა:

– ჰო, აბა, რა... რა აზრი აქვს, რას ვიტყვი მე. პროტესტიც რომ გამოვთქვა, რა შეიცვლება? მით უმეტეს, რომ ვერც ამ ამბის დაფარვაში ვხედავ აზრს. ამიტომ, მეც თქვენთან ერთად მივდივარ. ჩემთვის სულერთია, რას ეტყვით ლიკას მამას. იმედი მაქვს, ბრალს ტყუილუბრალოდ არაფერში დამდებთ.

– არ ვიცი, რაზე ლაპარაკობთ, მაგრამ ვხვდები, ლიკას გაუჩინარებასთან რაღაც კავშირი ნამდვილად გაქვთ. სოფო, არ მომატყუო, მაინც ყველაფერი გაირკვევა და აჯობებს, ეს ახლა მოხდეს, სანამ რამე უბედურებას გადაჰყრია ის გოგო.

– ლიკა თუ უბედურებას გადაეყრება, ამაში მხოლოდ მისი ქმარი იქნება დამნაშავე, – ბოღმით ჩაილაპარაკა ანდრომ და გასაღები შეათამაშა, – ჩემი მანქანით წავიდეთ.

– არა, – თავი გააქნია სოფომ, – მე ჩემით წამოვალ. დათოსთან სალაპარაკო მაქვს.

– მერჩივნა, თქვენს საუბარს დავსწრებოდი, მაგრამ, რადგან ასეა...

– ნუ გეშინია ტყუილის თქმას არ ვაპირებ, – დაამშვიდა სოფომ.

– რა თქმა უნდა, მაგ იმედით ვცოცხლობ, – ჩაიცინა ანდრომ და თავი გადააქნია, – არ უნდა გაგვეშვა მარტო, მაგრამ, ვერ ვიფიქრე. სისულელის გამკეთებელს არ ჰგავდა... მაინც, სად უნდა წასულიყო...

– წავიდეთ, თორემ, რაც მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო მეშინია, – თაქვა სოფომ და დათოს შეშფოთებით შეხედა...

***

რეზომ მაჯაზე დაიხედა:

– მდაა... დროს ვკარგავთ. დრო კი საკმაოდ ძვირი ღირს... აბა, კიდევ დიდხანს ვისხდებით ასე? მოთმინებას ნუ დამაკარგვინებ. შენგან ბევრს არაფერს ვითხოვ, უნდა დაეთანხმო ან უარყო ის, რაც შენმა თანამზრახველმა მომიყვა. სულ ეს არის.

– მერე?! – საცოდავად იკითხა ვახომ.

– რა, მერე?

– ჰო, მაინტერესებს, რა იქნება მერე... გამიშვებთ?

– გააჩნია პასუხს. შეიძლება, გაგიშვათ კიდეც. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

– არა მგონია, – დაიგმინა ვახომ, – არ გამიშვებთ. არ დამიჯერებთ და იმიტომ.

– შენც, ყველაფერი გააკეთე, რომ დაგიჯერო. მეტი გულწრფელობა და – პრობლემა მოიხსნება, – შეაგულიანა რეზომ.

– მე უკვე ვიყავი გულწრფელი, როგორც შემეძლო. ახლა თქვენ უნდა დაიჯეროთ ან არ დაიჯეროთ. ვერაფერს დავამატებ.

– აჰა. ესე იგი, უნდა დავიჯერო, რომ სიზმარი ნახა. უკარნახეს, კაზინოში რა ციფრზე უნდა დაედო და აი, ასე მოიგო ნახევარი მილიონი?

– დიახ. ასე მოიგო.

რეზომ ხელები მოიფშვნიტა და, გაბრაზება რომ დაემალა, ნაძალადევად გაიცინა:

– მოკლედ, სულელი გგონივარ. კარგი. ალბათ, ვერ ხვდები, ცეცხლს რომ ეთამაშები.

– რა ვქნა. ვხვდები, მაგრამ, სხვა სიმართლე არ არსებობს.

– ძალიან ცუდად დაამთავრებთ ორივე...

– ეს უკვე ჩვენი პრობლემაა, – ამოიოხრა ვახომ.

– არა, მარტო თქვენი არ არის. ჩემი პრობლემაცაა და, რადგან პრობლემები საშინლად არ მიყვარს, თქვენ კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ.

– რა ვქნა, მაინც ვერაფერს შევცვლი, არანაირი სქემა და პრინციპი არ არსებობს, სიზმრის გარდა.

რეზო ჭარხალივით გაწითლდა:

– არ მინდა, რადიკალურ ზომებს მივმართო, მაგრამ, იძულებულს მხდი!

ვახოს აღარაფერი უთქვამს. გაჩუმდა და თავის თითებს დაუწყო თვალიერება. რეზო ოთახიდან გავიდა და კარი გარედან ჩაკეტა. მეორე ოთახს, რომელშიც ლაშა ჰყავდა დატოვებული, ნახევრად შემინული კარი ჰქონდა. რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა და მიაყურადა. სრული სიჩუმე... დაუკაკუნებლად შევიდა. ლაშა ისევ ისე იჯდა, როგორც დატოვა. ფეხი ფეხზე შემოდებული... სიგარეტს თითებით სრესდა... თავიც არ აუწევია და არ დაინტერესებულა შესულის ვინაობით...

– იმასთან გადი! – რეზომ „დაბალს“ ხელით ანიშნა, – მარტო დამტოვე ამასთან!

დაბალი არ განძრეულა... თავისი პროტესტი საკუთარი პერსონისადმი უპატივცემულობის გამო ამ ფორმით გამოხატა.

– დერეფანში გამოდი, ლევან! – ხმა გაიმკაცრა რეზომ.

ლევანი უხალისოდ წამოიზლაზნა. ლაშას ისევ არ აუწევია თავი.

– მომისმინე, – როცა უკვე დერეფანში გავიდნენ, – რამე თქვა?

– არაფერი. რა უნდა ეთქვა, მასთან ლაპარაკი ხომ ამიკრძალე?! – გაიბუსხა ლევანი.

– ახლა ბუტიაობის დრო არ არის. საბავშვო ბაღში არ ხარ. მე მაინტერესებს, როგორ იქცეოდა.

– ჩვეულებრივად, – მხრები აიჩეჩა ლევანმა, – იჯდა!

– ეგ გავიგე, – გაღიზიანდა რეზო, – ძნელია, მიპასუხო, ნერვიულობდა თუ არა? შენ როგორ შეატყვე?

– მგონი, არა. ნახევარი კოლოფი სიგარეტი დაფხვნა და იატაკზე დაყარა. ახლა რას ვაპირებთ?

– ჯერ არ გადამიწყვეტია, უნდა მოვიფიქრო...

– იქნებ, გადაგვეყვანა განყოფილებაში. იქ ვითომ უკეთესად არ აჭიკჭიკდება?

რეზომ თავი გადააქნია:

– ეგ დაივიწყე, გამორიცხულია. განყოფილებაში ვერ წავიყვანთ.

– რატომ? ამისთანები მიგვიყვანია?

– ლევან, მერე გწყინს, როცა შენი არაპროფესიონალიზმის გამო საქმის დეტალებს არ გითანხმებ. მაგრამ ახლა იძულებულს მხდი, ერთხელ და საბოლოოდ აგიხსნა, ეს საგანგებო დავალებაა და განსაკუთრებული დამნაშავე.

– დამნაშავე არ შეიძლება, განსაკუთრებული იყოს, – ბრძნულად ჩაილაპარაკა ლევანმა.

რეზო ისე შეიჭმუხნა, აშკარად შეეტყო, რომ ლევანი უკვე ძალიან უშლიდა ნერვებს და დიდ ძალისხმევად უღირდა ბრაზის დამალვა. მის ძალით ალერსიან ტონში, რომელშიც ქარიშხალი იგრძნობოდა, ემოციაც იყო ჩაქსოვილი და მუქარაც.

– ჩემო ძვირფასო ლევან... შენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ბევრი ცოდნა გაქვს, თეორიული, რა თქმა უნდა. პრაქტიკაში კი ჯერჯერობით ძალიან სერიოზულად მოიკოჭლებ, ჩემო ლევან, ის, რაც შენ უნივერსიტეტში გასწავლეს, პრაქტიკაში ზოგჯერ სრულიად გამოუსადეგარია. დამნაშავე რა არის და ვინ არის, ეს მე არ მეშლება, მაგრამ, კიდევ არის ერთი, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ აუცილებელი პირობა, რომ ადამიანი დამნაშავედ გამოაცხადო.

– მაინც, რა პირობა? – თვალები მოჭუტა ლევანმა.

– ის დამნაშავე უნდა იყოს. ჰო, რას მიყურებ? დამნაშავე უნდა იყოს! სხვანაირად ვერც დაიჭერ და, მით უმეტეს, ვერც ვერაფერში გამოტეხავ.

– მაგით რისი თქმა გინდა, ეს ორი ადამიანი დამნაშავე არ არის?

– ჯერ არ ვიცი.

– მოიცა, რას ნიშნავს, „არ ვიცი“, აბა, როგორ დავაკავეთ?

– ღმერთო, ძალიან დავიღალე. ლევან, როგორ ფიქრობ, მაქვს ახლა დრო, შენ ყველა წვრილმანი აგიხსნა და დაგიზუსტო? შენით ვერაფერს ვერ უნდა მიხვდე? ცოტა აამუშავე შენი ნაცრისფერი უჯრედები...

– შეურაცხყოფას ნუ მაყენებ... რომ ვამუშავებ, იმიტომაც მიჩნდება შეკითხვები. გეკითხები, თუ დამნაშავეები არ არიან, რატომ დავაკავეთ-მეთქი.

– გიხსნი და, თუ შეგიძლია, მომისმინე: დავაკავეთ იმიტომ, რომ ეჭვი არსებობს მათი დანაშაულებრივი საქმიანობისა. მაგრამ ამას ჯერ დამტკიცება სჭირდება. ახლა მიხვდი? გეხვეწები, ხელი აღარ შემიშალო.

– ანუ, ხელჩასაჭიდი არაფერი გაქვს.

– მშვენიერია, ნელ-ნელა გეხსნება გონება, – გაიცინა რეზომ.

– გონებაშეზღუდული არც არასოდეს ვყოფილვარ, – ეწყინა ლევანს „კომპლიმენტი“, – და კიდევ: რატომ არ გინდა, მეც მოგეხმარო ამ ხელჩასაჭიდის მოძებნაში?

– ნელ-ნელა ჩემს კეთილგანწყობას იმსახურებ, თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება, ერთად მუშაობაც გამოგვივიდეს.

– მეც მაგას გეუბნები.

– ჰოდა, თუ მეუბნები, მაშინ, იცი, რა გააკეთე? დასაწყისისთვის, რა თქმა უნდა, ხელი არ შემიშალო და წყნარად იყავი.

ლევანი გაშრა.

– თბილისში რომ ჩავალთ, მე თვითონ მოვითხოვ სხვასთან გადამიყვანონ, – დაიმუქრა წარბშეკრულმა.

– აგაშენა ღმერთმა! – გაიცინა რეზომ, – მაგრამ, ჩემგან დახასიათება მაინც დაგჭირდება. სულ მინიმუმ, სიტყვიერი. ამიტომ, კეთილი ინებე და ნერვებს ნუ მომიშლი.

ლევანი აღარ შეჰკამათებია, თავისთვის რაღაც ჩაიბურტყუნა და გვერდზე გადგა. რეზოს წამით შეებრალა კიდეც, მაგრამ, რადგან ლევანს მისი გეგმების ჩაშლა ადვილად შეეძლო, არჩია, ისევ მას სტკენოდა გული.

– ამასთან შევდივარ. შენ გინდა დერეფანში იდექი, გინდა იმ მეორეს დაუჯექი წინ. მთავარია, არსად გაგექცეს.

– სად უნდა გაიქცეს ჩაკეტილი კარიდან, – ჩაიბურტყუნა ლევანმა.

– არ ვიცი, მაინც გაფრთხილებ, ყოველი შემთხვევისთვის.

***

სისუსტეები ადამიანური ნაკლია. პირობითია ის, რომ, თუ შენი ნაკლით ვიღაცას აზიანებ, თავს კარგად არ უნდა გრძნობდე. სულ მინიმუმ, დამნაშავის სინდრომი მაინც უნდა გაწუხებდეს. მაგრამ, აბა, ვის აწუხებს?! – იმას, ვისაც ნაკლი არ აქვს. მაგრამ, ესეც პირობითია. ანუ, შეიძლება, ჩემი ღირსება შენთვის ნაკლი იყოს და პირიქით. ძალიან ხომ არ გაგირთულეთ საქმე? იმის ახსნა მინდოდა, რომ ჩემს შემთხვევაში, სხვისმა ნაკლმა, რომ იტყვიან, სულზე მომისწრო.

***

დათომ მუხრუჭის სატერფულს ფეხი მაგრად მიაჭირა, სოფომ თავი ვეღარ შეიკავა და საქარე მინას შუბლით მიასკდა.

– გაგიჟდი? რას აკეთებ? – უყვირა ძმას.

– ეს ყველაფერი იცოდი და ხმას არ იღებდი? შენ... შენ... როგორ არ გრცხვენია?!

– რისი უნდა მრცხვენოდეს? მე არაფერ შუაში ვარ, – გაცხარდა სოფო, – რა, მე ხომ არ მაბრალებ?

– არ ვიცი. ფაქტია, რომ ამ საქმიდან ასე მარტივად ვერ გამოხვალ.

– რომელი საქმიდან, რას ამბობ? ლაშა რომ თაღლითობდა, მე ამაზე წარმოდგენა არ მქონდა. რა ვიცოდი, ანდროს კაზინოს თუ ამოარჩევდა სამიზნედ?

– იცოდი, სოფო, ყველაფერი იცოდი, შენ ხომ ანდრო არაფერს გიმალავს!

სოფომ წყრომით შეხედა ძმას:

– ეგ უკვე ჩვენი პირადი საქმეა, ჩემი და ანდროსი. კაზინოს ამბები არასდროს მოუყოლია, იმიტომ რომ, არც მაინტერესებდა. აი, შენ კი უნდა გცოდნოდა.

– რა?

– დიახ, არ არის საჭირო მიამიტი და გაოცებული სახით ყურება. რა ჩემი ბრალია, თუ კაზინოში გაშტერებული დადიოდი და იმ ერთი ქალის გარდა, სხვას ვერაფერს ამჩნევდი?

– მოიცა, შენ რა, ამას ინაზე ამბობ?

– ჰო. ინაზე ვამბობ და ვერც უარყოფ, რომ ასე არ ყოფილა.

– მე კაზინოს საქმეებში არ ჩავრეულვარ, იმიტომ, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო.

– თავს ნუ იმართლებ. იმას ხომ მაინც უნდა მიმხვდარიყავი, რომ რაღაც ხდებოდა? – დაანამუსა სოფომ.

– მაგას მივხვდი, მაგრამ არაფერი მიკითხავს. ცნობისმოყვარე არ ვარ. ის, რაც მე არ მეხება, არ მაინტერესებს.

– ჰოდა, მაშინ, გეტყვი, რომ ლაშამ, არ ვიცი, როგორ, კაზინო ლამის გააკოტრა. ნახევარ მილიონზე მეტი მოიგო და გაქრა.

– როგორ მოიგო? გაუმართლა? ასეთი რამეებიც ხდება?

– ჰო, სწორედ მაგაშია საქმე, რომ არ ხდება... გამართლება როგორ არ არსებობს, მაგრამ ასეთი? მოკლედ, ანდროს პრობლემები შეექმნა. საგანგებოდ დაიქირავა ფსიქოლოგიც, საგანგებო თვალთვალიც დაუწესა, მაგრამ ვერაფრით ვერ გაიგო, ლაშა რა სქემით მოქმედებდა.

დათომ განცვიფრებით შეხედა დას.

– ლაშაზე ამას ვერაფრით დავიჯერებდი, შენ რომ არ მეუბნებოდე. თან, დაახლოებით ვიცოდი კიდეც...

– რა იცოდი?

– კაზინოში პრობლემები რომ იყო... ისა, ინაც... – დათო გაჩუმდა და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაწითლდა.

– არა უშავს, არა უშავს, თქვი... ისედაც ვიცი, ინას რომ ეკურკურები.

– კი არ ვეკურკურები, მიყვარს და ცოლადაც შევირთავ! – ჯიუტად, ბრაზიანი ტონით მიახალა დათომ.

სოფომ გაოცებით ასწია წარბები:

– მე გეუბნები, არ მოიყვანო-მეთქი? თავიდანვე ხომ გითხარი, მაგ საქმეში არ ჩავერევი-მეთქი.

– „არ ჩავერევი“ ერთია და „არ ვიწონებ შენს არჩევანს“ – მეორე, – დათომ დას წყენით შეხედა და საკეტში გასაღები გადაატრიალა.

– წავიდეთ, თორემ შენი საყვარელი მანქანიდან გადმოსვლას აპირებს. ალბათ, აინტერესებს, რატომ გავჩერდით.

სოფომ ახლაღა შენიშნა, გაჩერებულ მანქანაში რომ იჯდა.

– მერე რას გაჩერდი! ლიკას მამა რომ გველოდება, დაგავიწყდა? ანდროზე კი გიკრძალავ ასეთ ლაპარაკს.

დათომ სიჩქარეს მოუმატა.

– როგორ ლაპარაკს? არ არის შენი საყვარელი?

– ეგ უკვე, არავის საქმე არ არის. ანდრო ჩემი მეგობარია, – ყოყმანით, ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა სოფომ, – არავის, მათ შორის შენც, არ გაქვს უფლება, მიმითითოს, როგორ უნდა ვიცხოვრო. დიდი ხანია, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და საკუთარი ბედის განმკარგავიც.

– ჰო, აბა, რა... დამოუკიდებელი ნამდვილად იქნებოდი, მაგ შენს მეგობარზე რომ არ იყო დამოკიდებული.

– ნერვებს ნუ მიშლი! – გაღიზიანდა სოფო.

– ვერ ხვდები, რას კარგავ მაგასთან უაზრო ურთიერთობით? – რადგან დაიწყო, ვეღარ გაჩუმდა დათო, – დიახ, ასეა... კარგავ. წლებს კარგავ, საუკეთესო წლებს. ბოლოს მიხვდები ამას, მაგრამ, გვიან იქნება. მაგას რა ენაღვლება, ცოლიც ჰყავს, შვილიც და შენნაირი მეგობრებიც თავზესაყრელი...

– გაჩუმდი! ახლავე გაჩუმდი!.. – სოფოს თვალები აუცრემლდა, – რა უფლებით მელაპარაკები ასე? რამხელა ბოღმა გქონია გულში. ახლავე გააჩერე მანქანა, უნდა გადავიდე! – სოფო მანქანის კარის სახელურს მოებღაუჭა.

– დაწყნარდი. მანქანიდან ნუ გადახტები. ეს ყველაფერი იმიტომ გითხარი, რომ შენზე გული შემტკივა.

– გულშემატკივარო, თუ არ გინდა, რომ მართლა ვისკუპო აქედან, გააჩერე მანქანა.

დათომ ამოიოხრა:

– ცხოვრებაში ერთხელ მოვინდომე, ამეხსნა შენთვის, როგორ მიყვარხარ და ახლაც არ გამომივიდა. გავაჩერო, რომ იმის მანქანაში გადახვიდე, არა? სოფო, დრო არ უნდა დახარჯო იმ ადამიანზე, ვისაც არ უყვარხარ.

– შენ არავინ გკითხავს ამას, – შეჰყვირა სოფომ ცრემლნარევი ხმით.

– ვიცი, მაგრამ შენ ჩემთვის უცხო არ ხარ და მშვიდად ვერ ვუყურებ, როგორ იფუჭებ ცხოვრებას.

– აჰა, ახლა მივხვდი: მარინას ხელწერაა. ეს იმან დაგქოქა, ასე არ არის? ველოდი, რომ, ერთხელაც, აუცილებლად მოახერხებდა ამას. ისე, დიდი დრო კი დასჭირდა, მაგრამ, მაინც კარგად იმუშავა, ვერაფერს იტყვი.

– მარინა არაფერ შუაშია. ბრმა ხომ არ ვარ?

– ჰოდა, თუ ბრმა არ ხარ, მომეშვი და იმ შენს ინას მიხედე, გესმის? – შეჰყვირა სოფომ, – გამომივიდა ჭკუის დამრიგებელი! არაფერს არ ვკარგავ, ახლა ასე მინდა და ასე ვცხოვრობ. ქმარი და შვილი თუ მომინდება, გათხოვებასაც მოვახერხებ როგორმე, არ არის პრობლემა.

– კარგი, დამშვიდდი. შენთვის გულის ტკენა არ მინდოდა, – დათომ სცადა ხელზე მოჰფერებოდა, აჭარხლებულ და აღრიალების პირას მისულ დას.

– ახლა დავმშვიდდე? – სოფომ ხელი გამოჰგლიჯა, – ხმა აღარ გამცე! ეს ამბავი დამთავრდეს და თვალით აღარ დაგენახვებით არც ერთს. ისეთ ადგილას წავალ, თქვენი მზრუნველობა რომ ვეღარ მომწვდება, ვეღარც იმას გაიგებთ, სად ვიქნები და ვისთან!

– ეჰ, სოფო, სოფო... – ამოიოხრა დათომ და ხელი ჩაიქნია.

***

რეზომ სიგარეტის ცარიელი კოლოფი მაღლა ააგდო და ორი თითით დაიჭირა. ლაშას ყურადღება არ მიუქცევია მისთვის.

– ანუ, გადავწყვიტეთ, აღარაფერი ვთქვათ? კარგი, ასე იყოს. პრინციპში, შენმა მეგობარმა უკვე ყველაფერი დაფქვა. ახლა წერილობით ადასტურებს თავის მონაყოლს. ძალიან მწყინს, რომ ჩვენი ურთიერთობა არ შედგა. არ ჩანდი ცუდი ბიჭი, თანაც, მე ნიჭიერი ადამიანები ძალიან მიყვარს. მაგრამ, შენ ციხეში მოგიწევს ჯდომა, თანაც საკმაოდ დიდი ხნით.

– სასამართლოზე დავიცავ თავს, – მშვიდად წარმოთქვა ლაშამ.

– ჰოო... აი, თურმე რისი იმედი გაქვს. სასამართლომდე საქმე არ მივა, და თუ მივა, უკვე გადაწყვეტილი იქნება შენი ბედი. ოღონდ, არ იფიქრო, გემუქრებოდე. იმას გეუბნები, რაც იქნება.

– გამოდის, ამ ქვეყანაში სიმართლე არ არსებობს?

– სიმართლე რომ არსებობს, იმიტომაც ზიხარ ახლა აქ, ყავითაც გიმასპინძლდები და განყოფილებაშიც არ მიმყავხარ, – ნიშნის მოგებით განუმარტა რეზომ.

ლაშას გაეცინა:

– რა გაცინებს?

– არც ასეთი გულუბრყვილო ვარ, როგორიც გგონივართ.

– მართლა? და... რა, მერე, რომ გულუბრყვილო არ ხარ?

– ვიცი, რატომაც არ მიგყავართ განყოფილებაში. უფრო სწორად, ვხვდები.

– მაინც?

– არ გაწყობთ ჩემი განყოფილებაში მიყვანა. არაფერი გაქვთ ჩემ წინააღმდეგ და იმიტომ.

– ჰოო?! გამაღიზიანებელი თავდაჯერებულობაა, ძალიან გამაღიზიანებელი... სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე რამე გსმენიათ?

ლაშამ თავი დაუქნია და ისევ გაიცინა:

– მაგ ჩანაწერებში ვერაფერს იპოვით. თქვენ გგონიათ, რომ მე რაღაც უნიკალური თაღლითური სქემა მაქვს და ფულს, ჩემს პარტნიორთან ერთად, რაღაც კომბინაციის წყალობით ვიგებდი, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა... და, კიდევ ერთი მიზეზიც არსებობს იმისა, რისთვისაც განყოფილებაში არ წაგვიყვან...

რეზომ თითები გაატკაცუნა:

– აბა, რა ვერსიაა?

– ვერსია ის არის, რომ თქვენ კაზინოს მეპატრონემ დაგიქირავათ.

– ჩვენ?! ძალიან საინტერესო ვერსიაა‚ ძალიან საინტერესო...

– რაც მთავარია, რეალური. ფული გინდათ? წაიღეთ და გამიშვით. არაფერს ვიტყვი, არც ვიჩივლებ.

– აა, ჩივილსაც აპირებდი? ძალიან ორიგინალური ვინმე ხარ. პრინციპში, ველოდი კიდეც ამას, მაგრამ შენს ვერსიებში ძალიან შეცდი. კაზინოს მეპატრონესთან ურთიერთობა არ მაქვს და არც მის ინტერესებს ვიცავ.

– დავიჯერო, რომ სამართლიანობის აღდგენა გინდათ? მაშინ, უნდა გამიშვათ. იმიტომ, რომ პატიოსნად მოვიგე მთელი თანხა.

– არ მჯერა, ასე არ ხდება.

– მე შემიძლია, დაგიმტკიცოთ.

– როგორ?

– თბილისში უნდა დავბრუნდეთ და ღამე სახლში უნდა გავატარო.

რეზომ სკამი აიღო. ლაშას წინ დაუჯდა და სახეში ჩააშტერდა:

– ძალიან ცდები, თუ ჩემს მოთმინებას სცდი და ფიქრობ, რომ ამათ რამე გამოგივათ. საშინლად ვბრაზობ და, როცა ვბრაზობ, შემიძლია, ცუდი ადამიანიც გავხდე. მოვრჩეთ ამ თამაშს და საქმეზე გადავიდეთ: მექანიზმი მჭირდება!

– თუ ერთ ღამეს სახლში არ დავიძინებ, მექანიზმის მოქმედების პრინციპს ვერ აგიხსნი, – თავი გამოიდო ლაშამ.

– აჰა, თუ სწორად გავიგე, სახლში მოწყობილობა გაქვს, რომლის საშუალებითაც ფულს იგებდი.

– დიახ, რაღაც მაგდაგვარია.

– მეტყვი? უფრო სწორად, მანახვებ?

– სხვა გზა მაქვს?

– არა!

– მაშინ განახვებთ, – მხრები აიწურა ლაშამ.

რეზომ ეჭვით შეხედა და ნიკაპი მოისრისა.

– ფიქრობთ მენდოთ თუ არა? – მიუხვდა ლაშა, – სხვა გზა თქვენც არ გაქვთ. უნდა მენდოთ. მაშინ, აქ დიდხანს მოგვიწევს ჭიდაობა.

– არაფერი გამოგივა, – თქვა რეზომ.

– არც არაფერი მინდა, რომ გამომივიდეს. გადავწყვიტე, ყველაფერი გულახდილად მოგიყვეთ. მაგრამ, ნივთმტკიცება ხომ გვჭირდება! ისევ არ დამიჯერებთ. ამიტომ ვამბობ, ღამე სახლში უნდა გავათენო-მეთქი.

– სიზმრის ვერსია ძალაშია, – ამოიოხრა რეზომ, – პირი შეკარით, არა? შენი მეგობარიც ცდილობდა, დავერწმუნებინე, რომ მომგებიან კომბინაციას სიზმარში ნახულობდი.

– რომ გითხრათ, ასე იყო-მეთქი? – ლაშამ მხრები აიჩეჩა.

– კარგი, ასე მოვიქცეთ: ღამეს იქ გაათევ და დილით მომგებიან კომბინაციას მეტყვი. თბილისში ჩასვლა არ დამჭირდება იმისთვის, რომ შენი სიმართლე შევამოწმო. აქ ვითამაშებ და ვნახავ, მოვიგებ თუ არა. სათამაშო ოთახები აქაც არის.

– არაფერი გამოვა. მხოლოდ „რულეტკა“ და, თან, ღამეც მხოლოდ ჩემს სახლში უნდა გავათენო, – ჯიუტად გაიმეორა ლაშამ.

– გაქცევას გეგმავ? უკვე დამიმტკიცე, რომ მაგარი ხარ, მაგრამ იმას ვერ მიხვდი, ვისთან გაქვს საქმე. მაგრამ, მე შენზე მაგარი ვარ და, თუ შეგამჩნევ, რომ გაძვრომას ცდილობ, ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი. შენთვის ცუდად, რა თქმა უნდა.

– სულელი არ ვარ, არსად გავიქცევი.

– სულელი რომ არ ხარ, ეგ უკვე კარგია. არ ვიცი, რისი იმედი გაქვს, მაგრამ, მოვსინჯოთ. შენ ჩემს მანქანაში ჩაჯდები. გზაში კიდევ გვექნება სასიამოვნო საუბარი. შენს მანქანას და შენს მეგობარს ჩემი მეწყვილე წამოიყვანს. საწინააღმდეგო გაქვს რამე?

– არა, – გაეღიმა ლაშას.

– შენი ღიმილი არ მომწონს. მაგრამ, ბოლოჯერ გაფრთხილებ: რისკზე ნუ წახვალ, უკვე დამიმტკიცე, რომ კარგი მოთამაშე ხარ, მაგრამ ამჯერად თამაში ჩემს მოედანზეა...

***

ერთმა ბრძენმა თქვა, ვისაც იუმორის გრძნობა აქვს, ის ფულს ადვილად სესხულობსო... გაგიკვირდებათ, მაგრამ, ლოგიკასთან ძალიან ახლოს არის. თუ ისევ იმ ბრძენს ვერწმუნებით, მთავარი მოულოდნელობის ეფექტია. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ანუ, უნდა იხუმრო ისე, რომ ამას არავინ ელოდეს და ფულიც ისე უნდა ისესხო, გამსესხებელი გონზე მხოლოდ მაშინ მოვიდეს, როცა ფული უკვე შენს ჯიბეში იქნება, ანუ, სწრაფად, მოულოდნელად და... – ეფექტი განაღდებულია. დაბნეული ადამიანის იძულება კი – თქვენი წესებით ითამაშოს – გაცილებით მარტივია. მერე დააბრალებენ ჯადოებსა და თილისმებს. არა, ჩემო ძვირფასო, არა... მოულოდნელობის ეფექტი და – „კლიენტი“ მზად არის: პირდაპირ ლანგრით მოგერთმევათ...

***

დათომ თანაგრძნობით შეხედა გაფითრებულ კაცს, სასოწარკვეთილებამდე ერთი ნაბიჯი რომ აკლდა. მიხვდა სათქმელს თავს ვერ მოაბამდა და გაჩუმება ამჯობინა.

– უკვე ყველგან ვიყავით, – თქვა სოფომ, – მადლობა ღმერთს, არც საავადმყოფოებშია და არც რამე უბედურება დამართნია.

– პოლიციაში არ ვყოფილვართ, – ისეთი ენთუზიაზმით წარმოთქვა ლიკას მამამ, რომ ანდროს გაეღიმა:

– პოლიციაში რა გვინდა?! თქვენი შვილი დანაშაულს არ ჩაიდენდა, რომ რომელიმე განყოფილებაში დაეკავებინათ. სოფო მართალია, ლიკას საშიშროება არ ემუქრება. დიდი შანსია, რომელიმე სასტუმროში ეძინოს.

– თქვენს არგუმენტს ვერ მივიღებ. ჩემს შვილს ღამე სხვაგან არასდროს გაუთევია – სასტუმროს ნომრებს ვგულისხმობ.

– მესმის თქვენი, მაგრამ ადამიანი ზოგჯერ აკეთებს იმას, რაც არასდროს გაუკეთებია, – დელიკატურად შენიშნა ანდრომ და სოფოს მიუბრუნდა:

– როგორ ფიქრობ, სასტუმროების შემოვლა დიდ დროს წაგვართმევს?

– საკმაოდ. თენდება უკვე, ჯერ რამდენი სასტუმროა ისეთი, რომლის არსებობაზე წარმოდგენა არ გვაქვს? თანაც, შეიძლება, არც მოგვცენ ინფორმაცია.

– ინფორმაციას კი მომცემენ, მაგრამ, იმაში გეთანხმები, რომ ყველა სასტუმროს ფიზიკურად ვერ ვიპოვით.

– აბა, რა უნდა ვქნათ? – შიშით წარმოთქვა ლიკას მამამ, რომელიც უკვე შეეჩვია აზრს, რომ შეიძლებოდა, მის შვილს ღამე სასტუმროს ნომერშიც გაეთენებინა.

– არაფერი არ უნდა ვქნათ, უნდა დაველოდოთ, – ხელები გაშალა ანდრომ.

– დაველოდოთ? რას? – იკითხა დათომ.

– სანამ თავად არ გამოჩნდება. ვფიქრობ, ასეც იქნება.

– არა, არა, მე პოლიციაში მივდივარ, – თქვა კაცმა, – თანაც ახლავე!

– არ გირჩევთ. პოლიციაში მისვლას ყოველთვის მოასწრებთ. იქნებ, რა მიზეზი ჰქონდა, სახლში რომ არ მივიდა? პრობლემას ნუ შეუქმნით თქვენს შვილს.

– ლაშას ბრალია ყველაფერი, – ამოიოხრა კაცმა და მანქანის კარზე დაყრდნობილმა სახე მკლავებში ჩამალა.

– ლადო ბიძია, ასე ნუ ნერვიულობთ, დარწმუნებული ვარ, ლიკას არაფერი მოუვა, – ყოყმანით წარმოთქვა დათომ და სოფოს შეხედა – მხარი ამიბი, დამამშვიდებინე ეს კაციო.

– ჰო, რა თქმა უნდა, რა უნდა მოუვიდეს. ლაშაც გამოჩნდება. იქნებ, სახლშიც არის, – თქვა სოფომ და ერთბაშად სახე გაუნათდა:

– როგორ არ მომაგონდა! ლადო ბიძია, მე ვიცი, სადაც უნდა წავიდეთ!

სოფომ სწრაფად გამოაღო მანქანის კარი, საჭეს მიუჯდა და მისი უეცარი გამოცოცხლებით გაოგნებულ მამაკაცებს შესძახა:

– ჩქარა, დასხედით, რა გაშტერებულები მიყურებთ, ვიპოვით ლიკას!..

***

ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე. უბრალოდ, უნდა დაიჯერო, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაზე, ყველაზე წარმოუდგენელი დაუჯერებლობაც რეალობად იქცევა, თუკი... დაიჯერებ... თქვენც რა სიჯიუტეს იჩენთ... დაიჯერეთ სასწაულების და ისინი აუცილებლად ახდება...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3