კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო „კარლსონი“, რომელმაც ბინების ძარცვის ორიგინალური მეთოდი შეიმუშავა

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კომუნისტური პროპაგანდა მთელ მსოფლიოში გაჰკიოდა, თითქოს საბჭოეთში დანაშაული, პრაქტიკულად, აღმოფხვრილი იყო და ადამიანები ლამის სამოთხეში ცხოვრობდნენ, სინამდვილეში ყოველივე ეს მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული ტრიუკი გახლდათ. იმ დროს საბჭოთა კავშირი მძიმე დანაშაულებების მხრივ არავის უთმობდა პირველობას და ბოროტმოქმედთა ორგანიზებული ჯგუფების სიმრავლით თვით ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი გაუსწრო. დღევანდელ პუბლიკაციაში ერთ-ერთი ასეთი დაჯგუფების ქართველ ლიდერზე, მეტსახელად „კარლსონზე“ მოგითხრობთ. მასალა ექსკლუზიურია და პრესაში პირველად იბეჭდება.

„თავანი“ და პირველი „სროკი“

– მოკლედ, ასე ვქნათ, მე იმ ბაითში შევალ და რაც საჭიროა, გავაკეთებ. მაგრამ, გახსოვდეს, თუკი ისევ იყომარებ და წააგებ, ჩემი იმედი არ გქონდეს – ფუფლო გახდები და ჩვენი ძმაკაცობა ამით დასრულდება, – უთხრა საშუალო სიმაღლის, ათლეტური აღნაგობის ყმაწვილმა მაღალ, გამხდარ და მხრებში ოდნავ მოხრილ ახალგაზრდას, რომელიც ნერვიულად აბოლებდა სიგარეტს და დაამატა, – გესმის, ბესო?

– მესმის ბადრი, მესმის და როგორც მეტყვი ისე მოვიქცევი, მაგრამ საქმეზე მარტო ვერ გაგიშვებ და ბაითში მეც უნდა შემოვიდე, – მიუგო ბესომ ბადრის და სიგარეტი მიწაზე დააგდო, თან დააყოლა, – ჩემს საქმეს აგვარებ და...

– ბაითში მე შევალ, მარტო! – სიტყვა გააწყვეტინა ბადრიმ ბესოს, – მაგრამ ვინ გითხრა, რომ საქმეზე არ მოდიხარ? მოდიხარ, მაგრამ ქვევით დამელოდები და ნაქურდალს წამომაღებინებ. ახლა კი, დავიშალოთ და როგორც შევთანხმდით, ღამის 10 საათზე შევხვდებით ერთმანეთს ვაკის პარკთან. იცოდე, კუდი არ მოიყვანო.

– გეკადრება, ბადრი? – იწყინა ბესომ, – მე და ძაღლები მოვიყვანო?

– კუდი, მხოლოდ ძაღლი არაა, – თავი გააქნია ბადრიმ, – არავინ მოიყვანო და მარტო მოდი, გესმის, შე ჩემა?! მარტო შენ და მეტი არავინ!

– კარგი, გასაგებია. წავედი, – თქვა ბესომ და წავიდა. შემდეგ ბადრიმაც დატოვა მთაწმინდის ერთ-ერთი ვიწრო ჩიხი და სახლისკენ გაემართა, რომ ღამისთვის მომზადებულიყო.

ორიოდე საათის შემდეგ ბადრი და ბესო დათქმულ ადგილზე შეხვდნენ ერთმანეთს და ვაკის პარკიდან სამასიოდე მეტრის მოშორებით მდებარე ერთ-ერთი ფეშენებელური, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ავიდნენ. ორიოდე წუთის შემდეგ ბადრიმ ბესო ქვევით გამოისტუმრა და უთხრა:

– როგორც კი ის გოიმი სახლიდან გამოვა, სიგარეტს მოუკიდე და დაწყების ნიშანიც ეს იქნება.

ბესო ქვევით ჩავიდა და საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე სახლის სადარბაზოში დადგა. ნახევარი საათის შემდეგ კი სიგარეტი გააბოლა, რადგან კორპუსიდან ფრანტივით ჩაცმული მამაკაცი გამოვიდა, საკუთარ „ვოლგაში“ ჩაჯდა და წავიდა.

ბადრიმ რომ ბესოს ნიშანი შენიშნა, სახურავიდან ფრთხილად, მაგრამ საკმაოდ სწრაფად დაეშვა ალპინისტის ტროსით მეხუთე სართულის აივანზე და ასევე სწრაფად გაუჩინარდა ბინაში. იქ სულ 20 წუთი დაჰყო და ორი მოზრდილი ჩანთით დაბრუნდა ბესოსთან.

– ესენი აქ იყოს, სამ წუთში დავბრუნდები და აქედან დროზე მოვტყდეთ.

ბადრი სახურავზე ავიდა, ალპინისტური მოწყობილობები აახვია, ბესოსთან დაბრუნდა, ერთი ჩანთა გამოართვა და მეგობართან ერთად, ვაკის პარკის გავლით მთებს მიაშურა, ბავშვობიდან კარგად ნაცნობი ბილიკით ფუნიკულიორზე გადავიდნენ. შემდეგ მთაწმინდაზე დაეშვნენ, ვიწრო ჩიხებით იარეს და ნაქურდალი ჩანთები პატარა სარდაფში დამალეს. იქ ბადრის ფოტოლაბორატორია ჰქონდა მოწყობილი.

– დავიშალეთ! დღის 2 საათზე მოდი და კარგად გავჩითოთ, რა კუში ავიღეთ, – უთხრა ბადრიმ ბესოს და მეგობარი გაისტუმრა. შემდეგ თავადაც სახლში ავიდა და დაიძინა.

ბადრი კახიძე და ბესო კოკაია 18-18 წლის ყმაწვილები, ბავშვობის ძმაკაცები და კლასელები იყვნენ. ბადრი ალპინისტი იყო და დღე-დღეზე ჯარში წასასვლელად ემზადებოდა. ბესოს კი ჯარიდან თავი დახსნილი ჰქონდა, – თუმცა სრულიად ჯანმრთელი გახლდათ და როგორც თავად ამბობდა: „ქურდობას აწვებოდა“, კრიმინალურ სამყაროში ტრიალებდა, თან „ყომარობდა“ და 9 ათასი მანეთი ჰქონდა წაგებული. სწორედ ძმაკაცის „თავანის“ ჩასაბარებლად იქურდა ბადრიმ – ეს ყოველივე თავადვე დაგეგმა და შეასრულა.

მარტოხელა, მექალთანე და სპეკულანტი „ფრანტი“, 35 წლის გენო კოტრიკაძე ბადრიმ ძალიან ეშმაკურად გამოიტყუა ბინიდან. გენოს ქალის ხმით დაურეკა და გაცნობა შესთავაზა. პაემანი კი ღამის კლუბ „მუხამბაზში“ დაუნიშნა, რომელიც სასტუმრო „ინტურისტის“ ქვეშ მდებარე სარდაფში იყო მოწყობილი. იქ მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების თბილისური ბომონდი იკრიბებოდა. კოტრიკაძე ბადრის ყოფილი მეზობელი გახლდათ და მთაწმინდიდან ვაკეში ახალი გადასული იყო. ბადრიმ ის თავის სამიზნედ იმიტომ შეარჩია, რომ ცუდ ადამიანად მიაჩნდა, თან იცოდა, რომ მისი ბინიდან საჭირო რაოდენობის ნივთებს წამოიღებდა და ბესოს „თავანის“ ჩასაბარებლად საკმარისი იქნებოდა. მართლაც, კოტრიკაძის ბინიდან მოპარული ძვირფასეულობა გადამყიდველმა როზამ მათ 15 ათას მანეთად შეუფასა, რაც სინამდვილეში სამჯერ ნაკლები იყო რეალურ ღირებულებაზე. როზამ მათ წინასწარ 10 ათასი მისცა, 5 ათასისთვის კი ორ კვირაში დაიბარა და ასე გამოისტუმრა.

ბესომ „თავანი“ ჩააბარა, თუმცა, სულ რაღაც, ორიოდე საათის შემდეგ ის მილიციამ აიყვანა. შემდეგ ბადრიც დააპატიმრეს. მათ „ბარიგა“ როზა დააყენეს პირზე და მიუხედავად იმისა, რომ ორივე ყმაწვილი ქურდობას უარყოფდა, დანაშაული დაუმტკიცეს, გაასამართლეს და 5-5 წლით ციხეში გაამწესეს. ბიჭები ჯერ ერთად იხდიდნენ სასჯელს რუსთავში, თუმცა შემდეგ ისინი დააშორეს და ბადრი კახიძე რუსეთში, მორდოვიის ავტონომიური ოლქის ¹9 კოლონიაში გაუშვეს ეტაპით, სადაც მან ბოლომდე მოიხადა პირველი „სროკი“.

„კარლსონი“ და მისი მოუხელთებელი ბანდა

მიუხედავად იმისა, რომ ბადრი კახიძე საერთოდ არ აპირებდა კრიმინალობას, პატიოსანი ცხოვრება უნდოდა და ციხეში მეგობრის დახმარების გამო მოხვდა, ქურდულ სამყაროს მან ძალიან მალე აუღო ალღო. პატიმრობის ადგილებში ცნობილ ავტორიტეტებს დაუახლოვდა და თავიდან ბოლომდე ქურდული იდეოლოგიით განიმსჭვალა. ბადრი რომ ციხიდან გათავისუფლდა 23 წლის იყო, „კარლსონი“ ჯერ არ ერქვა და ეს მეტსახელი მოგვიანებით, ინტენსიური კრიმინალური საქმიანობისას შეარქვეს.

„სვაბოდაზე“ გამოსული ბადრი მოსკოვში ჩავიდა და ერთ-ერთ ქურდულ კონსპირაციულ ბინაში, იგივე „მალინაში“ მივიდა. პაროლის მიხედვით დააკაკუნა და კარი რომ გაუღეს, ქერათმიან გოგონას უთხრა:

– სუხოიმ გამომიშვა აქ, შეიძლება?

– შენზე ქსივა დიდი ხანია, მოვიდა. შენ, ალბათ, ბადრი ხარ, ხომ?

– ბადრი ვარ.

– შემოდი, – ქერათმიანმა გოგონამ ბადრი „მალინაში“ შეიყვანა და უზარმაზარ, გაბოლილ ოთახში შეკრებილ კრიმინალურ საზოგადოებას წარუდგინა:

– მამაჩემის პროტეჟეა ბადრი და არავინ აწყენინოს.

ქერათმიანი – 20 წლის ლენა, ცნობილი კანონიერი ქურდის პავლე კორსაკოვის, იგივე „სუხოის“ ერთადერთი ქალიშვილი იყო და თავის სახლში „მალინა“ ჰქონდა მოწყობილი, სადაც ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტები იკრიბებოდნენ. მამის თხოვნით, 23 წლის მომხიბვლელი ქართველი ლენამ თავის სახლში შეიფარა. ის ოჯახში ერთადერთი დიასახლისი გახლდათ, რადგან დედამისმა კარგა ხნის წინ მიატოვა ისიც და პატიმრობაში მყოფი ქმარიც და უცნობი მიმართულებით გაემგზავრა.

ლენა კორსაკოვას და ბადრი კახიძეს პირველი შეხვედრისთანავე მოეწონათ ერთმანეთი შემდეგ კი – შეუყვარდათ კიდეც. ლენა ძალიან აქტიურობდა. მიუხედავად ამისა, ბადრი ლენასთან ინტიმურ კონტაქტს გაურბოდა, რადგან სუხოის დიდ პატივს სცემდა და მის ქალიშვილთან ლოგინში კოტრიალს არაკაცურ, შეურაცხმყოფელ საქციელად თვლიდა. ამის გამო, ბადრი „მალინიდან“ წავიდა და ერთ-ერთი მოსკოველი ქურდის, სუხოის ბავშვობის მეგობრის, „კენტის“ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. კენტმა ბადრი დააბინავა და უთხრა:

– დიდი ხანია, გაკვირდები და ყოჩაღ! სხვა შენს ადგილზე ცდუნებას ვერ გაუძლებდა და ლენკას საწოლში ჩაიწვენდა. შენ კი, ეს არ გააკეთე და ამის გამო სუხოისგან მადლობა და მოკითხვა. სხვათა შორის, ის სამ კვირაში ბრუნდება და შემომითვალა, რომ თვალის ჩინივით გაგიფრთხილდე.

სუხოი რომ პატიმრობიდან დაბრუნდა, „მალინაზე“ დიდი „სხოდკა“ გაიმართა და 24 წლის ბადრი კახიძე ოფიციალურად მიიღეს ქურდულ საძმოში. თუმცა, მისთვის კანონიერი სტატუსი არ მიუნიჭებიათ და იმედი გამოთქვეს, რომ სულ მალე მას „რამკაში“ ჩასვამდნენ...

სუხოის დაბრუნებას და ბადრის ქურდულ ოჯახში მიღებას, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყება მოჰყვა. ბადრიმ ბინების ქურდობას მიჰყო ხელი და როგორც კოტრიკაძის ბინის საქმის დროს, ყოველთვის ალპინისტურ მოწყობილობებს იყენებდა. მდიდარი მოსკოველების ბინებში ფანჯრებიდან და აივნებიდან შედიოდა და სწორედ ამის გამო მას „კარლსონი“ შეარქვეს. კარლსონმა ახალგაზრდა ქურდების მოუხელთებელი, თორმეტკაციანი ბანდა ჩამოაყალიბა და 1973-1975 წლებში მათ 142 ბინა პირწმინდად „გაასუფთავეს“. საერთო ჯამში, ფულის, ძვირფასეულობისა თუ სხვა ანტიკვარული ნივთების სახით, მოქალაქეებს 15 მილიონი მანეთის ზარალი მიაყენეს, რაც იმ პერიოდისთვის ასტრონომიული თანხა იყო. მოსკოვის მილიცია („მური“) წელებზე ფეხს იდგამდა მათ დასაპატიმრებლად. ამასობაში, ლენა კორსაკოვა და ბადრი კახიძე სუხოის ნებართვით, დაქორწინდნენ და ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ბადრის მამის პატივსაცემად გიორგი დაარქვეს.

1976 წლის ივლისში ბადრი, ლენა და პატარა გიორგი თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი ჯერ საქართველოს დედაქალაქში დარჩენას გეგმავდნენ, შემდეგ ბიჭვინთაში დასვენებას და მოსკოვში სექტემბრის ბოლოს უნდა დაბრუნებულიყვნენ. სამშობლოსთან რვაწლიანი განშორების შემდეგ, უკვე კარლსონად წოდებულმა ბადრი კახიძემ პირველად დადგა ფეხი საქართველოს მიწაზე და, სულ რაღაც, ორი დღის შემდეგ, ის მილიციამ მოულოდნელად დააპატიმრა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკებს სათოფეზეც არ ეკარებოდა, მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდება წაუყენეს და „კაპეზეში“ გამოამწყვდიეს.

გაქცევა, მახვილგონივრული ძარცვა და გაუჩინარება

მიუხედავად იმისა, რომ კარლსონი ტყუილუბრალოდ იყო დაკავებული, მის გასათავისუფლებლად სუხოი დატრიალდა და თბილისში კენტი გამოაგზავნა. მას თბილისელი გამომძიებლები უნდა მოექრთამა და ბადრი ციხიდან დაეხსნა, რისთვისაც საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდა ჩამოტანილი. თუმცა, ცნობილი ავტორიტეტი უარით გამოისტუმრეს და ერთ-ერთმა ნაცნობმა მაღალჩინოსანმა მილიციელმა მას უთხრა:

– მაპატიე, კენტო, მაგრამ ფული აქ არ ჭრის. კარლსონის გამწარებით თვით გურამ კოტრიკაძეა დაინტერესებული, ის რაიკომის მდივანია და ვერ ვაჯობებთ.

– რაიკომის მდივანს ქურდთან რა საქმე აქვს? – მხრები აიჩეჩა კენტმა.

– რა და ის, რომ კარლსონმა რვა წლის წინ მისი ძმის ბინა გაქურდა, მას მერე ემტერება. ახლა კი შურისძიების შანსი მიეცა და იყენებს კიდეც ამ შანსს. ეს რა არის, კარლსონის პაძელნიკს ბესო კოკაიას თხუთმეტწლიანი სროკი ტუფტაზე აკიდა და ახლა ის საცოდავი კრიტშია გამომწყვდეული.

კენტი მოსკოვში დაბრუნდა და ყველაფერი სუხოის მოახსენა. ორიოდე დღის შემდეგ კი, კვლავ თბილისში დაბრუნდა და კარლსონის ციხიდან გაქცევის მომზადებას შეუდგა. კენტი იმავე, მაღალჩინოსანი მილიციელის დახმარებით, ციხის ზედამხედველს, ვანო თვაურს შეხვდა, 25 ათასი მანეთი გადაუხადა და კარლსონი ციხიდან გამოაყვანინა. ათი დღის შემდეგ კი, ანუ 2 აგვისტოს კრიტიდან გამოაქციეს ბესო კოკაიაც, რომლის გამოყვანაშიც კარლსონმა 80 ათასი მანეთი გადაუხადა ზედამხედველ კარლო ბიბილურს.

ბავშვობის ძმაკაცები ერთ-ერთ თბილისურ კონსპირაციულ ბინაზე შეხვდნენ ერთმანეთს. ბესო თვალებს არ უჯერებდა და ამბობდა:

– ბადრი, შენ? თავი ზღაპარში მგონია.

– რა დროს ზღაპრებია, ბადრი, ახლა მთავარია, არ დავიწვათ და იმ ნაბოზრებს აბაროტი ავუღოთ.

– ვინ ნაბოზრებს?

– კოტრიკაძეებს.

კარლსონმა გურამ კოტრიკაძის ბინის ძარცვის ორიგინალური გეგმა შეიმუშავა და 1978 წლის 11 აგვისტოს მოსკოვიდან სპეციალურად ამ საქმისთვის ჩამოვიდა, რაც თავისი ბანდის წევრებთან და ბესო კოკაიასთან ერთად განახორციელა კიდეც.

გურამ კოტრიკაძე ვაკის ახალაშენებული, ფეშენებელური კორპუსის მეოთხე სართულზე, ექვსოთახიან ბინაში ცხოვრობდა. 11 აგვისტოს, როგორც კი გურამი თავისი სამსახურებრივი „ვოლგით“ ეზოდან გავიდა, კორპუსს ორი უზარმაზარი ფურგონი მიადგა, წარწერით: „ავეჯი“. მანქანებიდან გადმოსულმა, ცამეტმა უნიფორმიანმა ახალგაზრდამ ჯერ „ატმიჩკებით“, რაიკომის მდივნის ბინა გააღო, შემდეგ ოთახებს შეესივნენ და ერთი საათიც არ გასულა, რომ იქაურობა პირწმინდად „გაასუფთავეს“. სახლში ძაფის ნაგლეჯიც არ დატოვეს და იქაურობას ისე გაეცალნენ, მეზობლებს იოტისოდენი ეჭვიც არ გასჩენიათ. ეგონათ, რომ მტვირთავები გურამ ვასილიჩის ბრძანებას ასრულებდნენ. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ დღისით, მზისით, თბილისის ცენტრში ქურდების ჯგუფი რაიკომის მდივნის ბინას ძარცვავდა...

კარლსონი და მისი ცოლ-შვილი 11 აგვისტოს შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდნენ და როგორც ეტყობა, ბესო კოკაიაც მასთან ერთად გაიქცა უცხოეთში. სუხოი ჯერ მოსკოვში დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს და ის 1993 წელს საბერძნეთში გარდაიცვალა.

სავარაუდოდ, კარლსონი და მისი ამალაც საბერძნეთში დასახლდნენ, თუმცა მათზე ცნობები არ არსებობს...


скачать dle 11.3