საბედისწერო სამკუთხედით გაუბედურებული მამაკაცები
საყვარელზე ეჭვიანობის გამო ჩადენილი მკვლელობისთვის 38 წლის ხვიჩა გ-ს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა. ოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მოტივი მოკლულის სატელეფონო ზარები და ტექსტური შეტყობინებები გახდა. თავის მხრივ პატიმარი ირწმუნება, რომ მკვლელობა უნებლიეთ მოხდა. მაგრამ, უტყუარადაა დადგენილი, რომ მოკლულს მკვლელის საყვარელთან ინტიმური ურთიერთობა ნამდვილად ჰქონდა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ხვიჩა გ-ს საყვარელი მარინა კ. შვილთან და ბიძაშვილ მაკა კ-სთან ერთად, ანტალიაში ისვენებდა. იმავე სასტუმროში დასასვენებლად იმყოფებოდა მუსიკოსთა ჯგუფი, მათ შორის ცოლს ახალგაცილებული ვაჟა დ. რომელიც თავდაპირველად მარინა კ-ს ბიძაშვილს დაუახლოვდა. ქალის და კაცის მეგობრობა ყველასთვის თვალშისაცემი გახდა. ვაჟა დ. თითქმის ყოველდღე გოგონების ნომერში მიდიოდა და მათთან ერთობოდა. ყველა ვარაუდობდა, რომ ვაჟა დ-სა და მაკა კ-ს შორის დაწყებული რომანი შესაძლოა, ქორწინებით დასრულებულიყო, მაგრამ რეალობა სხვა აღმოჩნდა – ვაჟა დ. მარინას ბიძაშვილს, კი არა, თავად მარინას გულის მოგებას ცდილობდა. როგორც ირკვევა, კაცისადმი გულგრილი არც მარინა იყო. მართალია, კაცთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ იმ მიზეზებით, რომ მას ხვიჩა გ-სთან ჰქონდა ინტიმური კავშირი და მისი წყალობით ისვენებდა უცხო ქვეყანაში, ღიად რომანის გაბმას ვერ ბედავდა. თანაც, საყვარელი ყოველ მეოთხე დღეს აკითხავდა.
ამის მიუხედავად, ვაჟა დ. მათ ნომერში შუაღამემდე რჩებოდა და გოგონებთან ხან კარტს თამაშობდა, ხან – სვამდა. სწორედ იმის გამო, რომ მარინას საყვარელი ჰყავდა, სრულიად საფუძვლიანად, მაკა კ-ს ეგონა, რომ კაცს ის სერიოზულად მოსწონდა. მის ვარაუდს ისიც ამძაფრებდა, რომ იმ პერიოდში, როდესაც მარინა ბავშვს აძინებდა, საღამოს ვაჟა დ-სთან ერთად პლაჟზე სეირნობდა. ერთ-ერთი გასეირნებისას კი, ნასვამმა კაცმა სიყვარული აუხსნა და ინტიმური კავშირი შესთავაზა, რაზეც, მისი თქმით, უარი უთხრა...
სწორედ ამ მიზეზით, სიტუაცია გართულდა. ნომერში დაბრუნებულმა მაკა კ-მ ბიძაშვილს მომხდარზე უამბო. მარინა კ. იმდენად გაბრაზდა, რომ ეჭვიანობით გაღიზიანებულმა ბიძაშვილს სიმართლე უთხრა. კერძოდ, ის, რომ ვაჟა ატყუებდა და მხოლოდ იმისთვის იყენებდა, რომ ხალხს მათზე არაფერი ეფიქრა. მოკლედ, ბიძაშვილებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან მაკა კ. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მას, მართლაც თვალის ასახვევად იყენებდა. ამიტომ, თავმოყვარეობაშელახული ბიძაშვილს დაემუქრა, რომ მის საყვარელს ყველაფერს ეტყოდა და ბიძაშვილს უსინდისო უწოდა, რადგან საყვარელი მარინას, ცოლად მოყვანას უპირებდა, ის კი ახალ რომანს სხვასთან აბამდა...
ამ ამბიდან სამ დღეში ქალებს ხვიჩა გ-მ ჩააკითხა, რომელსაც საყვარლის გულგრილობა არ გამოჰპარვია. ქალს ცვლილება აშკარად ემჩნეოდა. როდესაც უხასიათობის მიზეზი მის ბიძაშვილსაც ჰკითხა, მაკამ უპასუხა, რომ ჯობდა, ყველაფერი თავად გაერკვია...
ამის გამო ხვიჩა გ. საყვარელთან ორი დღის ნაცვლად ოთხი დღე დარჩა და შენიშნა, რომ მისი საყვარელი ვიღაცას ხშირად ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა. როდესაც ჰკითხა, ვინ იყო ადრესატი, ქალმა მოატყუა, რომ ზღვაზე მისი ერთ-ერთი ძველი ნაცნობიც იმყოფებოდა და მას ეკონტაქტებოდა ხოლმე. რეალურად კი, ის ვაჟა დ-ს ემესიჯებოდა. მაშინ, ხვიჩა გ-მ ქალს ნაცნობის მოწვევა შესთავაზა, მაგრამ იმ მოტივით, რომ თითქოს არ უნდოდა, მის ნაცნობს მათი რომანის შესახებ გაეგო, უარი უთხრა.
ბიძაშვილებს შორის ურთიერთობა საბოლოოდ ისე დაიძაბა, რომ ანტალიიდან თბილისში ერთი კვირით ადრე დაბრუნდნენ და მარინა კ. საყვარლის კი არა, საკუთარ სახლში დაბრუნდა. ხვიჩა გ. მას თითქმის ყოველდღე აკითხავდა, მაგრამ ქალი ხასიათზე არ იყო და აშკარად მის მოცილებას ცდილობდა. სწორედ ამიტომ, საყვარელს დაქორწინება შესთავაზა, რასაც მანამდე მარინა კ. დაჟინებით სთხოვდა, მაგრამ ახლა უპასუხა, ჯერ ადრეა და ფიქრისთვის დრო მჭირდებაო.
ხვიჩა გ-სთვის აშკარა გახდა, რომ რაღაც ხდებოდა და მიზეზების გარკვევა უფრო ღრმად დაიწყო. სწორედ ამ მოტივით, სრულიად შეგნებულად, მარინა კ-ს ტელეფონი მოპარა და სანაცვლოდ თავისი დაუტოვა. ამ ამბავს მარინა კ. დაახლოებით ნახევარ საათში, მას შემდეგ მიხვდა, რაც ტელეფონმა დარეკა. როდესაც ქალმა ტელეფონს დახედა, ეკრანზე საკუთარი ნომერი წაიკითხა, მას ხვიჩა გ. ურეკავდა... საქმე ისაა, რომ ხვიჩა გ-მ, რამდენიმე თვით ადრე ტელეფონი გამოცვალა. ყიდვისას კი, ორი ერთმანეთის იდენტური აპარატი იყიდა – ერთი საყვარელს აჩუქა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ მარინა კ-მ ტელეფონის წაღების ამბავი მოგვიანებით შეიტყო.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოპარულ ტელეფონში ხვიჩა გ-მ ტექსტური შეტყობინებები წაიკითხა და აღმოაჩინა, რომ ზღვიდან მოყოლებული, მარინა კ. ვინმე ვაჟასთან ღალატობდა. იმ საღამოს გაგზავნილ შეტყობინებებში კაცი ქალს სწერდა, რომ ენატრებოდა და დღესაც „იქ” შევხვდეთო. ამაზე მარინა კ. პასუხობდა, რომ ხვიჩას ელოდებოდა, რომელიც შესაძლოა, გვიან წავიდეს და ღამე თავად მოვალ შენთანო. გამოძიების მასალებით, ხვიჩა გ-მ მისთვის სრულიად უცნობ ვაჟას მაშინვე დაურეკა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საკითხის გასარკვევად შეხვედრა იმავე საღამოს დაუთქვა. ამის შემდეგ კი საყვარელს დაურეკა და შეურაცხყოფა მასაც მიაყენა. ტელეფონის წაღების გამო კი საყვარელს ირონიით უთხრა, რომ ის მას აღარ ეკუთვნოდა, რადგან აპარატი მხოლოდ მასთან სასაუბროდ უყიდა და არა სხვა საყვარლებისთვის.
25 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე დათქმულ შეხვედრაზე ვაჟა დ. ყოფილ ცოლისძმასთან ერთად მივიდა, რომელთანაც ცოლთან გაყრის მიუხედავად, საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა. როგორც საქმიდან ირკვევა, სწორედ ყოფილი ცოლისძმა იყო, რომელიც მარინა კ-სთვის თავის დანებებას სთხოვდა.
შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ, ერთ-ერთი ძველი შენობის ეზოში მანქანიდან სალაპარაკოდ მხოლოდ ვაჟა დ. გადავიდა. რა საუბარი შედგა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ძნელი სათქმელია, მაგრამ იარაღის ხმაზე მანქანიდან გადასულ ცოლისძმას სიძე დაჭრილი დახვდა... შედეგად, დაჭრილი ორ დღეში გარდაიცვალა...
რაც შეეხება ხვიჩა დ-ს, ის მაშინვე მიიმალა. პატიმრობა მას დაუსწრებლად შეეფარდა და ძებნაც გამოცხადდა, მაგრამ ორი თვის შემდეგ ძებნილი, პოლიციას თავად ჩაბარდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მასთან ერთად ბრალდებული გახდა ვინმე მიშა ხ, რომლის იარაღიდანაც მოხდა მკვლელობა. აღნიშნულ პიროვნებას იარაღი უკანონოდ ჰქონდა შეძენილი, რის შესახებაც ხვიჩა გ-მ იცოდა და შეხვედრაზე წასვლის წინ იარაღი მას გამოართვა (მიშა ხ. 2000 ლარის გირაოთი გაათავისუფლეს).
გარდაცვლილის ცოლისძმის ჩვენებიდან: „ჩემმა დამ ვაჟა ჩემგან გაიცნო. ჩემს დასაც შეუყვარდა, რადგან ვაჟა კარგად მღეროდა. ქალებით მისი გატაცების შესახებ ვიცოდი. რამდენიმე ქალს ერთდროულად ხვდებოდა და ყველაზე ამბობდა, რომ უყვარდა. მაგრამ, არჩევანი ჩემს დაზე გააკეთა. ვაჟას ძალიან რთული ხასიათი ჰქონდა. ქალით განსაკუთრებით მაშინ ინტერესდებოდა, თუ ის ყურადღებას არ აქცევდა. მერე კი მანამდე არ მოეშვებოდა, ვიდრე არ დაიყოლიებდა.
მარინა კ-ს შესახებ ზღვიდან დაბრუნებისთანავე მიამბო. მითხრა, რომ ლამაზი გოგო იყო და საყვარელიც ჰყავდა. მაგრამ, მისით ძალიან იყო დაინტერესებული. მაშინვე მივხვდი, რომ არ მოეშვებოდა – დაძაბული ურთიერთობები მისი ცხოვრების სტილი იყო.
თბილისში ჩამოსული მარინას სანახავად რომ წავიდა, მეც თან ვახლდი. ვხვდებოდი, ის გოგო ცუდ სიტუაციაში იყო. ვაჟას ვთხოვე, თავი დაენებებინა, რადგან ვხვდებოდი, ეს ამბავი ცუდად დამთავრდებოდა. ჩვენი იქ ყოფნისას მარინას საყვარელმა, სულ ცოტა, 6-ჯერ დაურეკა. როგორც მივხვდი, ეკითხებოდა მარტო იყო თუ არა და ქალიც არწმუნებდა, რომ მარტო იყო. წამოსვლისას ვაჟას ვუთხარი, ჯობია, მშვიდად იცხოვრო-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა.
იმ დღეს, როდესაც მარინას საყვარელმა შეხვედრა დაუთქვა, ვაჟა აფორიაქებული ჩანდა. მითხრა, რომ მარინამ დაურეკა და ყურმილის აღებისთანავე უპასუხა, რომ ენატრებოდა. თან, მადლობა გადაუხადა, რომ დროზე ადრე მოახერხა დარეკვა. თუმცა, ტელეფონში კაცის ხმა გაისმა – ესე იგი შენ ხარ ის კაციო. ვაჟას უთქვამს, სანერვიულო არაფერია, ნომერი ამერიაო, მაგრამ უცნობს შეხვედრა დაუთქვამს. თან, დაუყოლიებია, რომ ჯობდა მისულიყო, რადგან მარინა მას აღარ აინტერესებდა. ვაჟას შეხვედრაზე უარი უთქვამს. მაგრამ – უცნობი დამუქრებია, თუ ასე არ მოიქცევი ოჯახს „აგინერვიულებო“ და შეუგინებია“, – განაცხადა მოწმემ, რომელიც ყოფილ სიძეს შეხვედრაზე გაჰყვა. მისი თქმით, ვერაფრით ვერ წარმოიდგენდა, რომ შეხვედრა ასეთი შედეგით დასრულდებოდა.
რაც შეეხება მკვლელს, მან განაცხადა, რომ მკვლელობა „მესიჯების” გამო არ ჩაუდენია. მან სასამართლოს დეტალურად მოუთხრო, თუ როგორ უყვარდა მარინა და რამდენს აკეთებდა მისი და მისი შვილისთვის. თუმცა, ქალმა სხვასთან უღალატა. განსასჯელის თქმით, მისთვის ტრაგედია ის კი არ იყო, რომ მარინას სხვა შეუყვარდა, სამწუხარო ის გახლდათ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მარინა მისგან გაცილებით ბევრ ფულს ითხოვდა. როგორც აღმოჩნდა, იმისთვის, რომ ახალი საყვარლისთვის საჩუქრები გაეკეთებინა. მისი ვერსიით, მკვლელობის განზრახვა საერთოდ არ ჰქონია. იარაღი ყოველი შემთხვევისთვის წაიღო, მაგრამ, მას შემდეგ, რაც უცნობმა უთხრა, რომ დროზე ეთქვა სათქმელი და გაეშვა, რადგან მარინა უკვე ელოდებოდა, განსასჯელის თქმით, აღარ ახსოვს რა მოიმოქმედა... ანუ, მკვლელობის მოტივად აფექტი დაასახელა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა, მით უმეტეს, რომ მის წისქვილზე ასხამდა წყალს მარინა კ-ს ბიძაშვილის, მაკა კ-ს ჩვენებაც, რომელიც ფაქტების თვითმხილველი იყო. შედეგად, ხვიჩა გ-ს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა.
რაც შეეხება მარინა კ-ს, ის სასამართლო პროცესს არ დასწრებია. სასამართლოზე გამოძიებაში მის მიერ მიცემული ჩვენებები გამოქვეყნდა, რომელშიც თავს დამნაშავედ მხოლოდ მორალური თვალსაზრისით ცნობდა.