კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ გადაარჩინა კაზინოს ვალებისგან მსახიობი მაია ლომიძე და რატომ გახდა ეს ფაქტი ერთ-ერთი სპექტაკლის სიუჟეტური მაგისტრალი

მსახიობი მაია ლომიძე მეგობართა წრეში „მოსიარულე ფილარმონიის” სახელითაა ცნობილი. მას მართლაც ბევრი თეატრის მტვერი აქვს ჩაყლაპული – მარჯანიშვილის, ათონელის, თავისუფალი თეატრის, თეატრალური სარდაფების... „თბილისელებში” მისი სტუმრობის მიზეზი ის ფენომენალური ფაქტებია, რომლებიც მას სხვადასხვა დროს გადახდა თავს.

მაია ლომიძე: მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გვიკრძალავს სიზმრების მიყურადებას და მე მორჩილი ვარ დედაეკლესიის, მაინც მგონია, თუ არ გააანალიზებ სიზმარს, ნიშნავს არ უსმენ კეთილისმსურველთა რჩევასა და გაფრთხილებას. ამ დასკვნამდე კი ერთმა შემთხვევამ მიმიყვანა, რაც პირადად გადამხდა თავს: ეზოში გვყავდა ერთი ლამაზი ძაღლი, პუდელი – ბიმი, რომელსაც მანქანა დაეჯახა და ფეხი გადაუტეხა. პატრონმა გადაწყვიტა, მისთვის ცულით მოეკვეთა ფეხი. გადავირიე, არაფრით არ დავრთე ნება, ასე ბარბაროსულად მოჰქცეოდა ძაღლს. მართალია, ნათქვამია, ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო, მაგრამ ყველა ღონე ვიხმარე, ძაღლი დაკოჭლებისგან გადამერჩინა. თანაც ისეთი საცოდავი თვალებით მიყურებდა, როცა ვესარჩლებოდი, თითქოს მეუბნებოდა: აბა, შენ იცი, ოღონდ ახლა მიშველე და, მე თუ არ შემწევს ძალა სიკეთის გადახდისა, ღმერთს ხომ დიდი თვალები აქვსო. ძალიან უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ზუსტად ეს ტექსტი ამეკვიატა. მისი მავედრებელი თვალებიდან. ამ დროს მყავდა შეყვარებული – მანუჩარ მეუნარგია, რომელიც ახლა უკვე ჩემი მეუღლეა. დავურეკე და ვუთხარი, შენი დახმარება მჭირდება და ახლავე ჩვენს ეზოში გაჩნდი-მეთქი. მოქანდა ელვის სისწრაფით მანქანით. ავუხსენი, რომ ბიმი გვყავდა საოპერაციო. იმ წამსვე ჩავსვით მანქანაში და ცოცხალ-მკვდარი მივიყვანეთ ვეტლაბორატორიაში, სადაც არაჩვეულებრივად ჩაუტარეს ოპერაცია და მალე ბიმი დაუკოჭლებელი და საღ-სალამათი დაუბრუნდა პატრონებს. მაგრამ თითქოს იცოდა, რომ მე გადავარჩინე, იმ დღიდან განსაკუთრებით შემიყვარა: არ უყეფდა ჩემს სტუმრებს, პატრონებზე მეტად მე მიმაცილ-მომაცილებდა, ჩემს დანახვაზე გამოხატავდა სიხარულს, ფეხებს მიკოცნიდა, ხტოდა ჩემს გამოჩენაზე და ასე შემდეგ ამ ამბებიდან დაახლოებით ორი წელი გავიდა. არ ვიცი, რა ეშმაკად შევედი კაზინოში და 30 ლარით დავიწყე თამაში. კაზინოს წესების თანახმად, როგორც დამწყები კლიენტი, წამახალისეს და 200 ლარით გამომისტუმრეს. ჩემში ფულის იოლად შოვნის აზარტმა იმატა და მეორედაც მომინდა შესვლა. ვიფიქრე, ჩავდებ 500 ლარს და უეჭველად ავიღებ 5 000-ს-მეთქი. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ვისესხე 500 ლარი, რომელიც ერთ კვირაში უნდა დამებრუნებინა, რადგან მეორე ხელფასამდე იმ ფულზე იყო გათვლილი მსესხებლის ბიუჯეტი. შევედი, დავიწყე თამაში და ცარიელი გამოვედი უკან – წავაგე ნასესხები ფული. ამიტანა ნერვიულობამ. სახლში არ მინდა ვთქვა, შეყვარებულისაც მრცხვენია, რომ ვთხოვო არადა, არ გინდა 500 ლარის მოთხრა? გავიდა ორი დღე, ამ ნერვიულობაში ვაწყობ გეგმებს, იქნებ 30-50 ლარი ვისესხო რამდენიმე კაცისგან და შეკრებილი თანხით ვალი გავისტუმრო. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ეს ამბავი აგვისტოში ხდება და მთელი ჩემი საახლობლო გაკრეფილია ქალაქიდან. ვარ ამ მძიმე ფიქრებსა და ორომტრიალში და, აი, მეცხადება სიზმარში ბიმი. უცებ, ძაღლმა ამოიდგა ენა და მეუბნება:

– ხვალ არა, არც ზეგ, შემდეგ დღეს (მოდიოდა ხუთშაბათი), შედი ისევ იმ კაზინოში და, როგორც გეტყვი, ისე დაიწყე თამაში: ფული კი მას გამოართვიო – და დამისახელა ჩემი ერთ-ერთი ახლო ნათესავი, რომლის სახლის ადგილმდებარეობაც სიტყვა-სიტყვით დამიხატა. დიდებით ითამაშეო, – მირჩია, თანაც, ერთი და იგივე „ფიშკები“ გაიმეორეო. ვინც ერკვევა კაზინოს თამაშის წესებში, დამეთანხმება, რომ ბიმმა არამომგებიანი ვერსია მიკარნახა. მისი რჩევით, სულ ერთსა და იმავეზე უნდა მეტრიალებინა კამათლები. ისიც მითხრა, ეცდებიან, გაგიტეხონ „პალასა”, მაგრამ უკან არ დაიხიო, ჩემს რჩევას მიჰყევიო. ნახევარი კაზინო თურქების წილი იყო, ნახევარი – ქართველების. იქ დავდგი სპექტაკლი. როგორც ბიმმა მირჩია, თავდაჯერებით ვთამაშობდი, სამი კრუპიე შემიცვალეს, ატრიალებდნენ კამათლებს, ეგონათ, რომ „ვაჯენდი”, მე კი „ფიშკები“ არ გამომქონდა, ვაორმაგებდი და ვაორმაგებდი. ავედი 2 500 ლარზე. როგორც ბიმმა მირჩია, ისე მოვიქეცი და 2 500 ლარით გამოვედი. 500 გადავიხადე, 2 000 კი დამრჩა. ბიმმა ისიც მითხრა, კაზინოს აზარტი დამღუპველია, წამოიღე 2 500 ლარი და წამოდი, აღარ შეხვიდეო. ის დღე იყო და ის დღე, კაზინოში აღარ შევსულვარ. ასე გადამიხადა სიკეთე სიკეთით, ძაღლმა, რომელიც კოჭლობას გადავარჩინე. ამ სასწაულს დაედო საფუძვლად ნინო ბასილაიას პიესა „ბომჟები”, სადაც თითქმის საკუთარ პერსონას ვთამაშობ. ეს სპექტაკლი თეატრალურ სარდაფში დაიდგა და დიდი წარმატება ხვდა წილად. პიესის სიუჟეტი მთლიანად ჩემს სიზმარსა და მის აცხადებას არ ეძღვნება, მაგრამ, ამ სცენამ ეზოთერული დატვირთვა შესძინა სპექტაკლს და სანახაობრივადაც ძალიან გაალამაზა და გაამდიდრა.

– კიდევ რა ამოუცნობი მოვლენა გახდა თქვენთვის ამოცნობილი და თქვენს გონებაში სამუდამოდ დამკვიდრებული?

– არსებობს წელიწადში ერთი დღე, როცა გასათხოვარი გოგონები ჯვარნაწერ ბეჭედში იხედებიან და თავიანთ ცხოვრების თანამგზავრს ხედავენ. მეც სწორედ იქ დავინახე ჩემი მეუღლე და, როცა ის მეგობრის დაბადების დღეზე ვნახე პირველად, „ვიცანი”. მაგრამ, „კალიცოში” ჩახედვამდე ის ნანახი მყავდა – ბედობის დღეს, სუბ-სარქისის მეორე შაბათს, მარილიან კვერს რომ ჭამენ... მოკლედ, ბიჭმა, რომელიც, დაბადების დღეზე გავიცანი, რამდენიმე თვით ადრე სიზმარში წყალი დამალევინა და, რაოდენ განსაკვირადაც უნდა მოგეჩვენოთ, პირველ შეხვედრაზე, გაცნობის დღეს, სწორედ ის ტანსაცმელი ეცვა, რაც სიზმარში. გავიდა ცოტა ხანი და მანუჩარი ჩემს მშობლებს გავაცანი. დედამ დამიწუნა არჩევანი – ნამეტანი დაბალი ბიჭია და არ მინდაო; მამამაც აუბა მხარი – ჯერ რა დროს შენი გათხოვებაა, იარე პატარა ხანს, თვალს წყალი დაალევინე, ქმარ-შვილს ყოველთვის მოესწრებიო. მე ჯიუტად გავიძახოდი, მე ის მიყვარს და მეტი არავინ მინდა-მეთქი. ეს ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ კინაღამ სახლში გამომამწყვდიეს. მხოლოდ ლექციებზე მიშვებდნენ. აბა, ერთი, ლექციის დამთავრებიდან ნახევარი საათით დამეგვიანა. მოკლედ, დამადეს ბორკილები, რომ შეყვარებულს არ შევხვედროდი, მანუჩარმა ჩემი მშობლების განწყობა რომ გაიგო მის მიმართ, ერთი მშვენიერი გამოსავალი შემომთავაზა.

– რა გამოსავალი?

– მითხრა, რის მსახიობი ხარ, თუ მშობლებს სიტუაციას უფრო მიმზიდველ ფერებში ვერ დაანახვებ, – ვითომ ვიღაც ორმეტრიანი რეჟისორი გაიცანი და მასთან დადიხარ რეპეტიციებზეო. გამოვაცხვეთ მისი გვარ-სახელიც – დავარქვი გოგა. ჩემმა შეყვარებულმა მეგობრებში „ქასთინგი” ჩაატარა და საუკეთესო გარეგნობის ბიჭი შეარჩია. მომიტანა მისი ფოტო, რომელიც მე წავიღე და ვაჩვენე მშობლებს. გადაირივნენ აღტაცებისგან და მასთან ურთიერთობის ნებაც დამრთეს. ყოველდღე საათობით ველაპარაკები მანუჩარს გოგას სახელით, მომაქვს მისგან საჩუქრები, დედას კი უხარია, რომ დამჯერი შვილი ვარ, თანაც, სასიძო ჰყავს პერსპექტიული რეჟისორი, ისეთი, რომ ავ თვალს არ ენახვება. მაგრამ, არ სჯერდებიან ფოტოს და ნახვის დროც დადგა. ბიძა გარდამეცვალა და მანუჩარმა თავისი მანქანით მოიყვანა „სასიძო” დაკრძალვაზე „ვენოკით”, თვითონ კი, საწყალი, სახლიდან მოშორებით იჯდა მანქანაში. ჩვენებმა დანახვისთანავე იცნეს მომხიბვლელი რეჟისორი და მოაქციეს ყურადღების ცენტრში. ნათესავები ჩურჩულებდნენ – ხედავ, რა იღბალზე გაჩენილა ჩვენი კუდიანი გოგოო. ერთხელ კიდევ მოვიდა ჩემს დაბადების დღეზე გოგა, რა თქმა უნდა, მანუჩარისგან გამოტანებული ყვავილებითა და საჩუქრით. ასე გავიდა სამი წელი. რეალურ შეყვარებულს ყოველდღე ვხვდებოდი. რატომ არ მიჰყვებიო, – მკითხეს მშობლებმა. საჭირო იყო რაღაც სიახლე, ჰოდა, ერთ დღესაც, ავუტეხე ტელეფონზე კივილი გოგა-მანუჩარს – ვითომ ჩხუბი მოგვივიდა. ჩავიგდე თავი დეპრესიაში, ერთი კვირა საგანგებოდ საჭმელს არ ვჭამდი, რომ მშობლებს შევცოდებოდი და გამებედა სიმართლის თქმა. მერე ვუთხარი დედ-მამას: რეჟისორი მე „შევქმენი“, ის ბიჭი, ვინც შეყვარებულად მოგასაღეთ, სინამდვილეში ცოლშვილიანია და მეც თქვენსავით მხოლოდ ორჯერ მყავს ნანახი. მხოლოდ მანუჩარი მაინტერესებს და, თუ გინდათ, რომ ბედნიერი ვიყო, თქვენი ამბიციები დაივიწყეთ-მეთქი.

– მარჩიელობის თუ გჯერათ?

– სერიოზულად არ ვუყურებ ამ პროცესს, თუმცა, ვაღიარებ, რომ არსებობენ ჭეშმარიტი ფენომენები, ვისაც მართლაც აქვთ ნათელხილვის უნარი. მაგრამ, რაკი რელიგია გვიკრძალავს ყოველგვარ წინასწარმეტყველებას, ვცდილობ, არ გავიგო, რა მელის ხვალ, რადგან ხვალინდელმა დღემ თვითონ უნდა იზრუნოს თავის თავზე. ამასთან დაკავშირებით ერთი კურიოზი გამახსენდა და, თუ გინდათ, მოგიყვებით: მსახიობებს სჩვევიათ, ერთმანეთს სამხიარულო თავგადასავლები „გაუჩალიჩონ“. ვიღაცას უთხოვია მამუკა ლომაშვილისვის, – საზოგადოებაში გასული კაცი ხარ, ვინმე ძლიერი ნათელმხილველი გეყოლება და მისამართი მომეციო. მამუკას მიუცია ჩემი მისამართი და თან დაუკვალიანებია, სანამ ახალდაბაში არ ჩახვალ მასთან სახლში, ნუ ეტყვი, რა საქმეზე მიდიხარ რადგან, შეიძლება, უარი გითხრას. უთხარი, ვითომ ჟურნალისტი ხარ და ინტერვიუ უნდა აიღო, როცა პირადად შეხვდები, მხოლოდ მაშინ გამოუტყდიო. მართლაც, დამირეკა და მითხრა, ცნობილი ჟურნალისტის გვარი და სახელი. მე ვუპასუხე, ქალბატონო, ნუ აჩქარდებით, ორ დღეში თბილისში ჩამოვდივარ და მანდ შევხვდეთ-მეთქი. იუარა – თქვენ რა გენაღვლებათ, მე უნდა ვიწვალო, მთავარია, შეხვედრა შედგესო. რაღას ვიზამდი, დაველოდე სტუმარს. მოვიდა, გავუშალე ტკბილი სუფრა და ხსნადი ყავა მივართვი. თუ შეიძლება, ნალექიანიო მეუბნება. მოვუდუღე ნალექიანი, შეუდგა სმას და გადააბრუნა ფინჯანი. მესამე სადღეგრძელოდან გავარკვიეთ სტუმრობის ნამდვილი მიზანი – რის ჟურნალისტი, ახმეტელის თეატრის ერთ-ერთი დამწყები მსახიობი აღმოჩნდა. თვითონაც გადაეყარა გონებიდან ბინდი და მიცნო. აგვიტყდა ორივეს ისტერიკული ხარხარი. კი გავიფიქრე, რა ნაცნობი სახე აქვსო, – მითხრა და დამისახელა ჩემი როლები, თითქოს ეს შეუმსუბუქებდა უმიზნო მგზავრობას. ასე დაგვამეგობრა მკითხავის სტატუსით გაცნობილი მასპინძელი და დამწყები მსახიობი ერთმანეთს მამუკა ლომაშვილის ოხუნჯობამ.

– ახლო წარსულში თუ გქონიათ შეხვედრა შეუცნობელ მოვლენებთან?

– როგორ არა, მქონდა: ერთხელ, სიზმარში „შუა ქალაქის” მონაწილე ღლონტებმა ერთად დამირეკეს ტელეფონზე და მითხრეს, ხვალ იქნებ შემოგვიარო ჩვენთან ან ჩხეიძეებთანო. მეორე დღეს მირეკავს პროექტის რეჟისორი და „შუა ქალაქის“ ერთ-ერთ სერიაში მეპატიჟება. რასაკვირველია, სიამოვნებით დავთანხმდი. ამჟამად, სიზმრიდანვე ვიცი, რომ ერთ-ერთი ფილმი, სადაც მთავარ როლს ვთამაშობ, გაიმარჯვებს კანის ფესტივალზე, ნომინაციით – „ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის”, როცა ეს სიზმარი და წინათგრძნობა ამიხდება, დანარჩენს მერე მოგიყვებით. თან, ჯერ არ შემდგარა საპრემიერო ჩვენება.


скачать dle 11.3