სამართალდამცველებმა ამაზონის ინდიელების უნიკალური ფოტოები გამოაქვეყნეს
პრესაში გამოაქვეყნეს ახალი, დეტალური ფოტოები ერთ-ერთი ტომისა, რომელიც ცხოვრობს სრულ იზოლაციაში ამაზონის ჯუნგლებში პერუსა და ბრაზილიის საზღვართან. სურათები გადაღებულია ბრაზილიის ინდიელთა საქმეთა სამმართველოს საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ. სამართალდამცველები შიშობენ, რომ ინდიელებს საშიშროება ემუქრებათ და ცდილობენ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების ყურადღება მიიპყრონ მათ დასაცავად.
ადრე ამ ტომის საერთო ფოტო უკვე იყო გაზეთებში, მაგრამ ამჯერად სწავლულებმა შეძლეს მათ მაქსიმალურად ახლოს მიახლოვებოდნენ და ვერტმფრენიდან სურათები გადაეღოთ, ფოტოზე შეიძლება, ინდიელთა ერთ-ერთი ოჯახის გარჩევა. ისინი გაკვირვებით უყურებენ ფოტოგრაფს და მფრინავ აპარატს.
ამ ტომისთვის დამახასიათებელია ის, რომ ისინი თმებს წინიდან იპარსავენ, ხოლო უკან იტოვებენ გრძელ თმას. ამას გარდა, მამაკაცები სხეულს წითელი საღებავით იღებავენ. ოჯახის ყველა წევრი შეიარაღებულია დანებით, შუბებითა და მშვილდისრებით.
ამასთან ერთად, ახალმა სურათებმა საშუალება მისცა სწავლულებს უკეთ შეეღწიათ ამ ინდიელების ყოფა-ცხოვრებაში. კერძოდ, ჩანს, რომ მათ უკან დევს კალათები ხილითა და ბოსტნეულით, აგრეთვე თევზითა და ნანადირევით სავსე. თემში დაახლოებით 150 ადამიანი ცხოვრობს. მათ აქვთ ლითონის საგნები, მაგალითად, დანები. ამას გარდა, მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ მათ აქვთ ქვაბები, რომელიც მათ სხვა ტომის ადამიანებს გაუცვალეს ვაჭრობისას, – წერს „დეილი-მეილი”.
ამასთან, მკვლევრები და სამართალდამცველები შიშობენ, რომ ამ ადგილების იდილია შეიძლება, დაირღვეს. ტომი ცხოვრობს პერუსა და ბრაზილიის საზღვართან, ხოლო პერუში ტყის მასივების არალეგალურმა გაჩეხვამ შეიძლება, გამოიწვიოს ტომების გადასახლება, რასაც სისხლიან კონფლიქტებამდე მივყავართ მიწისა და ბუნებრივი რესურსების გამო.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიის მთავრობამ თავის დაცვის ქვეშ აიყვანა ეს ტომები რამდენიმე ტერიტორიაზე, მაშინ, როდესაც პერუს მთავრობამ განაცხადა, რომ ეს ტომები საერთოდ ფიქციაა.
ჩვეულებრივ გარე სამყაროს წარმომადგენლებთან უცნობი ტომების შეხვედრა ფატალურად მთავრდება – ინდიელებს არ გააჩნიათ იმუნიტეტი ჩვეულებრივ გაციებასა და სხვა გავრცელებულ დაავადებებზე.
ფოტოების გამოქვეყნება მიმართულია იმისკენ, რომ პერუს მთავრობა აიძულონ, აიყვანოს ეს ტომები თავის დაცვის ქვეშ.