ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: სამსახურმა მომცა 5-ოთახიანი ბინა, იმის საფუძველზე, რომ მყავდა მეუღლე და სამი შვილი. საჯარო რეესტრში დავრეგისტრირდი მესაკუთრედ. შემდგომ გავცილდი მეუღლეს. ორი წლის შემდეგ კი დავქორწინდი მეორედ, ვინაიდან ჩემი ყოფილი მეუღლე და შვილები არ მაძლევენ ბინაში ცხოვრების უფლებას, წამოვედი სახლიდან და ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში. მაინტერესებს, მაქვს თუ არა ბინით სარგებლობის უფლება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში ნივთის რეგისტრაციის გზით. თუ თქვენ ხართ ნივთის მესაკუთრე საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, არავის აქვს თქვენი ბინიდან გამოძევების ან არშეშვების უფლება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეუღლე მოითხოვს უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობას, იგი მიიღებს ბინის ნახევარს.
კითხვა: მაქვს გაქირავებული ბინა. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ჩემი მდგმურის გამო დამიყადაღეს ბინაში მოძრავი ნივთები. როგორ უნდა მოვიქცეთ თუ აღმასრულებლის მიერ ნივთებია დაყადაღებული?
პასუხი: თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებას, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების დროს ან ყადაღის დადების შემდეგ მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღმასრულებელს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღმასრულებელი ამ ქონებას ყადაღისგან ათავისუფლებს.
კითხვა: აღმასრულებელმა დამავალა ჩემი ქონების ნუსხის გადაცემა. მაინტერესებს, ვალდებულია თუ არა მოვალე, აღმასრულებელს მიაწოდოს ინფორმაცია მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და, იმ შემთხვევაში, თუ ვერ/არ მივაწვდი, რა ხდება არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენისას?
პასუხი: მოვალე ვალდებულია, აღმასრულებელს წარუდგინოს ქონებრივი ნუსხა. თუ მოვალე აღმასრულებელს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას, უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 377-ე პრიმა მუხლი, აღმასრულებლისთვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა).
კითხვა: აღმასრულებელმა დაუყადაღა ჩემს მოვალეს სხვადასხვა ნივთი, მაგრამ არ დააყადაღა ყველა ნივთი. ის მიცხადებს, რომ ყველა ნივთის დაყადაღების უფლება არ აქვს. მაინტერესებს, რომელი ქონებიდან არ შეიძლება გადახდევინება?
პასუხი: გადახდევინებას არ ექვემდებარება:
ა) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისთვის.
ბ) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისთვის ოთხი კვირის მარაგი საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები, ან, თუ დროის ამ მონაკვეთისთვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა;
გ) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევნით – ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე, სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვებისა და ნამჯის მარაგი, ან, თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისთვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო თანხა;
დ) პირებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რადგან ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახისა და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ან მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისთვის;
ე) პირებისთვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით;
ვ) სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება.
კითხვა: საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის, კერძოდ, უბილეთოდ მგზავრობის გამო დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს შეეხო თუ არა ამნისტია და რა პერიოდზე ვრცელდება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 2010 წლის 26 ოქტომბერს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ. კანონის თანახმად, ამნისტია შეეხო იმ პირებს, რომლებიც უბილეთოდ მგზავრობისთვის 2010 წლის აგვისტომდე დაჯარიმდნენ და რომელთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამნისტია გულისხმობს როგორც სახდელის, ისე მასზე დაკისრებული საურავის აღუსრულებელი ნაწილის გადახდისგან გათავისუფლებას.
კითხვა: სასამართლოს მივმართე სარჩელით, მაგრამ, განხილვის დროს აღმოჩნდა, რომ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია და, შესაბამისად, ვერ ვაბარებთ სასამართლო უწყებას. როგორ უნდა მოვიქცე და რისი უფლება მაქვს?
პასუხი: თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია, ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება; შესაბამის სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე; ან ვებ-გვერდზე განთავსებით; ან, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში; ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამის სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებ-გვერდზე განთავსებიდან, გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
კითხვა: როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება. გთხოვთ, მაცნობოთ, შეეხო თუ არა ცვლილება გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და, თუ შეეხო, რა სახისაა ეს ცვლილება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.