კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ნიმუშისგან შედგება ზურაბ კახაბრიშვილის ხმლების კოლექცია და რატომ გადაიფიქრა სიცოცხლის ხელყოფა მან



უკვე მრავალი წელია, რაც ზურაბ კახაბრიშვილი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმია. ამ თანამდებობას, სპორტსმენთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარდა, ბევრი მოგზაურობაც ახლავს. სწორედ ამ მოგზაურობების შედეგად შეიქმნა ჩვენი რესპონდენტის იარაღების კოლექცია, რომელზეც თავად ბატონი ზურაბი გვიამბობს.

ზურაბ კახაბრიშვილი: თავიდან მქონდა რამდენიმე ძველი, წინაპართა დანატოვარი ხმალი, მათ შორის ერთ-ერთი – მეთვრამეტე საუკუნის. ავსტრალიის ოლიმპიადაზე როცა ჩავედი, ბუმერანგი მაჩუქეს, რომელიც ერთხელ ვისროლე და კინაღამ თავი გავიტეხე. იმის შემდეგ ვცდილობდი, ყოველი მოგზაურობის შემდეგ რაღაცით გამემდიდრებინა ეს კოლექცია. მაგალითად, ეგვიპტიდან წამოვიღე ეს ხმალი, ტარზე გამოსახული კობრის თავითა და ქვემოთ ფარაონის გამოსახულებით. სხვათა შორის ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი იარაღია ამ კოლექციიდან. მაქვს მაორის ტომის წარმომადგენელთა იარაღი, ისინი ავსტრალიაში ბინადრობენ, აბორიგენები არიან. ეს მშვილდ-ისარი ბრაზილიელი ამაზონებისაა, ეს კი – ზულუსების. ზულუსები სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ.

– ამ კუთხეში მხოლოდ სამურაის ხმლებია განთავსებული?

– ეს სამურაის ხმლები იაპონიიდან ჩამოვიტანე. ისინი საბრძოლო დანიშნულებისაა. მის გვერდით, ასევე იაპონური, ყველა ზომის ხმლებია განთავსებული. რაც შეეხება ქართულ ხმლებს, ამ კოლექციაში ყველანაირი ვარიანტია თავმოყრილი: არის გორდა ხმალი, ასევე ლეკური, ხევსურული და სხვა.

– ეს ხისტარიანი იარაღი სადაურია?

– ეს რაინდული ხმალი ჩემმა შვილმა, გივიკომ წამოიღო პოლონეთიდან, თავის კომბალთან ერთად და ამ კოლექციას შეჰმატა. მე არბალეტი წამოვიღე საფრანგეთიდან.

– ვინ ხმარობდა ამ იარაღს?

– არბალეტს შუა საუკუნეებში ხმარობდნენ რაინდები და მას სანადირო დანიშნულება უფრო ჰქონდა, ვიდრე საბრძოლო. დღეს მას, შეიძლება ქილერებიც ხმარობენ (იცინის). სხვათა შორის, ადრე ძალიან პოპულარული ფილმი-ზღაპარი რომ იყო – „სამი კაკალი კონკიასათვის“, იქ ზუსტად ასეთი არბალეტია გამოყენებული. ოღონდ, მისგან განსხვავებით, ეს უფრო პატარა მოდელია და უფრო თანამედროვედ გაკეთებული. მე და მამაჩემს ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ მოგვეჭიმა. ამხელა ფიზიკური ძალის პატრონები ვართ და ძლივს მოვჭიმეთ, გაგვიჭირდა.

– გჩუქნიან ხოლმე თუ, აქ რაცაა, ყველაფერი თქვენ მიერ არის შეძენილი?

– ეს ცხენისთავიანი დაშნა ჩემმა ბულგარელმა კოლეგამ მაჩუქა. ეს დაშნები მონაკოში მაჩუქეს, ქვემოთ არის განლაგებული პორტუგალიური და მალტური იარაღი. ბოლოს სამხრეთ აფრიკაში ვიყავი კონგრესზე, ფეხბურთის მომავალი ჩემპიონატის ადგილიც მოვინახულე. მე შეყვარებული ვარ ზულუსებზე. ყველაზე დიდ ვაჟკაცად და აღიარებულ მონადირედ ისინი მიიჩნევენ იმას, ვინც მოკლავს დიდ ხუთეულს: სპილოს, შემდეგ მარტორქას, ლომს, კამეჩსა და იაგუარს, რომელიც ყველაზე სწრაფია. ეს ხუთეული ჩარჩოში მაქვს მოთავსებული, რომელიც ზებრის ტყავითაა გაწყობილი. მე ის სპეციალურად შევიძინე და, ვფიქრობ, სამართლიანად მოვუძებნე ადგილი ამ კოლექციასთან.

– პირადად თქვენ თუ გიყვართ ნადირობა?

– სიმართლე გითხრათ, ნადირობა არ მიყვარს. ამ ბოლო დროს, შეიძლება, გულჩვილი გავხდი და სიცოცხლის ხელყოფაზე, უარი ვთქვი, მაგრამ მინადირია და ვიცი, რა აზარტი აქვს ამას.

– ეს ჩარჩოში მოთავსებული შუბის პირები სუვენირია?

– ამ ჩარჩოში მოთავსებულია კომპოზიცია, რომლის სახელწოდებაცაა „თრიალეთის კულტურა“. ის არის ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრის იარაღის ასლი, დამზადებულია მუზეუმის ექსპონატის მიხედვით, ერთი – ერთში.

– თქვენ რომელი იარაღი მოგწონთ?

– მე უფრო „ჩუმი“ იარაღები მიყვარს.

– სულ რამდენი იარაღი იქნება ამ კოლექციაში თავმოყრილი?

– ასამდე იქნება.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ეს კოლექცია ჩემთვის ისტორიაა. მე სულ ვამბობ, რომ ცხოვრების განმავლობაში, სადაც კი ვიმოგზაურე და რაც ვნახე, ყველაფერი სპორტის დამსახურებაა. ჩემი იარაღების კოლექცია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რით მოვედით და რით შევინარჩუნეთ თვითმყოფადობა ყოველმა ერმა. აქ ნახავთ დაშნას, რომელსაც, შვლის ფეხი აქვს ტარად. ეს სუფთა ქართული, სამღარიანი ხმალია. თუ დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ მისი მეშვეობით ადამიანს კაცურად სიკვდილის შანსს აძლევდი. ეს კი ბუდისტური იარაღია. აზიური იარაღიც მრავლადაა წარმოდგენილი ამ კოლექციაში: ჩინური, ტაილანდური, იაპონური იარაღები. ამ იარაღზე წარწერა გავაკეთებინე: „ვისი გორისა, ხარ“; ამაზე ამოვატვიფრინე: „მე ვარ ავი მუსაიფი, კახაბერის გვარისა“, ასეთი წარწერა ჰქონდა პატარა კახის ხმალს: „მე ვარ ავი მუსაიფი კახთა ბატონი, ირაკლისა“.

– როგორც აღნიშნეთ, ბევრი ქვეყანა მოიარეთ, უამრავ ინფორმაციას ფლობთ და ბევრის მნახველიც ბრძანდებით. თქვენი აზრით, რომელ ერს აქვს ყველაზე საინტერესო იარაღები?

– იაპონელებს. ჩემი აზრით, იაპონელები ყველა ასპექტში მაგარი ხალხია: კულტურაში, იარაღში, სიყვარულში, ბრძოლაში... მიმაჩნია, რომ სამურაის კულტურა ჩაცმით, ბრძოლისთვის მზადებით, ჰიგიენით დაწყებული და სიკვდილით დამთავრებული – საინტერესოა. დღესაც, რასაც, ვუყურებ, მათ ყველაფერი კაცური აქვთ. თუთაშხია რომ ამბობს: თუ სიყვარული არ გაქვს, ვერც კაცს მოკლავო, – აი ეგ სჭირთ მაგათ დღესაც. რა თქმა უნდა, ქართველებიც ძალიან ტრადიციულები ვართ.

– ამ კოლექციას მხოლოდ ვიზუალური დატვირთვა აქვს?

– ერთ-ერთ შეჯიბრებაზე მივდიოდით ბაქოში და გამგზავრებამდე ცირეკიძე, გუჯეჯიანი და სხვა სპორტსმენები ჩემთან ამოვიყვანე სახლში. ძალიან ცხელოდა, კონდიციონერი ჩავურთე, წასვლამდე აქ იყავით, მოისვენეთ-მეთქი, საჭმელი მოვუმარაგე, გარედან ჩავკეტე და წავედი. ცოტა ხნის შემდეგ მეზობლები მირეკავენ – მოდი, მგონი, შენს სახლში მესამე მსოფლიო ომი დაიწყოო. თურმე იქეიფეს ბიჭებმა, კინოების ყურებაც მობეზრდათ, ჩამოიღეს ეს ხმლები და დაერივნენ ერთმანეთს. შეჯიბრებაზე რომ წავიყვანე, სულ დასერილი ჰქონდათ ხელ-ფეხი. ასე რომ, ეს იარაღი „ადგილობრივ ომებშია“ გამოყენებული  და მხოლოდ ვიზუალური დატვირთვა არ აქვს. (იცინის).



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3