როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ანასაშვილი
გვარი წარმოქმნილია საკუთარი სახელიდან ანასე. გადმოცემის თანახმად, გვარი რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დიდი თავადების – დადეშქელიანებისგან მომდინარეობს. კერძოდ, დადეშქელიანების ერთ-ერთი ვაჟი სოფელ ლაილაშში ერთ უშვილძირო ქალს მიაბარეს საპატრონოდ. ჩვენ თუ ამოგვწყვიტეს, ის მაინც გადარჩებაო, უთქვამთ.
ანასაშვილების რამდენიმე ოჯახი მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრიდან სოფელ წინწყაროში ბერძნებად ჩაწერეს და ანასოვებად მოიხსენიებდნენ.
საქართველოში 118 ანასაშვილი ცხოვრობს: საჩხერეში – 36, თბილისში – 31, ქუთაისში – 31. არიან სხვაგანაც.
მანველაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მანველა. ეს საკუთარი სახელი 1722 წელს პირობის წიგნში არის მოხსენიებული.
1712 წელს ვენახის წყალობის წიგნში, რომელიც დიდი მოურავის შვილიშვილს არუთინა მანველაშვილისთვის მიუცია, სხვა მანველაშვილებიც მოიხსენიებიან.
1721 წელს, ავაზანში მოიხსენიებიან დათუნა და ნანუა მანველაშვილები.
ამავე ძირისაა გვარები: მანველიშვილი, მანველიძე.
ამ გვარების წარმომადგენლები მებატონე-მემამულეებად არიან მოხსენიებული.
საქართველოში 38 მანველაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 21, გორში – 10, თბილისში – 7.
342 მანველიშვილი: ახალციხეში – 175, თბილისში – 42, ახმეტაში – 41. არიან სხვაგანაც.
ქებაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქება.
1817 წელს სოფელ ბორბალოში მოიხსენიება ზაალ სოლოღაშვილის ყმა კვირია ქებაძე. მისი წინაპრები იერუსალიმის მონასტრის გლეხები იყვნენ.
მარაბდაში მცხოვრებმა გიორგი ქებაძემ 1829 წელს იქორწინა მარაბდაშივე მცხოვრებ გიორგი ხუციშვილის ქალ მართაზე. თავდებნი იყვნენ ნაცვალი სოლომონ ტერფიჩხელაშვილი, ივანე მეღვინისშვილი, ივანე ბერიაშვილი და ტეტია გულდამაშვილი.
საქართველოში 1 198 ქებაძე ცხოვრობს: თბილისში – 348, გორში – 202, ზესტაფონში – 86. არიან სხვაგანაც.
ბაღდუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბაღდუა.
ბაღდუაშვილები სოფელ მუხათში მოიხსენიებიან. მათ მიწის გაყოფის დროს ჩხუბი მოსვლიათ. სიგელი შედგენილია ბაგრატიონ-მუხრანსკის მითითებით, ხელს აწერენ არტემა და მელქო ბაღდუაშვილები. აქვე მოიხსენიებიან დროებით ვალდებული გლეხები – ბაღდურაშვილები.
საქართველოში 34 ბაღდუაშვილი ცხოვრობს: კასპში – 7, თეთრი წყაროში – 5. არიან სხვაგანაც.
ახსიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ახსია.
1721 წელს ახსია ახსიაშვილი დასახელებულია მოწმედ. ის, ასევე, დასახელებულია მოწმედ 1732 წელს ტბელი გიორგი იაგულაშვილის მიერ ხელავერა გიორგისთვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში.
ახსიაშვილები, როგორც ქართველი მართლმადიდებლები, 1873 წლის აღწერით, სოფელ საღორაშენში ცხოვრობდნენ.
ენაგეთში მცხოვრებმა იოსებ ახსიაშვილმა 1830 წელს იქორწინა და ჯვარი დაიწერა ბარბარესთან. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა ანტონ ციმაკურიძემ.
საქართველოში 52 ახსიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 30, გარდაბანში – 12, თეთრი წყაროში – 10.
ბეკურაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეკური.
ბეკურაშვილი და ემინტოშვილი ერთი და იგივე გვარია.
ენრიკო ბეკურაშვილი, იგივე ემინტოშვილი, დიდი ენაგეთის აღწერაში, მოიხსენიება 1823 წელს.
დიდ ენაგეთში მცხოვრები იოსებ ბეკურაშვილი 1873 წელს ამავე სოფლის ეკლესიაში შვილს უნათლავს ფარცხისელ ივანე წულაძეს.
ამავე ძირისაა გვარი ბეკურიშვილი.
საქართველოში 411 ბეკურაშვილი ცხოვრობს, 87 – ბეკურიშვილი.
თვალიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თვალია.
იაკობ თვალიაშვილი 1791 წლის დამლევს მოხსენიებულია მღვდელი კოკარასშვილის მიერ როსტომ და გიორგი დავითაშვილებისადმი გაცემულ პირობის წიგნში.
ამავე ძირისაა გვარები: თვალაძე, თვალაშვილი, თვალაბეიშვილი, თვალავაძე, თვალთავაძე, თვალოძე.
საქართველოში 714 თვალიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 206, გორში – 116, ახმეტაში – 75. არიან სხვაგანაც.
ზაქარიაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ზაქარია, რომელიც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ღმერთს ახსოვს.” მისი კნინობით-ალერსობითი ფორმებია: ზაქრო, შაქრო, შაქარა.
1873 წელს, კოდაში მოიხსენიებიან ზაქარიას შვილები.
მსგავსი წარმოშობისაა გვარები: ზაქარია, ზაქარეიშვილი, ზაქარიაძე, ზაქარაძე, ზაქრაძე, ზაქროშვილი.
საქართველოში 603 ზაქარიაშვილი ცხოვრობს, 387 – ზაქარიშვილი, 26 – ზაქაროვი.
აფრიამაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აფრიამა.
სტეფანა აფრიამასშვილი, საბუთის დამწერი, მოიხსენიება 1775 წელს ოვანესა ამაზასშვილის მიერ საამ ყაფლანისშვილისადმი მიცემულ ყმობის წიგნში.
ახუა აფრიამაშვილი 1851 წელს მოხსენიებულია სოფელ მუხათში.
ქართველების გრიგორიანული წესით მონათვლის გამო, კუმისში მცხოვრები კათოლიკე აფრიამაშვილები სომხებად, აფრიამოვებად ჩაწერეს.
აფრიამაშვილები სოფელ კუმისში, ადიგენის რაიონის სოფელ არალიდან არიან ჩამოსულები.
საქართველოში 752 აფრიამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 547, ახალციხეში – 77, თბილისში – 63. არიან სხვაგანაც.
მათიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მათე, რომელიც ძველ ებრაული წარმოშობისაა და „ღვთის საჩუქარს“ ნიშნავს.
„კოდაში მცხოვრებ საბატონო ყმას, სოლომონ მათიაშვილსა და სჯულიერსა ცოლსა მისსა მარიამს, 1834 წელს დაებადათ ვაჟი მიხეილი. სახელი განათლა და მონათლა კოდის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმა, იაკობ აბრამის ძე ხუროშვილმა.”
მოგვიანებით, გვარი მათიაშვილი რუსულის გავლენით მატინოვად ჩაწერეს. ამავე ძირისაა გვარები: მატიაშვილი, მათესშვილი, მათეშვილი, მატიკაშვილი.
მატიაშვილების ერთი შტო 1886 წლის აღწერით, შემდეგ აზატაშვილად ჩაეწერა.
საქართველოში 2 870 მათიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 336, საგარეჯოში – 301, გურჯაანში – 272. არიან სხვაგანაც.
20 – მატიაშვილი.
ანთაძე – ანთაიძე – ანთაური
გვარი ანთაძის ფუძეა საკუთარი სახელი ანთა, ანთია. ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც საკუთარ სახელად ქცეულა.
ანთებს ადრე სლავებს ეძახდნენ, ამიტომ ანთაძის დღევანდელი მიახლოებითი თარგმანი იქნებოდა რუსიშვილი ან რუსიძე.
ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვები.
ამავე ძირისა და წარმოშობისაა გვარები ანთაიძე, ანთაური.
ანთაძეები გურიის აზნაურთა სიაში არიან შეყვანილები.
საქართველოში 2 225 ანთაძე ცხოვრობს: თბილისში – 536, ქობულეთში – 434, ოზურგეთში – 317. არიან სხვაგანაც.
ბერია
ილია მაისურაძემ დაწვრილებით აღწერა ბერ ძირისგან წარმოქმნილი გვარ-სახელები.
ბერი იგივეა, რაც ვაჟი, ძე, ყმა. მისგან წარმოქმნილია როგორც საკუთარი, ისე მეტსახელები.
საქართველოში გავრცელებულ 25 000 გვარს შორის, ბერიძეებს პირველი ადგილი უჭირავთ, ბერიძედან წარმოქმნილია 33-ზე მეტი გვარი.
ბერიდან კი წარმოშობილია გვარები ბერია და ბერიაშვილი. მეცნიერებს არ დაუდგენიათ და არც უცდიათ დაედგინათ, რომელი უფრო ადრე გაჩნდა.
საქართველოში 1 698 ბერია ცხოვრობს: თბილისში – 375, ჩხოროწყუში – 364, ზუგდიდში – 231. არიან სხვაგანაც.
ბერიაშვილი – 2 994: თბილისში – 1 052, კასპში – 453, სიღნაღში – 377. არიან სხვაგანაც.
გორაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გორა.
1721 წელს ასურეთში მოხსენიებულია იასე სოლოღაშვილის ყმა ბასილა გორაშვილი.
საქართველოში 84 გორაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 25, დედოფლისწყაროში – 17, საგარეჯოში – 12. არიან სხვაგანაც.
გოგნაძე – გოგნიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგნა.
„გოგნიაშვილი გოგინ იყო ძმა მომწობლიძისა, მეფის მეღვინისა – 1430 წელსა და ამათმა შვილმა გაიგვარა გოგნიაშვილობა“.
ამავე ძირისაა გვარები: გოგნიაშვილი, გოგნელაშვილი.
საქართველოში 859 გოგნაძე ცხოვრობს: ხარაგაულში – 116, თბილისში – 113, ბაღდათში – 112. არიან სხვაგანაც.
გოგნიაშვილი – 403: თბილისში – 167, გორში – 39, საგარეჯოში – 139. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით