ამერიკა საუკუნიან ობლიგაციებს გამოუშვებს
ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ურჩევენ, ისეთი ობლიგაციები გამოუშვას, რომელთა დაფარვაც 100 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამერიკის შეერთებული შტატების სესხების გაცემის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ობლიგაციების დაფარვის ვადა 40, 50 ან 100 წლამდეც კი უნდა გაიზარდოს. აქამდე ამერიკაში ობლიგაციების განაღდების მაქსიმალური ვადა 30 წელი იყო. ახალი გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის ობლიგაციების უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით გამოშვებას. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი უკვე გამოსცემენ ობლიგაციებს, რომელთა განაღდების ვადა 50 წლამდეა. სესხების გაცემის კომიტეტში ბანკების, „გოლდმან საჩის”, „მორგან ჩეისის”, „მორგან სტენლის”, „ერ-ბი-სი სექიურიტის”, „ბენკ ოფ ამერიკას” და საინვესტიციო კომპანიების, მათ შორის, „სოროს ფაუნდ მენეჯმენტის”, „მურ კეპიტალისა” და „ტიუდორ ინვესტმენტ კორპის” ტოპ-მენეჯერები შედიან. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვის ეკუთვნის ახალი ინიციატივა. სავარაუდოდ, ზემოხსენებული სიახლე იმ ინვესტორებს დააინტერესებს, რომლებიც სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვით არიან დაკავებულნი.