პერუში საექსპორტო ოქროს მეხუთედი არალეგალურია
ბოლო პერიოდში პერუში ოქროს არალეგალური მოპოვება ძალიან გაიზარდა. ამის მიზეზი ხელისუფლების პასიურობა და ავანტიურისტების მოზღვავებაა. პერუში არსებულ ოქროს მეხუთედს ისეთი კომპანიები და პირები მოიპოვებენ, რომლებსაც შესაბამისი ლიცენზია არ აქვთ. პერუში ოქროს ძირითადად მადრე დე დიოსში მოიპოვებენ, რომელიც ბოლივიასა და ბრაზილიას ესაზღვრება. ეს ადგილები ოფიციალური ლიმის ყურადღების მიღმაა დარჩენილი. რეგიონში 30 ათასამდე არალეგალური ოქროს მომპოვებელი საქმიანობს. არასამთავრობო ორგანიზაციები, ეკოლოგები და საზოგადოება ოქროს ციებ-ცხელების გამო განგაშს ტეხენ. ისინი აცხადებენ, რომ გადასახადების გადაუხდელობის გარდა, რის გამოც პერუს ბიუჯეტი ზარალდება, ოქროს მომპოვებლები ბუნებასაც აზიანებენ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რეგიონში მცხოვრები ადამიანები იწამლებიან და ამის მიზეზი ოქროს არალეგალური მოპოვებაა. ოქროს მოსაპოვებლად პერუში ტოქსიკურ ვერცხლისწყალს გამოიყენებენ, ეს მეთოდი კი მსოფლიოში იმის გამო აიკრძალა, რომ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებას უდიდეს ზიანს აყენებს. პერუში ყოველწლიურად არალეგალურად 30-40 ტონა ოქროს მოიპოვებენ.