რა კავშირი ჰქონდა სტალინს ტიბეტთან და რა ვერსია არსებობს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
„XX საუკუნის საიდუმლოებების” მასალების მიხედვით.
არც ისე დიდი ხანია, რაც ხელმისაწვდომი გახდა დიდი ბელადის პირად ექიმთა ჩანაწერების ჟურნალი. მასში აღწერილია სტალინის სიცოცხლის უკანასკნელი დღეების ქრონოლოგია 1953 წლის 2-დან 6 მარტის ჩათვლით. საეჭვოა, რომელიმე მათგანს სიცრუე გაებედა. მით უფრო, პათანატომს, რომელიც ასევე, ხელს აწერს ამ ჟურნალს. თავის დასკვნებზე, ისინი საკუთარი სიცოცხლით აგებდნენ პასუხს.
სტალინის სხეული (უკვე გვამი) პათანატომმა სკურპულოზურად აღწერა, მაგრამ, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ჩანაწერში საერთოდ არაფერია ნათქვამი მთავარ განმასხვავებელ ნიშანზე, რაც დიდ ბელადს ჰქონდა: – მარცხენა ფეხზე მეორე და მესამე თითები ერთმანეთზე ჰქონდა მიხორცებული. გარდა ამისა, სტალინს დაზიანებული ჰქონდა მარცხენა ხელის იდაყვიც. ჩნდება ეჭვი, რომ პათანატომმა სხვა ადამიანის გვამი აღწერა. პათანატომური გამოკვლევა სტალინის ორეულს ჩაუტარდა. 1953 წელს არა სტალინი, არამედ მისი ორეული დაიტირა დიდმა საბჭოეთმა...
სტალინი ძალიან უფრთხილდებოდა საკუთარ სიცოცხლეს და არანორმალურად ეჭვიანიც იყო – არავის ენდობოდა. მან პირადი დაცვის ურთულესი სქემა შექმნა. დროის დიდ ნაწილს ყველასთან იზოლირებულად, კუნცევოს აგარაკზე ატარებდა. არასოდეს არავინ იცოდა, სამი ზუსტად ერთნაირი საძინებელი ოთახიდან, რომელში ეძინა, ამ ოთახების კარის გაღებაც მხოლოდ მას შეეძლო, სპეციალურად ჩამონტაჟებული მექანიზმის საშუალებით. კრემლიდან აგარაკამდე გზას, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, შეუსვენებლად აკონტროლებდა და იცავდა 1 200 ადამიანი.
ცნობილია, ვინიცელი ბუღალტრის, ვინმე ევსეი ლიუბინსკის ბედი. ის საკუთარი სიკვდილით აღესრულა 1981 წელს, მაგრამ 1835 წელს ევსეი სპეციალურად ჩაიყვანეს კუნცევოს აგარაკზე. საქმე ისაა, რომ ფიზიკური ნიშნებით, ის ძალიან ჰგავდა დიდ ბელადს. ცუდად არც გრიმიორებმა იმუშავეს. „ორეულს” დილიდან დაღამებამდე აყურებინებდნენ კინოქრონიკებს, რომ დიდი ბელადის მიმიკები, მანერები და ჩვევები დაეხსომებინა. გამოცდა თავად დიდმა ბელადმა ჩაიბარა და შედეგით კმაყოფილიც დარჩა. გახალისებულმა თავის ორეულს ჭიქა კონიაკიც კი შესთავაზა. ამის შემდეგ ლიუბინსკი ხშირად ცვლიდა სტალინს მიღებებზე და ამის შესახებ ბერიამ და გალუნკოვმაც იცოდნენ.
მეორე დუბლიორი – ქრისტოფორ გოლშტაბი, სტალინს ორი წვეთი წყალივით ჰგავდა. მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მას საგანგებოდ დაუმუშავეს სახის კანი, რომ ისეთივე ნაყვავილარი გამოსჩენოდა, როგორც ხალხის ბელადს ჰქონდა. თეატრალური ნიჭიც საკმარისი აღმოაჩნდა და ბელადს წარმატებით ცვლიდა თეატრებში და აღლუმებსაც კი იბარებდა ხოლმე. მისი ბედი დღემდე გაურკვეველი და საიდუმლოებით მოცულია.
ცნობილია, მესამე ორეულის ვინაობაც. მას ორი წლის განმავლობაში წვრთნიდნენ. ეს იყო გაუნათლებელი გლეხი ჩრდილოეთ კავკასიიდან, ვინმე რაშიდი.
სტალინი თავის დაცვას ორიგინალურად ეხუმრებოდა, თან ორეულის საკუთარ თავთან მსგავსებას ამოწმებდა. საწყლები დაზაფრულები იყვნენ, როცა აგარაკის ორი შესასვლელიდან, ერთდროულად ორი სტალინი გამოდიოდა.
კანადელი ისტორიკოსი ტორონტოდან გრეგ სინკო თავის წიგნში „ქრისტე და სტალინი: პარალელები და პერპენდიკულარები,” სრულიად განმაცვიფრებელ, თუმცა დოკუმენტებით დადასტურებულ ვერსიას აყენებს.
ის ბელადის კიდევ ორი ორეულის ვინაობას ასახელებს.
გრეგ სინკოს ვერსიით, სტალინმა პოლიტიკური არენიდან წასვლის საკუთარი გეგმა შეიმუშავა. მან იცოდა, რომ „ერთგული მომხრეები” მხოლოდ შესაფერის მომენტს ეძებდნენ, მის გასაცამტვერებლად. ყოფილმა სემინარელმა ძალიან კარგად იცოდა თეოლოგია. ასევე იცოდა, რომ ერთ ინდურ მონასტერში ინახებოდა „ტიბეტური სახარება”, რომელშიც ნათქვამი იყო: – „წმიდა ისა, (ანუ იესო) არ მომკვდარა ჯვარზე გაკრული. ის თავისმა მოწაფეებმა იხსნეს და სიცოცხლე ქაშმირში, ინდოეთში დაასრულა.” სტალინიც, ალბათ, მივიდა გადაწყვეტილებამდე...
1950 წლის, დეკემბერში მან დაავალა ბერიას, საიდუმლო ოპერაცია ჩაეტარებინა, კოდური სახელწოდებით „მოგზაურობა ჰიმალაიში,” მარშრუტი: მოსკოვი – ანკარა – ქაბული – თეირანი – მადრასი. მოგზაურობაში ბელადის ერთ-ერთი ორეული ბორის არაპეტოვიც გაემგზავრა. ფსევდონიმით, ყრუ-მუნჯი ისა-ბეკის სახელით, არაპეტოვი ჰიმალაის მთების ძირში დასახლდა. გარკვეულ მომენტში ისა-ბეკი გაქრებოდა და მის ადგილს თავად სტალინი დაიკავებდა, რათა ჰიმალაის მთებში მშვიდად გაეტარებინა სიცოცხლის დარჩენილი დღეები. ბორის არაპეტოვმა, ბუნებრივია არაფერი იცოდა თავისი „საპატიო” მისიის შესახებ. მოსკოვში ფინალისთვის ამზადებდნენ კიდევ ერთ ორეულს, ყოფილ მეჩაიეს ავთანდილ ჯალაღონიას. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სამუდამო განსასვენებელს მავზოლეუმში, თავად დიდი ლენინის გვერდით უმზადებდნენ.
ფინალისთვის ძალიან ორგანიზებულად და ეტაპობრივად ემზადებოდნენ. უპირველესად, სტალინის უახლესი გარემოცვა „გაწმინდეს”, ანუ გააქრეს. ესენი ის ადამიანები იყვნენ, ვინც სტალინს სახეზე კარგად იცნობდა.
1952 წელს დააპატიმრეს დაცვის უფროსი გენერალი ვლასიკი. გააქრეს სტალინის მდივანი, უერთგულესი „მარჯვენა ხელი” – პოსკრებიშევი, დააპატიმრეს მისი პირადი ექიმი ვინოგრადოვი და კრემლის სამედიცინო ნაწილის უფროსი ეგოროვი. კრემლის კომენდატურის უფროსი გენერალი კოსინკინი, მოულოდნელად, გარდაიცვალა „გულის შეტევით.”
კანადელი მეცნიერი სვამს კითხვას: რატომ არ გამოიტანეს სტალინის მუმია მავზოლეუმიდან 1956 წელს, მაშინვე, როგორც კი ის კულტად გამოაცხადეს?! და თავადვე პასუხობს, იმიტომ, რომ რეალური სტალინი მაშინ ჯერ ისევ ცოცხალი იყო და მაინც ვერ გაბედესო.
არსებობს კიდევ რამდენიმე ვერსია, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხელმძღვანელისა და ადამიანის სიკვდილის შესახებ.
ყველამ იცის, რომ სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. ექიმები ხუთი დღის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. თუმცა, იმ დროინდელ ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი, უამრავი შეუსაბამობაა. ბოლომდე სადავოა დიაგნოზი და ზუსტი დრო გარდაცვალებისა. ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა ხმა, რომ ბელადი თავისმა თანამოაზრეებმა მოწამლეს, რადგან შეიტყვეს მოსალოდნელი ახალი რეპრესიების შესახებ და „წმენდას” ბელადი სწორედ მათგან იწყებდა.
„მომხრეებმა” შეძლეს სტალინისთვის ყველა ერთგული ადამიანი ჩამოეშორებინათ. რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ბელადის სიკვდილის დღეებში იქ იყვნენ, ჩუმად ყვებოდნენ ბელადის ხანგრძლივი, ტანჯვით სიკვდილის შესახებ. დაცვის უფროსი ორლოვი ამტკიცებდა, რომ პირველმა მან ნახა, იატაკზე დაგდებული ბელადის უსულო სხეული. ის უკვე მკვდარი იყო, როცა დაცვამ საძინებლის კარი შეამტვრია. მერე უკვე, „მომხრეებმა” მოაწყვეს სპექტაკლი და ექიმებს „გადასარჩენად” ორეული შეაჩეჩესო. თუ დაცვის უფროსმაც გარდაცვლილი ორეული იპოვა და მავზოლეუმშიც ორეული შეასვენეს, სად წავიდა ნამდვილი ბელადი? რა დაემართა მას? უკანასკნელი ადამიანი, ვინც „ხალხის მამა” ცოცხალი და ჯანმრთელი ნახა, იყო დაცვის ერთ-ერთი წევრი ხრუსტალევი. ძალიან მალე, ბელადის სიკვდილიდან, ხრუსტალევი გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა. მან ბევრი იცოდა. თითქმის ყველა ექიმი, რომელიც ბელადის გვამის გაკვეთას ესწერებოდა, გაუჩინარდა...