კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მატულობს ოჯახის დანგრევის ფაქტები და რა უნდა გაითვალისწინონ ახალგაზრდა წყვილებმა



ნაადრევი ქორწინების პრობლემა საკმაოდ აქტუალური საკითხია, რადგან, ფსიქოლოგთა თვალსაზრისით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ოჯახის დანგრევის ფაქტებს. ოჯახის შექმნა ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც განსაზღვრავს მთელი დარჩენილი სიცოცხლის მიმართულებასა და ღირებულებებს. ამიტომ ახალგაზრდა წყვილს თითქმის ყოველთვის უხდება მრავალი ისეთი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს ჯერ კიდევ მოუმწიფებელ ფსიქიკაზე. ამ პრობლემის შესახებ გვესაუბრება და რჩევებს გვაძლევს ფსიქოლოგი ნელი მაისურაძე.



– ხშირია თუ არა საქართველოში ნაადრევი ქორწინების ფაქტები?

– ნაადრევი ქორწინება ხშირია განვითარებად ქვეყნებში, სადაც ურბანიზაციის დონე დაბალია და ძველი ტრადიციები ჯერ კიდევ მყარად არის ფესვგადგმული. ასეთი ქვეყნები ძირითადად აზიასა და აფრიკაშია. სხვადასხვა ქვეყანაში ქორწინების ასაკად სხვადასხვა წლებია მიჩნეული, ძირითადად კი, ეს პერიოდი 16-დან 20 წლამდე მერყეობს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ნაადრევი ქორწინების ფაქტები არ არის შესამჩნევად ხშირი. გამოკითხვების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ნაადრევი ქორწინების მომხრე საქართველოში 35 პროცენტია, წინააღმდეგი კი – 65 პროცენტი. ზოგადად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე კარგი პერიოდი ოჯახის შესაქმნელად არის 25-35 წლის ასაკი. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი მწიფდება როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიოლოგიურად და სოციალურად.

– რა ძირითადი პრობლემები ვითარდება ნაადრევი ქორწინებისას ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით?

– ნაადრევი ქორწინება არასასურველი მოვლენაა. ქორწინებასა და ოჯახის შექმნას სჭირდება წინასწარ გააზრება, დაგეგმვა და შინაგანი მზადყოფნა. ნაადრევ ქორწინებებს ძალიან ხშირად ცუდი შედეგი მოყვება. ასეთი ოჯახების 70-80 პროცენტი ინგრევა. ადრეულ ასაკში წყვილი არაა ბოლომდე ჩამოყალიბებული, არაა მომზადებული ფსიქოლოგიურად, ხშირად ფიზიკურადაც. ასაკის მომატებასთან ერთად ადამიანს ეცვლება ღირებულებები, ფასეულობები და, აქედან გამომდინარე, ჯობია მაშინ შექმნას ოჯახი, როდესაც უკვე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული იქნება. იმედგაცრუება, ცხოვრებისეული გამოუცდელობა, სოციალური პრობლემები, აუწყობელი კარიერა, საკუთარი სტაბილური შემოსავლის უქონლობა და, აქედან გამომდინარე, სხვაზე დამოკიდებულება, მომავალში გემოვნების, ხასიათის, შეხედულებების ცვლილება – ყველაფერი ეს ნეგატიურად მოქმედებს ახალგაზრდა წყვილის ჯანმრთელობაზე, მათ ფსიქიკაზე. აქედან გამომდინარე, მეცნიერების აზრით, ნაადრევი ქორწინებები დიდ ემოციურ და ფიზიკურ ზიანს აყენებს წყვილს.

– ნაადრევი ქორწინებისას მეუღლეთაგან ქალს უფრო დიდი ზიანი ადგება თუ მამაკაცს?

– ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ერთნაირად აისახება როგორც ქალის, ისე მამაკაცის ჯანმრთელობაზე. მაგრამ, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ქალისათვის დიდი პასუხისმგებლობაა, გახდეს ცოლი და დედა, ადრეულ ასაკში კი მოზარდები არ არიან მზად ამ ტვირთისთვის. ზოგჯერ ეს სერიოზულ დარტყმას აყენებს მათ ემოციურ მდგომარეობას და მეუღლესთან, ოჯახთან ურთიერთობას. სამწუხაროდ, საზოგადოების დონიდან გამომდინარე, ზოგიერთ ნაადრევად დაქორწინებულ ქალს უშლიან სკოლაში სიარულს და საზოგადოებასთან ურთიერთობას, ართმევენ განათლების მიღებისა და პიროვნებად ჩამოყალიბების უფლებას. ამ ყოველივეს, ჩვეულებრივ, ემატება ადრეული ორსულობა, რაც იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას. ორსულობისა და მშობიარობის განმავლობაში განვითარებული გართულებები ყველაზე ხშირია 15-19 წლის გოგონების სიკვდილიანობის მიზეზებს შორის. ახალგაზრდა დედებში სწრაფადვე იჩენს თავს ფსიქიკური დარღვევები, ნევროზები, დეპრესიული მდგომარეობები.

– ძირითადად რა განაპირობებს ნაადრევად დაქორწინების სურვილის გაჩენას?

– ნაადრევი ქორწინებები ხშირად ხდება ადამიანის განვითარების ყველაზე რთულ მონაკვეთში, გარდატეხის პერიოდში. ამ ასაკში მოზარდს უჩნდება სურვილი, შეიგრძნოს რაიმე ახალი და განსხვავებული, ამიტომ ამ ასაკში აღინიშნება მრავალი ცვლილება ადამიანის ცხოვრებაში. ეს ის პერიოდია, როდესაც ახალგაზრდას უჩნდება ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი, ამას ხელს უწყობს აქსელერაცია და ის უამრავი ინფორმაცია, რასაც თანამედროვე ბავშვი იღებს. სხვადასხვა ფაქტორთა ურთიერთქმედებისას მძაფრდება სურვილები და მოთხოვნილებები. ამ ასაკში მოზარდი თანდათან თავისუფლდება მშობელზე დამოკიდებულებისგან, იზრდება საკუთარი პიროვნული პოზიციის მკვეთრად გამოხატვის მოთხოვნილება და, რაც მთავარია, ჩნდება სურვილი უფროსი, დამოუკიდებელი და ზრდასრული ადამიანის როლის შესრულებისა. ზოგიერთი ერის ფარგლებში, 18 წლამდე ასაკის გოგონების უმრავლესობა უკვე დაქორწინებულია. ხშირად ასეთი ნაბიჯისკენ მათ უბიძგებენ მშობლები, ეროვნული ტრადიციები, სიღარიბე. ხშირ შემთხვევაში ასეთ ნაბიჯს დგამს მოზარდი, რომელსაც ოჯახური სითბოს დეფიციტი აქვს. საპირისპიროდ, იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ეგრეთ წოდებული „მეგობრობის“ ინსტიტუტი, ნაადრევი ქორწინებები თითქმის არ გვხვდება. წყვილები არ ჩქარობენ, შექმნან ოჯახი მანამდე, სანამ საფუძვლიანად არ გაიცნობენ ერთმანეთს. ამ პერიოდში ისინი სწავლობენ ერთმანეთის ხასიათს, გემოვნებას, მიზნებსა და ინტერესის სფეროებს. შემდეგ თავისთავად წარმოიშობა ოჯახის შექმნის იდეა და საფუძველი. ასეთ წყვილს უკვე გავლილი აქვს თანაცხოვრების, ერთად ყოფნის პერიოდი, რომელიც ერთგვარად გაკვეთილი იყო მათთვის და მზად არიან, ატარონ ოჯახის ტვირთი, გააჩინონ შვილები და შეასრულონ მოვალეობები.

– როგორ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა წყვილი ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად?

– ნაადრევი ქორწინება, როგორ უკვე აღვნიშნეთ, არასასურველია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ხასიათდება ცუდი მიმდინარეობითა და დასასრულით. არცთუ ისე იშვიათად, ახალგაზრდა წყვილი უძლებს ყველანაირ წნეხს, უძლებს ყველა გამოცდას და დიდი ძალისხმევის შედეგად ქმნიან სანიმუშო ოჯახებს, მაგრამ, თუ მაინც როგორღაც იჩინა თავი ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა, უმჯობესი იქნება, მიმართონ სპეციალისტებს – ფსიქოლოგებს, – რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ზოგადად კი, რაც უნდა რთული პრობლემები ჰქონდეთ წყვილებს, მათ უნდა ეცადონ, თავად დაარეგულირონ თავიანთი ურთიერთობა. მათ უნდა შეძლონ ემოციების მართვა და ფუნქციების სწორად გადანაწილება ოჯახში.

– რას ურჩევთ ახალგაზრდა წყვილებს?

– ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, უსიყვარულობაა. ყველა ახალგაზრდა წყვილს დაქორწინებამდე მიაჩნია, რომ მთავარია სიყვარული, ანუ, თუ შეყვარებული ხარ, ეს საკმარისი მიზეზია დასაოჯახებლად, ყველაფერი დანარჩენი კი წვრილმანი პრობლემაა და მოევლება. სინამდვილეში კი თავს იჩენს მრავალი ისეთი საკითხი, რაც სიყვარულს მრავალ პრობლემას უჩენს. ჩვეულებრივ, ქორწინება ხდება ორი ადამიანის – მამაკაცისა და ქალის თანაბარი სურვილისა და მოთხოვნილების შედეგად. იქმნება ოჯახი, სადაც ჯანსაღი გარემოებების არსებობისას უნდა ხდებოდეს წყვილის განვითარება, პიროვნული ზრდა; ოჯახი არის მთლიანობა, სადაც აუცილებელია სულიერი სიმშვიდისა და წონასწორობის დაცვა. ოჯახში ყველა წევრს აქვს საკუთარი ადგილი და, რაც უფრო კარგად არის ფუნქციები განაწილებული ცოლ-ქმარს შორის, უფრო ჰარმონიული და ჯანსაღია ეს ოჯახი. რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია წყვილებს შორის ურთიერთობა, მაგრამ ხშირად ჩნდება მესამე ადამიანი, რომელიც ერევა ამ ურთიერთობაში სხვადასხვა ფორმით. თუ ამ ჩარევას სისტემატური ხასიათი აქვს, ის გარკვეულ ნეგატიურ შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ამიტომ, აუცილებელია, რომ პრობლემები წყვილმა მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით მოაგვაროს. სანამ პიროვნება სრულად არ ჩამოყალიბდება, არ გააცნობიერებს საკუთარ სურვილებსა და მიზნებს, სანამ არ გახდება დამოუკიდებელი და არ გაუჩნდება პასუხისმგებლობის, მოვალეობის გრძნობები, ქორწინება განწირულია არასასურველი ფინალისთვის. ამრიგად, სასურველია, ადამიანმა ცხოვრებაში იპოვოს საკუთარი ადგილი, წარმართოს და აკონტროლოს ის, ყოველივე ამის შემდეგ კი მშვიდად მიიღოს დაქორწინების გადაწყვეტილება.



ერეკლე ასპანიძე


скачать dle 11.3